აგვისტოდან ქართულ საწარმოში პლასტმასას ჩამნაცვლებელ შეფუთვებს "გაზრდიან"
გასულ კვირებში საქართველოში იდეათონის "დაამზადე მომხმარებლისთვის, შეფუთე დედამიწისთვის" ფარგლებში აქსელერაციის პროგრამა მიმდინარეობდა, რომელში მონაწილეებიც ბიზნესმოდელის დახვეწასა და განვითარებაზე მუშაობდნენ. აქსელერაციის დასასრულს ისინი ჟიურის წინაშე წარსდგნენ და გამოვლინდა გამარჯვებული გუნდიც. გამარჯვებულებმა — ნინო ჭყოიძემ და ანნი ჭყოიძემ პროექტის განსახორციელებლად 60 000 ლარიანი დაფინანსება მოიპოვეს, რომლის ფარგლებშიც ბიოდეგრადირებადი შეფუთვების დასამზადებლად სოციალური საწარმო უნდა აამუშავონ.
ნინო ჭყოიძე პროექტ GRETA-ს (project funded by EU, Sweden and Austria) დამოუკიდებელი ბრენდ კონსულტანტი და ღვინის ბარი/მაღაზია "ვაინ ნოთის" თანადამფუძნებელია, ხოლო ანნი ჭყოიძე საქართველოში პირველი ნული ნარჩენის სივრცის, "ზერო ეფექტის" თანადამფუძნებელი და სენიორ ბრენდ სტრატეგი კომპანია branding.ge-ში. მათი იდეა სოციალური საწარმო "სოკოსიას" შექმნას მოიცავს, რომელშიც 100%-ით ეკო-მეგობრული შეფუთვები უნდა "გაზარდონ".
"სოკოსია" — ეს არის სოციალურ საწარმო, რომელიც სასოფლო-სამეურნეო ნარჩენისგან შექმნის, უფრო სწორად კი გაზრდის პლასტმასას ჩამნაცვლებელ, 100%-ით ეკო-მეგობრულ შეფუთვებს. წარმოების პროცესში ვიყენებთ ცოცხალ ორგანიზმს, მიცელიუმს, ანუ სოკოს ვეგეტატურ სხეულს. პროცესი მაქსიმალურად ადამიანის ჩარევის გარეშე მიმდინარეობს, სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ ჩვენი შეფუთვები გაიზრდება და არა დამზადდება", — გვიყვება ანნი ჭყოიძე.
როგორც უკვე ვთქვით, გამარჯვებული გუნდის პროექტი პლასტმასას ერთჯერადად გამოყენებადი ნივთების ბიოდეგრადირებადი ალტერნატივებით ჩანაცვლებას გულისხმობს. როგორც ანნი ჭყოიძე ამბობს, იდეათონში მონაწილეობამდე ეს პროექტი მხოლოდ იდეის სახით არსებობდა, ხოლო იდეათონში მონაწილეობით გუნდმა შეძლო ის რეალური და ხელშესახები გაეხადა.
"იდეათონში გამარჯვებამ არა მარტო იდეის დახვეწის შესაძლებლობა მოგცა, არამედ ფინანსური რესურსი და მხარდაჭერა სხვადასხვა მნიშვნელოვანი ორგანიზაციების მხრიდან. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენი იდეის ირწმუნეს და დაინახეს მასში პოტენციალი. ახლა მთავარია სწრაფი ტემპით დავიწყოთ ტექნოლოგიის პრაქტიკაში დანერგვა, პროტოტიპების შექმნა და საწარმოო სისტემის აწყობა. ამ ეტაპზე, პროექტის განსახორციელებლად გვჭირდება სივრცე, დანადგარები და ადამიანური რესურსი", — ანნი ჭყოიძე.
გუნდის გათვლით, "სოკოსიას" საწარმოში პირველი პროდუქტი აგვისტოსთვის იქნება მზად, ამ დროისთვის ისინი პლასტმასას ერთჯერადი კონტეინერების და კიდევ რამდენიმე პროდუქტის ეკო-მეგობრული ალტერნატივის შემოთავაზებას გეგმავენ. დროთა განმავლობაში კი ასორტიმენტის გამრავალფეროვნება იგეგმება.
ანნი ჭყოიძის თქმით, "სოკოსიას" პროდუქტების გამოჩენა ბაზარზე პოზიტიურ გავლენას მოახდენს – კომპანიებს ექნებათ შესაძლებლობა, შეამცირონ ნეგატიური ეფექტი გარემოზე და მეტიც, საწარმოს შემეცნებითი ფუნქციაც შეითავსოს.
"სოკოსია" საკუთარი საქმიანობით ეცდება ნარჩენებთან ბრძოლაში ჩართოს სხვადასხვა ორგანიზაცია და მათთან ერთად საინტერესო პროექტების განხორციელებით გაზარდოს ცნობადობა პლასტმასას ნარჩენის მავნებლობაზე და შემცირების გზებზე. სამომავლოდ იგეგმება მიცელიუმ ჰაბის შექმნა. ეს იქნება მულტიფუნქციური სივრცე, რომელიც "სოკოსიას" საწარმოო პროცესს, პატარა ლაბორატორიასა და საგამოფენო სივრცეს გააერთიანებს. აქ ადამიანებს საშუალება ექნებათ, მიცელიუმთან დაკავშირებული საკუთარი იდეები რეალობად აქციონ", — ანნი ჭყოიძე.
იდეათონში "დაამზადე მომხმარებლისთვის, შეფუთე დედამიწისთვის" გამარჯვებულ პროექტს შეუძლია შეცვალოს საქართველოში არსებული ბიზნეს მიდგომები და ისინი გარემოზე მეტად ორიენტირებული გახადოს. ამისათვის სოციალური საწარმო რეალურ ინსტრუმენტს — მიცელიუმისგან "გაზრდილ" ბიოდეგრადირებად შეფუთვებს შესთავაზებს ბიზნესს.
"იმედი გვაქვს, "სოკოსია" გახდება მაგალითი იმისა, რომ ბიზნესსაქმიანობა შესაძლებელია იყოს მთლიანად პასუხისმგებლიანი და მდგრადი: დაწყებული ნედლეულით მოძიებით და საწარმოო პროცესით, დამთავრებული საბოლოო პროდუქტით", — ამბობს ანნი ჭყოიძე.
ქართულ საწარმოში "გაზრდილი" ბიოდეგრადირებადი შეფუთვების პირველ პარტიას უკვე აგვისტოში უნდა ველოდოთ. უკვე წლის დასასრულისკენ კი, ალბათ, შევძლებთ ვისაუბროთ იმ გარდამტეხ ცვლილებებზე, რომლებიც "სოკოსიამ", ბიოდეგრადირებადი შეფუთვების გამოყენების კუთხით, ქართულ ბაზარზე გამოიწვია. მანამდე კი იმის თქმა შეგვიძლია, რომ ამ პოზიტიური ცვლილებების მოხდენის პოტენციალი, ფინანსური რესურსი თუ კომპეტენცია საწარმოს იდეათონში "დაამზადე მომხმარებლისთვის, შეფუთე დედამიწისთვის" გამარჯვების შემდეგ ნამდვილად აქვს.
კომენტარები