დააფიქსირეს გიგანტური ეგზოპლანეტა, რომელიც საკუთარი ვარსკვლავის ამოფრქვევებს იწვევს
ფოტო: Danielle Futselaar
ასტრონომებმა დააფიქსირეს უზარმაზარი ეგზოპლანეტა, რომელიც საკუთარ თავს ანადგურებს. ის ვარსკვლავთან ძალიან ახლოს მოძრაობს, რის გამოც მის მაგნიტურ ველთან ურთიერთქმედებს და ამოფრქვევებს იწვევს, ეს პლაზმა კი ციურ სხეულს ატმოსფეროს ართმევს.
მეცნიერებს ასეთი პროცესის პირდაპირი მტკიცებულება აქამდე არ მოეპოვებოდათ, თუმცა ახლა ის დეტალურად შეისწავლეს. ამის საშუალება მათ იმან მისცა, რომ ეგზოპლანეტისა და ვარსკვლავის ასეთი ურთიერთქმედება რამდენიმე წლის განმავლობაში გრძელდებოდა. ეს მნიშვნელოვანი მონაცემების მისაღებად საკმარისი დრო აღმოჩნდა.
დიდი ხანი მიაჩნდათ, რომ ვარსკვლავები მასიურობის გამო დამოუკიდებლად არსებობს და შედარებით მცირე ზომის ციური სხეულები მათზე გავლენას ვერ ახდენს. ამის მიუხედავად, უკანასკნელი მიგნება საწინააღმდეგოს ამტკიცებს. სპეციალისტთა მიერ გამოკვლეული ვარსკვლავი მზის მსგავსია და HIP 67522 ეწოდება, ეგზოპლანეტა კი HIP 67522b-ს სახელითაა ცნობილი. ეს სისტემა ჩვენგან 408 სინათლის წლითაა დაშორებული და სულ რაღაც 17 მილიონი წლისაა.
ეგზოპლანეტა დაახლოებით იუპიტერის ზომისაა, მაგრამ მისი მასის მხოლოდ 5 პროცენტი აქვს. ის მნათობის გარშემო ორბიტაზე მოძრაობას 6.95 დღეს ანდომებს. ამ დროს მისი და ვარსკვლავის მაგნიტური ველები ერთმანეთთან ურთიერთქმედებს, რის შედეგადაც ციური სხეული ენერგიას აგროვებს და პერიოდულად HIP 67522-ისკენ მიმართავს. ეს ძლიერ ამოფრქვევებს იწვევს და პლაზმის ნაკადები HIP 67522b-სკენ იტყორცნება. 5-წლიანი დაკვირვებების შედეგად საერთო ჯამში 15 ასეთი ნაკადი დააფიქსირეს.
ავტორები ამბობენ, რომ ამოფრქვევების ენერგია უფრო დიდია, ვიდრე იმ ტალღების, რომლებსაც ეგზოპლანეტა ვარსკვლავისკენ მაგნიტური ველის ხაზების მეშვეობით გზავნის. ვარაუდობენ, რომ HIP 67522b ისეთ ამოფრქვევებს ააქტიურებს, რომლებიც ადრე თუ გვიან ისედაც იჩენდა თავს.
გამოთვლების თანახმად, ეგზოპლანეტა იმაზე 6-ჯერ მეტ რადიაციას იღებს, ვიდრე ვარსკვლავის პროვოცირების გარეშე მიიღებდა. შედეგად მისი ატმოსფერო ცხელდება და კოსმოსში იჟონება, რის გამოც 100 მილიონ წელში ის ნეპტუნის ზომის შეიძლება გახდეს.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Nature გამოქვეყნდა.

კომენტარები