დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ლარი როგორც დოლართან, ასევე ევროსთან მიმართებით გაუფასურდა.

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის მიხედვით, ერთი დოლარის ღირებულება 3,4499 ლარი გახდა, რაც 1,4 თეთრით გაუფასურებას ნიშნავს. ევროსთან მიმართებით კი, ეროვნული ვალუტა 2,34 თეთრით გაუფასურდა და ერთი ევრო 4,1585 ლარს გაუტოლდა.

აღსანიშნავია, რომ წლის დასაწყისში არსებულ კურსთან შედარებით, ლარი დოლართან მიმართებით 17,3 თეთრით, ხოლო ევროსთან — 13,5 თეთრით არის გაუფასურებული.

ლარის კურსის დასტაბილურების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიმდინარე წელს ექვსი სავალუტო ინტერვენცია განახორციელა და ჯამურად 212,9 მლნ დოლარი გაყიდა. მათ შორის, ბოლო სავალუტო აუქციონი 15 აპრილს შედგა, სადაც ეროვნული ბანკის მიერ გამოტანილი 40 მილიონი დოლარიდან 25,4 მილიონი დოლარი გაიყიდა. 31 მარტის მდგომარეობით, ეროვნული ბანკის რეზერვების საერთო მოცულობა 4,1 მილიარდი დოლარია.

სებ-ის მიერ დღეს დადგენილი გაცვლითი კურსი ხვალ, 21 აპრილს შევა ძალაში.