Instagram "ინვაზიური აპლიკაციაა" და თქვენგან ყველაზე მეტ მონაცემს აგროვებს — კვლევა
ახალი კვლევა აჩვენებს, რომ Instagram მომხმარებლების პირადი ინფორმაციისა და მონაცემების 79%-ს აგროვებს და სხვა კომპანიებს უზიარებს. შეგროვებულ ინფორმაციაში შედის ძიების ისტორია, ადგილმდებარეობა, კონტაქტები და ფინანსური მონაცემები.
კვლევა pCloud-მა ჩაატარა და მისი მენეჯერი, ივან დიმიტროვი ამბობს, რომ რეგისტრაციის შემდეგ, Instagram მომხმარებლების ინფორმაციის დიდ ნაწილს აზიარებს. "იმის გათვალისწინებით, რომ instagram-ს 1 მილიარდზე მეტი ყოველთვიური მომხმარებელი ჰყავს, მომხმარებელთა მონაცემების გაზიარება, მათი ნებართვის გარეშე არც ისე სახარბიელოა".
pCloud-ის მიხედვით, პირადი ინფორმაციის შენახვის და გაზიარების მხრივ, მეორე ადგილზე Instagram-ის მფლობელი კომპანია Facebook-ია, რომელიც მონაცემთა 57%-ს ინახავს.
იგივე პრობლემები შეინიშნება ისეთ აპლიკავიებში როგორიცაა LikedIn, YouTube და eBay. აღსანიშნავია, რომ ზოგი აპლიკაცია, მათ შორის ისეთი რომელიც საქართველოში ხელმისაწვდომია, მომხმარებლების პრივატულ ინფორმაციას უფრო მეტად უფრთხილდება.
პრივატულობაზე კონცენტრირებული აპლიკაციები, Signal და Telegram მომხმარებელთა პირად ინფორმაციას თითქმის არ ინახავს და არ აზიარებს. საინტერესოა, რომ პირად ინფორმაციას უფრთხილდება Netflix-იც და BBC-ის iPlayer.
პირადი ინფორმაციის რა ნაწილს ინახავენ კომპანიები ასე საჯაროდ ხელმისაწვდომი მას შემდეგ გახდა, რაც Apple-მა კომპანიების App Store-ზე განთავსებისთვის მონაცემთა შეგროვების დეტალური ანგარიშის წარდგენა მოითხოვა.
განვითარებულ მოვლენებს Facebook გამოეხმაურა. Facebook-ში მიიჩნევენ, რომ App Store აპლიკაციების და ინფორმაციის შეგროვების ძალიან ზოგადი დახასიათების განთავსებას ითხოვს, რის გამოც მომხმარებლებს შეიძლება არ ესმოდეთ, რომ Facebook ინფორმაციის შეგროვების მიუხედავად, მომხმარებელთა პრივატულ მონაცემებს იცავს და მათ მხოლოდ გარკვეულ კონტექსტში იყენებს.
კომენტარები