Wikipedia Google-ს, Amazon-სა და Apple-ს გადასახადს დაუწესებს
ვიკიპედიას ყველა ვიყენებთ. ამერიკის მასშტაბით, ნახვების რაოდენობით ის მერვე საიტია, ხოლო მსოფლიოს ყველაზე ხშირად ნახვად საიტებს შორის მე-13 ადგილს იკავებს.
საიტი ბაზარზე "უფასო ენციკლოპედიად" პოზიციონირებს და მართლაც, დედამიწის მოსახლეობა მას სრულად უფასოდ იყენებს. თუმცა არაკომერციულ კომპანიას, Wikimedia Foundation-ს, რომელიც ვიკიპედიას ფლობს, იმედი აქვს, რომ გადასახადის დაწესებას გუგლისთვის, ფეისბუქისთვის, ეფლისთვის და ამაზონისთვის შეძლებს.
Wikimedia-მ ამისათვის ახალი დანაყოფი, Wikimedia Enterprise შექმნა. პირველად კომპანიის ისტორიაში, Wikimedia Enterprise დიდ მომხმარებლებს, ანუ ტექნოლოგიურ გიგანტებს, ფასიან სერვისს შესთავაზებს.
კომპანიის თქმით, Wikimedia Entreprise შექმნის კომერციულ პროდუქტს, რომელიც მოერგება გუგლის, ფეისბუქის, ეფლისა და ამაზონის მიერ მოწოდებულ სერვისებს.
თუკი, მაგალითად გუგლის საძიებო ველში რაიმეს მოძებნით, საწყის გვერდზე აუცილებლად ამოგიგდებთ განმარტებას ვიკიპედიიდან. მომხმარებელს პასუხის სანახავად გუგლის გვერდის დატოვებაც კი არ უწევს, რაც უფასო ენციკლოპედიისათვის დამაზიანებელია. ასეთივე მაგალითებია Apple-ისა და Amazon-ის ხმოვანი ასისტენტები, Siri და Alexa, რომლებიც კითხვებზე პასუხებისათვის ვიკიპედიის არქივში იქექებიან და ასე გვაწვდიან ინფორმაციას. YouTube ცრუ ინფორმაციების აღმოსაჩენად ასევე ვიკიპედიას იყენებს.
დღეის მდგომარეობით, ვიკიპედია ტექნოლოგიური გიგანტებისაგან არანაირ შემოსავალს არ იღებს, თუ არ გავითვალისწინებთ იმას, რომ Google-ს ორგანიზაციისათვის მილიონობით დოლარი აქვს შეწირული. თუმცა, იგივეს ვერ ვიტყვით ამაზონზე. ამ უკანსკნელს უფასო ენციკლოპედიისათვის არანაირი კონტრიბუცია არ გაუღია.
რაღა თქმა უნდა, ვიკიპედია ფართო მასებისთვის უფასო დარჩება.
Wikimedia Foundation-ის განცხადებით, ისინი უკვე მუშაობენ ტექნოლოგიურ გიგანტებთან და ფასიანი შეთანხმება, სავარაუდოდ, ივნისში შედგება.
კომენტარები