რობოძაღლის ევოლუცია — 10 ნაბიჯი Boston Dynamics-ის ლაბორატორიიდან პლანეტა მარსამდე
1992 წელს, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის თანამონაწილეობით ტექნოლოგიებისა და რობოტიკის კომპანია — Boston Dynamics დააარსდა, რომელიც 2020 წლის დეკემბრიდან Hyundai Motor Group-ს ეკუთვნის. კომპანიამ დღემდე საოცრად დახვეწილი ტექნოლოგიები შექმნა, განსაკუთრებულ აღნიშვნას კი ის რობოტები იმსახურებენ, რომლებიც ცხოველებს, კერძოდ კი ძაღლებს გვანან. Boston Dynamics-ის რობოტებს ათწლეულზე მეტი დასჭირდათ იმისთვის, რომ ლაბორატორიიდან გამოსულიყვნენ, მსოფლიოს წინაშე წარმდგარიყვნენ და კაცობრიობისთვის მნიშვნელოვანი დავალებების შესასრულებლად მზაობა ჰქონოდათ.
ახლა Boston Dynamics უკვე მსოფლიოში წამყვანი კომპანიაა რობოტიკის მიმართულებით და ჰყავს უამრავი რობოტი, რომლებიც დარბიან უსეინ ბოლტზე სწრაფად (Cheetah), ადიან კიბეებზე, გადაბრუნებისას დამოუკიდებლად იმართებიან და თავისუფლად აღებენ კარებს. თუმცა, მათი ყველაზე ცნობილი ქმნილება რობოძაღლი Spot-ია, რომელიც Boston Dynamics-მა 2015 წელს წარადგინა და რომელმაც განსაკუთრებით დიდი პოპულარობა მოიპოვა ბოლო დროს.
თუმცა, სანამ Spot დღევანდელ სახეს მიიღებდა, მან ევოლუციის ხანგრძლივი და საინტერესო გზა განვლო. მის პირველ წინაპარს Boston Dynamics-ში BigDog-ს უწოდებდნენ და ის მილიტარისტული მიზნებისთვის შეიქმნა. დღეს კი Spot-ს იყენებენ ისეთი კომპანიები, როგორებიცაა BP, NASA, POMERLEAU, WOODSIDE და SWINERTON. ამ სტატიაში სწორედ იმ გზაზე მოგიყვებით, რომელიც Spot-მა გაიარა, ლაბორატორიიდან პრაქტიკულ გამოყენებამდე, ცხვრების წყემსვამდე, მედდების დამხმარეობამდე თუ მარსის პოტენციურ მკვლევრამდე. თუმცა, სანამ კონკრეტულად ამ რობოძაღლზე გადავიდოდეთ, მის რამდენიმე წინამორბედს განვიხილავთ.
1. BigDog — მილიტარისტული რობოძაღლი
Boston Dynamics-მა BigDog პირველად 2005 წელს წარადგინა. ეს იყო 100 სანტიმეტრი სიგრძის, 30 სმ სიგანისა და 125 სმ სიმაღლის რობოძაღლი, რომელიც 114 კილოგრამს იწონიდა და საათში 11.26 კილომეტრ სიჩქარით მოძრაობდა. თავდაპირველად, BigDog მილიტარისტული მიზნებისთვის შეიქმნა — ერთი ადგილიდან მეორეზე მიჰქონდა ჯარისკაცების აღჭურვილობა, შეეძლო 155 კგ ტვირთის გადატანა, ტალახზე, თოვლზე, ყინულსა და ქვიან რელიეფზე სიარული და 35 გრადუსით დახრილ ფერდობზე ასვლა. ყველა სიკეთესთან ერთად, BigDog მტკიცედ იტანდა დარტყმებს და მიზნისკენ სვლას მედგრად განაგრძობდა. ამ ყველაფერთან ერთად კი, მის კიდევ ერთ მიზანს მოწინააღმდეგეში შიშის დანერგვა წარმოადგენდა.
