საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში 22 თებერვალს პრემიერმინისტრობის კანდიდატს, ირაკლი ღარიბაშვილს უსმენდნენ. მან დეპუტატებს ის პროგრამა გააცნო, რომელიც, მისი მტკიცებით, ქვეყნის განვითარებას შეუწყობს ხელს.

ღარიბაშვილს თავისი გამოსვლით საკანონმდებლო ორგანოს წევრები უნდა დაერწმუნებინა, რომ მისი "ხედვა" ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოსავლის წინაპირობა იქნებოდა. ამის მიუხედავად, მისი განცხადებების დიდი ნაწილი წინა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შეეხო. აღმოჩნდა, რომ ღარიბაშვილის გეგმები, მეტწილად, ისევ ოპონენტების კრიტიკის ირგვლივ ტრიალებს. მან ისაუბრა 10-წლიან გეგმაზეც, რომელსაც პარლამენტს უახლოეს დღეებში წარუდგენს. ღარიბაშვილი ამბობს, რომ მისი სამომავლო ხედვა ეხება ქვეყანაში წესრიგის აღდგენას, ვაქცინაციას, ეკონომიკური კრიზისიდან "გარღვევას" და სხვა.

ახალი მთავრობის დამკიცების აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდებიდან რამდენიმე საათში, 18 თებერვალს, საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია გადადგა. ამ ფაქტიდან სულ რამდენიმე საათში ქართულმა ოცნებამ პრემიერმინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა.

ფოტო: საქართველოს პარლამენტი

"საკმარისი აღარ არის მხოლოდ წინა ხელისუფლებასთან შედარება" — თქვა ღარიბაშვილმა და მაინც შეადარა

"საკმარისი აღარ არის მხოლოდ წინა ხელისუფლებასთან შედარება", — თქვა ღარიბაშვილმა ქართული ოცნების მმართველობის მეცხრე წელს და ძველ მთავრობასთან პარალელი რამდენჯერმე მაინც გაავლო.

მან მაგალითად ვარდების რევოლუციაც მოიყვანა და განაცხადა, რომ ამის შედეგად, განვითარების ნაცვლად "ეკონომიკის ბოლომდე გაპარტახება" მივიღეთ.

"მძიმე ათწლეულებით დაღლილმა ხალხმა მთელი იმედები ე.წ. ვარდების რევოლუციაზე დაამყარა, შედეგად კი მოჩვენებითი განვითარების ნაცვლად, მივიღეთ ისედაც უიმედო მდგომარეობაში მყოფი ეკონომიკის ბოლომდე გაპარტახება. კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ ადამიანების წამება, ყველა უფლების ფეხქვეშ გათელვა, საბედისწერო ომი უმძიმესი შედეგებით, რამაც კიდევ უფრო გაართულა კონსტრუქციული, რაციონალური პოლიტიკისა და დიპლომატიის გზით აფხაზებსა და ოსებთან შერიგების შესაძლებლობა", — თქვა ღარიბაშვილმა.

სხვას ამბობს ოფიციალური მონაცემები, რომელთა თანახმადაც საქართველოში ვარდების რევოლუციის შემდეგ ეკონომიკა, მეტწილად, იზრდებოდა. 2004 წელს საქართველოს მშპ-მ 18,8 მილიარდი ლარი შეადგინა, ხოლო 2011 წელს ეს მაჩვენებელი 28,6 მილიარდამდე იყო გაზრდილი. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემების მიხედვით კი, 2007 წელს ეკონომიკა 12,6%-ით გაიზარდა, რაც ყველაზე დიდი ზრდა იყო ქვეყნის ისტორიაში.

ნაციონალური მოძრაობა დაადანაშაულა ღარიბაშვილმა ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საქმეშიც და თქვა, რომ ეს ენმ-ს "უგუნური პოლიტიკის შედეგია".

"მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ქედი მოვიხარო ჩვენი გმირის, არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნის წინაშე. დღეს არის მისი გარდაცვლაბის დღე და ჩვენ ყველამ ერთად უნდა დავგმოთ რუსული ოკუპაცია, რომლის შედეგი არის არჩილ ტატუნაშვილის მაგალითი. მაგალითი და რეალურად ეს არის იმ გუგუნური პოლიტიკის შედეგი, რომელიც ნაცმოძრაობის ხელისუფლებამ განახორციელა ჩვენს ქვეყანაში", — განაცხადა ღარიბაშვილმა.

დაანონსებული დაპატიმრება

ღარიბაშვილის გამოსვლა შეეხო ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმესაც. მან განაცხადა, რომ მელია "მართლმსაჯულებას ვერ დაემალება", რადგან "კანონი უნდა აღსრულდეს".

"კიდევ ვიმეორებ, ბატონი [ნიკა] მელია, გვარს არ აქვს მნიშვნელობა ამ შემთხვევაში, სადაც არ უნდა იმალებოდეს, იგი ვერ დაემალება მართლმსაჯულებას, კანონი უნდა აღსრულდეს, კანონი აღსრულდება, ისე, როგორც წესია და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ამ ადამიანებს, რომ დაბრუნდნენ კანონის და კონსტიტუციის ჩარჩოებში", — აღნიშნა მან.

ღარიბაშვილმა ნიკა მელიაზე არა ერთხელ, არამედ მეორედაც ისაუბრა. მან თქვა, რომ "ინდულგენცია არ იქნება რომელიმე პარტიიის თავმჯდომარეობა" და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ისინი "მართლმსაჯულებას თავს ვერ დააღწევენ".

აღსანიშნავია, რომ მელიას დაპატიმრება სწორედ ყოფილი პრემიემინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის გამო გადაიდო. გადადგომა გახარიამ ნიკა მელიას საქმეს დაუკავშირა და თქვა, რომ გუნდში ამაზე "აზრთა სხვადასხვაობა" იყო.

"ლიეტუველი ნაცი"

სიტყვით გამოსვლისას პრემიერმინისტრობის კანდიდატი არ მოერიდა ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ჟიგიმანტას პავილიონისის კრიტიკასაც. ღარიბაშვილი ამტკიცებდა, რომ პავილიონისი, "ნაცმოძრაობასთან პირდაპირ დაკავშირებულია".

დღეს ჟიგიმანტას პავილიონისმა ტვიტერზე დაწერა, რომ ქართული ოცნების გარდა, დიალოგის კეთილი ნების შესახებ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ საჯაროდ განაცხადა. მან, ასევე, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელიას საქმისთვის ყურადღების გამახვილებისკენ მოუწოდა.

როგორც მამუკა მდინარაძემ სხდომის დაწყებამდე განაცხადა, ჟიგმანტის პავილიონისმა თქვა ფრაზა: "თქვენ უკვე დაკარგეთ ტერიტოირები და ახლა იმედსაც კარგავთ", რაც, მისი თქმით, მიუღებელია და ოკუპაცია ჩვენი ტკვილია. სინამდვილეში, პავილიონისმა ფრაზა ამ ფორმულირებით გააჟღერა: "თქვენ უკვე კარგავთ ტერიტორიებს, გინდათ, რომ მომავალიც დაკარგოთ?"

კიდევ რა "დააშავა" ოპოზიციამ?

წინა ხელისუფლებაზე საუბრის პარალელურად, ღარიბაშვილმა არ დაიშურა კრიტიკა ზოგადად ოპოზიციის მიმართულებითაც. პრემიერმინისტრობის კანდიდატმა ოპოზიციის ნაწილი 90-იანი წლების სახელმწიფო გადატრიალებაშიც დაადანაშაულა და თქვა, რომ თითქმის 80% ადამიანებისა, რომლებიც ახლა ნაციონალური მოძრაობის ოფისში, ენმ-ის თავმჯდომარის, ნიკა მელიას მხარდასაჭერად არიან შეკრებილები, 90-იანებში სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილეობდნენ.

დიალოგისთვის დახურული კარი

ღარიბაშვილმა გამორიცხა ოპოზიციასთან პოლიტიკური პოზიციების დაახლოებაც. "ღმერთმა დამიფაროს, რომ [ჩვენი პოზიციები] დაუახლოვდეს მათ პოზიციებს", — თქვა ღარიბაშვილმა და დაამატა, რომ თუმცა პოზიციები ვერ დაახლოვდება, "ჯანსაღი ოპონირება და სამუშაო რეჟიმში დისკუსია" მათ დახვეწაში დაეხმარებათ.

პრემიერმინისტრობის კანდიდატმა სივრცე დატოვა "კონსტრუქციულად განწყობილ" ოპოზიციასთან მოლაპარაკებებისთვის, თუმცა მოგვიანებით აღნიშნა, რომ "კატეგორიულად" აცხადებს უარს ნებისმიერ მოლაპარაკებაზე, რომელიც რიგგარეშე არჩევნებს უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ დიალოგისთვის მზადყოფნას გამოთქვამს ოპოზიციაც, თუმცა მათი მოთხოვნები, რომლებიც რიგგარეშე არჩევნებს, პოლიტმატიმრების გათავისუფლებასა და საარჩევნო რეფომრას ეხება, უცვლელია.

ისევ ნიკა გვარამია

პრემიერმინისტრობის კანდიდატმა ისაუბრა მთავარი არხის დამფუძნებელზე, ნიკა გვარამიაზეც და იგი "დამნაშავედ, კრიმინალად, არარაობად" მოიხსენია.

აღნიშნულს გვარამიაც გამოეხმაურა. მან არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საქართველოში ევროკავშირისა და ამერიკის ელჩს მიმართა კითხვით, არის თუ არა ღარიბაშვილის განცხადებას მედიის ღია პოლიტიკური დევნა.

"როცა პრემიერი კრიმინალად, თან მთავარ კრიმინალად გაცხადებს, იმ ვითარებაში, როცა არც ერთი გამამტყუნებელი განაჩენი არ დამდგარა ჩემზე და როცა ჩემს წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმე სასამართლოში მიმდინარეობს, როგორ უნდა იქნეს ეს აღქმული და შეფასებული? არის თუ არა ეს სასამართლოსთვის მითითების მიცემა და პირადად ჩემი და ჩემი მედიის ღია პოლიტიკური დევნა?", — წერს გვარამია.

"განვითარების ახალი, ამბიციური 10-წლიანი გეგმა"

მე-10 მოწვევის პარლამენტს საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატი 10-წლიანი გეგმის შემუშავებასაც დაჰპირდა. ამ გეგმაშიც, რომელსაც ღარიბაშვილის მტკიცებით, მისი პრემიერობიდან პირველ 100 დღეში წარადგენს, პრიორიტეტად "წესრიგის დამყარება და რიგი დესტრუქციული ძალების კონსტიტუციურ ჩარჩოში დაბრუნებაა" აღნიშნული. ღარიბაშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში არსებული სიტუაცია პირველ რიგში სწორედ ამ წესრიგის აღდგენას საჭიროებს.

დამტკიცებამდე დაწყებული ბრძოლა პანდემიასთან

მისი თქმით, პრიორიტეტული იქნება საქართველოში ვაქცინების შემოტანაც. ამის მიუხედავად, თებერვლისთვის დაპირებული ვაქცინის მიღების თარიღად მარტი დაასახელა. პრემიერმინისტრობის კანდიდატს არ განუმარტავს, რამ გამოიწვია ვაქცინის შემოტანის გადავადება, თუმცა პირობა დადო, რომ მარტში საქართველო მას აუცილებლად მიიღებს.

აქამდე მთავრობა ვაქცინის შემოტანის თარიღად თებერვლის ბოლოს ასახელებდა. მაგალითად, ყოფილი პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია ამბობდა, რომ Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზები საქართველოში თებერვლის ბოლომდე შემოვიდოდა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას მტკიცებით, თებერვლის ბოლოს Pfizer-ის ვაქცინის 29 250 დოზას უნდა მიგვეღო.

ჯერ არმოსულმა ღარიბაშვილმა მიმდინარე კვირაში საკოორდინაციო საბჭოც დააანონსა და თქვა, რომ კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები ამავე კვირაში შემსუბუქდება.

"80%, შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ გადაწყვეტილი იქნება", — დაგვპირდა იგი.

ფოტო: საქართველოს პარლამენტი

"ხელშეუხებელნი"

პრემიერმინისტრობის კანდიდატმა "კიდევ ერთხელ შეახსენა" საზოგადოებას, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები, მათ შორის, ჯარი და პოლიცია "ხელშეუხებელია". მათ ჩამონათვალში ღარიბაშვილმა გაიყვანა ეკლესიაც.

"კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ საზოგადოებას, რომ ჯარი ინსტიტუცია, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რეპუტაციის მქონე ინსტიტუცია, ეკლესია, პოლიცია და ასე შემდეგ, სახელმწიფო ინსტიტუტები არის ხელშეუხებელი, მეგობრებო", — თქვა მან.

მან "სრული მხარდაჭერა" გამოუცხადა შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატს, ვახტანგ გომელაურს და მადლობა გადაუხადა უწყების ეფექტიანი მართვისთვის. ღარიბაშვილმა რამდენჯერმე გაიმეორა, რომ პოლიციის მიმართ მიმდინარე "ანტისახელმიწიფოებრივი" კაპმანია უნდა დასრულდეს.

"მე ვიცი, რას ნიშნავს პოლიციელის მუშაობა, პოლიციელი არის გმირი, მეგობრებო. 24 საათის განმავლობაში ჩვენი პოლიციელები ზრუნავენ ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი შვილების, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე. იმაზე, რომ ჩვენ გვეძინოს მშვიდად. ის აღვირახსნილი, ის ანტისახელმწიფოებრივი კამპანია, რაც მიმდინარეობს ნაციონალური მოძრაობის მხრიდან, არის ყოვლად მიუღებელი და ყოვლად დაუშვებელი. ამიტომ, ეს ქაოსი უნდა დასრულდეს", — თქვა ღარიბაშვილმა.

ქებაი და დიდებაი ბიძინა ივანიშვილისა

ღარიბაშვილის გამოსვლას პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ხსენების გარეშე არ ჩაუვლია. მან სწორედ ივანიშვილის მიმართ მადლიერების გამოხატვით დაიწყო თავისი გამოსვლა და მას შემდეგაც რამდენჯერმე გადაუხადა მადლობა.

ის იმასაც ამტკიცებდა, რომ ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პერიოდი უნიკალური გამონაკლისია საქართველოსთვის. შესაბამისად, ისიც არ დავიწყებია, რომ ივანიშვილისთვის, ჩვეულებისამებრ, მადლობა გადაეხადა.

"ჩემთვის დიდი პატივი იყო თავდაცვის მინისტრად მუშაობა. მე ადრე, ერთი წლის წინ ამ ტრიბუნიდან გავაკეთე განცხადება, რომ, მაშინ, როცა ვიყავი თავდაცვის მინისტრი, სათანადო დრო ვერ დავუთმე ჯარის განვითარებას და ზოგადად ეს სისტემა ვერ შევიგრძენი ისე, როგორც საჭირო იყო. მე მადლობელი ვარ ჩვენი სამთავრობო გუნდის და ჩვენი ხელმძღვანელის, ყოფილი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის, რომელმაც მომცა შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ მემსახურა და მემსახურა ჩვენი საამაყო ჯარისთვის", — განაცხადა ღარიბაშვილმა.

სამთავრობო გუნდისთვის მადლობებისა და ქართული ოცნების 8-წლიანი მმართველობის "მიღწევების" მიმოხილვის შემდეგ, ღარიბაშვილმა თქვა ისიც, რომ ესმის "უშეცდომო არავინ არ არის". მისი განცხადებით, შეცდომები მათაც მოსვლიათ და ალბათ, კიდევ მოუვათ.

"მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მინიმუმადე დავიყვანოთ შეცდომები. მაგრამ ეს შეცომები არ უნდა იყოს სერიოზული პრობლემების შემქნელი ჩვენი მოქალაქეებისთვის", — თქვა მან.

"არანაირი" კრიზისი

პრემიერმინისტრობის კანდიდატმა ქვეყანაში კრიზისის არსებობაც უარყო და იქვე დაამატა, რომ "არავითარი კრიზისი არ არსებობს" გარდა "პანდემიის, ეკონომიკის, სიღარიბის და ა.შ." კრიზისებისა.

ღარიბაშვილი პრემიემინისტრი მეორედ იქნება. ამასთან, მხოლოდ 2 მინისტრით იცვლება ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას მინისტრთა კაბინეტი. კერძოდ, თავდაცვის მინისტრის პოსტი, ღარიბაშვილის ნაცვლად, მისმა ყოფილი მოადგილემ, ჯუანშერ ბურჭულაძემ დაიკავა. ხოლო რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე მაია ცქიტიშვილი, ასევე მისმა მოადგილემ, ირაკლი ქარსელაძემ შეცვალა.