სხვა ადამიანების თანაგრძნობის უნარს თავისი უარყოფითი მხარეებიც აქვს. ზოგ შემთხვევაში ამან, შესაძლოა, სისასტიკე, აგრესიულობა და ტანჯვაც გამოიწვიოს.

BBC-ის ერთი საბავშვო გადაცემა აქვს, რომლის მიზანიც მცირეწლოვანი მაყურებლებისთვის საკუთარი ემოციების სწავლა და მათი მართვის გზების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაა. ერთ-ერთ ეპიზოდში პერსონაჟი ბარი, რომელიც ანიმაციაში ვარდისფერწარბებიანი ცისფერი მართკუთხედია, თავისი ფეხბურთის მატჩის შედეგების გამო დაღვრემილია:

"წავაგეთ", — ამბობს ბარი.

"არაუშავს!" — პასუხობს კარი.

"– ჩემი ბრალია, ყველა გოლი მე გავუშვი.

– ვერ ვხვდები, ამის გამო ასეთი მოწყენილი რატომ ხარ. უბრალოდ დაივიწყე.

– არ შემიძლია!

– რატომ? ეს ხომ უბრალოდ თამაშია!

– კარი, შენ საკმარის თანაგრძნობას არ გამოხატავ. თანაგრძნობა საკუთარი თავის სხვის ფეხსაცმელებში წარმოდგენას ნიშნავს.

– შენი ფეხსაცმელები მე არ მომერგება, ბარი".

გადაცემის ამ ეპიზოდში ემპათიურობის განმარტებები გრძელდება და მაყურებელი ამჩნევს, რომ ბარი ამ საკითხში კარგად გარკვეულია — ეს საკუთარი თავის სხვის ადგილას წარმოდგენა და იმის განცდაა, რასაც სხვა გრძნობს. სერიის ბოლოს გადაცემა ახალგაზრდა მაყურებლებს ეუბნება, რომ სხვა ადამიანების ემოციების გაგება მნიშვნელოვანია.

თუმცა ზრდასრულთა სამყაროში ემპათიის ღირსებები ასეთივე ნათელი სულაც არ არის. მაშინ, როცა პანდემიამ იზოლაციაში მოგვაქცია, კულტურული ომები მძვინვარებს და სოციალური მედია სისასტიკითაა გაჟღენთილი, ალბათ, ცოტა სადავო იქნება იმ ფაქტის გაჟღერება, რომ ემპათიურობას უარყოფითი მხარეები აქვს. თუმცა მაინც უნდა ითქვას: გასულ წლებში მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ არასწორ დროსა და ადგილას გამოვლენილი თანაგრძნობა, შესაძლოა, მავნე იყოს როგორც თქვენთვის, ასევე სხვებისთვისაც. კვლევის მიხედვით, ამან შესაძლოა გადაღლილობა და აპათია გამოიწვიოს, ასე კი ხელი შეგვიშალოს იმ ერთეული ადამიანების დახმარებაში, რომლებიც ნამდვილად გვჭირდებიან. უფრო მეტიც: ხალხის ემპათიური დამოკიდებულებების გამოყენება ისე შეიძლება, რომ ისინი აგრესიასა და სისასტიკემდე მიიყვანო. ამგვარად, თუ თანაგრძნობა არა, მაშინ ამის ნაცვლად რას უნდა განვიცდიდეთ?

თვითონ სიტყვა "ემპათია" გერმანული სიტყვიდან – Einfühlung მომდინარეობს, რომელიც 1800-იანი წლების ბოლოს გავრცელდა და სიტყვა-სიტყვით ითარგმნება როგორც "შეგრძნება". მაგრამ ფსიქოლოგმა ჯუდიტ ჰოლმა დაწერა, რომ "ემპათია არსებითად მრავალაზროვანი ტერმინია". მართლაც, ზოგი ადამიანისთვის ეს სხვების ამოცნობისა და ამოკითხვის უნარი ან დანარჩენ ადამიანებთან კავშირზე ყოფნის განცდაა; ზოგისთვის კი ეს უფრო მორალური ხედვაა, რომელიც სხვების მიმართ ყურადღებისა და მზრუნველობის გამოხატვას გულისხმობს. ამ თემაზე მუშაობისას თავად მკვლევრებიც კი ვერ თანხმდებიან ხოლმე.

