20-წლიანი ომი ავღანეთში — რას (ვერ) მიაღწია ამერიკამ?

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

"დიდი ხანი საკუთარ თავებს ვატყუებდით და ვქმნიდით მითს, თითქოს ავღანეთში რამეს მივაღწიეთ — ახლა ეს ყველაფერი უკვე მხილებულია", — ყოფილი სამხედრო, დენიელ დევისი.

რა ხდება

ავღანეთში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა ოთხ პრეზიდენტზე ნაწილდება, თუმცა მხოლოდ ჯო ბაიდენი იქნება დასასრულის და, სიმართლე რომ ვთქვათ, არც ისე დამაიმედებელი დასასრულის სიმბოლო.

თალიბანის გამარჯვება ავღანეთში უსაფრთხოებისთვის ახალ გამოწვევებს ქნის და ზოგიერთებისთვის ამცირებს ამერიკის, როგორც საიმედო პარტნიორის იმიჯს. ბაიდენის საპრეზიდენტო კამპანიაში ხშირად მოისმენდით სიტყვებს "America Is back" [ამერიკა დაბრუნდა], რაც, პირველ რიგში, საერთაშორისო ასპარეზზე მისი პოზიციების გამყარებასა და სისტემაში უსაფრთხოების მაქსიმიზაციასთან ასოცირდებოდა, თუმცა ახლა გაჩნდა განცდა, რომ ამერიკა კი არ დაბრუნდა, არამედ დაიწყო მისი, როგორც გავლენიანი აქტორის დაღმასვლა.

მრავალწლიანი პარტიზანული ომის შემდეგ, ავღანეთიდან ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო შენაერთის გასვლიდან რამდენიმე დღეში, თალიბანმა ქვეყანა სრულად აიღო და დედაქალაქში, ქაბულში პრეზიდენტის სასახლე დაიკავა.

ქაბულის მოსახლეობა მას შემდეგ, რაც გაიგეს, რომ ქალაქში თალიბანის წარმომადგენლები შედიოდნენ.

ფოტო: NY Times

დედაქალაქის აღებამ დაბნეულობა და პანიკა გამოიწვია. წარსულში თალიბანის მმართველობის გამოცდილებამ ათასობით ავღანელი აიძულა ქვეყნიდან გასაქცევი გზა ეძებნა. სასოწარკვეთილი მოსახლეობის ევაკუაციის ამსახველი არაერთი ფოტო-ვიდეო გავრცელდა — ქვეყანაში "ძალაუფლების მშვიდობიანი გადაბარების" პროცესი დაიწყო. ყოველ შემთხვევაში, ასე ამბობს თალიბანი, თუმცა ფაქტები საპირისპიროზე მეტყველებს.

ქაბული მას შემდეგ, რაც ქალაქში თალიბანი შეიჭრა.

ფოტო: WSJ

15 აგვისტოს საღამოს ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ რთული გადაწყვეტილების წინაშე დამდგარმა პირველმა პირმა ქვეყნის დატოვება ამჯობინა.

"დღეს მე დავდექი რთული არჩევანის წინ: უნდა წარვდგე შეიარაღებული თალიბების წინაშე, რომლებსაც სასახლის აღება უნდათ თუ დავტოვო ძვირფასი ქვეყანა, რომლის დაცვასაც ბოლო ოცი წელი მივუძღვენი. თუ არ შევაჩერებდი, უამრავი პატრიოტი დაიტანჯებოდა, ქაბული განადგურდებოდა, რაც ჰუმანიტარულ კატასტროფამდე მიგვიყვანდა ამ ექვსმილიონიან ქალაქში. თალიბანმა ნათლად მიმახვედრა, რომ მზად არიან თავს დაესხან მთელ ქაბულს და მის მოსახლეებს იმისთვის, რომ მე განმდევნონ. მე ვიფიქრე, რომ სისხლისღვრის ასარიდებლად, სჯობდა აქედან წასვლა", — განაცხადა მან.

მართალია, თავდაპირველად თალიბები ამბობდნენ, რომ ქალაქის ბრძოლით აღება და სისხლისღვრა არ სურდათ, თუმცა მოგვიანებით რამდენიმე დასახლებაში შევიდნენ — ისმოდა სროლის ხმა, იყვნენ დაშავებულები. თალიბების მტკიცებით, ეს იმიტომ გააკეთეს, რომ პოლიციამ და მთავრობამ ქალაქი დატოვა და საჭირო იყო "წესრიგის უზრუნველყოფა".

ჟურნალისტები ამბობენ, რომ თალიბანის რეჟიმის წარმომადგენლები ქუჩებში დადიან და კონკრეტულ ადამიანებს მოსაკლავად ეძებენ.

ამერიკასა და ბრიტანეთს ქაბულში დამატებითი ძალები შეყავთ, რათა საკუთარი მოსახლეობა მშვიდობიანად და უსაფრთხოდ დააბრუნონ სახლებში. ავღანეთიდან წასვლას ცდილობენ ადგილობრივებიც, რომლებიც სრულიად უიმედოდ არიან დარჩენილნი.

ამ ეტაპზე, ამერიკა შეინარჩუნებს წარმომადგენლობას ქაბულის საერთაშორისო აეროპორტში, რათა ათასობით მოქალაქის ევაკუაციის პროცესი დაჩქარდეს.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა, რომ ამერიკული ჯარები რჩებიან ქაბულის აეროპორტში და პენტაგონი მუშაობს იმისთვის, რომ მოქალაქეების გამოყვანა მშვიდობიანად დასრულდეს.

ავღანეთის პრეზიდენტისგან განსხვავებით, ვიცე-პრეზიდენტმა, ამრულა სალეჰმა, ავღანეთის კონსტიტუციის შესაბამისად, თავი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად გამოაცხადა და ავღანეთის ერთ-ერთ რეგიონში გამაგრდა, რომელიც თალიბებს დღემდე არ აუღიათ.

მისი თქმით, არ აღიარებს თალიბანის გამარჯვებას და "არასდროს იცხოვრებს ერთ ჭერქვეშ" ისლამისტ ფუნდამენტალისტებთან.

ამრულა სალეჰი პანჯშირში აჰმედ მასუდთან და სხვა გენერლებთან ერთად.

ფოტო: Shehzad Younis/FB

"არასდროს ვუღალატებ ჩემი გმირის, აჰმად მასუდის (გენერალი, რომელიც იბრძოდა საბჭოთა ჯარების წინააღმდეგ) მემკვიდრეობას", — თქვა მან.

სალეჰმა ანტი-თალიბანურ მოქალაქეებს მოუწოდა, შეუერთდნენ წინააღმდეგობის მოძრაობას, რომელსაც, "განსხვავებით დასავლეთისგან, ბრძოლის სურვილი არ დაუკარგავს".

ამასთან The Washington Post-ზე წერილი გამოაქვეყნა ავღანეთის სამოქალაქო ომის დროინდელი მხედართმთავრისა და ჩრდილოეთის ალიანსის მეთაურის, აჰმად შაჰ მასუდის შვილმა, რომელშიც ის ავღანელი ხალხის თალიბებისგან დასაცავად დასავლეთს დახმარებას სთხოვს. მასუდი ამბობს, რომ მოჯაჰედის მეომრები საბრძოლველად მზად არიან და იბრძოლებენ, მაგრამ დასავლეთის დახმარების გარეშე დამარცხდებიან და ეს ავღანელების საბოლოო დაღუპვის ტოლფასი იქნება.

ვინ არიან თალიბები

1979 წელს საბჭოთა ჯარები ავღანეთში შეიჭრნენ. ხელისუფლებაში ჰაფიზულა ამინის მოსვლამ სსრკ-ს ბევრი საფიქრალი გაუჩინა — მათ აწუხებდათ ის ფაქტი, რომ ამინი ჩინეთთან და პაკისტანთან ცდილობდა კავშირების დამყარებას, ასევე, ხვდებოდა აშშ-ის დროებით წარმომადგენელსაც. შეჭრიდან მალევე ამინი მოკლეს და ხელისუფლება დროებით მოსკოვიდან ჩაყვანილ ბაბრაქ ქარმალს ჩააბარეს.

