ავსტრალიის ხანძრებმა, სავარაუდოდ, ოზონის მოლეკულების დაშლაც გამოიწვია
ავსტრალიის ხანძრებმა 2019-2020 წლებში, ჩვენს ისედაც ცხელ და მშრალ ატმოსფეროში კიდევ უფრო დიდი რაოდენობის სითბოს გამოყოფა გამოიწვია. ამ უპრეცედენტო მოვლენის შედეგებს მეცნიერები დღემდე აკვირდებიან.
სულ რამდენიმე კვირის წინ მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ხანძრის შედეგად წარმოქმნილი კვამლის რაოდენობა ბევრი არაფრით ჩამოუვარდებოდა იმ კვამლის რაოდენობას, რომელიც დიდი ვულკანური აფეთქების დროს გამოიყოფა. მათ ისიც განაცხადეს, რომ ავსტრალიის ხანძარმა, სავარაუდოდ, სტრატოსფეროს დათბობაც გამოიწვია, ეს ეფექტი კი ატმოსფეროს მეორე ფენაზე დღემდე შეიმჩნევა. მკვლევრები იმასაც აღნიშნავენ, რომ ავსტრალიის ხანძარმა, ყველა სიკეთესთან ერთად, სავარაუდოდ, ოზონის მოლეკულების დაშლაც გამოიწვია.
ახალ კვლევას, რომელიც ჟურნალ Geophysical Research Letters-ში გამოქვეყნდა, ჩინეთის ჯინანის უნივერსიტეტის კლიმატის მოდელირების სპეციალისტი პენგფეი იუ ხელმძღვანელობდა. კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა შექმნეს კვამლის წარმოშობისა და გავრცელების სიმულაცია, რომელიც აჩვენებს, რომ ავსტრალიის ხანძარმა ამ რეგიონის ცაზე ხანგრძლივი ეფექტი იქონია.
"ექსტრემალური ხანძრების დროს, შესაბამისი მეტეოროლოგიური პირობების შემთხვევაში, შესაძლოა, კვამლმა სტრატოსფეროსაც კი მიაღწიოს", — წერენ მკვლევრები მოხსენებაში. "რაც უფრო მაღლა ადის კვამლი, მით უფრო დიდ ხანს რჩება იგი ატმოსფეროში და გარშემო მით უფრო დიდ მასშტაბებზე ვრცელდება იგი".
მკვლევართა შეფასებით, "შავი ზაფხულის" ხანძრების დროს ატმოსფეროში, დაახლოებით, 0.9 ტელეგრამი (9 მილიარდი კგ) კვამლის ნაწილაკები გაიფრქვა — ეს ატმოსფეროში გაფრქვეული ამ ნაწილაკების ყველაზე დიდი რაოდენობაა, რაც სატელიტების ეპოქაში დაუფიქსირებიათ.
აღნიშნული ნაწილაკები რამდენიმე ტიპისაა. მათ შორისაა ორგანული ნახშირბადი (OC, რომელიც, თავის მხრივ, შეიცავს ყავისფერ ნახშირბადს — BrC) და შავი ნახშირბადი (BC). თითოეულ მათგანს განსხვავებული სითბოსდამჭერი ეფექტი აქვს. BC ყველაზე მეტად ათბობს ჰაერს მის გარშემო მზის სინათლის შთანთქმის შემდეგ.
მკვლევართა შეფასებით, ავსტრალიის ხანძრების კვამლის დაახლოებით 2.5%-ს სწორედ BC წარმოადგენდა. სწორედ ამას უნდა უკავშირდებოდეს ის ფაქტი, რომ სტრატოსფეროში დათბობის ეფექტი წლის ბოლომდე გაგრძელდა.
"სიმულაციები გვიჩვენებს, რომ კვამლი სტრატოსფეროში 2020 წლის ბოლომდე დარჩა და, სავარაუდოდ, ამან გამოიწვია ატმოსფეროს აღნიშნულ ფენაში ტემპერატურის მატება 1-2 გრადუსი ცელსიუსით 6 თვეზე მეტი ხნის მანძილზე", — განმარტავენ კვლევის ავტორები.
"ჩვენი კვლევა ხაზს უსვამს იმას, რომ ხანძრის შედეგად წარმოქმნილმა კვამლმა, შესაძლოა, ხანგრძლივი ეფექტი იქონიოს სტრატოსფეროს დინამიკასა და ქიმიურ შემადგენლობაზე".
კომენტარები