მელანთევზამ "ზეფირის ტესტს" გაართვა თავი — როგორც ჩანს, ამ სახეობას თვითკონტროლის უნარი აქვს
Marshmallow ტესტი ("ზეფირის ტესტი") სტენფორდის ცნობილი ექსპერიმენტია, რომელიც უოლტერ მიშელმა შეიმუშავა. ექსპერიმენტის ფარგლებში მკვლევარი ბავშვს სთავაზობდა ტკბილეულს (ზეფირს), თუმცა თუ ბავშვი მოითმენდა და არ შეჭამდა, ცოტა ხანში ის უფრო მეტი ტკბილეულით დაჯილდოვდებოდა.
მკვლევარი ტკბილეულს მაგიდაზე ტოვებდა და ოთახიდან გადიოდა. ოთახის დატოვების შემდეგ, ზოგი ბავშვი კანფეტს ან ზეფირს მიირთმევდა, ზოგი კი თავს იკავებდა და ექსპერიმენტატორის დაბრუნებას ელოდა. კვლევის მიხედვით, ადამიანები რომლებიც მყისიერ სიამოვნებაზე უარს ამბობენ და თავშეკავებას იჩენენ, ცხოვრებაში "უკეთეს" შედეგებს აღწევენ. ექსპერიმენტის ის მონაწილეები, რომლებიც ნებისყოფასა და თვითკონტროლს იჩენენ, უფრო მაღალი აკადემიური მოსწრებითა და მიზანდასახულობით გამოირჩევიან.
ცოტა ხნის წინ მსგავსი თვითკონტროლის ტესტი მელანთევზებს (Sepia officinalis) ჩაუტარდათ. ამ შემთხვევაში, ტკვბილეულის ნაცვლად, პატარა თევზები იყო გამოყენებული.
მკვლევრებმა დაახლოებით 9 თვის მელანთევზების წინაშე სამი გამჭვირვალე ყუთი მოათავსეს, თითოეულში სხვადასხვა საკვებით. ერთი შეიცავდა პატარა კრევეტს, რაც მელანთევზებს ყველაზე მეტად უყვართ, მეორე სამეფო კრევეტს, რომელიც ცეფალოპოდებს ნაკლებად უყვართ და მესამე პატარა კიბორჩხალას.
კიბორჩხალის შემცველი ყუთი მომენტალურად იღებოდა და თუ მელანთევზა მას შეჭამდა, მკვლევრებს დანარჩენი ყუთები მიჰქონდათ. თუ ცეფალოპოდი (მელანთევზას კლასი) ცოტას მოითმენდა, პატარა კრევეტის ყუთი იღებოდა (მელანთევზას საყვარელი საკვები), ხოლო მესამე, სამეფო კრევეტის ყუთი არასდროს არ იღებოდა.
სამივე ყუთი დანიშნული იყო სიმბოლოთი, ცეფალოპოდებმა ექსპერიმენტის ლოგიკა მალევე ისწავლეს და მოთმინების გამოჩენა დაიწყეს, რათა საყვარელი საკვები მიეღოთ.
აღსანიშნავია, რომ ცხოველებში თვითკონტროლის ექსპერიმენტები ცხოველის ინტელექტის შესაფასებლად გამოიყენება. თვითკონტროლი ძირითადად უფრო დიდ, ხმელეთის ცხოველებს ახასიათებთ, ასე რომ ექსპერიმენტის შედეგები გასაკვირი იყო.
მკვლევრები ვარაუდობენ, რომ თვითკონტროლი მელანთევზებში კამუფლაჟის უნარის არაპირდაპირი შედეგია და ერთგვარი ევოლუციური ახსნა აქვს. ამ ცეფალოპოდებზე ბევრი ცხოველი ნადირობს, დღის მანძილზე მათ ძირითადად დამალვა უწევთ. თავშეკავება მნიშვნელოვანია, რადგან შეიძლება მელანთევზას წინ კრევეტმა ჩაუაროს, თუმცა თუ ცეფალოპოდი სამალავს გაამხელს, იმ მტაცებლის საჭმელი გახდება. შესაბამისად, გადარჩენისთვის საკვებზე დროებით უარის თქმა მელანთევზებისთვის მნიშვნელოვანია.
კვლვევა Proceedings of the Royal Society-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები