ორი თვის შემდეგ, რაც AstraZeneca-ს და ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა გამოუშვეს, ევროპის და დანარჩენი მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანამ ვაქცინის მიწოდება დროებით შეაჩერა. ამის მიზეზი თრომბოებმოლია და სხვა თრომბული დაავადებები გახდა, რომლებიც 17 მილიონი აცრილი ადამიანიდან 40-მდე აცრილს გამოუვლინდა. ამას დაერთო საქართველოში განვითარებული მძიმე მოვლენებიც. ამ მოვლენების შედეგად, აღნიშნული ვაქცინის მიმართ საზოგადოებაში საგრძნობლად იკლო ნდობამ. მიუხედავად მარეგულირებელი ორგანიზაციების (WHO, EMA) განცხადებებისა, რომ AstraZeneca ვაქცინას და თრომბული დაავადებების განვითარებას შორის კავშირი არ არსებობდა, ამ ნდობის აღდგენა რთული გახდა.

ამ სტატიაში გაგაცნობთ AstraZeneca ვაქცინას და მოგიყვებით, თუ რატომ არ ჩამოუვარდება იგი სხვა ვაქცინებს.

1. ვაქცინის ეფექტიანობა

AstraZeneca-ს მიერ გაერთიანებულ სამეფოში, ბრაზილიასა და სამხრეთ აფრიკაში 17 000 ადამიანზე ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ აცრიდან 14 დღის შემდეგ ვაქცინის ეფექტიანობა 67%-ია, 12 კვირის შემდეგ კი 82%. კვლევაში არ გამოვლენილა არანაირი სერიოზული გვერდითი ეფექტი.

ახლახან ჩატარებული აშშ-ს კვლევის საფუძველზე კი, რომლის შედეგებიც ორშაბათს გამოქვეყნდა და რომელშიც 30 000-ზე მეტი ადამიანი იყო ჩართული, გამოვლინდა, რომ ვაქცინის ეფექტიანობა სიმპტომატური COVID-19-ის წინააღმდეგ 79%-ია და იგი 100%-ით ახდენს კორონავირუსის მძიმე გართულებების პრევენციას. კვლევამ ისიც აჩვენა, რომ აცრილ ადამიანებში თრომბული დაავადებების გაზრდილი რისკი არ შეინიშნება.

რაც შეეხება კორონავირუსის სხვა ვაქცინებს, Pfizer-ის ეფექტიანობა სიმპტომატური დაავადებების წინააღმდეგ 95%-ია, Moderna-სი კი 94%. AstraZeneca ვაქცინის მსგავსად, Pfizer 100%-ით ეფექტიანია მძიმე გართულებების წინააღმდეგ. რასაც ვერ ვიტყვით Johnson & Johnson ვაქცინაზე, რომელიც სიმპტომატური COVID-19-ისგან იცავს 72%-ით, მისი მძიმე გართულებებისგან კი — 86%-ით.

თუმცა, ამ მონაცემების მიუხედავად, უნდა აღინიშნოს, რომ თითოეული მათგანის გამოკვლევა ტარდებოდა განსხვავებულ პირობებში, ამიტომ გადაჭრით არ შეიძლება იმის თქმა, თუ რომელი მათგანი არის ყველაზე ეფექტიანი.

2. შენახვის პირობები

AstraZeneca ვაქცინას კორონავირუსის საწინააღმდეგო სხვა ვაქცინებისგან ის გამოარჩევს, რომ მის შესანახად განსაკუთრებით დაბალი ტემპერატურა არაა საჭირო, AstraZeneca-ს შენახვა კი 2-დან 8 გრადუს ცელსიუსზე, ან ჩვეულებრივი მაცივრის ტემპერატურაზეა შესაძლებელი. ეს კი მის ტრანსპორტირებას და მიწოდებას ბევრად ამარტივებს, რადგან, Pfizer-ისგან განსხვავებით, მისი შენახვისა და გადატანისთვის საჭირო არ იქნება დამატებით ძვირადღირებული აღჭურვილობა. (ეს უკანასკნელი აძვირებს და ართულებს ვაქცინის მიწოდებას).

გარდა ამისა, AstraZeneca-ს მსოფლიოს გარშემო რამდენიმე მიწოდების ქსელი აქვს და ყავს პარტნიორები, რომლებისგანაც იღებს ინგრედიენტებს. შესაბამისად, კომპანია უფრო სწრაფად უზრუნველყოფს ვაქცინის მიწოდებას.

მოგეხსენებათ, რომ პანდემიის დასრულებისთვის საჭიროა ყველა ქვეყანამ თანაბარი ძალისხმევით იბრძლოს ვირუსის წინააღმდეგ, ამ საქმისთვის საუკეთესო გამოსავალი კი სწორედ გლობალური ვაქცინაციაა. ზემოთ მოყვანილი ინფორმაციის საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ გლობალური ვაქცინაციისთვის ყველაზე ხელსაყრელი სწორედ AstraZeneca-ს ოქსფორდის უნივერსიტეტის ვაქცინაა.