2. LittleDog — 2009 წლის თებერვალი
LittleDog, BigDog-ისგან განსხვავებით, საკმაოდ მცირე ზომისაა — ამაზე მისი სახელიც მიგვანიშნებს. შედარებისთვის, BigDog-ისა და LittleDog-ის ზომებს შორის ისეთივე სხვაობაა, როგორიც გერმანულ დოგსა და ჩიჰუაჰუას შორის. LIttleDog ყველაზე პატარა ზომის ოთხფეხა რობოტია, რაც კი Boston Dynamics-ს შეუქმნია. იგი ენერგიას ლითიუმის პოლიმერული ელემენტებისგან იღებდა და 30 წუთიანი მოქმედების ლიმიტი ჰქონდა. ზემოთ მოყვანილ ვიდეოში კი კარგად ჩანს, თუ როგორ მოხერხებულად გადაადგილდება ეს პატარა რობო-ძაღლი კლდოვან რელიეფზე. BigDog-ისგან განსხვავებით, Boston Dynamics-მა LittleDog მესამე მხარისთვის შექმნა.
3. AlphaDog Proto — 2011 წლის სექტემბერი
2011 წელს, როდესაც ეს გახმაურებული რობოტი გამოუშვეს, Boston Dynamics-ის მილიტარისტული მისწრაფებები კიდევ უფრო გამჭვირვალე და ნათელი გახდა. DAPRA-სა და აშშ-ის საზღვაო ძალების ფინანსური მხარდაჭეით შეიქმნა AlphaDog Proto, რომელსაც 32 კილომეტრიან მისიაზე, სხვადსხვა სახის რელიეფზე180 კგ ტვირთვის გადაზიდვა შეეძლო. 190 სანტიმეტრი სიმაღლის, ორი მეტრი სიგრძის რობოტი 363 კილოგრამს იწონიდა. აღსანიშნავია, რომ თავიდან ამ რობოტს BullDog უწოდეს, მაგრამ მას შემდეგ, რაც გააანალიზეს, რომ ეს სახელი უფრო მეტად პატარა საყვარელ ძაღლის ჯიშთან ასოცირდებოდა, Boston Dynamics-მა მისთვის სახელის შეცვლა გადაწყვიტა.
4. Legged Squad Support System — 2012 წლის სექტემბერი
AlphaDog Proto-ის შემდეგ კომპანიამ Legged Squad Support System (LS3) გამოუშვა, რომელიც, წინამორბედთან შედარებით, მეტი სიძლიერითა და მრავალფეროვანი ფუნქციებით გამოირჩეოდა. სენსორების წყება მმართველს LS3-ის მართვის საშუალებას აძლევდა. რობოძაღლს შეეძლო გადაადგილება უხეშ რელიეფზე, დაბრკოლებების თავიდან აცილება და რაც მთავარია, წაქცევის შემთხვევაში დამოუკიდებლად ადგომა და გამართვა.
5. BigDog დამატებითი კიდურით — 2013 წლის თებერვალი
2013 წელს BigDog დაბრუნდა და ახალი ხერხი შემოგვთავაზა — შეიძლება ითქვას, რომ დღემდე ეს მისი ყველაზე სახიფათო და ცოტა შემაძრწუნებელი ფუნქციაა. ამჯერად, "მთლიანი ხელით" აღჭურვილმა რობოტმა მეხუთე კიდურით 15 კილოგრამი წონის საშენი ბლოკი ასწია და ღონიერად მოისროლა მისგან ხუთი მეტრის მანძილზე. ამ ფუნქციის შესასრულებლად BigDog-მა თავისი ფეხებისა და ტანის ბერკეტად გამოყენება "ისწავლა". ამ ტრიუკის შესრულებისას კი, ერთი შეხედვით, იგი მთვრალ ადამიანს მოგაგონებთ.
6. Spot Classic — 2015 წილს თებერვალი
როგორც აღვნიშნეთ, 2015 წელს Boston Dynamics-მა თავისი უახლესი ქმნილება — ელექტროენერგიაზე მომუშავე და ჰიდრავლიკურად ამოქმედებული რობოძაღლი — Spot წარადგინა. რობოტი, რომელიც სულ რაღაც 72 კილოგრამს იწონიდა, ზომით მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა თავის წინა მოდელებს. მისი შექმნა მიზნად ისახავდა როგორც შენობის შიდა, ასევე გარე აქტივობების შესრულებას. Spot-ის თავში დამონტაჟებული სენსორები კი მას ქვიან რელიეფზე გადაადგილებისა და დაბრკოლებების თავიდან აცილების საშუალებას აძლევდა. რობოძაღლს შეეძლო კიბეებზე ასვლა, აღმართებზე და ბორცვებზე სიარული, რაც მას უფრო მრავალფუნქციურს ხდიდა, ვიდრე მის უზარმაზარ და ხმაურიან "წინაპრებს".
Spot-ს კიბეებზე სიარული უკუსვლითაც შეუძლია. გარდა ამისა, Spot-ის გადაადგილების ფორმებს სეირნობა, ხოხვა და ჩორთით სიარულიც მიეკუთვნება. აღსანიშნავია, რომ Spot ერთ-ერთი ყველაზე ჩუმი რობოტია Boston Dynamics-ის რობოტების ხაზიდან. იგი სულ რაღაც 25 კილოგრამს იწონის და 5.76 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს.
თავდაპირველად, ეს რობოტი Spot-ის სახელით წარადგინეს, თუმცა, შემდეგ, კომპანიამ მას Spot Classic უწოდა, SpotMini-ს კი სახელი შეუცვალა და Spot დაარქვა.
7. SpotMini — 2016 წლის ივნისი
ამ ვიდეოში კი Spot Classic-ის ახალ პატარა ვერსიას, Spot-ს (იგივე SpotMini-ს) ხედავთ. ისიც 25 კილოგრამს იწონის და თავისი დროისთვის, ყველაზე პატარა და მავნე რობოტის სახელით იყო ცნობილი. Spot მთლიანად ელექტროენერგიაზე მუშაობს. მას მხოლოდ ერთი დატენვით 90 წუთის სავალ მანძილზე შეუძლია ფუნქციონირება. იგი ხასიათდება სენსორების სიმრავლით, რაც რობოტებს ნავიგაციის გაფართოებულ შესაძლებლობებსა და გარკვეული უმარტივესი დავალებების ავტომატურად შესრულების უნარს აძლევს. გაუმჯობესებული BigDog-ის მსგავსად, Spot-საც, ოთხი თათის გარდა, მეხუთე ხელი აქვს თავისი დამჭერით, რომელსაც იგი მყიფე ნივთრების დამჭერის შესაძლებლობას აძლევს. გარდა ამისა, ვიდეოში ვხედავთ, თუ როგორ მოხერხებულად იმართება იგი წაქცევის შემდეგ.
8. Spot-ის განახლებული ვერსია — 2017 წლის ნოემბერი
2017 წლის ნოემბერში Boston Dynamics-მა ახალი და გაუმჯობესებული SpotMini წარადგინა — ყვითელი რობოტი, რომელიც ისედაც გაუმჯობესებული პროტოტიპის კიდევ უკეთეს ვერსიას წარმაოდგენდა. თუმცა, მისი "ნამდვილი სახე" მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ ვიხილეთ ვიდეოების მთელ სერიაში, სადაც ჩანდა, თუ როგორ აღებს Spot კარს, მის გასაჩერებლად საკუთარ ფეხს იყენებს და ჯერ სხვა Spot-ს უთმობს გზას თავაზიანად, შემდეგ კი თვითონაც გადის.