აღნიშნული ქმედება აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯიმი კარტერმა "მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მშვიდობისთვის შექმნილ ყველაზე დიდ საფრთხედ" შეაფასა. მცირე პერიოდის განმავლობაში ჟენევაში ავღანეთის საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. მიხეილ გორბაჩოვის სათავეში მოსვლის შემდეგ, სსრკ-მ ავღანეთისადმი დამოკიდებულება შეცვალა. 1988 წელს ჟენევაში შეთანხმება შედგა — საბჭოთა კავშირი ავღანეთიდან გასვლას იწყებდა.

1989-1992 წლები ავღანეთში საკმაოდ ქაოსური იყო. სსრკ-ს გასვლის შემდეგ დაიწყო არეულობა, მოხდა სამოქალაქო ომი, რომელიც 1992 წელს მოჯაჰედების მიერ ქაბულის დაკავებით დასრულდა. ამ არეულობამ თალიბანის აღმასვლას მისცა საფუძველი და ძალადობრივი ჯგუფი გააძლიერა.

თალიბანის მოძრაობა, ანუ "სტუდენტები" 1990-იან წლებში ჩრდილოეთ პაკისტანში შეიქმნა. ეს იყო პუშტუნთა რელიგიურ-ფუნდამენტალისტური მოძრაობა, რომელიც, თავდაპირველად, დაფინანსებას საუდის არაბეთისაგან იღებდა. მათი მიზანი ისლამური ნორმების აღდგენა და ავღანეთში "მშვიდობის დაბრუნება" იყო. ორგანიზაცია უდიდეს მხარდაჭერას იღებდა პაკისტანისგანაც.

ფოტო: BBC/On.ge

1995 წელს სამხრეთ-დასავლეთ ავღანეთიდან მათი ძალაუფლება მთელ ქვეყანაზე ნელ-ნელა იზრდებოდა. 1995 წელსვე დაიკავეს პროვინცია ჰერათი, 1996 წელს კი ქაბული აიღეს. საბოლოო ჯამში, 1998 წლისთვის თალიბანი ავღანეთის 90%-ს აკონტროლებდა.

თალიბანმა აკრძალა ტელევიზია, მუსიკა, კინო. გოგოებს შეუზღუდა სკოლაში სიარული და წაართვა განათლების მიღების ფუნდამენტური უფლება. ამ დროს თალიბანი საერთაშორისო ასპარეზზე მხოლოდ სამი ქვეყნის: პაკისტანის, საუდის არაბეთის და გაერთიანებული ემირატების მიერ იყო აღიარებული. ძალაუფლებაში ყოფნის დროს მათ პასუხისმგებლობაშია არაერთი მძიმე დანაშაული, უამრავი მკვლელობა და აფეთქება.

1996-2001 წლებში თალიბანი ქვეყანას შარიათის კანონებით მართავდა. შარიათი ისლამის სისტემაში ერთგვარი ქცევის კოდექსია, რომელიც ყურანიდან გამომდინარეობს და მუსლიმების ნაწილში "მარადიულ და შეუცვლელ" ღვთიურ დადგენილებად მიიჩნევა. შარიათის კანონები ძალიან მკაცრია და რთულია მისი შეთავსება ადამიანის უფლებებთან — ის ითვალისწინებს ხელის ნაწილების მოჭრას ქურდობისთვის, ქვებით ჩაქოლვას, გაროზგვას და ა.შ.

ავღანეთში თალიბანის მმართველობის დროს განსაკუთრებით მკაცრი იყო მოპყრობა ქალების მიმართ: მათ არ შეეძლოთ საკუთარ აივანზე გასვლა, ზედმეტია საუბარი სამსახურსა და სკოლაში სიარულზე. მათ უნდა ეტარებინათ ბურკა — სამოსი, რომელიც მთელ სხეულს ფარავს. თუკი სახლის დატოვება სურდათ, მათ გვერდით აუცილებლად უნდა ყოფილიყო კაცი. აკრძალული იყო მაღალქუსლიანი ფეხსაცმელების ჩაცმა, ფოტოების გადაღება.

ქალებს კლავდნენ არჩევანის გაკეთების გამოც. მაგალითად, გოგო, რომელიც ქორწილიდან გაიქცა, რადგან ქორწინება არ სურდა, მეორე დღეს ნაწამები და გარდაცვლილი იპოვეს. თალიბანის დროს ავღანეთში ქალს არ ჰქონდა 12 წელზე უფროს ბიჭთან ურთიერთობის უფლება, თუკი ის მისი ოჯახის წევრი არ იყო. აკრძალული იყო მაკიაჟი, წვეულებები, ცეკვა, სიმღერა და ა.შ.

თალიბანი მოსახლეობაში "სამართლის აღსადგენად" შარიათის უკიდურესად ექსტრემალურ მეთოდებს იყენებს — მათ შორის, უკვე ხსენებულ თითების მოჭრას, გაროზგვას, ქვებით ჩაქოლვას.

მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე "სასამართლო" საჯარო მოსმენას ჰგავს — დამნაშავე რამდენიმე კომანდირის მიერ "სამართლდება" ყოველგვარი ფორმალური ადვოკატირების გარეშე. ადამიანებს, რომელთაც არანაირი სასამართლო გამოცდილება და ექსპერტიზა არ გააჩნიათ, გამოაქვთ განაჩენი არა კანონის, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების გათვალისწინების, არამედ შარიათის კანონების საფუძველზე. აღსრულებაც მათ მიერვე ხდება.

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ამ მეთოდებს მოსახლეობაში საკმაოდ დიდ ნაწილში მეტი ლეგიტიმაცია გააჩნია, ვიდრე ავღანეთის ცენტრალური მთავრობის სასამართლოს.

თალიბანის მიზანია ისლამური სახელმწიფოს შექმნა შარიათის ფუნდამენტალისტური ინტერპრეტაციის საფუძველზე. მას ძალას რამდენიმე კონკრეტული კომპონენტით ინარჩუნებს. პირველი ადგილობრივი ლეგიტიმაციაა — მათ მოახერხეს ადამიანების დარწმუნება, რომ ისლამური შარიათით ქვეყნის მართვა მწყობრ სახელმწიფოს შექმნის. გარდა ამისა, ისინი დიდ დახმარებას იღებენ პაკისტანისგან, როგორც სამხედრო, ისე ფინანსური კუთხით. მნიშვნელოვანია ნარკოტიკებიდან მიღებული თანხაც — მსოფლიოს ჰეროინის მარაგის 90% სწორედ ავღანეთზე მოდის, რაც თალიბანს დამატებითი რესურსით ამარაგებს.

2001 წელს ამერიკის მიერ მართულმა კოალიციის ძალებმა თალიბანზე იერიში მიიტანეს და ამავე წლის დეკემბერში რეჟიმი დამარცხდა. თუმცა მას შემდეგ, რაც ამერიკის ყურადღება ერაყზე გადავიდა, ძალადობრივმა ჯგუფმა მოძლიერება და ბევრ ტერიტორიაზე კონტროლის აღება მოახერხა.

მიუხედავად იმისა, რომ დაჯგუფება ახლა უარყოფს მსგავსებას იმ თალიბანთან, რომელიც ოდესღაც ქვეყანას მართავდა, ქაბულში შესვლიდან რამდენიმე დღეში მათი ქმედებებით ყველაფერი ნათელია.

რატომ იყვნენ ამერიკის ჯარები ავღანეთში — თავდასხმა აშშ-ზე ანუ თავდასხმა დემოკრატიაზე

2001 წლის 11 სექტემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებზე ტერორისტული თავდასხმა განხორციელდა — ის ალ-ქაიდას მიერ იყო კოორდინირებული. 19-მა ისლამისტმა 4 კომერციული სამგზავრო თვითმფრინავი გაიტაცა. 2 თვითმფრინავი მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ორ ცათამბჯენს დაეჯახა, 1 — პენტაგონს, 1 კი სომერსეტ-ქაუნთის (პენსილვანია) ველზე ჩამოვარდა. დაიღუპა ოთხივე თვითმფრინავის ყველა მგზავრი და შენობებში მყოფი ადამიანების დიდი ნაწილი.

2002 წელს West point-ის გახსნის ცერემონიალზე აშშ-ის პრეზიდენტი, ჯორჯ ბუში ისტორიული სიტყვით გამოვიდა, რაც შემდეგში "ბუშის დოქტრინის" ჩამოყალიბების საფუძველი გახდა. მან თქვა, რომ შეკავების დოქტრინა ვერ იქნება მართებული სტრატეგია ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ და "ახალი პრობლემებისთვის ახალი გადაჭრის გზების" მოძებნაც დააანონსა.