მაინც, "მიუხედავად ამ ტერმინის კონცეპტუალური მრავალზროვნებისა, ადამიანების უმეტესობისთვის ემპათია დაკავშირებულია სხვების მიმართ მზრუნველობისა და ყურადღების გამოჩენასთან მაშინ, როცა გაიაზრებ, თუ რასთან გამკლავება უწევთ მათ", — წერს ჰოლი.

COVID-19-ის პანდემიამ უცნობების მიმართ ჩვენი თანაგრძნობის უნარი გამოსცადა.

ფოტო: Getty Images

იელის უნივერსიტეტის ფსიქოლოგი პოლ ბლუმი ემპათიას განმარტავს როგორც ქცევას, როცა ერთი ადამიანი მეორე ადამიანის ემოციების განსაცდელად მის გონებაში შეღწევას ცდილობს. როგორც ბლუმი წერს, "ამ ვიწრო გაგებითაც კი, ემპათიურობა ცხადად დადებით ძალად წარმოგვიდგება. საღი აზრის მიხედვით, გამოდის, რომ სხვისი ტკივილის განცდა ერთგვარად მოტივაციას მოგვცემს იმისთვის, რომ მზრუნველობა გამოვიჩინოთ და ამ ადამიანს დავეხმაროთ". თუმცა ამას ზოგიერთ სახიფათო მორალურ დილემასთან მივყავართ.

იმისთვის, რომ ეს დილემა კარგად გავიგოთ, ბლუმი ერთ ამბავს გვიყვება 10 წლის გოგოზე, შერი სამერსზე, რომელიც სასიკვდილო დაავადებას ებრძვის: მკურნალობის დაწყებისთვის, რაც შერის ტკივილს შეუმსუბუქებს და სავარაუდოდ, ცხოვრებასაც გაუხანგრძლივებს, ექიმებმა შერი მოსაცდელ სიაში ჩაწერეს. სამწუხაროდ, ეს ძალიან ფერადი და მამაცი გოგო შეიტყობს, რომ თავის რიგს კვირები ან თვეები აშორებს.

წარმოიდგინეთ, ამის გამო რას იგრძნობს შერი, როგორ იმოქმედებს ეს მის ცხოვრებაზე: შანსი რომ გქონდეთ, გოგოს მოსაცდელი სიის თავში გადასვამდით?

როცა კვლევაში მონაწილეები შერის ამ (გამოგონილ) ამბავს გაეცნენ, ისტორიამ მათში გოგოს მიმართ თანაგრძნობა გააღვივა და შედეგად დაახლოებით სამმა მეოთხედმა გადაწყვიტა, მისი მომლოდინეთა სიის თავში გადაწერა, რათა შერის მკურნალობის დაწყება უფრო ადრე მოეხერხებინა.

როგორც ბლუმი აღნიშნავს, ეს ქმედება პირდაპირ იმას ნიშნავს, რომ სხვა ბავშვებს, რომლებიც სიაში შერის წინ იყვნენ, კიდევ უფრო დიდი ხანი მოუწევდათ ლოდინი. მათ შორის, შეიძლება, ბევრი ისეთიც იყოს, ვისაც ინდივიდუალური მდგომარეობის გათვალისწინებით, შერიზე მეტად სჭირდება მკურნალობის უფრო ადრე დაწყება.

ეს სწორედ იმ ფენომენის მაგალითია, რასაც ფსიქოლოგები "ხილული მსხვერპლის ეფექტს" უწოდებენ: ადამიანები სხვის დასახმარებლად საკუთარ გულებს (ან საფულეებს) მაშინ ხსნიან, როცა მეორე ადამიანი, რომელსაც ქველმოქმედება ტკივილს შეუმსუბუქებს, გამოკვეთილად არსებობს თავისი ინდივიდუალური ისტორიით; ის საქველმოქმედო კამპანია უფრო ეფექტიანია, რომელიც ერთი ტანჯული ბავშვის დასახმარებლად იმართება, ვიდრე ის, რომელიც ხალხს სტატისტიკას სთავაზობს და 1000 ანონიმური ბავშვისთვისაა მიძღვნილი.

როგორც ჟურნალისტმა ტიფანი უენმა ცოტა ხნის წინ BBC Future-ისთვის დაწერა, ეს ეფექტი იმასაც ხსნის, თუ რატომ გახდა უამრავი ადამიანი პანდემიისას მილიონობით უცნობის დაღუპვის მიმართ გულგრილი და სანაცვლოდ რატომ იბრძვიან ისინი ასე გამალებით იმ პირადი თავისუფლების დაკარგვის გამო, რაც არსებულმა სიტუაციამ გამოიწვია — ვირუსით დაღუპულთა რიცხვი სტატისტიკებია, შეზღუდული თავისუფლება კი უფრო უშუალო გამოცდილებაა. ჩვენს უმრავლესობას პანდემიის შედეგები მძიმედ არ შეხებია.

საქველმოქმედო კამპანია, შესაძლოა, უფრო წარმატებული გამოდგეს, როცა ერთი "ხილული მსხვერპლის" დასახმარებლად იმართება.

ფოტო: Getty Images

რა თქმა უნდა, იმაში არაფერია ცუდი, რომ პირადი ისტორიები ღირებული მიზნებისთვის გამოვიყენოთ ხოლმე, თუმცა, მიუხედავად ამისა, ხილული მსხვერპლის ეფექტის გამო, შეიძლება, ერთ პიროვნებაზე მილიარდობით დოლარი დაიხარჯოს, როცა იმავე რაოდენობის თანხით, სინამდვილეში, უფრო ბევრი ადამიანის დახმარებაა შესაძლებელი. თუ თქვენი მიზანი რაც შეიძლება მეტი ბავშვის დახმარებაა, მაშინ ერთი დოლარის დახარჯვა, მაგალითად, განვითარებად ქვეყნებში დეჰელმინტიზაციას პროგრამაზე უფრო მეტ სარგებელს მოიტანს, ვიდრე ამ ერთი დოლარის ძვირადღირებული სამედიცინო პროცედურისთვის გაცემა. ამგვარად, კიდევ უფრო რთულია საზოგადოების ინტერესის ისეთი პრობლემებისკენ მიმართვა, რომლებსაც ეს ხილული მსხვერპლი არ ჰყავს — მაგალითად, მომავალი თაობები, რომლებიც შემდგომში კლიმატის ცვლილების შედეგებს საკუთარ ტყავზე გამოცდიან.

ადამიანის გონებისთვის ემპათიის გავრცელების არეალის აბსტრაქტულ უცნობებამდე გაფართოება განსაკუთრებული გამოწვევაა. ჯერ კიდევ ათასობით წლის წინ სტოიკოსების მიერ წარმოშობილი "oikeiōsis" კონცეფცია ცხადად აღწერს, თუ როგორ მოქმედებს ჩვენს თანაგრძნობასა და სხვასთან სულიერ კავშირზე ის ფაქტორი, თუ რამდენად ახლობელია კონკრეტული პიროვნება ჩვენთვის. წარმოიდგინეთ რგოლების რიგი: სამიზნის გულში საკუთარი თავი დგას, მას შემოფარგლული აქვს წრე, რომელიც ამ ადამიანის ოჯახს წარმოადგენს, ეს წრე მოქცეულია მეგობრების რგოლში, მეგობრების რგოლი — მეზობლებისაში, შემდეგი რგოლი წარმოადგენს ტომს ან საზოგადოებას, მომდევნო — ქვეყანას და ა.შ. ეს დაშორებები დაახლოებით გვაჩვენებს, თუ რა დოზით ვრცელდება ემპათია უახლოესი ადამიანიდან სრულიად უცნობამდე.

როგორც ბლუმი ამბობს, პრობლემა მაშინ ჩნდება, როცა ავისმზრახველები ამ "სიმპათიის წრეებს" აიტაცებენ, რათა შემდგომში ჩვენი ქცევებისა და რწმენების შერყევა მოახერხონ. ბუნებრივი ემპათია იმ ადამიანებისადმი, რომლებიც ჩვენი მსგავსები და სულიერადაც უფრო ახლობლები არიან, შესაძლოა, იმისთვის გამოიყენონ, რომ საპირისპირო ემოცია — ანტიპათია გაჩნდეს იმ ხალხის მიმართ, ვინც პირიქით, ჩვენთან ახლოს სულაც არ არის და გარდა ამისა, ჩვენგან განსხვავებულებიც არიან.

