Airbus აქტიურად მუშაობს A400M ტიპის სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავის დახვეწაზე, რათა ის თანამედროვე გამოწვევების საპასუხოდ კიდევ უფრო მრავალფეროვანი და მოქნილი გახდეს. თავდაპირველად ტაქტიკურ საჰაერო გადამზიდავად შექმნილი ეს თვითმფრინავი ახლა ისეთი ფუნქციებით აღიჭურვება, რომლებიც მას მომავალი თაობის ომებსა და ხანძარსაქრობ ოპერაციებში მონაწილეობის საშუალებას მისცემს.

ეს ცვლილებები Airbus-ის გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილია, რომელიც A400M-ის თანამედროვეობასთან ადაპტაციას გულისხმობს.

Future Combat Air System პილოტებისა და დრონების ერთდროულ მოქმედებას უზრუნველყოფს.

ფოტო: Airbus

"ჩვენი მიზანია, რომ თვითმფრინავი თანამედროვეობას აჰყვეს. A400M-მა ეფექტურად უნდა იმოქმედოს ყველაზე რთულ სცენარებშიც კი, როგორც ახლა, ისე მომავალში", — აცხადებენ Airbus-ში.

კომპანია პარტნიორ ქვეყნებთან და მომწოდებლებთან ერთად თვითმფრინავის მოდერნიზაციაზე მუშაობს და ისეთი სიახლეების დანერგვას ცდილობს, რომლებიც საბრძოლო და კრიზისულ ზონებში A400M-ის ფუნქციონირებას ფუნდამენტურად შეცვლის.

თანამედროვე ომში სწრაფი და უსაფრთხო კომუნიკაცია უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს და ამ ფაქტორის გათვალისწინებით Airbus თვითმფრინავის საკომუნიკაციო ცენტრად გარდაქმნასა და მის მაღალსიჩქარიანი სატელიტური კავშირის სისტემით აღჭურვას აპირებს. ეს სისტემა ნებისმიერი ადგილიდან დიდი მოცულობის მონაცემების გადაცემას უზრუნველყოფს და თვითმფრინავს ვიდეოების ლაივ-რეჟიმში გადაღების საშუალებას მისცემს. ამ ფუნქციის წყალობით, დავალებების მიღება და შედეგების მეთაურებისთვის მოხსენება გაცილებით მოკლე დროში მოხდება.

აღნიშნული ინიციატივა ევროპის მომავალი თაობის საბრძოლო საავიაციო სისტემის (FCAS) პროგრამის ნაწილია, რომლის მიზანი მომავალი თაობის საბრძოლო თვითმფრინავებისა და მათთან დაკავშირებული სისტემების შექმნაა. A400M, საჰაერო სივრციდან კრიტიკულად მნიშვნელოვანი მონაცემების შეგროვებისა და გავრცელების ფუნქციის წყალობით, ამ სისტემაში საკვანძო როლს ასრულებს.

გარდა ამისა, Airbus ცდილობს A400M-ის დრონების მიმართულებით განვითარებას. თვითმფრინავის დიდი ზომა და ფრენის მაღალი დიაპაზონი მას დისტანციური დრონების გადასაზიდად და გასაშვებად იდეალურს ხდის. ასეთი ტიპის დრონები პილოტირებულ თვითმფრინავებს საბრძოლო მოქმედებებში დაეხმარება.

ფოტო: Airbus

ამჟამად თვითმფრინავს 50 პატარა ან 12 დიდი დრონის გადაყვანა შეუძლია. ჯერ კიდევ 2022 წელს პირველი საცდელი ფრენა ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც A400M-დან დისტანციური მართვის დრონები დემონსტრაციულად გაუშვეს. ამ ფრენის მიზანი იმის ჩვენება იყო, რომ A400M-ს დრონებით ომის წარმოება FCAS პროგრამის სრულ ამოქმედებამდეც კი შეუძლია.

A400M უკვე აღჭურვილია თავდაცვის სისტემებით და იგეგმება 23 ცალი ინფრაწითელი რაკეტების საწინააღმდეგო სისტემის დამონტაჟება.

სამხედრო ამოცანების გარდა, A400M ხანძარსაწინააღმდეგო თვითმფრინავის ფუნქციებსაც შეითავსებს. ამ სპეციალური განახლების წყალობით თვითმფრინავს ერთდროულად 20 ათას ლიტრამდე წყლის გადატანა შეეძლება. ამ მხრივ ესპანეთში მიმდინარე ტესტირება უკვე წარმატებით დასრულდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.