"უკანასკნელი საუკუნის უდიდესი ნაწილის მანძილზე ამერიკის თავდაცვა ცივი ომის შეკავების დოქტრინებზე იყო დაფუძნებული. გარკვეულ შემთხვევებზე ეს სტრატეგიები კვლავ მოქმედია. თუმცა ახალი საფრთხეები შესაბამისი პასუხების მოფიქრებას მოითხოვს. შეკავება და მასიური ნაცვალგების სტრატეგია არაფერს ნიშნავს, როცა საქმე ტერორისტულ ქსელებს ეხებათ. შეჩერება არაა შესაძლებელი, როცა მასიური განადგურების იარაღის მქონე გაუწონასწორებელ დიქტატორებს შეუძლიათ ის იარაღი გამოიყენონ ან ტერორისტ მოკავშირეებს გადასცენ", — განაცხადა გამოსვლაზე ბუშმა.

კონგრესისადმი მიმართვის დროს ბუშმა თალიბანს რამდენიმე პირობა წაუყენა: ჩაებარებინა ამერიკისთვის ალ-ქაიდას ყველა ლიდერი, გაეთავისუფლებინა უკანონოდ დაკავებული ამერიკელი მოქალაქეები, დაეცვა უცხოელი დიპლომატები და ჟურნალისტები, დაეხურა მათ ტერიტორიაზე მდებარე ყველა ტერორისტული საწვრთნელი ბანაკი და ჩაებარებინა ყველა ტერორისტი შესაბამისი უწყებებისთვის.

ფლორიდაში, სკოლაში ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს მისი ადმინისტრაციის უფროსი, ენდრიუ ქარდი ატყობინებს მსოფლიო სავაჭრო ცენტრზე თვითმფრინავის დაჯახების შესახებ.

ფოტო: NBC News

"აღნიშნული მოთხოვნები არ არის ღია მოლაპარაკებისთვის ან დისკუსიისთვის. თალიბანმა უნდა იმოქმედოს და იმოქმედოს დაუყოვნებლივ. ისინი გადმოგვცემენ ტერორისტებს ან გაიზიარებენ მათ ბედს. [...] ჩვენი ომი ტერორიზმის წინააღმდეგ იწყება ალ-ქაიდათი, მაგრამ არ დასრულდება აქ. ის არ დასრულდება, სანამ ყველა ტერორისტული ჯგუფი არ იქნება აღმოჩენილი და დამარცხებული", — განაცხადა ჯორჯ ბუშმა.

ამერიკის საგარეო პოლიტიკის განმსაზღვრელი "ბუშის დოქტრინა" გახდა — აშშ-ს მსოფლიოში წამყვანი პოზიციები უნდა დაებრუნებინა, ძალის პრევენციული მიზნებით გამოყენება უნდა აღედგინა, ახლო აღმოსავლეთში კი დემოკრატიის გავრცელების პოლიტიკა გაეგრძელებინა.

კერძოდ, "ბუშის დოქტრინის" პრინციპი იყო ის, რომ აშშ-ს ჰქონდა უფლება, აგრესიული მიდგომა ჰქონოდა იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც წარმოადგენდნენ ტერორისტთა თავშესაფარს ან აწვდიდნენ რამე სახის დახმარებას ექსტრემისტულ დაჯგუფებებს. მალევე ამ დოქტრინამ "პრევენციული ომის" პოლიტიკა მოიცვა — აშშ-მ აიღო ვალდებულება, დაემხო ის რეჟიმები, რომლებიც, გარკვეულწილად, პოტენციურ საფრთხეს უქმნიდნენ მის უსაფრთხოებას.

აღნიშნული იდეოლოგიური მოსაზრებები დაედო საფუძვლად შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიას, რომელიც 2002 წლის 20 სექტემბერს გამოქვეყნდა და სადაც ტერორისტული დაჯგუფებებიდან მომდინარე საფრთხეები ბევრად უფრო სერიოზულად იქნა აღქმული.

9/11-დან მალევე, ამერიკისა და NATO-ს გაერთიანებულმა ძალებმა ავღანეთის ტერიტორიაზე ალ-ქაიდასა და თალიბანის წინააღმდეგ სამხედრო შეტევა დაიწყეს.

მიუხედავად იმისა, რომ 2001 წელს ოპერაცია "შეუზღუდავი თავისუფლების" დროს აშშ-მ საკუთარ მოკავშირეებთან ერთად თალიბანის რეჟიმი დაამხო, ისინი საბოლოოდ ვერ გაანადგურეს — ძირითადი ძალები ვაზირისტანის მთებში დაბანაკდნენ და ავღანეთსა და პაკისტანში პარტიზანული ბრძოლის ტაქტიკაზე გადავიდნენ. ბინ ლადენი პაკისტანში გაიქცა.

რა ხდებოდა ავღანეთში 9/11-ის შემდეგ

2001 წელს აშშ-სთან ერთად ავღანეთში ბრიტანეთის ჯარებიც შევიდნენ — პრემიერმინისტრმა ტონი ბლერმა ავღანეთში ალ-ქაიდას ბანაკებში სამხედრო ოპერაციის დაწყება დააანონსა.

თალიბანის ლიდერებმა ქაბულში გადასვლა და იქ მიმალვა 2001 წლიდანვე დაიწყეს, რაც დასავლეთის წარმატებამაც განაპირობა — კოალიციურმა ჯარებმა დეკემბერშივე აიღეს თალიბანის მთავარი საყრდენი, ყანდაარი.

თალიბების განადგურების შემდეგ, ქვეყანაში თანამედროვე ავღანეთის რესპუბლიკა შეიქმნა: 2004 წელს კონსტიტუცია მიიღეს, ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნებიც, სადაც ჰამიდ ყარზაიმ გაიმარჯვა.

ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ ყარზაი და ამერიკის ყოფილი თავდაცვის მინისტრი, დონალდ რამსფელდი.

ფოტო: Times of India

2003 წელს ბუშმა გამოაცხადა, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ ომი გრძელდება — აშშ ერაყში შევიდა.

ავღანეთში დასავლურ კოალიციას არასაკმარისი ძალები ჰყავდა. რადგან ამერიკის ყურადღება უფრო ერაყზე იყო გადართული, თალიბანის მებრძოლები ნელ-ნელა უკან ბრუნდებოდნენ და ტერიტორიას თავიდან იკავებდნენ. 2003 წელს ბუშმა ავღანეთში "მთავარი ბრძოლის დასასრული" გამოაცხადა და იქ მხოლოდ 8 000 სამხედრო დარჩა.

2006 წლიდან თალიბანმა გაძლიერება დაიწყო. 2006 წლის ივნისში 29 წლის ჯიმ ფილიპსონი, ბრიტანელი ჯარისკაცი ჰელმანდის პროვინციაში თალიბანთან ორმხრივი ბრძოლის დროს დაიღუპა, რამაც ოპერაციებში ბრიტანეთის გააქტიურებაც გამოიწვია.

თალიბანი მაინც ძლიერდებოდა. თუ 2005 წელს მათი თვითმკვლელი ტერორისტების მიერ ჩადენილი დანაშაული 27 იყო, 2006 წელს რაოდენობა 139-მდე გაიზარდა. 2007 წელს ამერიკისა და NATO-ს საერთო ძალებმა თალიბანის სამხედრო მეთაური, მულაჰ აბდულა მოკლეს.

ობამას პოლიტიკა ავღანეთში

ოვალური ოფისის დაკავებიდან მალევე, ბარაკ ობამამ ავღანეთისა და პაკისტანთან მიმართებით სტრატეგია შეცვალა. მან გააქრო ბუშის "ნებისმიერ ფასად გამარჯვების" მიდგომა.

"მე, როგორც პრეზიდენტი, უარს ვაცხადებ იმგვარი მიზნების დასახვაზე, რაც სცდება ჩვენს პასუხისმგებლობასა და ინტერესებს. მე უნდა გავითვალისწინო ყველა გამოწვევა, რაც ამ დროისთვის აშშ-ს აქვს", — განაცხადა ობამამ.

ეს მიუთითებდა იმაზე, რომ ომი, რომლის დაწყებაც მისი პასუხისმგებლობა არ იყო, საზღვრებში მოექცეოდა და მეტიც, შესაძლოა, დასასრულისკენ წასულიყო.

ობამას თავის გამოსვლაში პასუხისმგებლობის განაწილება საკუთრივ ავღანეთის მთავრობასთან სურდა.

"ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ავღანეთის უსაფრთხოების ძალებისა და მთავრობის შესაძლებლობები, რათა მათ შეეძლოთ აიღონ პასუხისმგებლობა ავღანეთის მომავალზე", — აცხადებდა პრეზიდენტი.

პრეზიდენტი ობამა ესალმება ამერიკის ჯარისკაცებს ბაგრამის საჰაერო ბაზაზე ავღანეთში მოულოდნელი ვიზიტის შემდეგ. 2012 წლის პირველი მაისი.

მიუხედავად ამისა, 2012 წლის არჩევნებისთვის ავღანეთში გაუარესებული სიტუაცია ობამას პოლიტიკურ კარიერაზე ცუდად აისახებოდა — მან 2009 წელს კონტინგენტი 30 000 ჯარისკაცით გაზარდა და განაცხადა, რომ საბოლოოდ ჯარებს 2011 წლისთვის გაიყვანდა. საერთაშორისო პოლიტიკის ექსპერტები ამბობენ, რომ ობამამ ერაყის მაგალითით იხელმძღვანელა: 2006 წელს კონტინგენტის გაზრდამ გარკვეული წარმატება მოიტანა. პოლიტიკოსმა, რორი სტიუარტმა ამ გადაწყვეტილებას "მეფისტოფელის ტვირთი" უწოდა — პრეზიდენტმა ადგილზე ძალა შეიძინა, მაგრამ დაკარგა დრო.

მართალია, აღნიშნულმა სტრატეგიამ ვერ გაამართლა, მაგრამ მოგვიანებით, 2011 წელს პაკისტანში ჩატარებული ოპერაციის დროს ალ-ქაიდას ლიდერი და 9/11-ის ტერაქტის სულისჩამდგმელი, ოსამა ბინ ლადენი ლიკვიდირებულ იქნა.

2009 წელს ობამამ "არასაიმედო უსაფრთხოების სიტუაციის" გამო 2017 წლამდე ავღანეთში დარჩენა დააანონსა. 2014 წელს ამერიკამ და ბრიტანეთმა ავღანეთში საბრძოლო ოპერაციების დასრულება გამოაცხადეს. ობამამ განაცხადა კიდეც, რომ ამერიკის ომი ავღანეთში დასრულდა და ქვეყანა, რომელსაც ის მართავდა, ახლა ბევრად უფრო უსაფრთხო იყო, ვიდრე 13 წლის წინ. მან იცოდა, რომ ამერიკელთა უდიდეს ნაწილს მოთმინება დაკარგული ჰქონდა — 2014 წლის ABC News poll-ის გამოკითხვების თანახმად, მოსახლეობის მხოლოდ 38% მიიჩნევდა, რომ ავღანეთში ომი ღირდა. ობამას გამოსვლისას ნათქვამი სიტყვები ილუზიად რჩებოდა. ამერიკული ჯარები ავღანეთში რჩებოდნენ და ჩვეულებრივ იბრძოდნენ.

2015 წელს ობამამ გამოაცხადა, რომ ჯარების გამოყვანას დროებით ავღანეთის პრეზიდენტის, აშრაფ ღანის თხოვნის გამო შეაჩერებდა. მალევე საბოლოოდ ითქვა, რომ 9 800 სამხედრო 2016 წლის ბოლომდე დარჩებოდა.

ტრამპის სტრატეგია ავღანეთში

ტრამპის გადაწყვეტილება ავღანეთის დატოვებაზე უნდა ყოფილიყო დამოკიდებული არა კონკრეტულ დედლაინებზე, არამედ ადგილზე არსებულ სიტუაციაზე. ასე სვამდა საკითხს აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი. მისი პირველი მთავარი ცვლილება სწორედ ეს იყო.

"ამერიკის მტრებს არასდროს ეცოდინებათ ჩვენი გეგმები", — ამბობდა ის.

ამასთან, ტრამპმა მოლაპარაკების პროცესში ინდოეთის როლი გაზარდა. ის აცხადებდა, რომ ავღანეთში გამოიყენებდა ყველა მის ხელთ არსებულ რესურსს: დიპლომატიას, ეკონომიკას, სამხედრო ნაწილს, რათა სასურველი შედეგი მიიღო. ამ მიდგომამ შექმნა გარემო მოლაპარაკებებისთვის და აშშ მეტად ფასილიტატორის როლში გადაიყვანა.

ტრამპის მესამე და ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება პაკისტანის საკითხი იყო. პრეზიდენტმა თქვა, რომ ამერიკა ვეღარ გაჩუმდებოდა პაკისტანის, როგორც ტერორისტთათვის უსაფრთხო ნავსაყუდლის შექმნის პრეცედენტზე. მიუხედავად იმისა, რომ ობამას ადმინისტრაციას უკვე ჰყავდა ნახსენები პაკისტანი, ტრამპი უფრო სერიოზულად ფიქრობდა რეგიონში ინდოეთთან სტრატეგიულ თანამშრომლობაზე, რის გამოც პაკისტანთან საკმაოდ კონფრონტაციულ ნაბიჯებზე წასვლა არჩია. ცხადია, ამ გადაწყვეტილებებს რეგიონში შეიძლება დიდი გეოპოლიტიკური ძვრები გამოეწვია — ტრამპის ხისტ პოზიციას პაკისტანი შეიძლება რუსეთისა და ჩინეთისკენ გადაეხარა.

დონალდ ტრამპი და გენერალი მარკ მილი ბაგრამის საჰაერო ბაზაზე ავღანეთში.

ფოტო: Foreign Policy

2017 წლის აგვისტოში ტრამპმა საკუთარ სამხედრო მრჩევლებს დაუჯერა და ავღანეთში დამატებით 4 000 სამხედრო შეიყვანა. ტრამპის სტრატეგია ომის დასრულების კუთხით საკმაოდ უშედეგო ჩანდა. თალიბანი ჯერ კიდევ ინარჩუნებდა კონტროლს ქვეყნის გარკვეულ ნაწილზე, ყოველდღიურ საბრძოლო მოქმედებებს კი უამრავი ადამიანის სიცოცხლე ეწირებოდა. მეტიც, არსებობდა მონაცემები, რომ თალიბანის კონტროლი სასოფლო დასახლებებზე იზრდებოდა.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამერიკას უკვე "მობეზრდა" ავღანეთის ომი. ამერიკის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, რექს ტილერსონმა განაცხადა, რომ "ყველა ქვეყანა, რომელიც ავღანეთში მხარს მშვიდობას უჭერს, ვალდებულია, მიიღოს ზომები თალიბანის ძალადობრივი კამპანიის შესაჩერებლად" — რთულია, ამ სიტყვებში სასოწარკვეთა არ ამოიკითხო. ეს არც თალიბანს გაუჭირდებოდა.

ტრამპმა ზალმაი ხალილზადს, ავღანეთში ამერიკის ყოფილ ელჩს დაავალა, თალიბანთან იმგვარი შეთანხმებისთვის მიეღწია, რომ NATO-სა და ამერიკას ქვეყანა დაეტოვებინათ.

2020 წლის თებერვალში შეთანხმება შედგა. მხარეთა მოლაპარაკებებს ესწრებოდა მაშინდელი სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეოც. ამერიკისა და NATO-ს ჯარებს ავღანეთი 14 თვეში უნდა დაეტოვებინათ.

როგორც ტრამპმა თქვა, ეს ამერიკისთვის "გრძელი და რთული მოგზაურობა" იყო, თუმცა დრო იყო, ამერიკელი ჯარისკაცების სახლში დაბრუნებაზე ეზრუნათ. შეთანხმების მიხედვით, აშშ-ს პირველი 135 დღის მანძილზე უნდა შეემცირებინა წარმომადგენლობა ავღანეთში და 8 600 ადამიანამდე დაეყვანა. ამას დადებითი გავლენა ექნებოდა ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიაზეც. გარდა ამისა, შეთანხმებაში იყო პუნქტი თალიბანის 5 000 პატიმრისა და ავღანეთის უსაფრთხოების ძალის 1 000 პატიმრის გაცვლაზეც.

მოლაპარაკებებში ავღანეთის მთავრობის ჩართვაზე უარი თქვა თალიბანმა. მათ ხელისუფლების წარმომადგენლები "ამერიკის თოჯინებადაც" მოიხსენიეს. საბოლოოდ, შეთანხმება დოჰაში გამართული 9 რაუნდის შემდეგ საკმაოდ ახლო ჩანდა, თუმცა ტრამპმა ის "მკვდრად" გამოაცხადა, როცა თალიბანმა ამერიკელი ჯარისკაცი მოკლა. ამის მიუხედავად, ორ კვირაში მოლაპარაკებები დახურულ კარს მიღმა აღდგა.

შეთანხმებაში გათვალისწინებული იყო, რომ არ უნდა დაეშვათ ალ-ქაიდასა და სხვა ექსტრემისტი ჯგუფებისთვის მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ოპერირების შესაძლებლობა. ამერიკა-თალიბანის მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ იღებდა თავად ავღანეთის ლეგიტიმური მთავრობა და პრეზიდენტი ღანი. ავღანეთში ბევრს არც ამ შეთანხმების იმედი ჰქონდა და არც თალიბანისგან ელოდნენ ვალდებულებების პირნათლად შესრულებას. პირიქით, ავღანეთის ზოგიერთი მოქალაქე ღანის თამაშგარე დატოვებას პირდაპირ აკავშირებდა შეთანხმების არასრულფასოვნებასა და უშედეგობასთან.

ბაიდენის გადაწყვეტილება

"ჩვენ ვერ გავაგრძელებთ ავღანეთში ჩვენი სამხედრო წარმომადგენლობის გაზრდას იმის იმედად, რომ ოდესმე გამოსვლისთვის იდეალური პირობები შეიქმნება", — თქვა ჯო ბაიდენმა ავღანეთის დატოვების გადაწყვეტილების გამოცხადებისას, რამდენიმე თვის წინ.

მართლაც, იდეალური სიტუაცია ვერასდროს იქნებოდა, განსაკუთრებით თალიბანის აღმავალი ძლიერების პირობებში, თუმცა საერთაშორისო ურთიერთობების ბევრი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ავღანეთის ასეთ დროს და ასეთი ფორმით დატოვება დიდი გეოპოლიტიკური შეცდომაა.

მეტიც, ბევრმა ყოფილი თავდაცვის მდივნის, რობერტ გეითსის სიტყვებიც გაიხსენა, რომლის მიხედვით, ბაიდენი ბოლო 4 დეკადის განმავლობაში ყველა საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების დროს შეცდა.

პრეზიდენტმა რამდენიმე თვის წინ განმარტა, რომ ამერიკას მის წინაშე მდგარ უფრო მნიშვნელოვან გამოწვევებზე უწევს კონცენტრირება, როგორიცაა კიბერუსაფრთხოება და ჩინეთიდან მომავალი მზარდი საფრთხეები.

ჯარების გამოყვანა 2021 წლის 11 სექტემბრისთვის უნდა დასრულებულიყო, 11 სექტემბრიდან ზუსტად 20 წლის გასვლის შემდეგ — იმ 11 სექტემბრიდან, როდესაც ამერიკამ საგარეო პოლიტიკის ცვლილება და "ტერორიზმის წინააღმდეგ მსოფლიო ომი" დაიწყო.

ფოტო: NY times

თუმცა თალიბანმა ქვეყანა იმაზე ბევრად ადრე დაიკავა, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო. ამერიკის 20-წლიანი ძალისხმევის მიუხედავად, რამდენიმე თვეში თალიბანმა ქაბული აიღო და ავღანეთზე კონტროლი დაამყარა. ქვეყნის 34 პროვინციიდან 26-ის 10 დღეში დაკავება და დედაქალაქის 10 დღეში აღება მარტივი სამხედრო ამოცანა ნამდვილად არ იყო.

ლოგიკურია, რომ პრეზიდენტი ბაიდენი არ ელოდა ქაბულის ასე მალე დაცემას. ამას მისი განცხადებებიც ადასტურებს.

"მოვლენები განვითარდა უფრო სწრაფად, ვიდრე ჩვენ ველოდით", — ამბობს ის.

ეს დასტურდება იმითაც, რომ დანაყოფის გამოყვანიდან მალევე, ათასობით ჯარისკაცი ისევ უკან, მოქალაქეთა ევაკუაციისთვის გაგზავნა.

იმავეს აცხადებს ყოფილი სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო და აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოადგილე. მსგავსი სისწრაფე მოულოდნელი იყო ცენტრალური სადაზვერვო კომისიისთვისაც.

"ჩვენ ვიხილეთ, რომ ავღანეთის ძალებმა ვერ დაიცვეს ქვეყანა და ყველაფერი იმაზე უფრო სწრაფად მოხდა, ვიდრე ველოდით", — თქვა პომპეომ.

ამერიკის პრეზიდენტი, განვითარებული მოვლენების მიუხედავად, ჯარების გამოყვანის შესახებ გადაწყვეტილებას არ ნანობს.

"არასწორია, დაავალო ამერიკის ჯარებს ბრძოლა, როცა ამას ავღანეთის უსაფრთხოების შენაერთები არ აკეთებენ. კიდევ რამდენი თაობა უნდა გავგზავნოთ ავღანეთის სამოქალაქო ომში? მე არ გავიმეორებ წარსულში დაშვებულ შეცდომებს", — განაცხადა მან.

კემპ დეივიდის რეზიდენციიდან დაბრუნებულმა ბაიდენმა ავღანეთის უსაფრთხოების ძალები დაადანაშაულა — სხვა დროსთან შედარებით, პრეზიდენტის ტონი მეტად მკაცრი იყო.

"ამერიკული ჯარები არ უნდა იბრძოდნენ და კვდებოდნენ ომში, რომელშიც თავად ავღანეთის ძალები არ იბრძვიან", — თქვა მან.

მისივე განცხადებით, ავღანეთში ამერიკის მისია არასდროს ყოფილა ერის მშენებლობის პროცესი, არამედ ამას ჰქონდა ერთი კონკრეტული მიზეზი — ტერორისტთათვის უსაფრთხო ნავსაყუდლის გაქრობა.

ფოტო: Axios

ბაიდენის გადაწყვეტილება ამერიკის უსაფრთხოების ექსპერტებისა და პოლიტიკური ელიტის უმრავლესობის მიერ, პარტიული მიკუთვნებულობის მიუხედავად, უარყოფითად შეფასდა. მიჩ მაკონელმა, სენატში რესპუბლიკელების უმცირესობის ლიდერმა, ავღანეთში განვითარებულ მოვლენებს "კატასტროფა" უწოდა და ბაიდენის გადაწყვეტილება ამერიკის რეპუტაციაზე მოქმედ "სამარცხვინო ლაქად" შეაფასა.

უარყოფითად შეაფასა ბაიდენის გადაწყვეტილება რესპუბლიკელმა სენატორმა, ბენ სასემაც — მან ივარაუდა ისიც, რომ ავღანეთი ისევ გახდება უსაფრთხო ნავსაყუდელი ტერორისტებისთვის.

"არავინ უნდა მოგვაჩვენოს თავი, თითქოს უკვირს, როცა თალიბანი იმარჯვებს, რადგან ჩვენ ჩვენი ავღანელი მეგობრები მივატოვეთ; არავინ თქვას, რომ გაკვირვებულია, როცა ქალები და გოგოები ისევ სასტიკი მოპყრობის ქვეშ იქნებიან; არავინ თქვას, რომ გაუკვირდება, როცა თალიბანი ტერორისტებისთვის ისევ გახდება ნავსაყუდელი", — განაცხადა სასემ.

თავად ჯორჯ ბუშმა, ვინც 2001 წელს ავღანეთში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო, იქ განვითარებულ მოვლენებს ტრაგიკული უწოდა და თქვა, რომ ეს ღრმა მწუხარების მომგვრელია.

შეიძლება ბაიდენმა არა, მაგრამ ბევრმა წინასწარ იფიქრა, რომ რაღაც მსგავსი გარდაუვალი იყო. მეტიც, თვეების მანძილზე, როცა ამერიკის შეერთებული შტატები ნელ-ნელა ქვეყნიდან გასვლას იწყებდა, მოქალაქეების მოთხოვნები ვიზებზე საგრძნობლად გაიზარდა, რასაც ადმინისტრაციიდან შემდეგნაირად პასუხობდნენ:

"ევაკუაცია ამერიკის ტერიტორიაზე სათავეს დაუდებს ლეგალურ პრობლემებს, ამიტომ, ჩვენ ველოდებით მესამე მასპინძელი ქვეყნის გამოჩენას რეგიონში. თარჯიმანთა უმრავლესობა, რომელიც ვიზას ითხოვდა, ქაბულის მოსახლეა, ქაბული კი, სულ მცირე, 6 თვე, არ დაეცემა".

