ლელოს ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ქართულმა ოცნებამ საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლით გააცნობიერა, რომ უნდა დაეთანხმოს დანიელსონის დოკუმენტს და დარჩა ბოლო რაუნდი პოლიტპატიმრებისა და ვადამდელი არჩევნების საკითხების შესათანხმებლად.

"ოცნებამ, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლით, გააცნობიერა, რომ უნდა დაეთანხმოს დანიელსონის დოკუმენტს. შეგახსენებთ, 5-ი პუნქტიდან 3-ს ოპოზიცია იქვე, მოლაპარაკების დროს დაეთანხმა. დარჩენილ ორ პუნქტთან დაკავშირებით — პოლიტპატიმრები და ვადამდელი არჩევნები, იყო მსჯელობა სხვადასხვა ფორმულაზე, რომელიც ბოლო შეხვედრის დროს ვერ დასრულდა. ამიტომ დარჩა ბოლო რაუნდი ორი პუნქტის შესათანხმებლად, აქ აუცილებელია ბნ. დანიელსონის მონაწილეობა, რათა მოხდეს საბოლოო შეთანხმება და დოკუმენტზე ხელმოწერა", — წერს ხაზარაძე.

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ქართული ოცნება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს ხელს აწერს. მისივე თქმით, დოკუმენტს ზუსტად შემოთავაზებული სახით აწერენ ხელს და შესაბამისად, პარლამენტი იმსჯელებს და მხარს დაუჭერს ივნისის მოვლენების ამნისტიასაც. ამასთან, თალაკვაძემ აღნიშნა, რომ ქართული ოცნება მზად არის, 40%-იანი მხარდაჭერის პრინციპი გამოიყენოს, რაც იმას ნიშნავს, რომ, თუ მმართველი პარტია თვითმმართველობის არჩევნებში 40%-ს ვერ მიიღებს, ისინი ოპოზიციის მოთხოვნებს რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით განიხილავენ.

თალაკვაძის განცხადებას წინ უძღოდა ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი. კობახიძის განცხადებით, აშშ-ში შეხვედრებისას პარტნიორები მიანიშნებენ, რომ მათ, როგორც მმართველმა პარტიამ კრიზისის გადასაჭრელად ნაბიჯები უნდა გადადგან.

30 მარტს ქართული ოცნებისა და ოპოზიციის მორიგი მედიაცია უშედეგოდ დასრულდა. მათ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს. თავდაპირველად ხელი არ მოაწერა არც მმართველმა პარტიამ.

კრისტიან დანიელსონის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში საკითხები რამდენიმე პუნქტად იყო დაყოფილი. ის ეხებოდა:

  • პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირებას;
  • ამბიციურ საარჩევნო რეფორმას;
  • კანონის უზენაესობა/სასამართლო რეფორმას;
  • პარლამენტში ძალაუფლების განაწილებას;
  • მომავალ არჩევნებს.

უშედეგოდ დასრულდა შეხვედრა დანიელსონის პირველი ვიზიტის დროს, 18 მარტსაც. ბოლო შეხვედრა 10 საათი გრძელდებოდა.

შვედი დიპლომატი საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების განმუხტვის მიზნით მიშელის გადაწყვეტილებით ჩამოვიდა. შუამავლის საქართველოში მივლინება ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეფ ბორელთან შეთანხმებით, საქართველოში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი შუამავლობისა და პოლიტიკური დიალოგის პროცესის ფარგლებში გადაწყდა.