გენომის ანალიზმა აჩვენა, რომ პირვანდელი ვარდები წითელი, თეთრი ან ვარდისფერი კი არა, ყვითელი იყო. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს აღმოჩენა სელექციონერებს მცენარის სასურველი თვისებების უკეთ და სწრაფად შერწყმაში დაეხმარება.

მცენარეთა ბევრი სახეობა ოდესღაც ძალიან მრავალფეროვანი იყო, მაგრამ სამეურნეო მიზნებით მხოლოდ რამდენიმე მათგანის მოშენება დავიწყეთ. ეფექტიანობაზე ორიენტირებულმა ინდუსტრიულმა მეურნეობამ ამ მრავალფეროვნებას შემცირება განაპირობა, რაც დაავადებებისა და კლიმატური ცვლილებების მიმართ მცენარეთა მოწყვლადობის მიზეზად იქცა.

ის, რაც ჩვენი საკვები კულტურებისთვისაა დამახასიათებელი, ვარდებსაც ეხება — ველურ ბუნებაში შემორჩენილი გენეტიკური მრავალფეროვნების აღმოჩენა და ჯიშის გამოსაყვანად გამოყენება ორივე შემთხვევაში სასარგებლოა. ამისთვის აუცილებელია გავიგოთ, როგორია ვარდის ოჯახის შიდა კავშირები და ევოლუციური წარსული.

ვარდების გვარში მინიმუმ 140 სახეობაა, ხოლო მოშენებული ჯიშების რაოდენობა 35 000-ს აღწევს. ადამიანთა უმეტესობა ვარდებს ძირითადად ფერისა და სურნელის მიხედვით არჩევს, მაგრამ სელექციონერებისა და ბოტანიკოსებისთვის ბევრად მეტი თვისებაა მნიშვნელოვანი. ეს მცენარეები გლობალურად ე.წ. მოჭრილი ყვავილების ბაზრის დაახლოებით 30%-ს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ უკეთ შესწავლას სერიოზული ეკონომიკური დატვირთვაც აქვს.

პეკინის სატყეო უნივერსიტეტის პროფესორ ჩაო იუს ხელმძღვანელობით მკვლევართა ჯგუფმა 80 ველური ჩინური ვარდის ნიმუში აიღო და Rosa persica-ს სახეობის მთლიანი გენომი გაშიფრა. ესაა უდაბნოს ვარდი, რომლის შესახებ მოპოვებულმა ამ ინფორმაციამაც მისი წარმოშობის, ფილოგენეტიკური კავშირებისა და ევოლუციური ისტორიის სრული სურათი მოგვცა.

Rosa persica.

ფოტო: Getty Images

მკვლევრები ფიქრობენ, რომ შედეგად დღევანდელი ვარდების "წინაპრის" მახასიათებლების იდენტიფიცირება შეძლეს. მათი აზრით, მას ყვითელი ფურცლები ჰქონდა და უბრალო იყო. ფურცლების ორი წყება იშვიათი მუტაციის შედეგი უნდა ყოფილიყო, რომელიც მოგვიანებით სელექციურად შეირჩა და გავრცელდა. ასევე, როგორც ჩანს, ბუჩქის ღეროებზე 7-7 ფოთოლი იზრდებოდა. თეთრი ვარდები შედარებით ადრეულ პერიოდში უნდა გაჩენილიყო, ხოლო წითელი და ვარდისფერი მოგვიანებით გავრცელდა, ადამიანთა ესთეტიკური მოთხოვნებიდან გამომდინარე.

კვლევის ავტორები იმასაც ხსნიან, რა გამოარჩევს ჩინური ვარდის ქვესახეობა Banksianae-ს, რომელიც თეთრი და ყვითელი ყვავილებითაა ცნობილი. ის დანარჩენი ვარდებისგან იმ გეოგრაფიული ცვლილებების გამო განსხვავდება, რომლებიც დაახლოებით 23 მილიონი წლის წინ ჰიმალაის მთების ფორმირებამ გამოიწვია. გლობალური კლიმატი უფრო მშრალი და ცივი გახდა, რამაც ვარდების გავრცელების არეალიც შეამცირა, თუმცა Banksianae-ის პოპულაცია დაახლოებით 200 000 წლის წინ აღდგა.

მეცნიერები ასევე აღნიშნავენ, რომ წარსულში ვარდებს გაცილებით მეტი არომატული მრავალფეროვნება ჰქონდა, ვიდრე დღეს. ეს იმიტომ, რომ სელექციონერები ყურადღებას დაავადებების მიმართ ამტანობასა და გვიან ჭკნობაზე ამახვილებდნენ. კვლევა გვიჩვენებს, რომ ველურ ბუნებაში დღემდეა შემორჩენილი ისეთი თვისებები, რომელთა აღდგენაც, შესაძლოა, სელექციონერებისთვის საინტერესო იყოს.

ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Nature Plants გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.