პარტია მოქალაქეების ლიდერის, ლევან იოსელიანის განცხადებით, "მთავარი", რის გამოც პარლამენტში შვიდნენ, მიღწეულია. ასე ეხმაურება იგი საარჩევნო რეფორმის კანონპროექტის ინიცირებას პარლამენტში.

"ახლა გინდ ვადამდელი არჩევნები ჩატარდეს, გინდ 2024 წელს ვადამდელის გარეშე, ერთი რამ მეცოდინება, ეს არჩევნები იმ პრინციპით ჩატარდება, რომელიც ყველა პარტიას, ყველა საარჩევნო სუბიექტს სამართლიან და თანასწორ გარემოს შეუქმნის სულ მცირე არჩევნების დღეს. და ამით ჩემ თავთან ვიქნები მართალი, რომ უფრო გრძელვადიანი და საშვილიშვილო მნიშვნელობის საკითხი პოლიტიკურ კრიზისს არ გადავაყოლე", — თქვა მან.

იოსელიანის თქმით, ახალი საარჩევნო რეფორმის კანონპროექტის თანახმად:

  • ცესკოს კომისიები ყველა დონეზე დაკომპლექტდება ახალი წესით. ყველა პარტიას ეყოლება ცენტრალურ და საოლქო კომისიაში საკუთარი წევრი, უბნებზე ყველას- წარმომადგენელი, რომელსაც ცესკო გადაუხდის თავად ხელფასს;
  • ადამიანების იდენტიფიკაცია, ამ კანონმდებლობით შესაძლებელი იქნება, რომ თითის ანაბეჭდით მოხდეს და არა მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი მოწმობით;
  • ხმების დათვლა შესაძლებელი იქნება ელექტრომანქანებით;
  • თვითმმართველობის არჩევნებზე იქნება ყველგან ბუნებრივი ბარიერი და გაზრდილი პროპორციული პრინციპი, თბილისსა და დიდ ქალაქებში 4/1 -ზე პრინციპით (40 პროპორციული, 10 მაჟორიტარი) და დანარჩენ მუნიციპალიტეტებში 2/1-ზე.
  • ვალდებულება ეკისრება საოლქო კომისიებს, რომ უბნების სულ მცირე 10% მაინც გადათვალოს;
  • საჯარო მოხელეები, პედაგოგები, საბავშო ბაღის მასწავლებლები ვერ მიიღებენ მონაწილეობას საარჩევნო აგიტაციაში. დაისჯება 2000 ლარიანი ჯარიმით;
  • ცვლილებებით, დაუშვებელი ხდება, კენჭისყრის დღეს შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება. ეს ყველაფერი 2000 ლარიანი ჯარიმით დაისჯება;

იოსელიანის განცხადებით, ერთადერთი საკითხი, რაც ღია რჩება, ეს საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერის დაწევაა, რასაც საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება.

დღეს ქართულ ოცნებასა და მოქალაქეებს შორის გაფორმებული მემორანდუმით გათვალისწინებული საკითხები პარლამენტს წარედგინება. ეს იყო შეთანხმება, რომლის საფუძველზეც ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში შევიდნენ.