შესაძლოა, ჩვენი გალაქტიკა კოსმოსურ სიცარიელეში იყოს მოქცეული
ფოტო: Moritz Haslbauer/Zarija Lukic
სამყარო აჩქარებული ტემპით ფართოვდება, მაგრამ ამ პროცესის სხვადასხვა მეთოდით გაზომვისას ტემპის ოდნავ განსხვავებულ მაჩვენებლებს ვიღებთ. მეცნიერები ამის პოტენციურ ახსნას გვთავაზობენ, რომლის თანახმადაც ჩვენი გალაქტიკა, შესაძლოა, კოსმოსურ სიცარიელეში იყოს მოქცეული.
სტანდარტული კოსმოლოგიური მოდელის მიხედვით, ფართო მასშტაბებზე სამყარო ჰომოგენურია, ანუ ერთგვაროვნებით ხასიათდება. მცირე მასშტაბებში გრავიტაციის გავლენით გალაქტიკები ჯგუფ-ჯგუფადაა განლაგებული და ერთგვარ კოსმოსურ ქსელს წარმოქმნის — სამგანზომილებიან სტრუქტურას, რომელიც სიცარიელეებსაც შეიცავს (როგორც ზედა ფოტოზეა ნაჩვენები).
მეცნიერთა ჰიპოთეზით, ასეთი რეგიონები სრულიად აუთვისებელი არაა, არამედ იქ გალაქტიკების არსებობა შესაძლებელია, მაგრამ შედარებით მცირე ოდენობით. ამ სცენარით, ისინი მსგავსი ადგილებიდან ქსელის შემადგენელი ბევრად მასიური გროვებისკენ უნდა მიიზიდებოდეს, რაც მათ მოძრაობას ჩვეულებრივზე მეტად ააჩქარებდა.
ახლა წარმოიდგინეთ, ჩვენი გალაქტიკა ერთ-ერთი ასეთი სიცარიელის ცენტრის მიმდებარედ რომ იყოს — თუკი გაფართოებას ახლო გალაქტიკების მოძრაობის მიხედვით გავზომავთ, ქსელისკენ მიზიდულობის გამო აჩქარებულ ტემპს მივიღებთ. მეორე მეთოდი კოსმოსურ მიკროტალღურ ფონს (სამყაროს პირველადი რადიაცია) ეფუძნება და განსხვავებულ შედეგს იძლევა. მკვლევართა აზრით, ამის პოტენციური მიზეზი ისაა, რომ იგი არაა დამოკიდებული ლოკალურ ცარიელ რეგიონზე, რომელშიც ირმის ნახტომი და სხვა გალაქტიკები შეიძლება მდებარეობდეს.
"ეს გრავიტაციის მიერ სიცარიელის გარშემო არსებული მკვრივი არეალებისკენ მატერიის მიზიდვას გამოიწვევდა და მას სულ უფრო მეტად დაცლიდა. ამ პროცესში ჩვენგან შორს მიმავალი ობიექტების სიჩქარე უფრო მეტი იქნებოდა, ვიდრე სიცარიელის გარეშე. შედეგად უფრო სწრაფი გაფართოების ლოკალურ მაჩვენებელს მივიღებდით", — აცხადებენ მეცნიერები.
აღნიშნული ჰიპოთეზა სტანდარტულ კოსმოლოგიურ მოდელს გამოწვევის წინაშე აყენებს. ასეთ სიცარიელეს საშუალოზე 20%-ით ნაკლები სიმკვრივე უნდა ჰქონდეს, ეს კი მოდელით პროგნოზირებულზე ბევრად ნაკლებია.
ავტორები იმასაც ამბობენ, რომ მათი ჰიპოთეზა ზოგიერთ ფაქტორს შეესაბამება, მაგალითად: ჩვენს გარშემო არსებული გალაქტიკების რაოდენობასა და ბარიონულ აკუსტიკურ რხევებს (დიდი აფეთქების "ხმას"). ეს რხევები სამყაროს პირველადი პლაზმის გაგრილების პარალელურად დროში გაიყინა და კოსმოსის ჩვეულებრივი მატერიის სიმკვრივეში ჩანს.
მეცნიერები ამ ყველაფრის დადასტურებას ეცდებიან. მათ კვლევა National Astronomy-ს 2025 წლის შეხვედრაზე წარადგინეს.
კომენტარები