პარტია მოქალაქეების ერთ-ერთი ლიდერი, ლევან იოსელიანის თქმით, იგი არ არის დარწმუნებული, რომ ქართული ოცნება მათთან გაფორმებული მემორანდუმის ყველა პუნქტს შეასრულებს.

"არ იქნება ამ პროცესის [მემორანდუმში გაწერილი საკითხების შესრულება] ბოლომდე მიყვანა მარტივი, იმიტომ, რომ მოვაწერეთ ხელი ამ მემორანდუმს, მაგრამ, არ ვარ დარწმუნებული, ქართული ოცნება ყველაფრის შესრულებაზე წამოვა თუ არა", — განაცხადა ლევან იოსელიანმა პალიტრანიუსის ეთერში.

მისი თქმით, მმართველმა პარტიამ ამ მემორანდუმს ხელი არა საკუთარ სურვილით, არამედ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, იძულებით მოაწერა. ამიტომ, იოსელიანი ვარაუდობს, რომ შესაძლოა ქართულმა ოცნებამ შეაფერხოს დოკუმენტში განსაზღვრული საკითხების კანონმდებლობაში იმპლემენტაცია.

"ეს რეკომენდაციები ქართულ ოცნებას დიდი ხანია ედო ეუთო/ოდირისგან, მაგრამ, მას არასოდეს თავში არ მოსვლია ამის გაკეთება. ამ შეთანხმებას რატომ მოაწერა ხელი? მოაწერა მხოლოდ იმიტომ, რომ პოლიტიკურმა კრიზისმა და ბოიკოტმა აიძულა ეს ნაბიჯი გადაედგა. აქედან გამომდინარე, თუ მას ექნება თავის დაძვრენის საშუალება, თუ მას ოპონირებას არ გაუწევს იმდენად მკაცრად, იმდენად კვალიფიციურად, რომ შეთანხმების ყველა პუნქტი, ზედმიწევნით იყოს კანონმდებლობაში ასახული, მე ეჭვი მაქვს, რომ ისინი შეეცდებიან სათავისოდ წაიყვანონ ეს პროცესი", — ამბობს იოსელიანი.

პარტია მოქალაქეების ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა, მათი პარლამენტში შესვლის შესახებ გადაწყვეტილების გასაჯაროებისას თქვა, რომ თუ მმართველი პარტია შეთანხმებულ საკითხებს პირველ მარტამდე არ დააინიცირებს, მოქალაქეები პარლამენტიდან გავლენ.

გაიგეთ მეტი: