რუსეთმა არქტიკის კლიმატის კონტროლისთვის თანამგზავრი გაუშვა
კვირას, 28 თებერვალს, რუსეთმა სატელიტი Arktika-M გაუშვა მისიაზე, რომლის მიზანი არქტიკაზე კლიმატისა და გარემოს კონტროლია. აღნიშნული მისიით კრემლი რეგიონში ქვეყნის საქმიანობის გაფართეობას ცდილობს.
უკანასკნელი სამი ათწლეულის მანძილზე, არქტიკაზე კლიმატი საშუალო გლობალურ მაჩვენებელთან შედარებით ორჯერ უფრო სწრაფად თბება, რუსეთი კი ამ ენერგიით მდიდარი რეგიონისა და ჩრდილოეთის ზღვის მარშრუტის განვითარებაში დებს ინვესტიციებს.
რუსეთის Roscosmos კოსმოსური სააგენტოს დირექტორის, დიმიტრი როგოზინის ტვიტერის პოსტის მიხედვით, ქვეყნის სატელიტმა, ყაზახეთის ბაიკონურის კოსმოდრომიდან Soyuz რაკეტით გაშვების შემდეგ, წარმატებით მიაღწია ორბიტას.
რუსეთი მეორე სატელიტის გაშვებას 2023 წელს გეგმავს. Roscosmos-ის განცხადებით, ორივე მათგანი ყოველდღიურად 24 საათის მანძილზე გააკონტროლებენ არქტიკულ ამინდს, როგორც ოკეანეში, ასევე ხმელეთზე.
Arktika-M ელიფსურ ორბიტაზე, ჩრდილო განედების თავზე იმოძრავებს. სწორ ორბიტაზე მოძრაობა სატელიტს შესაძლებლობას მისცემს, აკონტროლოს ამინდი და ფოტოები გადაუღოს რეგიონს ყოველ 15-30 წუთში. Roscosmos-ის მიხედვით, რეგიონის უწყვეტად დაკვირვება ეკვატორის თავზე განთავსებული სატელიტებიდან შეუძლებელია.
გარდა ამისა, საერთაშორისო Cospas-Sarsat სატელიტზე დაფუძნებული საძიებო და სამაშველო პროგრამის ფარგლებში, სატელიტი ხელახლა გადასცემს შეწყვეტილ სიგნალებს გემებიდან, კოსმოსური ხომალდებიდან ან შორეულ რეგიონებში მყოფი ხალხისგან.
"რაც უფრო ხშირდება აქტივობები არქტიკაში და რაც უფრო მაღალი განედებისკენ მიიწევენ მისი საზღვრები, მით უფრო მნიშვნელოვანი ხდება ამინდისა და ყინულის პროგნოზირების შესაძლებლობების განვითარება", — განუცხადა CNN-ს მია ბენეტმა, ჰონკონგის უნივერსიტეტის გეოგრაფმა.
"გარდა ამისა, ამ ყველაფრის მიზანს მონაცემების ნაციონალიზაციაც წარმოადგენს. ქვეყნები, განსაკუთრებით კი ისინი, რომლებიც საკუთარ თავს კოსმოსურ ძალად აღიქვამენ, ცდილობენ რომ მაქსიმალურად დაეყრდნონ საკუთარ სატელიტებს, რომლებიც მათ ამავე ქვეყნის სამხედრო თუ კომერციული საქმიანობის შესახებ მიაწვდიან მონაცემებს", — განმარტავს იგი.
კომენტარები