ახალმა კვლევამ ადამიანებსა და დედამიწის პირველ ცხოველებს შორის საოცარი მსგავსება აღმოაჩინა
ადრეულ მრავალუჯრედიან ორგანიზმებს შეიძლება არც თავი ჰქონდათ, არც ფეხები ან ხელები, მაგრამ ახალი კვლევა აჩვენებს, რომ მათი ნაწილები დღეს ჩვენში რჩება.
რივერსაიდის კალიფორნიის უნივერსიტეტის კვლევის მიხედვით, 555 მილიონი წლის წინანდელი ოკეანის ქმნილებები ედიაკარას პერიოდიდან იმავე გენებს შეიცავდნენ, რაც დღეს ცხოველებსა და ადამიანებშია წარმოდგენილი.
"ედიაკარას ფაუნის არც ერთ წარმოამდგენელს არ ჰქონდა თავი ან ჩონჩხი. მათი უმეტესობა, ალბათ, სამგანზომილებიან აბაზანის ხალიჩას ჰგავდა ზღვის ფსკერზე", — ამბობს მერი დროსერი, გეოლოოგიის პროფესორი რივერსაიდის კალიფორნიის უნივერსიტეტში. "ეს ცხოველები იმდენად უცნაურები და განსხვავებულები არიან, ძნელია ისინი ცოცხალი ორგანიზმების თანამედროვე კატეგორიებს მივაკუთვნოთ მხოლოდ მათი გარეგნობის მიხედვით. რაც შეეხება მათ დნმ-ს, მისი მოპოვება უბრალოდ არ შეგვიძლია".
თუმცა, კარგად შენახული განამარხებული მასალების საფუძველზე, დროსერმა და კვლევის მთავარმა ავტორმა, რივერსაიდის კალიფორნიის უნივერსიტეტის დოქტორმა სკოტ ევანსმა, ედიაკარას ცხოველების სავარაუდო გარეგნობა და ქცევითი თავისებურებები თანამედროვე ცოცხალი ორგანიზმების გენეტიკურ ანალიზს დაუკავშირეს. მათი კვლევა ამ კავშირის შესახებ ახლახან გამოქვეყნდა ჟურნალ Proceedings of the Royal Society-ში.
ანალიზისთვის მკვლევრებმა ედიაკარას ფაუნის 40-ზე მეტი შესწავლილი სახეობიდან ოთხი ამოარჩიეს. მათი სიგრძე რამდენიმე მილიმეტრიდან მეტრამდე მერყეობდა.
კიმბერელა წყლის წვეთის ფორმის მქონე ქმნილება იყო, ერთი ფართო მრგვალი, მეორე კი ვიწრო ნაწილით. სავარაუდოდ, იგი ზღვის ფსკერიდან ხორთუმების საშუალებით იღებდა საკვებს. იგი "კუნთოვანი ფეხით" გადაადგილდებოდა, დღევანდელი ლოკოკინის მსგავსად. ბრტყელ და ოვალურ დიკინსონიას ზედაპირზე ზოლების წყება ჰქონდა, ტრიბრაქიდიუმი კი ცხოვრებას ზღვის ფსკერზე უძრავად ატარებდა. რაც შეეხება იკარიას, იგი ცოტა ხნის წინ აღმოაჩინა მეცნიერთა გუნდმა, მათ შორის ევანსმა და დროსერმაც. ეს ცხოველები, დაახლოებით, ბრინჯის მარცვლის ზომისანი და ფორმისანი იყვნენ და პირველ ბილატერალურ ორგანიზმებს წარმოადგენდნენ — ხასიათდებოდნენ ნაწლავით დაკავშირებული თავითა და ბოლოთი. ევანსის თქმით, სავარაუდოდ, იკარიას პირიც ჰქონდა, თუმცა იგი არ არის განამარხებული. ეს ორგანიზმები ორგანულ სუბსტრატზე გადაადგილდებოდნენ და მოძრაობისას იკვებებოდნენ.
ოთხივე მათგანი მრავალუჯრედიანი იყო, სხვადასხვა ტიპის უჯრედებით. ისინი აღჭურვილნი იყვნენ ნერვული სისტემითა და კუნთებით. როგორც ჩანს, მათ შეეძლოთ დაზიანებული სხეულის ნაწილების აღდგენა ისეთი პროცესის საშუალებით, რომელსაც აპოპტოზი ეწოდება. ამ პროცესზე პასუხისმგებელი გენები წარმოადგენენ ადამიანის იმუნური სისტემის მთავარ ელემენტებს, რაც ვირუსით დაინფიცირებული უჯრედებისა და კიბოსწინარე უჯრედების აღდგენაში გვეხმარება.
ამ ცხოველებს, სავარაუდოდ, ჰქონდათ გენეტიკური ნაწილები, რომლებიც იღებდნენ თავის ან სენსორული ორგანოების ფუნქციას. თუმცა, ამ გენებს შორის ურთიერთქმედების კომპლექსურობა, რაც წარმოშობდა ასეთ თვისებებს, არ იქნა მიღწეული.
კომენტარები