ასევე იხილეთ:
- Boston Dynamics-ის რობოტმა ძაღლმა კარის გაღება ისწავლა
- SpotMini - Boston Dynamics-ის რობო-ძაღლის ახალი მოდელი
9. Spot დამოუკიდებლად იკვლევს გარემოს — 2018 წლის მაისი
ვიდეოში, რომელიც Boston Dynamics-მა 2018 წლის მაისში გამოაქვეყნა, აშკარად ჩანს, რომ Spot-მა განვითარების სრულიად ახალ დონეს მიაღწია. იგი აღჭურვილია ჭკვიანი სანავიგაციო სისტემით, შეუძლია დამოუკიდებლად გადაადგილება კომპანიის ოფისებსა და ლაბორატორიაში იმ გზის გავლით, რომელიც წინასწარ იქნა განსაზღვრული ხელით მართვადი მისიის დროს. ამ ვიდეოს კი მალევე მოჰყვა კომპანიის განცხადება იმის შესახებ, რომ დაარსებიდან, დაახლოებით, სამი ათწლეულის შემდეგ, Boston Dynamics Spot-ის კომერციალიზაციას დაიწყებდა.
ასევე იხილეთ:
- Boston Dynamics ყვითელი რობოძაღლების გაყიდვას იწყებს
- Boston Dynamics-ის რობოძაღლი ცხვრებს წყემსავს და მარცვლეულს ამოწმებს — ვიდეო
10. Spot (+Arm) — Spot-ის საბოლოო ვერსია
ამ ვიდეოში კი, რომელიც Boston Dynamics-მა სულ რაღაც ერთი კვირის წინ გამოაქვეყნა, ხუთი თათის მქონე Spot-ს ვხედავთ, რომელიც წარმატებით ართმევს თავს ისეთ საყოფაცხოვრებო და ყოველდღიურ საქმეებს, როგორებიცაა ოთახის დალაგება, სახტუნაოს დატრიალება და ხის დარგვა (დიახ, არიან ადამიანები, რომლებიც ამას ყოველდღიურად აკეთებენ).
ასევე იხილეთ: Boston Dynamics-ის ახალ ვიდეოში რობოძაღლი მეხუთე კიდურით არაერთ საქმეს ასრულებს
ბოლოს კი, ვფიქრობ, რომ გარდა სტატიის დასაწყისში მოყვანილი კომპანიებისა, აღნიშვნას იმსახურებს Spot-ის გაშვება ჩერნობილში, სადაც მას იყენებენ დაბინძურებულ ადგილებზე, რადიაციის დონის დასადგენად და რადიოაქტიური ნივთიერებების განაწილების სამგანზომილებიანი რუკის შესადგენად. გარდა ამისა, Spot უყურადღებოდ არც NASA-მ დატოვა და ამ რობოძაღლს მარსზე გასაშვებად უკვე ამზადებენ. ცნობილია, რომ ის ისეთი ადგილების შესასწავლად იწვრთნება, სადაც როვერებს არც ხელი მიუწვდებათ და არც ანტენა.
ასევე იხილეთ:
- მეცნიერებმა Boston Dynamics-ის რობოძაღლი ჩერნობილში გაგზავნეს
- NASA მარსზე ცნობილი რობოძაღლის გაგზავნას აპირებს
როგორც ხედავთ, Boston Dynamics-ის რობოძაღლებმა სამხედრო მისიებში მონაწილეობიდან, ცხვრების მწყემსვის გავლით, ჩერნობილამდე და მარსამდე საკამოდ გრძელი დიდი გზა განვლეს და წინ, სავარაუდოდ, კიდევ დიდი მისიები ელოდება Spot-ს. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანების გარკვეულ კატეგორიას მისი ეშინია, მას კაცობრიობისთვის ბევრი სიკეთის მოტანა შეუძლია. მათ კი, ვინც ამ რობოტით აღფრთოვანებულია და მასში დიდ პოტენციალს ხედავს, მაინც გეტყვით, რომ კომერციული მიზნით Spot-ის შეძენა ამჟამად 75 000 დოლარად არის შესაძლებელი.
დასასრულს კი გიტოვებთ Spot-ისა და მისი მოძმეების (რობოტები Atlas და Handle) ცეკვას, რომლითაც Boston Dynamics-მა, ახალი, 2021 წელი მოგვილოცა.
კომენტარები