ბაიდენის გადაწყვეტილებამ უპირობო გასვლის შესახებ სასოწარკვეთილება და უკმაყოფილება გამოიწვია სამხედროებში, რომლებიც ავღანეთის მიწაზე ამერიკის სახელით წლების მანძილზე იბრძოდნენ.

"გამოდის, რომ ფეხი ტყუილად დავკარგე იქ, გამოდის, რომ ჩემი მეგობრები უმიზეზოდ დაიხოცნენ?!", — წერს ყოფილი სამხედრო, ჯეკ კუმინგსი.

რა დაჯდა ომი ავღანეთში

ბრაუნის უნივერსიტეტის გამოთვლების მიხედვით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ავღანეთში 2001 წლიდან 2,26 ტრილიონი დოლარი დახარჯა. კონკრეტულად ავღანეთის არმიის შეიარაღებასა და ეკიპირებაზე 2002 წლის მარტიდან 88,3 მილიარდი დოლარი დაიხარჯა. გარდა სამხედრო კომპონენტისა, ამერიკამ 114 მილიარდი დოლარი ავღანეთის კერძო და არასამთავრობო სექტორის განვითარებაში ჩადო.

შეიარაღებული ძალების რაოდენობა ავღანეთში.

ფოტო: BBC/On.ge

გარდა ამერიკული ჯარებისა, ქვეყანაში იმყოფებოდნენ NATO-ს გაერთიანებული სამხედრო შენაერთები, მათ შორის, აქ იყო კონტინგენტი საქართველოდანაც. მართალია, ალიანსმა ოფიციალური საბრძოლო მისია 2014 წელს დაასრულა, თუმცა მაინც ინარჩუნებდა 13 000-იან დანაყოფს. საერთო ჯამში, NATO-მ ავღანეთს 72 მილიონის ღირებულების აღჭურვილობა გადასცა.

ლიენ მაკკეინი არლინგტონის სასაფლაოზე საკუთარ შვილებთან ერთად ემშვიდობება ქმარს, რომელიც ავღანეთში 2011 წელს მოკლეს.

ფოტო: TIME

ამბობენ, რომ ამ დახმარების უდიდესი ნაწილი კორუფციამ შეიწირა და არამიზნობრივად დაიხარჯა. ამერიკის კონგრესის 2020 წლის დასკვნაში ვკითხულობთ, რომ 2009-2019 წლებში დაახლოებით 19 მილიარდი დოლარი არასწორად იქნა გამოყენებული — "დაიკარგა".

რაც შეეხება ცოცხალ ძალას, 2001 წლიდან აქ კოალიციის 3 500-ზე მეტი ჯარისკაცი დაიღუპა, მათ შორის, 2 300-ზე მეტი ამერიკელი, 450 ბრიტანელი. 20 660 კი დაშავდა. ამასთანავე, პრეზიდენტ ღანის 2019 წლის განცხადების მიხედვით, საბრძოლო მოქმედებებში ავღანეთის უსაფრთხოების ჯარებმა 45 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა.

ავღანეთში გარდაცვლილთა და დაშავებულთა რაოდენობა 2002-2020 წლებში.

ფოტო: BBC

გაეროს მისიის, UNAMA-ს გამოთვლებით, 2009 წლიდან ომმა 110 000 სამოქალაქო პირის სიცოცხლე შეიწირა.

"როგორ უნდა მოქცეულიყო, სულ ხომ არ დარჩებოდა?!"

"მათ აქვთ საათი, ჩვენ დრო", — ეს სიტყვები თალიბანის ერთ-ერთ გენერალს ეკუთვნის. როგორც POLITICO-სთან ერთ-ერთი სამხედრო აცხადებს, თალიბანმა იცოდა ამერიკის სისუსტე, რაც პოლიტიკური კლასის მიერ გამარჯვების სწრაფი მოპოვების სურვილია.

ბაიდენის გადაწყვეტილების შეფასება მრავალი სხვადასხვა პერსპექტივიდან შეიძლება. წარმატებულად/წარუმატებლად ამ ქმედების შეფასებას მხოლოდ მაშინ შევძლებთ, თუ თავიდანვე სწორად შევხედავთ მიზანს — ანუ რატომ შეიჭრა ამერიკა ავღანეთში 2001 წელს.

როგორც უსაფრთხოების სპეციალისტები BBC-სთან საუბარში აცხადებენ, მას შემდეგ, რაც კოალიციური ჯარები ავღანეთში იმყოფებიან, არც ერთი საერთაშორისო ტერორისტული თავდასხმა ამ ტერიტორიიდან არ განხორციელებულა — მაშინ, როცა 1996-2001 წლებში ალ-ქაიდას შეეძლო ქვეყანაში მასშტაბური ტერორისტული ბანაკების მოწყობა, რეკრუტირება, შეტევების განხორციელება. ეს მიღწევა, შესაძლოა, წარმატებულადაც ჩავთვალოთ. მართალია, ალ-ქაიდა არ განადგურებულა და ნაწილი ახლაც იმყოფება ავღანეთში, თუმცა ბევრად სუსტი. თუ მისიის ერთადერთი მიზანი ალ-ქაიდასთან ბრძოლა იყო, ის მთლად წარუმატებლად ვერ ჩაითვლება, თუმცა გაუგებარია, რატომ არ დატოვა ამერიკამ ავღანეთი მაშინ, როცა ბინ ლადენი მოკლეს.

Action on Armed Violence-ის მიერ ჩატარებული კვლევით, 2020 წელს ავღანეთში ასაფეთქებელი მოწყობილობებით უფრო მეტი ადამიანი დაიღუპა, ვიდრე სხვა რომელიმე ქვეყანაში. მიუხედავად 20-წლიანი ძალისხმევისა, აქ ომი არასდროს შეწყვეტილა, მშვიდობა არ დასადგურებულა. ანუ ამერიკამ ამ მიზანს, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ვერ მიაღწია.

შესაძლოა, ალ-ქაიდა, აისისი და სხვა ტერორისტული ჯგუფები დროდადრო იკარგებოდნენ და სუსტდებოდნენ, თუმცა, სპეციალისტების შეფასებით, უდავოა, რომ დასავლური ძალებისგან ავღანეთის გათავისუფლება მათთვის "წამახალისებელი" იქნება.

ქვეყანაში წარმატებით ვერ დასრულდა სახელმწიფოს მშენებლობა, კარგი მმართველობის შექმნა, დემოკრატიის დანერგვა, ადამიანთა უფლებებისა და სხვა ფუნდამენტური ღირებულებების დაცვის უზრუნველყოფაც.

ამ ცხადი და ნაკლებად ცხადი შედეგების ფონზე, არაერთი ექსპერტისგან მოვისმენთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მეტს ვერაფერს მოიმოქმედებდა და იქ სამუდამოდ ვერ დარჩებოდა — განსაკუთრებით მაშინ, როცა თავად ავღანეთის მთავრობას არ ეტყობოდა ბრძოლის დიდი ენთუზიაზმი.

ჯო ბაიდენი, ილუსტრაცია.

ფოტო: NYPOST

ცხადია, ამაშიც არის სიმართლე. ავღანეთის ომის ხარჯები ამერიკელი გადასახადების გადამხდელის ჯიბიდან ფინანსდებოდა, რომელსაც, შესაძლოა, ურჩევნია ეს ფული სოციალურ და ეკონომიკურ სერვისებს მოხმარდეს, ვიდრე ომს სხვა კონტინენტზე.

თუმცა, სპეციალისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ პრაგმატული თვალსაზრისით, ბაიდენი არასწორად მოიქცა, როცა ქვეყანა სამშვიდობო შეთანხმების შესრულების გარანტიების გარეშე დატოვა. მისი მხრიდან ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი დოჰას ხელშეკრულების დაცვის მოთხოვნა და ქვეყნის იქამდე არდატოვება იქნებოდა.

უპირობო გასვლა ბევრი ექსპერტის მიერ 20-წლიანი წვალების წყალში ჩაყრად შეფასდა.