3. შემადგენლობა

Oxford - AstraZeneca-ს ვაქცინა, ასევე ცნობილი, როგორც ChAdOx1 nCoV-19, ან AZD1222, შიმპანზეს ადენოვირუსის დასუსტებულ ვარიანტს შეიცავს. მოდიფიცირების შედეგად, იგი ემსგავსება კორონავირუსს (თუმცა მას არ შეუძლია დაავადების გამოწვევა), და ამ გზით იგი ასწავლის ორგანიზმის იმუნურ სისტემას COVID-19-თან გამკლავებას.

განსხვავება Pfizer და Moderna ვაქცინებსა და AstraZeneca-ს შორის ისაა, რომ პირველი ორი პლატფორმად იყენებს ინფორმაციულ რნმ-ს (რიბონუკლეინის მჟავას), მესამე კი იყენებს დნმ-ს, რომლის მიწოდებაც უჯრედში ხდება ადენოვირუსის დასუსტებული ვერსიის საშუალებით.

გარდა ამისა, ვირუსის ინგრედიენტებს წარმოადგენს:

L-ჰისტიდინი — ამინომჟავა, რომელიც ცილების ბიოსინთეზისთვის გამოიყენება;
L-ჰისტიდინის ჰიდროქლორიდის მონოჰიდრატი;
მაგნიუმის ქლორიდის ჰექსაჰიდრატი;
პოლისორბატ 80 — ხშირად გამოიყენება საკვებსა და კოსმეტიკაში;
ეთანოლი;
საქაროზა;
ნატრიუმის ქლორიდი;
დინატრიუმის ეთილენდიამინტეტრაძმრის მჟავის დიჰიდრატი;
წყალი აცრისთვის;

ცხადია, ამ ინგრედიენტებიდან არც ერთს შეუძლია COVID-19-ის გამოწვევა.

4. ფასი

AstraZeneca ვაქცინის ერთი სრული, ერთი ადამიანისთვის საკმარისი დოზის ღირებულება, დაახლოებით, 4 დოლარია. ეს საგრძნობლად განსხვავდება Pfizer და Moderna ვაქცინების იმავე ფასისგან — პირველი მათგანი 20 დოლარი ღირს, მეორეს სრული ერთი დოზის ფასი კი 10-დან 50 დოლარამდე მერყეობს.

AstraZeneca-მ განაცხადა, რომ ისინი არ მიიღებენ სარგებელს მათი პროდუქტისგან ასეთ მძიმე პერიოდში, რათა ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადონ ვაქცინა. სწორედ ამით აიხსნება ამდენად დიდი სხვაობა ფასებს შორის.

ცოტა ხნის წინ AstraZeneca ვაქცინის შეძენა აშშ-მ გადაწყვიტა. შეთანხმების შედეგად, ქვეყანა ვაქცინის ერთ დოზას 4 დოლარად შეიძენს.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ კომპანია AstraZeneca Covax ინიციატივას შეუერთდა და განაცხადა, რომ იგი დაბალი ან საშუალო შემოსავლის მქონე 92 ქვეყანაში ვაქცინის ერთ დოზას 3 დოლარზე ნაკლებ ფასად შეიტანს. ამ ინიციატივას არ შეუერთდნენ არც Pfizer და არც Moderna.

5. უსაფრთხოება და გვერდითი ეფექტები

როგორც უკვე აღვნიშნე, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და აშშ-ს კვლევების საფუძველზე, AstraZeneca ვაქცინასა და თრომბოემბოლიის შემთხვევებს შორის კავშირი არ დადასტურდა.

რაც შეეხება მის გვერდით ეფექტებს, Pfizer-ის და Moderna-ს მსგავსად, AstraZeneca-ს ვაქცინას ახასიათებს:

  • შეშუპება და ტკივილი ინექციის ადგილის მიმდებარედ;
  • დაღლილობა;
  • თავის ტკივილი;
  • ციება;
  • სიცხე;
  • გულისრევა;
  • ალერგიული რეაქცია.

ამ მხრივ, როგორც ზემოთ ვახსენეთ, AstraZeneca ვაქცინა კორონავირუსის საწინააღმდეგო სხვა ვაქცინებისგან არ გამოირჩევა. ეს სიმპტომები კი ორგანიზმის ბუნებრივი რეაქცია, იმუნური პასუხია ვაქცინაზე, რომელმაც მას ვირუსთან ბრძოლა უნდა ასწავლოს.

გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ ვაქცინის შემოწმების მეორე ფაზაში გამოვლინდა, რომ AstraZeneca-მ ერთმანეთის მსგავსი იმუნური პასუხი გამოიწვია ყველა ასაკობრივ ჯგუფში.

AstraZeneca ვაქცინა უკვე 70-ზე მეტ ქვეყანაშია დადასტურებული და იგი ადამიანების ჯანმრთელობას არ უქმნის საფრთხეს. მეტიც, იგი იწვევს ეფექტიან იმუნურ პასუხს, რაც წარმოადგენს დადებით ინდიკატორს ვაქცინისთვის. ევროპის მედიკამენტების სააგენტოს განცხადებით კი, მის მიერ გამოწვეული გვერდითი ეფექტები (დროებითი სიმპტომები, რომელიც ზემოთაა ჩამოთვლილი) ვერც შეედრება იმ სარგებელს, რაც ამ ვაქცინას მსოფლიოსთვის მოაქვს.