ერთ კვლევაში უნივერსიტეტის სტუდენტებს უთხრეს, რომ გვერდითა ოთახში იმყოფებოდა სტუდენტი, რომელიც მათემატიკურ კონკურსში ფულადი პრიზისთვის კიდევ ერთ კონკურენტს უნდა დაპირისპირებოდა. კვლევაში მონაწილეებს მიეცათ საშუალება, რომ ყურადღების გასაფანტად იმ სხვა ოპონენტისთვის შეჯიბრის წინ ცხარე სოუსი გაესინჯებინათ. სტუდენტების ემპათია მაშინ გაიზარდა, როცა შეიტყვეს, რომ გვერდით ოთახში მყოფ სტუდენტს ფინანსურად უჭირდა — აქედან გამომდინარე, მონაწილეებმა სრულიად უდანაშაულო და მათთვის უცნობ მოწინააღმდეგეს ცხარე სოუსის უფრო დიდი დოზა უწილადეს.

პოლიტიკოსები და აქტივისტები იდეური დაყოფით — "ჩვენ და ისინი" ხშირად სპეკულირებენ, ასე კი პოლიტიკური საქმისთვის ხილული მსხვერპლების მეთოდსა და ადამიანების ემპათიას იყენებენ. ეს მიდგომა ეგრეთ წოდებული "Cancel Culture"-ის ნაწილიცაა, როცა სოციალურ ქსელებში ხშირად სხვადასხვა ადამიანის კარიერის დანგრევას ითხოვენ; ამ მიდგომას შეუძლია ემიგრანტები უარყოფითად წარმოაჩინოს და სიძულვილი, ძალადობა წარმოშვას. ბლუმი წერს, რომ ამერიკაში ლინჩის წესით გასამართლების შემთხვევები ზოგჯერ მოტივირებული იყო იმ მსხვერპლთა ისტორიებით, რომლებიც შავკანიანი პირის მიერ ჩადენილი დანაშაულით დაზარალდნენ. ამის გარდა, პოლიტიკოს ლიდერებს ადამიანებში არსებული ემპათიური მოტივები იმისთვისაც გამოუყენებიათ, რომ ბირთვული დარტყმები გაემართლებინათ — მაგალითად, აშშ-ი ისიც უთქვამთ, რომ შორეულ მიწაზე იაპონელი ხალხისთვის ატომური ბომბის გაშვებით მილიონობით ამერიკელი ჯარისკაცის, "ჩვენი ბიჭების", გადარჩენა შეიძლებოდა.

ემპათიურობით მანიპულირება შესაძლებელია: მისი საშუალებით იმ ადამიანების წინააღმდეგ შექმნი ანტიპათიას, რომლებიც განსხვავებულები არიან.

ფოტო: Getty Images

ბოლო უარყოფითი მხარე, რომელსაც ემპათიაზე საუბრისას შევეხებით, ის ემოციური გავლენაა, რომელიც ზოგჯერ ვერ გამოიხატება. ფილოსოფოსმა სუზან ლანგერმა ერთხელ ემპათიას "ცალკე ყოფნის უნებლიე რღვევა" უწოდა, ეს კი, როგორც ჩანს, იმ შემთხვევის თვალსაჩინო მაგალითია, როცა ვიღაცის, მაგალითად, საყვარელი ადამიანის, ტანჯვის ცქერა გვიწევს. ნეირომეცნიერ ტანია სინგერის ტვინის სკანირების კვლევებმა აჩვენა, რომ როცა ადამიანები სხვების ტკივილის შემსწრეები არიან, მათი ტვინის ის ნაწილები აქტიურდება, რომლებიც ტკივილზეა პასუხისმგებელი. ეს შესაძლოა, ახალი ევოლუციური გზა იყოს, რომელიც იმის პროგნოზირებასა და, შესაბამისად, თავის არიდებაში დაგვეხმარება, თუ როგორ იმოქმედებს ტკივილი ჩვენზე.

"თუ ბედნიერების გაზიარება ძალიან სასიამოვნო მდგომარეობაა, იმავეს ვერ ვიტყვით ტანჯვის გაზიარებაზე" — აღნიშნეს სინგერმა და მისმა კოლეგამ, ჟენევის უნივერსიტეტის ნეირომეცნიერმა, ოლგა კლიმეცკიმ. უარეს შემთხვევაში ადამიანები "ემპათიურ მწუხარებას" გრძნობენ, რაც შესაძლოა, ქმედებისთვის ერთგვარ ბარიერად იქცეს. ამგვარი მწუხარება შემდგომში აპათიას იწვევს — სინგერისა და კლიმეცკის მიხედვით კი, უძლურებისა და უმწეობის შეგრძნება ჩვენი ჯანმრთელობისთვის მავნეა. პანდემიისას ეს ემპათიური გადაღლის განცდა განსაკუთრებით ნაცნობია სამედიცინო სფეროში მომუშავეთათვის, მაგალითად, საავადმყოფოს ექიმებისა და ექთნებისთვის, ასევე მენტალური ჯანმრთელობის დახმარების ცენტრების პერსონალისთვის.

ამგვარად, რა დასკვნამდე მივდივართ? თანაგრძნობის შეგრძნების უქონლობა ცალსახად საშინელებაა, არა? ეს ფსიქოპათებისთვის დამახასიათებელი ნიშანი უფროა. სტატიაში ნახსენები მეცნიერები სულაც არ ამბობენ, რომ ემპათიურობა ცუდია და ამას არ უნდა ვახალისებდეთ. პირიქით, არის შემთხვევები, როცა საკუთარი თავის სხვის ტყავში წარმოდგენა დადებითი ქცევისთვის, მზრუნველობის გამოხატვისა და დახმარებისთვის აუცილებელი პირველი ნაბიჯია.

მნიშვნელოვანია, რომ "თანაგრძნობა" და მისი მოჩვენებითი სინონიმი "სიბრალული" ერთმანეთისგან განვასხვავოთ.

ახალი კვლევები უბრალოდ იმაზე მიუთითებენ, რომ უმჯობესია, ერთმანეთისგან ცხადად გავმიჯნოთ თანაგრძნობის უნარი და მისი მოჩვენებითი სინონიმი "სიბრალული". ემპათია საკუთარი თავის სხვის ტყავში წარმოდგენაა, ხოლო, სინგერისა და კლიმეცკის თქმით, სიბრალული "სხვისი ტკივილისადმი შეშფოთების გამოხატვაა, რასაც თან ახლავს მისი დახმარების მოტივაცია". როცა ვიღაც გებრალება, ეს არ ნიშნავს სხვისი ემოციების გაზიარებას, ეს უფრო ზოგადად სხვების მიმართ სიკეთის გამოვლენის იდეას ემსახურება.

სიცხადისთვის ბლუმს შემდეგი ყოფითი სიტუაცია მოჰყავს მაგალითად: ბავშვს, რომელსაც მყეფარე ძაღლის შეეშინდა, ზრდასრული ადამიანი ამშვიდებს. იმისთვის, რომ პატარას დაეხმაროს, ზრდასრულს არ სჭირდება ბავშვის შიშის გაზიარება: "ის ამ შემთხვევაში ბავშვის მიმართ სიბრალულს განიცდის — სურვილს, რომ მისი შეშფოთების მიზეზი გააქროს. ამას არანაირი საზიარო გამოცდილება ან ემპათიური განწყობა არ სჭირდება" — წერს ბლუმი.

ბუდისტი ბერების ტვინის სკანირების შედეგად, სინგერმა აღმოაჩინა, რომ ადამიანებში სიბრალულის გრძნობის გაღვივება და გაძლიერება შესაძლებელია. ამისთვის საჭიროა, სპეციალური გასაწვრთნელი მეთოდების გამოყენება, რომლებიც დამყარებულია მაინდფულნესზე (აწმყოზე კონცენტრირების და გარემოსა და საკუთარი თავის სრულყოფილად შეგრძნების მდგომარეობა) — მაგალითად, როცა წვრთნის მიზანი ირიბ, წარმოსახვის ძალით მიღებულ გამოცდილებებზე ფოკუსირების გარეშე, დადებითსა და კეთილ ფიქრებზე კონცენტრირებაა. ამ წვრთნისა და იმ მეთოდების შედარებით, რომელთა მიზანიც უფრო მეტი თანაგრძნობის გაღვივებაა, მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ეს ნამდვილად ამცირებს ემპათიური მწუხარების მოქმედებას და ადამიანებს სხვების დახმარების მოტივაციას აძლევს.

დასასრულს კვლავ დავუბრუნდეთ ბარის იმედგაცრუებას: სულაც არ არის აუცილებელი, კარი ემპათიური იყოს მის მიმართ და წაგებული ფეხბურთის მატჩის შედეგების გამო ბარის ტკივილი იგრძნოს — ეს შესაძლოა, კარისთვის მავნეც კი აღმოჩნდეს. მაგრამ სიბრალულის საჭირო დოზა? ეს ანიმაციური მართკუთხედი პერსონაჟებისთვისაც კი გამოსადეგი და აუცილებელი ემოციაა.