ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, ათასობით პატრიოტის უწყვეტი პროტესტი თბილისის ქუჩებში მოწინააღმდეგის გეგმებს ჩაშლის. აღნიშნული ნიკა მელიამ წერილის სახით გამოაგზავნა ციხიდან, ხატია დეკანოიძემ კი პარლამენტის წინ აქციაზე წაიკითხა.

"ჩვენ გვაქვს ძალა, ჩვენ გვაქვს ნება, ჩვენ გვაქვს მიზანი და მოტივაცია მშვიდობიანად დავძლიოთ ქვეყანაში მიმდინარე რადიკალიზაციისა და პოლარიზაციის პროცესი, გვქონდეს უკეთესი საქართველო, გვქონდეს თავისუფლება. ვიცი, რომ ათასობით პატრიოტის უწყვეტი პროტესტი თბილისის ქუჩებში ჩაშლის მოწინააღმდეგის ყველა გეგმას. დღეს აქ და ახლა თბილისის ქუჩებში დგას მებრძოლი საქართველო, რომელიც მოიპოვებს საბოლოოდ თავისუფლებას", — ამბობს ნიკა მელია.

მისი თქმით, 20 ივნისს მშვიდობიანმა პროტესტმა და 23 თებერვალს თავდაცვის ფორმამ მისი მხარდამჭერების დამოკიდებულება აჩვენა სამშობლოს მიმართ.

"ჩვენი მხრიდან 20 ივნისის მშვიდობიანმა პროტესტმა 23 თებერვლის თავდაცვის ფორმამ ნათლად აჩვენა, თუ რა დამოკიდებულება გვაქვს ჩვენ ჩვენი სამშობლოს მიმართ. 2019 წლის 20 ივნისსაც და 2021 წლის 23 თებერვალსაც ჩვენ ვიდექით მშვიდობიანად და ვიცავდით ჩვენს ღირსებას, ჩვენს თავისუფლებას, გამარჯვებული საქართველოს იდეას, გავრილოვების, ლავროვების და მათი მორჩილი პირებისგან თავისუფალ ერთიან, ქართული სახელმწიფოს იდეას. ჩვენგან მოითხოვეს ხარკი, თავისუფლების ქირა, მინდა მივმართო მათ, ვინც დღეს ჩვენი სახელმწიფო მიიტაცა და ძარცვავს, თავისუფლება აარ იყიდება, თავისუფლებით არ ვაჭრობენ, თავისუფლება უნდა მოიპოვო", — აცხადებს მელია.

დღეს პარლამენტთან ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას მხარდასაჭერი აქცია იმართება.