Forbes-ის მიხედვით, კიმ კარდაშიანი ჯეფ ბეზოსს, ილონ მასკს და სხვა მაგნატების რიგებს შეუერთდა: ის ოფიციალურად მილიარდერი გახდა. ფორბსმა ყოველწლიური "მსოფლიო მილიარდერების სია" სამშაბათს გამოაქვეყნა და კარდაშიანი ელიტურ სიაში პირველად მოხვდა.

კარდაშიანი ბიზნესების KKW Beauty-ის და Skims-ის დამფუძნებელია. მას ასევე აქვს შემოსავალი სხვადასხვა შეთანხმებიდან და სატელევიზიო შოუდან Keeping Up with the Kardashians.

კარდაშიანმა კოსმეტიკური ხაზი KKW Beauty ჯერ კიდევ 2017 წელს დაიწყო, რისი ღირებულებაც ამერიკულ კოსმეტიკურ კომპანიას Coty Inc-თან შეთანხმებით $1 მილიარდია. აქედან კარდაშიანის შემოსავალი $500 მილიონს აჭარბებს.

ფორბსს კარდაშიანის სხვა ბიზნესების ღირებულება არ გაუმჟღავნებია, თუმცა წყარომ ჟურნალს უთხრა, რომ Skims რეალითი შოუს ვარსკვლავის ქონებას კიდევ $225 მილიონს მატებს. კარდაშიანს ასევე აქვს შემოსავალი აქტივებში და უძრავ ქონებებში, რაც ფორბსის მიხედვით საკმარისია, იმისთვის რომ კარდაშიანის ქონება მილიარდ დოლარად შეფასდეს.

მართალია რეალითი შოუ Keeping Up with the Kardashians ბოლო სეზონით მთავრდება, მაგრამ კარდაშიანს ახალი შეთანხმება აქვს Hulu-სთან, რაც მას შემოსავალს შეუნარჩუნებს.

ფოტო: E! Online

თებერვალში კიმ კარდაშიანმა კანიე ვესტთან განქორწინებაზე საბუთები შეიტანა. კანიეს ქონება ამ დროისთვის $6,6 მილიარდადაა შეფასებული.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა კარდაშიან-ჯენერების ოჯახი მილიარდერთა სიაში ხვდება. 2019 წლის მარტში კაილი ჯენერი Forbes-მა ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერად დაასახელა, რომელმაც ფული დამოუკიდებლად იშოვა, თუმცა 2020 წელს Forbes-მა კაილი ჯენერი სიცრუეში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ კარდაშიან-ჯენერების ოჯახმა კაილის ქონების შესახებ Forbes-ს არასწორი ცნობები მიაწოდეს.

ამავე თემაზე: