MacOS მსოფლიოს ნომერ მეორე ოპერაციული სისტემა აღარაა
მრავალი წლის განმავლობაში, ნებისმიერი სტატისტიკა, რომელიც კომპიუტერებზე არსებული ოპერატიული სისტემების წილს ითვლიდა, არ იცვლებოდა. ლიდერი ყოველთვის Microsoft Windows იყო, ხოლო მეორე ადგილს წლების განმავლობაში Apple-ის MacOS იკავებდა.
თუმცა რეალობა შეიცვალა, 2020 წელს ყველაზე გავრცელებულ ოპერატიულ სისტემებს შორის, მეორე ადგილზე Chrome OS-მა გადაინაცვლა, ხოლო MacOS მესამე ადგილზე ჩამოქვეითდა.
კვარტლური მონაცემების მიხედვით ChromeOS ეფლს აქამდეც ასწრებდა ხოლმე, მაგრამ 2020 წელი აღმოჩნდა პირველი, როცა MacOS-მა მეორე ადგილი საბოლოოდ დათმო.
თუმცა ამ ამბის ისე დანახვა, რომ Google ეფლს ჯობნის მაინც არასწორი იქნება. ChromeOS-ის წილი ბაზარზე მეტწილად დაბალბიუჯეტური მოწყობილობების ხარჯზე გაიზარდა.
MacOS-ის წილი 2019 წელს 6,4% იყო, 2020 წელს კი მან 7,5% შეადგინა.
ამ დროის გაანმავლობაში ChromeOS-მა შეძლო და 6,4 პროცენტიანი საბაზრო წილიდან 10,8-მდე ავიდა, ხოლო ვინდოუსი 85,4-დან 80,5 პროცენტამდე დაეშვა.
როგორც ჩანს, გაყიდვების ტრენდი ნამდვილად გუგლის მხარესაა, თუმცა 2020 წელი არასტანდარტული იყო. სტუდენტებს, მოსწავლეებს და მშობლებსაც მოულოდნელად დასჭირდათ სწავლისა თუ მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა და მასთან ადაპტირება. ადამიანებმა ხელმისაწვდომი ლეპტოპებისა და პერსონალური კომპიუტერების ძიება დაიწყეს, რამაც ის შედეგი მოიტანა, რაც ზემოთ ციფრებში უკვე გადმოვეცით. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ChromeOS-ისთვის 2021 წელიც წარმატებული იქნება, რადგან პანდემია ჯერ კიდევ არ დასრულებულა და დისტანციურად ისევ უამრავ ადამიანს უწევს მუშაობაცა და განათლების მიღებაც.
თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.
კომენტარები