ბოლო 6 წლის მანძილზე ამერიკას ქვეყანაში 10 000 ჯარისკაცზე ნაკლები ჰყავდა, დაახლოებით ამდენი იყო სხვა კოალიციური ჯარებიც. ისინი ეხმარებოდნენ ავღანეთის ჯარებს იმ დონემდე, რომ ქვეყანაში სტატუს-კვო ნარჩუნდებოდა, ამერიკას თითქმის აღარ ჰყავდა მსხვერპლი, სახმელეთო საბრძოლო ოპერაციებში ავღანელები ენაცვლებოდნენ და აშშ ძირითადად საჰაერო მხარდაჭერაზე, წვრთნებსა და ლოჯისტიკაზე იყო კონცენტრირებული. აშშ მინიმალური დანაკარგით ინარჩუნებდა სიტუაციას იმგვარად, რომ არ ქმნიდა ძალაუფლების ვაკუუმს.

ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ამერიკას შეეძლო რამდენიმე ათასი ჯარისკაცით შეენარჩუნებინა კონტინგენტი და მინიმალური მსხვერპლის ფასად სტატუს-კვოც — ქაბულის დაცემა, განსაკუთრებით ამ ფორმით, ცუდ გავლენას მოახდენს ამერიკის "სანდო პარტნიორის" იმიჯსა და ძალთა ბალანსზე. გარდა ამისა, ზოგის აზრით, გამოსავალი იქნებოდა "ძალაუფლების განაწილების" შეთანხმების მიღწევა და ქვეყნის ისე დატოვებაც.

ცხადია, ეს მარტო ამერიკის ბრალი არ და ვერ იქნება. დარჩენას ნამდვილად არ ექნებოდა აზრი, თუ ავღანეთის სამხედრო ძალები თავად არ მოინდომებდნენ ცვლილებას.

თალიბანის წარმატება ბევრი ექსპერტისთვის სულაც არ ყოფილა მოულოდნელი. ამ ყველაფრის სათავედ ისინი 2015 წელს მათ მიერ კუნდზის, ჩრდილოეთ ავღანეთის პროვინციის აღებას იშველიებენ — სწორედ მაშინ გამოჩნდა, რომ თალიბანს დიდი სამხედრო კაპიტალი ჰქონდა. გარდა ამისა, ამ პერიოდიდან ჩნდება ცნობები, რომ ავღანეთის უსაფრთხოების ძალები მათ იარაღს ჰყიდდნენ, უარს აცხადებდნენ ბრძოლაზე და ძალადობრივ ჯგუფთან კონკრეტულ გარიგებებში შედიოდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ ამერიკა წლების მანძილზე უამრავ რესურსს ხარჯავდა, ავღანეთის მთავრობა უფრო ძალაუფლებისა და ფულის მოპოვებაზე იყო კონცენტრირებული, ვიდრე სამხედრო და სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე.

სპეციალისტების შეფასებით, ავღანეთის მთავრობამ საკუთარი თავი დაარწმუნა, რომ ამერიკა არასდროს გავიდოდა — ეს იყო კიდევ ერთი დამატებითი პრობლემა, რამაც მათი დემორალიზება და მალე ჩაბარება გამოიწვია. ავღანეთის მთავრობას ჰქონდა იმედი, რომ მათი ჯარების სისუსტე არ მისცემდა საშუალებას ბაიდენს, გასვლის გადაწყვეტილება მიეღო — სწორედ ამიტომ არ გააკეთა მან არაფერი ANDSF-ის მოდერნიზებისთვის.

რა ბედი ელის ავღანეთს

მას შემდეგ, რაც თალიბანმა ქვეყნის პროვინციები და მნიშვნელოვანი ქალაქები ერთმანეთის მიყოლებით დაიკავა, სულ არაა გასაკვირი, რომ მოსახლეობაში პანიკა წარმოიქმნა. თალიბანის ქაბულთან მიახლოებასთან ერთად, უამრავი ადამიანი აეროპორტებისკენ დაიძრა. მათ შორის იყვნენ როგორც უცხოელი, ისე თავად ავღანეთის მოქალაქეებიც, რომლებიც თალიბანის დაბრუნებას ქვეყნის დასასრულად მიიჩნევენ. არავის სჯერა თალიბანის განცხადების, რომ ისინი "შეიცვალნენ" და ძველ მეთოდებს აღარ იყენებენ.

ამ ყველაფერს, ცხადია, კონკრეტული მიზეზები აქვს — მმართველობის ის ფორმები და საზოგადოების მოწყობის ის ფორმა, რაც 1996-2001 წლებში თალიბანმა ავღანეთში შექმნა.

ფოტო: NY Times

შემაშფოთებელი იყო ავღანეთის დაკავების შემდეგ თალიბანის ერთ-ერთი სპიკერის, სუჰეილ შაჰინის ინტერვიუ BBC-ს ეთერში.

მისი თქმით, თალიბანი "ძალაუფლების მშვიდობიანი გადაბარებისთვის" ემზადებოდა და შურისძიებას არავისზე აპირებდა.

ჟურნალისტმა მას ჰკითხა, ისევ გამოიყენებდა თუ არა თალიბანი ძალადობრივ სადამსჯელო ღონისძიებებს, რაზეც შაჰინმა უპასუხა, რომ ეს "მოსამართლეებსა და სასამართლოზე იქნება დამოკიდებული", ხოლო მოსამართლეები მომავალი მთავრობის კანონის მიერ იქნებიან დანიშნულნი.

"რა თქმა უნდა, ჩვენ ისლამური მმართველობა გვსურს", — თქვა მან.

როგორც შალაჰინი აცხადებს, ავღანეთში ქალებს საშუალება მიეცემათ, უნივერსიტეტამდე განათლება მიიღონ, მათ ექნებათ მუშაობის უფლებაც. მისივე თქმით, ქალებს ექნებათ არა ბურკით, არამედ ჰიჯაბით სიარულის ვალდებულება.

ფოტო: Istock/On.ge

ცნობილია ისიც, რომ თალიბანმა ავღანეთის აღმოსავლეთ პროვინციაში, ერთ-ერთ ქალაქში კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია აკრძალა. გარდა პოლიტიკურად მძიმე სურათისა, სავარაუდოა, რომ თალიბანის ხელში ჩავარდნილ ქვეყანას მძიმე სოციალური პირობებიც ელოდება.

რაც შეეხება საერთაშორისო აღიარებას, აქ მოსაზრებები ორად იყოფა. განვითარებული სამყაროს ზოგ წარმომადგენელს არ სურს თალიბანის მთავრობას ფინანსური მხარდაჭერა გამოუყოს, თუმცა ზოგიერთი ფიქრობს, რომ ეს დახმარება შეიძლება სწორედ თალიბანის წინააღმდეგ ბერკეტად იქნას გამოყენებული.

მაგალითად, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა არ გამორიცხა აღიარებაც, თუკი თალიბანი კონკრეტულ "პირობებზე" დათანხმდებოდა, თუმცა, მისი თქმით, ამ კუთხით დასავლეთის ქმედებები კოორდინირებული უნდა იყოს.

რას ნიშნავს თალიბანის გამარჯვება ალ-ქაიდასთვის

ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ავღანეთში კიდევ ერთი, ხუთი ან ათი წელი დარჩენა აშშ-ს სახელმწიფო ინტერესებში არ შედიოდა. მან კატეგორიულად უარყო შედარებები 1975 წელთან, როცა ამერიკა ვიეტნამს ტოვებდა და განაცხადა, რომ თავდაპირველი მიზნების გათვალისწინებით, ამერიკის მისია ავღანეთში წარმატებული იყო.

"ავღანეთში შესვლას ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი ჰქონდა: იმ ხალხთან გასწორება, ვინც 11 სექტემბერს თავს დაგვესხა. ამიტომ შევედით აქ 20 წლის წინ და ამ ხნის განმავლობაში ჩვენ განაჩენი გამოვუტანეთ ბინ ლადენს, მნიშვნელოვნად შევამცირეთ ავღანეთში ალ-ქაიდასგან მომდინარე საფრთხეები ამერიკისთვის ისე, რომ მსგავსი შეტევის განხორციელება ავღანეთიდან უბრალოდ შეუძლებელი იქნება. ჩვენ ვაპირებთ შევინარჩუნოთ ადგილი რეგიონში, რათა დავაკვირდეთ ტერორიზმის საფრთხის აღორძინების შესაძლებლობასა და გვქონდეს შესაძლებლობა, გავუმკლავდეთ მას. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რის გამოც შევედით ავღანეთში თავდაპირველად, ჩვენ წარმატებით მივაღწიეთ ამ მიზნებს", — განაცხადა ბლინკენმა CNN-ის ეთერში.

