როგორი უნდა იყოს MVP და რა უნდა გაითვალისწინონ სტარტაპებმა Amazon-ის ვებსერვისების გამოყენებისას
„ვქმნით პროდუქტებს სტარტაპების წარმატებისთვის, უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით“, — ამბობს ეგორ შერდინი, რომელიც Amazon-ის წარმომადგენელია და AWS-ის მიმართულებით მუშაობს. AWS-ის მნიშვნელობის მოკლედ გადმოცემა რომ გნდომოდათ, ეგორის ეს სიტყვები ნამდვილად გამოდგებოდა.
ოდნავ უფრო ვრცლად კი, AWS, იგივე ამაზონის ვებსერვისები, წარმოადგენს ქლაუდ პლატფორმას, რომლის საშუალებითაც სტარტაპები, მთავრობები თუ გამოცდილი კომპანიები სხვადასხვა ტექნოლოგიურ სერვისს იღებენ, იქნება ეს API-ების შექმნასა თუ MVP-ის განსაზღვრაში დახმარება, არქიტექტურის სწორად აგება თუ სხვა. ეს სწორედ ის თემებია, რაზეც გასულ კვირას, საქართველოს ბანკი ბიზნესის ორგანიზებით გამართულ ვებინარზე AWS-ის ორმა წარმომადგენელმა — ეგორ შერდინმა და ნიკიტა ხარჩენკომ ისაუბრა. ვებინარის თემა კი 'Building MVP on AWS' იყო.
ამ სტატიაში მიმოვიხილავთ იმ თემებს, რაზეც ვებინარის მსვლელობისას გამახვილდა ყურადღება და ამასთან გეტყვით, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ ამაზონის ვებსერვისების გამოყენებისას.
ტექნოლოგიური პროდუქტის საწყისები — MVP AWS-ში
ვებინარს 200-ზე მეტი ადამიანი ესწრებოდა და ის განვითარების ადრეულ სტადიაზე მყოფი სტარტაპებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს ეხებოდა, იქნება ეს პროდუქტის შექმნის ეტაპები, ოპტიმიზაცია, ქლაუდ სერვისების გამოყენება, არქიტექტურის სწორად აგება, პროდუქტზე მუშაობისას პრობლემის განსაზღვრისა და გადაჭრის გზის ძიების როლი თუ სხვა.
AWS-ის მრავალმხრივი შესაძლებლობების წარმოჩენის პარალელურად, ძირითადი აქცენტი MVP-ის, ანუ პირველი პროტოტიპებისა და მინიმალური ღირებულების პროდუქტების შექმნის გზებზე იყო გამახვილებული. ე გორ შერდინი ამბობდა, "MVP არის მინიმალური პროდუქტი, მაგრამ ფუნქციური". ამ სიტყვებს კი ვიზუალური მასალითაც ამყარებდა.
როგორ იწყება ტექნოლოგიური პროდუქტის შექმნა? როგორ განვსაზღვროთ მისი მთავარი ფუნქცია და რა ტექნიკური შესაძლებლობები გვაქვს ამისთვის? ნიკიტა ხარჩენკომ ვებინარის მსვლელობისას გვითხრა, რომ თუ წარმატებული პროდუქტის შექმნა გვინდა, პირველი, რაზეც უნდა ვფოკუსირდეთ მომხმარებელი და მისი პრობლემაა.
"პირველი არის პრობლემა. თქვენი ფოკუსი მომხმარებელი უნდა იყოს და თუ რეალურად მოახერხებთ გადაჭრათ მათი პრობლემა, თქვენ ნამდვილად იქცევით სტარტაპად", — ნიკიტა ხარჩენკო.
ეგორის თქმით კი, შესაძლოა დიდი მიზანი დაისახოთ, ამ შემთხვევაში კი მნიშვნელოვანია ამ დიდი საქმის დანააწევრება, ნაწილებად დაშლა და მათ შესასრულებლად შესაბამისი დედლაინების დათქმა. რაც შეეხება ტექნიკურ შესაძლებლობებს, რომლებიც პროდუქტის შექმნის კუთხით შეიძლება გვქონდეს, ამ მხრივ ჩვენი პარტნიორი შეიძლება AWS იყოს. ის დაგვეხმარება MVP-ისა და საჭირო ინფრასტრუქტურის შესაქმნელად. ანუ იმაში, რომ ჩვენი MVP იყოს როგორც სიცოცხლისუნარიანი, ასევე პრაქტიკაში გამოყენებადი, საყვარელი და ტესტირებადი.
რა ტექნიკური მხარდაჭერა შეგვიძლია მივიღოთ AWS-ისგან
პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ AWS-ში თანხას იმ დროის გათვალისწინებით იხდი, რა დროც პლატფორმის გამოყენებას დაუთმე. მაგალითად, ეგორ შერდინის თქმით, თუ AWS-ს მხოლოდ ერთი საათით მოიხმარ, მხოლოდ ერთი საათისას იხდი და არა მთელი თვისას (როგორც რიგ პლატფორმებზე ხდება ხოლმე).
ფინანსური დანახარჯების ეფექტიანობის მიღმა, AWS უამრავ ტექნოლოგიურ შესაძლებლობას სთავაზობს მომხმარებელს. მით უფრო, თუ დამწყები სტარტაპერი ხართ, ეს პლატფორმა პროდუქტის სწრაფად შესაქმნელად არაერთი ინსტრუმენტითაა აღჭურვილი. აქ შეგიძლიათ სერვერის გარეშე შექმნათ მიკროსერვისის არქიტექტურა, შეიმუშავოთ თქვენთვის სასურველი ციფრული პროდუქტის, მაგალითად, აპლიკაციის ჩონჩხი და გამოიყენოთ/შექმნათ API-ები, თქვენი იდეის გამართული მუშაობის უზრუნველსაყოფად. AWS-ის ფუნქციებს შორის კი აუცილებლად გამოვარჩევდით CodeGuru-ს.
CodeGuru — ეს ამაზონის ხელოვნური ინტელექტია, რომელიც AWS-ში ჩვენი ტექნოლოგიური პროდუქტისთვის დაწერილ კოდს "თვალს გადაავლებს" და შესაძლო შეცდომებზე მიგვითითებს. ეს უკანასკნელი ხარვეზების პრევენციისთვის ძალიან კარგი ინსტრუმენტია და დროსაც მნიშვნელოვნად დაგიზოგავთ. დაგიზოგავთ იმ დროს, რომელიც იტერაციებს უნდა დაუთმოთ ხოლმე (თუ ტექ პროდუქტზე მუშაობთ).
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სარგებელი მრავალთაგან, რისი მიღებაც AWS-ისგან შეგიძლიათ, არის API სერვისების შექმნის შესაძლებლობა. ამისათვის პლატფორმა არაერთ ინსტრუმენტს გვთავაზობს და პროცესს მნიშვნელოვნად ამარტივებს.
საერთო ჯამში, AWS გვეხმარება სწრაფად და შედარებით მარტივად შევქმნათ ტექნოლოგიური პროდუქტის პროტოტიპები, შევიმუშავოთ სწორი MVP და სწრაფადვე ვნახოთ, როგორ გამოიყურება ჩვენი იდეა რეალურ ცხოვრებაში.
კომენტარები