ესპანელი კომიკოსი, ხუან ხოია ბორხა, რომლის გადამდები სიცილიც მთელ მსოფლიოში გახდა პოპულარული, 65 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ბორხა, რომელსაც მეტსახელით — ელ რისიტასით — იცნობდნენ, 2014 წელს გავრცელებული ვიდეოს წყალობით ინტერნეტსივრცეში გავრცელებული უამრავი მიმის წყაროდ იქცა. "ესპანელი მოცინარი კაცი" კი იუთუბზე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოძიება გახდა.

თავდაპირველად 2007 წელს ატვირთულ ვიდეოში ელ რისიტასი ღამის გასართობ შოუს ესტუმრა და სამზარეულოს დამხმარეს პოზიციაზე ყოფნის თავის წარუმატებელ გამოცდილებას მოჰყვა. ისტორიის მიხედვით, ბორხამ პაელათი დასვრილი 20 თეფში ღამით სანაპიროზე დატოვა გასაწმენდად, თუმცა, მომდევნო დილისთვის მოქცევამ ერთის გარდა ყველა წაიღო.

ისტორია ასეთი სასაცილო ვერ იქნებოდა, რომ არა ბორხას გადამდები სიცილი, რომელსაც გადაცემის წამყვანმაც კი ვერ გაუძლო.

ადგილობრივი მედიის ცნობით, კომიკოსი 28 აპრილს, საავადმყოფოში გარდაიცვალა. მას ჯანმრთელობის პრობლემები გასულ წელს შეექმნა. მარტის თვეში ბორხამ მადლობაც გადაუხადა თავის ფანებს, რომლებმაც კიდურის ამპუტაციის შემდეგ მისთვის ელექტრონული გადასაადგილებელი საშუალების საყიდლად ფულის შეგროვება დაიწყეს.