ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, ეჭვი არ ეპარება, რომ ყოფილი პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია, ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის "პლან ბ" არის. მისი თქმით, "კობახიძე-ღარიბაშვილის ტანდემით ის ფონს ვერ გავა". ამის შესახებ მან რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა.

"ბიძინა ივანიშვილი ძალიან კარგად ხვდება, რომ ღარიბაშვილი-კობახიძის იმედად ვერ გავა ვერცერთ არჩევნებზე, იქნება ეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, პლებისციტი თუ ადგილობრივი. ამიტომ, მან გადაწყვიტა, რომ გახარია შემოიყვანოს ამ ფორმით. თავისთავად, ცოტა კომიკურია, სიმართლე გითხრათ ის, რომ 90 ადამიანში, პრემიერმნისტრის, რომელსაც ყველაზე მაღალი რეიტინგი ჰქონდა ქართული ოცნების რიგებში, 6 ადამიანზე მეტი არ მოიძებნება.

ესეც მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენს ქვეყანაში ყველა თანამდებობა ბუტაფორიულია, იმიტომ, რომ ნორმალურ, დემოკრატიულ, განვითარებულ ქვეყნებში, როცა პრემიერმინისტრები ტოვებენ თანამდებობას, ეს ხდება ხოლმე საპარლამენტო უმრავლესობის დაშლის წინაპირობა და როგორც წესი, ვადამდელი არჩევნების ჩანიშვნის საგანი", — თქვა მან.

ქართული ოცნების ექვსმა დეპუტატმა პარტია დატოვა და ყოფილ პრემიერმინისტრს, გიორგი გახარიას "პარტიის მშენებლობის ახალ ეტაპზე" უერთდებიან. ესენი არიან:

  1. გიორგი ხოჯევანიშვილი;
  2. მიხეილ დაუშვილი;
  3. ანა ბუჩუკური
  4. ალექსანდრე მოწერელია;
  5. ბექა ლილუაშვილი;
  6. შალვა კერესელიძე

ისინი ამბობენ, რომ იზიარებენ ქართული ოცნებების წარმატებებსა და წარუმატებლობებს, ამავე დროს კი, გრძნობენ პასუხისმგებლობას შეცდომებზეც და სწორედ ამ პასუხისმგებლობის გრძნობით დგამენ ამ ნაბიჯს. საზოგადოებაში და მათ შორის, ოპოზიციაში გამოითქვა ვარაუდი, რომ გიორგი გახარიას ახალი პერტია მმართველი ძალის ყოფილი ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის ახალი "პოლიტიკური პროექტი" იქნება.