კოსმოსში ყველაზე უჩვეულო სისტემა აღმოაჩინეს — აქამდე ასეთი არაფერი გვინახავს

ფოტო: ESO/M. Kornmesser
ჩვენგან 120 სინათლის წლის მანძილზე არის სისტემა, სახელად 2M1510, რომლის მსგავსიც აქამდე არასდროს დაფიქსირებულა. ის ყავისფერი ჯუჯებისგან და ეგზოპლანეტისგან შედგება. ამ ციურ სხეულს პერპენდიკულარული ორბიტული სიბრტყე აქვს და ის ყავისფერი ჯუჯების პოლუსების ირგვლივ გადაადგილდება.
ასეთი ტრაექტორიის მქონე ეგზოპლანეტა აქამდე არ იყო ცნობილი. დანარჩენი ორი ობიექტი კი ყავისფერი ჯუჯების ე.წ. ეკლიფსური ბინარული სისტემის მხოლოდ მეორე მაგალითია.
ყავისფერი ჯუჯები საინტერესო ობიექტებია. ისინი ვარსკვლავსა და პლანეტას შორის ერთგვარ გარდამავალ ფაზაშია — არასაკმარისად მასიური იმისთვის, რომ მნათობად მივიჩნიოთ და არც ისეთ პატარა, რომ პლანეტა ვუწოდოთ. მათი მასის მინიმალური ზღვარი დაახლოებით 13 იუპიტერის მასაა, ამიტომ ამ ობიექტებში წყალბადის ბირთვული რეაქციების ნაცვლად, დეიტერიუმის (მძიმე წყალბადი) სინთეზი მიმდინარეობს. აქედან გამომდინარე, მათ "შეუმდგარ ვარსკვლავებს" უწოდებენ და ისინი მნათობებისა თუ პლანეტების ევოლუციის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის.
ასტრონომები სწორედ ყავისფერი ჯუჯების, სახელად 2M1510 A და 2M1510 B, სინათლეს აკვირდებოდნენ, როცა რაღაც უჩვეულო შენიშნეს — სხივების ტალღები ერთგვარი რხევის გამო იცვლებოდა, რაც ეგზოპლანეტის გრავიტაციული გავლენისას ხდება. დამატებითმა კვლევამ შორს არსებული მესამე შეუმდგარი ვარსკვლავი გამოავლინა (2M1510 C, 11 000-წლიანი ორბიტული პერიოდით), მაგრამ ის ზედმეტად დიდ დისტანციაზეა იმისთვის, რომ მეზობელ ობიექტებზე ასე ზემოქმედებდეს.
პასუხის მისაღებად მეცნიერებმა ყველა შესაძლო სცენარი გააანალიზეს და დაადგინეს, რომ ერთადერთი ახსნა სისტემაში პოლარული ორბიტის მქონე ეგზოპლანეტის არსებობაა. მათი გამოთვლების თანახმად, ყავისფერი ჯუჯების მასა იუპიტერისას დაახლოებით 35-ჯერ აღემატება და ორივე ციური სხეული ერთმანეთის გარშემო შემოვლას 20.9 დღეს ანდომებს, ანუ საკმაოდ ახლო-ახლო გადაადგილდება. მათ ეკლიფსური ეწოდება, რადგან ეს ობიექტები დედამიწის პერსპექტივიდან ერთმანეთის წინ გადაადგილდება.
თავად ეგზოპლანეტა 2M1510 (AB) b-ის მახასიათებლები ჯერ დაზუსტებით არ ვიცით. მისი ორბიტული პერიოდი 100-დან 1000-ობით დღემდე მერყეობს, მასა კი დედამიწისას ასეულობით უნდა აჭარბებდეს. სპეციალისტებს სიღრმისეული დაკვირვებები სურთ, რათა ეს დიაპაზონი უფრო მეტად დაავიწროონ.
მათი ნაშრომი გამოცემაში Science Advances გამოქვეყნდა.
კომენტარები