Food Cloud – სამი მეგობრის მიერ შექმნილი რეცეპტების ვიდეობიბლიოთეკა
ინტერნეტი უზარმაზარია, თუმცა ყველა ვპოულობთ მასში მყუდრო კუთხეებს. ეს შეიძლება იყოს მაკიაჟის ინსტრუქციები; გიფები, სადაც ფისო და ლეკვი ერთმანეთს ეხუტებიან; სარკასტული მიმები ან — კულინარიული ვიდეოები, სადაც ნიჭიერი ადამიანები ამზადებენ კერძებს, რომელთა დამზადება ჩვენც გვინდა, მაგრამ ჯერ ვერ მოვიცალეთ. თუ სწორედ ასეთი კონტენტის მომხმარებელი ხართ, მაშინ ისიც გეცოდინებათ, რომ ქართულ ინტერნეტში ჭამის ვიდეოს უფრო ადვილად იპოვით, ვიდრე — დამზადების. ამას მიზეზიც აქვს: Tasty-ის მსგავსი ვიდეოების შესაქმნელად მხოლოდ საჭმელების პროფესიონალურად კეთება კი არა, გადაღება და მონტაჟიც უნდა იცოდე.
Food Cloud სამი მეგობრის მიერ შექმნილი პროექტია, რომლის მიზანიც სწორედ ქართულ ინტერნეტში არსებული კულინარიული სიცარიელის აღმოფხვრაა. მიუხედავად იმისა, რომ წამოწყება საკმაოდ ახალია, ვიდეორეცეპტებს საკმაოდ დიდი გამოხმაურება აქვს ფეისბუქზე. პროექტის წარმატების მიზეზი, გარდა თემის აქტუალურობისა, ისიცაა, რომ ვიდეოების შესაქმნელად სხვადასხვა შესაძლებლობებისა და ინტერესების მქონე სამი მეგობარი გაერთიანდა: ნიკიტა საჭმელს ამზადებს, ლერი და ნიკალა კი გადაღებაზე, მონტაჟსა და კონტენტის გავრცელებაზე არიან ორიენტირებულები.
სტუდენტი ნიკიტა გიორგაძე გვიყვება, რომ დაახლოებით 16-17 წლის ასაკიდან დაინტერესდა კულინარიით: "მქონდა სურვილი, გავმხდარიყავი შეფმზარეული. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, არ ავირჩიე ეს გზა და გავხდი იურისტი (რაც ასევე ძალიან მინდოდა), მაგრამ კულინარიისადმი ინტერესი არასდროს გამქრალა და ოცნების ნაწილი, შეიძლება ითქვას, რომ სწორედ Food Cloud-ის მეშვეობით ავიხდინე. რაც შეეხებათ ბიჭებს, მათაც აიხდინეს საკუთარი ოცნებები საკუთარი პროფესიების პარალელურად და შეუდგნენ ვიდეოს გადაღებასა და მონტაჟს, მარკეტინგული კამპანიების წარმართვას და ა.შ. ერთი სიტყვით რომ ვთქვა, სამივე ჩვენგანის შრომა ვფიქრობ, სრულად არის ასახული ჩვენს ვიდეოებში".
Food Cloud ნიკიტასთვის მხოლოდ რეცეპტების ვიდეობლოგი არაა: "Food Cloud-ის შექმნის მიზანი იყო სწორედ ის, რომ მომხმარებლებს ჰქონოდათ საშუალება, ინტერნეტ სივრცეში ეპოვათ ისეთი ადგილი, სადაც ახალი რეცეპტების სწავლის გარდა, მიიღებდნენ უდიდეს სიამოვნებას კარგად დამზადებული ვიდეოების ყურებით. ჩემთვის Food Cloud არის ხარისხზე ორიენტირებული კულინარიული შოუ, სადაც მთავარი მონაწილე და წამყვანი თავად მაყურებელია. ვცდილობთ შევქმნათ საქართველოსთვის ღირებული პროდუქტი, მარტივი და გემრიელი ვიდეორეცეპტების ბიბლიოთეკა, სადაც განთავსებული იქნება კარგად ნაცნობი ტრადიციული კერძებიც და ბევრისთვის ახალი და უჩვეულო ვიდეორეცეპტებიც".
Food Cloud-ის კიდევ ერთი თანადამფუძნებელი, ნიკალა აღიარებს, რომ სამ მეგობარში ყველაზე უკეთ ნიკიტა ამზადებს, თუმცა ამატებს, რომ "ზოგიერთ კერძში შეიძლება აჯობოს კიდეც".
"ჩემთვის ყველაფერი იმით დაიწყო, რომ წლების განმავლობაში უბრალო ლაპარაკმა რამე ღირებულის შექმნის შესახებ დამღალა, გვინდოდა რაიმე პროექტი, რომელიც მართლა ღირებული იქნებოდა ყველასთვის და თან ამავდროულად წაახალისებდა ადამიანებს, თვითონაც ეფიქრათ მსგავს რამეზე", — ამბობს ნიკალა.
დამფუძნებლები ბავშვობის მეგობრები არიან და Food Cloud-ში თითოეული მათგანი საკუთარ ინტერესს პოულობს. 22 წლის ლერი ჯიჯავაძისთვის მნიშვნელოვანია, ყველა ვიდეო დახვეწილი იყოს: "განვითარების დასაწყისშივე აღმოვაჩინეთ, რომ ვიდეოების სტილი უნდა ყოფილიყო განსხვავებული. ჩვენი მიზანია, გავხადოთ Food Cloud ვიდეორეცეპტების პირველი ბიბლიოთეკა საქართველოში, მაგრამ ამავდროულად ვცდილობთ მაყურებელს თავი არ მოვაბეზროთ ვიდეოების ერთგვაროვნებით"
ვიდეოს ესთეტიკური მხარე რომ მნიშვნელოვანია, ამაზე ნიკალაც ბევრს ფიქრობს: "სიმართლე გითხრათ, ძლიერი ინტერესი კულინარიის მიმართ შეიძლება ითქვას რომ ახლაც არ მაქვს, თუმცა ვცდილობ, ისე გავაკეთო, რომ არა მარტო კულინარიის მოყვარულებს, არამედ ყველას მოეწონოს ვიდეო. მე თვითონაც ხშირად ვუყურებ კარგად გაკეთებულ ვიდეოებს ნებისმიერ სფეროში, იმის მიუხედავად, კონკრეტულად ის სფერო მაინტერესებს თუ არა".
პირველი ვიდეოს გადაღების პროცესი
პირველი ვიდეოსთვის, რომელიც 2020 წლის ნოემბერში გამოქვეყნდა, მეგობრებმა ყიყლიყოს ტოსტი აარჩიეს. თავიდან დიდი დრო დასჭირდათ გადასაღებად, რადგან ამ საკითხში დიდი გამოცდილება არ ჰქონდათ, თუმცა დაძაბულობის განმუხტვას სიცილითა და ხუმრობით ცდილობდნენ.
"საჭმლის მომზადება ერთია, ხოლო მეორეა, როდესაც ამ ყველაფერს კამერის წინ აკეთებ, უნდა გამოხვიდე შენი კომფორტის ზონიდან და მაქსიმალურად დიდი ყურადღება დაუთმო იმას, თუ როგორ გამოჩნდება შენი თითოეული მოძრაობა კამერაში. ცხადია, საკმაოდ რთული და დამღლელი იყო ეს ყველაფერი, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ მალევე ერთმანეთს ბუნებრივად შევეწყეთ", — იხსენებს ნიკიტა.
ლერის თქმით, ბევრი რამ ადგილზევე ისწავლეს და ყოველი შემდეგი ვიდეო უფრო მარტივი გადასაღები აღმოჩნდა.
როგორ გვაქცია პანდემიამ მზარეულებად
გახსოვთ, პანდემიის დასაწყისში ყველა რომ პურს აცხობდა? რა თქმა უნდა, ეს შემთხვევითი არაა. კვლევები აჩვენებს, რომ ცხობასა და მზადებას სტრესის შემცირება შეუძლია. ამას დაერთო შიში პროდუქტების გაქრობაზე და ბევრმა ადამიანმა გადაწყვიტა, რომ სახლიდან სამსახურამდე გზაზე დაზოგილი დრო გემრიელი საჭმელების მოსამზადებლად გამოეყენებინა.
საჭმლის კეთება კრეატიული პროცესია და როგორც ნახატის შექმნას, მუსიკის მოფიქრებასა თუ წერას შეუძლია მყისიერი სიამოვნების მინიჭება, ასეთივე ძალა აქვს კულინარიასაც. სწორედ ამიტომ, მაშინ, როცა საკუთარ ჯანმრთელობასა და სამყაროზე ყველაზე მეტად ვღელავდით, გონებამ გვიბიძგა, ჩვენსავე სამზარეულოებში გვეპოვა სტრესის მოხსნის საშუალება.
რა იქნება შემდეგ?
დამფუძნებლები ფიქრობენ, რომ შეიძლება მათი პატარა წამოწყება რაიმე დროს კულინარიულ გადაცემად იქცეს, კონტენტი კი კიდევ უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გახდება.
"Food Cloud-ის განვითარება და წარმატება ჩვენთვის პირველ რიგში ის იქნება თუ
ყველა დაინტერესებული სწორად გაიგებს ჩვენს ჩანაფიქრს, ჩვენ გვინდა, რომ ხალხს მაგალითი ვაჩვენოთ, ჩვეულებრივი სახლის პირობებში როგორ შეუძლიათ თვითონვე დაიკმაყოფილონ უმთავრესი მოთხოვნილება, გაუკეთონ გემრიელი საკვები საყვარელ ადამიანებს და მიიღონ სიამოვნება პროცესშიც და შემდგომაც", — ამბობს ნიკალა.
ასე რომ, თუ სამზარეულოში ფუსფუსისთვის ინსპირაცია გჭირდებოდათ, Food Cloud-ს სწორედ ამ როლის შესრულება შეუძლია. აირჩიეთ რომელიმე რეცეპტი და გამოსცდეთ თქვენი თავი შეფის როლში, ან — უბრალოდ დატკბით ვიდეოების ყურებით, როგორც ინტერნეტის ჭეშმარიტ მომხმარებელს შეეფერება.
კომენტარები