რა ხდება უკრაინაში — მოკლედ

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

რა ხდება?

უკვე რამდენიმე კვირაა რუსეთ-უკრაინის საზღვრებთან დაძაბულობაა. ანექსირებულ ყირიმში რუსეთმა სამხედრო ძალები გაზარდა. ადგილზე მინიმუმ 80 000 ჯარისკაცი, ათასობით ტანკი და საბრძოლო მანქანა განალაგეს.

კიევმა მოსკოვი გასული წლის ივლისში გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა, კრემლმა კი უკრაინას პროვოკაციების მოწყობაში დასდო ბრალი.

ბოლო ინფორმაციით, 22 აპრილს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინის საზღვრებიდან ჯარების გაყვანის შესახებ განაცხადა. ტასის ცნობით, რუსეთის ფედერაციამ სამხრეთ და დასავლეთის რაიონებში მოულოდნელი სამხედრო შემოწმების დასრულება გადაწყვიტა. თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს განცხადებით, ყველა მიზანი მიღწეულია. მისივე თქმით, სამხედროების გაყვანა, რომლებიც ოკუპირებულ ყირიმსა და უკრაინის საზღვრებთან წვრთნებს ატარებდნენ, 23 აპრილს დაიწყება.

უკრაინაში მოქმედმა ეუთოს სპეციალური მონიტორინგის მისიამ (SMM) 2 აპრილს დონეცკში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის 594 შემთხვევა დააფიქსირა, მათ შორის 453 აფეთქება. წინა საანგარიშო პერიოდში მისიამ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის 225 შემთხვევა აღრიცხა.

ლუგანსკი

ფოტო: კადრი ვიდეოდან / ვოლოდიმირ ზელენსკის პრესსამსახური

ლუგანსკის რეგიონში SMM-მ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის 427 შემთხვევა დააფიქსირა, აქედან 58 აფეთქება იყო. წინა საანგარიშო პერიოდში რეგიონში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის 31 შემთხვევა აღრიცხეს.

ადგილობრივი სამხედრო ანალიტიკოსი, იგალ ლევინი ფიქრობს, რომ დიდი ალბათობით, მიმდინარე მოვლენები ფართომასშტაბიან ომში არ გადაიზრდება, თუმცა On.ge-სთან ის დარწმუნებით ამბობს, რომ კონფლიქტის ესკალაციის შანსი ყოველდღიურად იზრდება.

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო არ გამორიცხავს, რომ რუსეთმა "ქართული სცენარი" გაიმეოროს.

არის მსხვერპლიც. უკრაინული მედიის ინფორმაციით, მხოლოდ მიმდინარე წლის დასაწყისიდან დონბასში 36 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა.

უკრაინელი სამხედროები დაღუპული ჯარისკაცებს პატივს მიაგებენ

ფოტო: კადრი ვიდეოდან / ვოლოდიმირ ზელენსკის პრესსამსახური

გარდა ამისა, რუსეთს უკრაინელი დიპლომატი, ალექსანდრ სოსონიუკი რუსული ეფესბეს მონაცემთა ბაზაში საიდუმლო ინფორმაციის მიღების მცდელობის ბრალდებით რამდენიმე საათის განმავლობაში დაკავებული ჰყავდა.

ამის შემდეგ, მოსკოვმა უკრაინელ კონსულს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა, საპასუხოდ კიევმა რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო.

როგორ დაიწყო ყველაფერი?

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალ-პოლკოვნიკმა რუსლან ხომჩაკმა 30 მარტს რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის საზღვრებთან სამხედრო ძალების მობილიზებაზე განაცხადა.

31 მარტს New York Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოსკოვმა უკრაინის საზღვართან 4 000 ჯარისკაცი გადაისროლა.

ასევე, გავრცელდა ვიდეო, სადაც ოკუპირებულ ყირიმში მიმავალი რუსული სამხედრო ტექნიკის ეშელონები ჩანს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, 11 აპრილს რუსეთის კონტროლირებადმა ძალებმა დონბასში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ათჯერ დაარღვიეს.

გამოცემები წერენ, რომ უკრაინული პოზიციების მიმართულებით ნაღმმტყორცნი და ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნები გამოიყენეს, რაც მინსკის შეთანხმებით აკრძალული იყო. მედიის ცნობით, უკრაინელმა ჯარისკაცებმა მათ საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს.

რუსული მედიის ინფორმაციით, დონბასში ვითარება 26 მარტს მას შემდეგ დაიძაბა, რაც სოფელ შუმის მახლობლად უკრაინის შეიარაღებული ძალების ოთხი სამხედრო დაიღუპა. კიევმა მომხდარში დონეცკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკის მილიცია დაადანაშაულა. დონეცკში დაბომბვაში მონაწილეობა უარყვეს. მოგვიანებით კი განაცხადეს, რომ უკრაინელი სამხედროები დანაღმული ტერიტორიების შემოწმების დროს ნაღმზე აფეთქდნენ.

ლუგანსკი, უკრაინელი ჯარისკაცები

ფოტო: კადრი ვიდეოდან / უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახური

ვითარების დაძაბვის შესაძლო მიზეზებად ზელენსკის მიერ 2021 წლის იანვარში უკრაინაში სამი პრორუსული ტელეარხის მაუწყებლობის შეწყვეტა და პრორუსული ოპოზიციის გავლენიანი დეპუტატების, ვიქტორ მედვედჩუკისა და ტარას კოზაკისთვის სანქციების დაწესებაც სახელდება.

რუსეთის ფედერაციის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა Reuters-ის კითხვის პასუხად განაცხადა, რომ უკრაინის საზღვრებთან სამხედრო გაძლიერება არ უკავშირდება რუსეთის მოსახლეობის ყურადღების შიდა პრობლემებიდან გადატანას, მათ შორის, ოპოზიციონერ პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის პატიმრობის ვადასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, რუსული შეიარაღებული ძალების ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება არის რეაქცია მშფოთვარე ვითარებაზე უკრაინაში.

"ქვეყნის მასშტაბით შეიარაღებული ძალების გადაადგილება საკმაოდ ხშირად ხდება. მიმდინარეობს მუდმივი პროცესი, რასაც "სამხედრო მშენებლობას" ვუწოდებთ — ეს შეიარაღებული ძალების განვითარების პროცესია და, რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენს საზღვრებთან ისეთი მშფოთვარე რეგიონია, როგორიც არის უკრაინა, სამხედრო მოქმედების განახლების პოტენციალით, რა თქმა უნდა, ამაზე სათანადოდ ვრეაგირებთ", — აღნიშნა მან.

"ომის სუნს ყოველ დღე ვგრძნობთ"

საპარლამენტო გაზეთის, უკრაინის ხმის მიმომხილველი, ტატიანა პასოვა On.ge-სთან ამბობს, რომ ბოლო თვეების განმავლობაში, ქვეყანაში რუსული პროპაგანდის დარტყმა გაიზარდა. მაგალითად, რუსეთმა თებერვალში დაიწყო საუბარი იმაზე, თითქოს კიევი მათ წინააღმდეგ ომს აპირებდა. ეს პასოვას ღიმილისმომგვრელად მიაჩნია და ასეთი მაგალითი მოჰყავს — ეს იგივეა, თქვა საქართველო ომს იწყებს რუსეთთანო.

"დიდი ომი უკრაინისთვის თვითმკვლელობის ტოლფასია. სიტუაცია ძალიან სახიფათოა. ომის სუნს ყოველ დღე ვგრძნობთ. უკრაინაში ახლა ნომერ პირველი სასაუბრო თემაა, დაიწყება თუ არა ისევ ახალი ომი. დაიწყო საუბარი მობილიზაციაზე, რეზერვისტთა წვრთნაზე.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ 8-9 აპრილს კონფლიქტის ზონაში უკრაინელი ჯარისკაცები მოინახულა

ფოტო: EPA

ომის საფრთხეს ვგრძნობთ, თუმცა მოსახლეობაში პანიკა, ჯერჯერობით, არ არის, როგორც ეს 2014 წელს გვქონდა. ალბათ ეს იმანაც განაპირობა, რომ 2014 წელს ომი მოულოდნელი იყო, ახლა კი საომარი მოქმედებები 7 წელია გრძელდება. კი, გვქონდა ცეცხლის შეწყვეტა 2020 წლის ივლისში, მაგრამ ომი გრძელდება. ხანდახან სიტუაცია მშვიდდება, ხანდახან მწვავდება, მაგრამ ის მაინც მიმდინარეობს", — ამბობს ტატიანა პასოვა On.ge-სთან.

მსოფლიოს რეაქცია

სამხედრო ანალიტიკოსი, იგალ ლევინი On.ge-სთან ამბობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და NATO უკრაინის მისამართით მხარდაჭერას გამოხატავენ, მაგრამ ზომიერად. თუმცა ის დარწმუნებულია, რომ დიდი რუსული აგრესიის შემთხვევაში, დასავლელი პარტნიორები უკრაინის გვერდით დარჩებიან.

"მოსკოვმა აშკარად გადაწყვიტა უკრაინა დააშინოს და დათმობებზე წასვლა აიძულოს. უკრაინის მთავრობა ჯერ არ ნებდება", — აღნიშნავს ლევინი.

უკრაინასა და რუსეთის საზღვართან განვითარებული მოვლენები შეაფასეს პენტაგონში და რუსეთის ქმედებები დაგმეს. როგორც პენტაგონის პრესსპიკერმა თქვა, აშშ ამ საკითხზე NATO-ს მოკავშირეებს ესაუბრება.

13 აპრილს NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა რუსეთს უკრაინის გარშემო სამხედრო კონტინგენტის გაზრდის შეჩერებისკენ მოუწოდა და ამ ქმედებას "გაუმართლებელი, ამოუხსნელი და ღრმად შემაშფოთებელი უწოდა".

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე მან აღნიშნა, რომ რუსეთმა 2014 წელს ყირიმის უკანონო ანექსიის შემდეგ, უკრაინის საზღვრებთან ჯარების ყველაზე დიდი რაოდენობა გადაისროლა.

საერთო განცხადება გაავრცელეს ევროპარლამენტარებმაც. მათ კრემლს სამხედრო პროვოკაციისა და უკრაინის დაშინების შეწყვეტისკენ მოუწოდეს.

სატელეფონო საუბარი შედგა აშშ-სა და უკრაინის თავდაცვის მინისტრებს შორის. ლოიდ ოსტინმა უკრაინელ კოლეგას, ანდრეი ტარანს მხარდაჭერა გამოუცხადა და რუსული პროვოკაცია დაგმო. გარდა ამისა, მან განაცხადა, რომ ესკალაციის შემთხვევაში, აშშ უკრაინას არ მიატოვებს.

ამის შემდეგ, სატელეფონო კომუნიკაცია ამერიკისა და უკრაინის პრეზიდენტებს, ჯო ბაიდენსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შედგა. ბაიდენმა უკრაინელ კოლეგას დონბასსა და ყირიმში მიმდინარე აგრესიის ფონზე, შტატების ურყევი მხარდაჭერა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისადმი კიდევ ერთხელ გამოუცხადა.

ამასთანავე, ამერიკის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას შეხვდა და რუსეთის მხრიდან აგრესიის ფონზე უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ს მტკიცე მხარდაჭერა დაუდასტურა.

არსებულ დაძაბულ ვითარებას საერთო განცხადებით გამოეხმაურნენ გერმანია და საფრანგეთი. მათ აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის დარღვევების მზარდ რიცხვზე შეშფოთება გამოთქვეს და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერის გამოცხადების გარდა ყველა მხარეს თავშეკავებისკენ მოუწოდეს.

რუსეთის აქტივობაზე შეშფოთება 2 აპრილს გამოთქვა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დომინიკ რააბმაც და უკრაინელ კოლეგასთან სატელეფონო საუბრისას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ბრიტანეთის მხარდაჭერა დაუდასტურა.

"ჩვენ სერიოზულად შეშფოთებულნი ვართ რუსეთის სამხედრო აქტივობით, რაც საფრთხეს უქმნის უკრაინას. ყირიმი უკრაინაა", — დაწერა მან ტვიტერზე.

თბილისის რეაქცია

რბილად რომ ვთქვათ, მეგობარი ქვეყნის საზღვართნ მიმდინარე პროცესებზე თბილისის რეაქცია დაგვიანებული აღმოჩნდა. იმდენად გვიანი, რომ ესტონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ტოომას ჰენდრიკ ილვესმა გაკვირვება გამოხატა და თქვა, რომ როგორ ველოდებით რუსული ოკუპაციის საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ დაგმობას, როცა მეზობელი ქვეყნისადმი მის მუქარაზე არაფერს ვამბობთ.

"2008 წელს, როცა რუსეთი საქართველოში შეიჭრა, მე არა მხოლოდ ამაზე განვაცხადე, არამედ იქ ჩავედი შუაგულ ომში. ახლა ნამდვილად გაკვირვებული ვარ. როგორ ელოდებით, რომ რუსეთის ოკუპაციას სხვა, საერთაშორისო თანამეგობრობა დაგმობს, როცა თქვენ თვითონ არაფერს ამბობთ, როცა ის მეზობელს ემუქრება", — აღნიშნა მან.

უკრაინის მხარდამჭერი პირველი განცხადება პენტაგონმა 31 მარტს, ამერიკის პრეზიდენტმა, ევროპარლამენტარებმა, დიდმა ბრიტანეთმა — 2 აპრილს, გერმანიამ და საფრანგეთმა — 4 აპრილს, ხოლო საქართველომ 7 აპრილს გააკეთა.

დონბასში მიმდინარე მოვლენებს ჯერ საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გამოეხმაურა და უკრაინელ კოლეგა დმიტრი კულებასთან სატელეფონო საუბარში აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე შეშფოთება გამოთქვა.

ამის შემდეგ, 8 აპრილს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ შეშფოთება გამოთქვა და საერთაშორისო საზოგადოებას რუსეთის აგრესიისა და დესტრუქციული ქმედებების წინააღმდეგ უკრაინის სუვერენიტეტის დაცვის გაგრძელებისკენ მოუწოდა.

პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ უკრაინის წინააღმდეგ ყოველგვარი აგრესია 9 აპრილს დაგმო. ამის შემდეგ ის უკრაინელ კოლეგა დმიტრო რაზუმკოვს ტელეფონით 19 აპრილსაც ესაუბრა.

იმავე დღეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას უკრაინელ ხალხს სოლიდარობა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გამოუცხადა და თქვა, რომ აუცილებელია, ელჩი კიევში სასწრაფოდ დააბრუნონ. "სასწრაფოდ" 13 დღე აღმოჩნდა — თეიმურაზ შარაშენიძე უკრაინაში 22 აპრილს დაბრუნდა.

უკრაინიდან ელჩი 2020 წლის მაისში კონსულტაციებისთვის გამოიძახეს. მიზეზი უკრაინის რეფორმების საბჭოს თავმჯდომარედ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დანიშვნა გახდა. ქართული მხარე აცხადებდა, რომ სტრატეგიულ პარტნიორს მმართველ თანამდებობაზე არ უნდა დაენიშნა პირი, რომელსაც საქართველოში თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. საქართველოს ელჩის კონსულტაციებზე გაწვევას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი შეცდომად აფასებდა.

15 აპრილს სალომე ზურაბიშვილსა და ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარიც შედგა, რომლის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტი უკრაინაში ოფიციალური ვიზიტით ჩავა. ზუსტი თარიღი არ დასახელებულა.

სატელეფონო კომუნიკაციის შემდეგ, ზელენსკიმ ტვიტერზე დაწერა, რომ ის "სრულიად ეთანხმება საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს იმაში, რომ უკრაინისა და საქართველოსთვის NATO-ს MAP-ის მიღებისა და ევროკავშირში გაწევრიანების გეგმაზე კონკრეტული შემოთავაზებების დრო დადგა.

რას ამბობს რუსეთი?

31 მარტს რუსეთის ხელისუფლებამ დონბასში არსებული მზარდი დაძაბულობის გამო შეშფოთება გამოთქვა. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, "უკრაინული მხარე შეიძლება პროვოკაციებზე წავიდეს, რომელიც საქმეს ომამდე მიიყვანს".

გარდა ამისა, პესკოვმა პირველ აპრილს თქვა, რომ "რუსეთის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ძალების გადაადგილება არავის უნდა აწუხებდეს". მან, ასევე, აღნიშნა, რომ ეს არავისთვის წარმოადგენს საფრთხეს.

"რუსეთის ფედერაცია საკუთარი საზღვრების უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის საჭირო ზომებს იღებს. რუსეთის საზღვრების პერიმეტრზე NATO-სა და ცალკეული ქვეყნების აქტიურობის გაზრდა და ა.შ. გვაიძულებს, ყურადღებით ვიყოთ", — აღნიშნა პესკოვმა.

მისივე მტკიცებით, რუსული სამხედრო ძალები დონბასის კონფლიქტში მონაწილეობას არ იღებენ, არც არასდროს მიუღიათ და რომ ეს უკრაინის შიდა კონფლიქტია. პესკოვი ირწმუნება, რომ კრემლს არ სურს, უკრაინის პროვოკაციის შედეგად ომი კვლავ გააქტიურდეს.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 8 აპრილს საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებთან სატალეფონო საუბარში კიევი პროვოკაციებში დაადანაშაულა.

იმავე დღეს, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, დიმიტრი კოზაკმა არ გამორიცხა, რომ "რუსეთს, შესაძლოა, დონბასში თავისი მოქალაქეების დაცვა მოუწიოს".

"დღეს ყველაფერი დამოკიდებულია დაძაბულობის მასშტაბზე. თუკი, როგორც ჩვენი პრეზიდენტი ამბობს, სრებრენიცა განმეორდება, ჩვენ, ცხადია, იძულებულნი გავხდებით თავი დავიცვათ", — განაცხადა მან. მისივე თქმით, თუ კიევი დონბასში საომარ მოქმედებებს დაიწყებს, ეს უკრაინის "დასასრულის დასაწყისი" იქნება.

11 აპრილს პესკოვმა, ასევე, განაცხადა, რომ რუსეთი ამ კონფლიქტის მხარე არასდროს ყოფილა, მაგრამ, მისივე თქმით, რუსეთი ყოველთვის ამბობდა, რომ იგი გულგრილი არ დარჩება რუსულენოვან ადამიანთა ბედის მიმართ, რომლებიც ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით ცხოვრობენ.

რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი

რუსეთ-უკრაინის ომი დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში, ადგილობრივ ხელისუფლებასა და რუსეთის მომხრე აჯანყებულებს შორის 2014 წელს დაიწყო. სამხედრო კონფლიქტს იმავე წელს მომხდარი უკრაინის რევოლუცია და ევრომაიდანის მოძრაობა უძღოდა წინ, რომელმაც პრორუსი ვიქტორ იანუკოვიჩის მმართველობა დაასრულა.

ამის შემდეგ, რუსმა აქტივისტებმა დაიკავეს ადმინისტრაციული შენობები და აეროპორტები ყირიმის ნახევარკუნძულზე, სადაც მოსახლეობის უმრავლესობას რუსები შეადგენენ. მარტში რუსეთის ფედერაციამ ყირიმის ანექსია მოახდინა.

შეიარაღებულმა დაპირისპირებამ თავი იჩინა უკრაინის აღმოსავლეთშიც, სადაც რუსეთის მომხრე შეიარაღებულმა აქტივისტებმა აპრილში ადმინისტრაციული შენობების დაკავება დაიწყეს. საპასუხოდ, უკრაინის ხელისუფლებამ კონტრტერორისტული ოპერაცია წამოიწყო, რაც მალე სრულმასშტაბიან კონფლიქტში გადაიზარდა. ადამიანურ მსხვერპლთან და ყირიმის ანექსიასთან ერთად, უკრაინის მთავრობის მონაცემებით, 1,5 მილიონამდე ადამიანი იძულებით გადაადგილებული პირი გახდა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. სწორედ ქართველი ხალხი გადაწყვეტს, წავლენ თუ არა ისინი პირდაპირ და არის თუ არა მათი გზა ევროპაში — ლატვიის პრემიერმი
  2. ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
  3. ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
  4. ISFED: გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მალევე სოციალურ ქსელებში ხუჭუას მადისკრედიტებელი კამპანია დაიწყო
  5. GWP: 8 ნოემბერს თბილისის ნაწილს წყალი 24 საათით შეუწყდება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

არ მოატყუო ზამთარი მოამზადე ავტომობილი თეგეტა მოტორსის რჩევებით

გამართული ავტომობილი უსაფრთხო მგზავრობის გარანტია, განსაკუთრებით კი ზამთარში, როდესაც ხილვადობა მცირდება და გზაზე…