აღნიშნული განცხადება მნიშვნელოვან კითხვას ბადებს – რატომ არ დატოვა ავღანეთი ამერიკამ 2011 წელს, როცა ოსამა ბინ ლადენი მოკლეს? ალბათ იმიტომ, რომ ამერიკის წინაშე არ იყო სხვა, უფრო მნიშვნელოვანი საფრთხეები და იმიტომაც, რომ როგორც ბუშმა 2001 წელს განაცხადა, ბრძოლა არ გადიოდა მხოლოდ ალ-ქაიდაზე.

არც ისე უსაფუძვლოდ, ახლა განვითარებულმა მოვლენებმა ბევრს გაუჩინა ალ-ქაიდას "დაბრუნებისა" და ავღანეთში პოზიციების მოძლიერების მოლოდინი. ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა, ბენ უალასმა განაცხადა, რომ ავღანეთი შესაძლოა ისევ ე.წ. "Failed state" გახდეს და იქ ალ-ქაიდა გაძლიერდეს. იგი კრიტიკულად აფასებდა გამოსვლის გადაწყვეტილებას და სწორედ ალ-ქაიდას დაბრუნების საფრთხის გათვალისწინებით, ამ ნაბიჯს შეცდომად აღიქვამდა.

უდავოა, რომ თალიბანის "შთამბეჭდავი" გამარჯვება ჯიჰადისტების მიერ სათანადოდ შეფასდება — მათ შორის, ალ-ქაიდას მხრიდანაც. ძლიერი სახელმწიფოების რეპუტაციას ხშირად მსგავსი "დამარცხებები" აყენებენ ჩრდილქვეშ, განსაკუთრებით, სუსტი მოწინააღმდეგის ფონზე. მსგავსი გამოცდილება ამერიკის შეერთებულ შტატებს უკვე აქვს — ვიეტნამის სინდრომი. საერთაშორისო ურთიერთობებში დიდი მნიშვნელობა აქვს აღქმით რეპუტაციას, შესაბამისად, აქტორებიც გადაწყვეტილებებს ამ მოსაზრებების ფონზე იღებენ. მიიჩნევა, რომ თალიბანის მიერ ქვეყნის უმოკლეს დროში აღება ჯიჰადისტების თვალში ამერიკის შეერთებული შტატების პრესტიჟს მნიშვნელოვნად ასუსტებს და ერთგვარ წამახალისებელ როლსაც თამაშობს სხვა ტერორისტული ორგანიზაციების გაძლიერებაში.

ალ-ქაიდას ნუსრას ფრონტის წევრები, 2015 წელი.

ფოტო: Foreign Affairs

ამ თეორიის მიღმა, არსებობს გასულ თვეს გაეროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ალ-ქაიდა, სულ მცირე, ავღანეთის 15 პროვინციაშია გამაგრებული. ალ-ქაიდასა და თალიბანს შორის მსოფლმხედველობრივი კავშირები წლების მანძილზე იზრდებოდა. მართალია, ზუსტად არავინ იცის, როგორ ურთიერთობაში იმყოფებიან ისინი ახლა, თუმცა ამერიკის შეერთებული შტატების უსაფრთხოების სამსახურები მათ კავშირს "ახლოს" უწოდებენ. შეიმჩნევა ჯგუფებს შორის პერსონალური ურთიერთობების გაძლიერებაც.

ალ-ქაიდას გარდა, ძალიან კმაყოფილი ჩანს კიდევ ერთი ექსტრემისტული დაჯგუფება, ჰამასი. მათ თალიბებს ქაბულის დაკავება მიულოცეს და ამ მოვლენას "20-წლიანი ომის გამარჯვებით დაგვირგვინება" უწოდეს.

მიუხედავად ამისა, არავინ იცის, რას მოიმოქმედებს თალიბანი, რომელსაც საერთაშორისო ლეგიტიმაცია სჭირდება.

ამერიკის როლი საერთაშორისო ურთიერთობებში ავღანეთის შემდეგ

ზოგადად, ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის განსაზღვრა "დიდ სტრატეგიაზეა" დამყარებული, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების მიღწევისთვის საჭირო საშუალებებს აერთიანებს.

თავდაპირველად, დონალდ ტრამპის საგარეო სტრატეგია ამერიკის პირველობაზე იყო დაფუძნებული და იგი მიზნად ისახავდა საერთაშორისო სისტემაში ლიდერობის აღდგენას. ტრამპი საერთაშორისო ინსტიტუტებს მეტწილად სკეპტიკურად უყურებდა, რის გამოც არაერთი შეთანხმება დატოვა კიდეც. მისი საგარეო პოლიტიკა მალე ნეო-იზოლაციონისტური გახდა, რომლის თანახმადაც, აშშ არ უნდა ჩარეულიყო აღმოსავლეთ ნახევარსფეროში მიმდინარე პროცესებში და "საკუთარი თავისთვის მიეხედა". პრეზიდენტმა სირიიდან და ავღანეთიდან ჯარები გაიყვანა, დაიწყო სავაჭრო ომები ჩინეთთან, ევროკავშირთან და მეტწილად შიდა სიმტკიცის გაძლიერებაზე გადავიდა.

ფოტო: The nation

მართალია, ჯო ბაიდენის საგარეო პოლიტიკა მეტწილად ლიბერალურ ინტერნაციონალიზმზე არის დაფუძნებული, თუმცა ექსპერტების აზრით, აშკარაა, რომ აშშ იზოლაციონიზმის ერას უბრუნდება და მისი როლი და გლობალური გავლენა ბოლო სამი ადმინისტრაციის პერიოდში თანდათან იკლებს.

ცივი ომის შემდეგ მსოფლიოს ავანსცენაზე მარტო დარჩენილ სუპერსახელმწიფოს, ამერიკას, 21-ე საუკუნეში ე.წ. Challenger, ჩინეთი გამოუჩნდა. მისმა სწრაფად მზარდმა ეკონომიკამ აშშ-ს დიდი თავსატეხი გაუჩინა და მისი პირველობა ნელ-ნელა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. სწორედ ამიტომ, ბუნებრივია, რომ აშშ ასრულებს რესურსის ხარჯვას "სხვის ომზე" და უფრო მეტ კონცენტრაციას ჩინეთიდან და რუსეთიდან წამოსულ საფრთხეებზე აკეთებს.

ნებისმიერ შემთხვევაში, ერთი აქტორის უმოქმედობა იქ, სადაც ამის საჭიროება არსებობს, ძალაუფლების ვაკუუმს ქმნის. ამგვარად მოხდა ერაყში, როცა აშშ-ს გასვლის შემდეგ იქ პოზიციები ირანმა გაიმაგრა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ სწორედ ირანი, რუსეთი, პაკისტანი და ჩინეთი შეეცდებიან ახლა შეავსონ ის ვაკუუმი, რომელიც ამერიკამ ავღანეთში წარმოშვა.

ფაქტია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებობს იზოლაციონისტური განწყობები — ამას 2015 წელს მისი სირიის სამოქალაქო ომში ჩაურევლობაც ადასტურებს. ნეოიზოლაციოსტური ერის დაწყება მის გავლენებსა და ლიბერალური დემოკრატიის გავრცელების დღის წესრიგზეც იმოქმედებს — ამერიკის დასუსტება ცივილიზებული სამყაროსთვის დიდი დანაკლისია.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 10 ორგანიზაცია ვასილ მაღლაფერიძისა და თინათინ ბერძენიშვილის გადადგომას ითხოვს
  2. საზოგადოებრივი მაუწყებელი განცხადებას ავრცელებს
  3. ირაკლი რუხაძე: პრემიერს ვუთხარი, გულისყურით რომ გისმენდით, არ ნიშნავს, რომ ყველანი ვეთანხმებით
  4. მამუკა მდინარაძე: რომ ვთქვა, რეალურად 6 ათასი იყო-თქო, მთელი ღამე კლავიატურასთან და ბანერების მომზადებაში უნდა გაათენონ და იყოს 400 000
  5. ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

IPM კვლევა: გამოკითხულთა 46% საქართველოს პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილს მიიჩნევს, 22% — მიხეილ ყაველაშვილს

IPM Market Intelligence Caucasus-ის კვლევის მიხედვით გამოკითხულთა 46% საქართველოს პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილს…