მოქალაქეებსა და "ოცნებას" შორის გაფორმებულ მემორანდუმზე პირველი შეხვედრა შედგა — რა განიხილეს
პარტია მოქალაქეებსა და ქართულ ოცნებას შორის მემორანდუმი 29 იანვარს გაფორმდა. სწორედ მის საფუძველზე შევიდნენ პარლამენტში ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი. დოკუმენტი რამდენიმე პუნქტს მოიცავს, მათ შორის, საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილებას, საარჩევნო ბარიერებს და ხმის მიცემის პროცესის ახალ ტექნოლოგიებზე გადაყვანას.
მემორანდუმთან დაკავშირებით დღეს პარლამენტში სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა. ოპოზიციონერი და მმართველი პარტიის დეპუტატების გარდა, მას არასამთავრობო ორგანიზაციებიც ესწრებოდნენ. როგორც ორგანიზაციების წარმომადგენლებმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადეს, მათ აქვთ რამდენიმე პრინციპული საკითხი, რომელიც დღეს გააჟღერეს.
რას ამბობენ დეპუტატები
ოპოზიციონერი დეპუტატი, ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ პირველ სამუშაო შეხვედრაზე "აზრთა გაცვლა-გამოცვლა" ჰქონდათ. მისი თქმით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადაყენებაზე დღეს საუბარი არ ყოფილა. თუმცა ელისაშვილი ამტკიცებს, რომ მემორანდუმის გათვალისწინებით კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, თამარ ჟვანია "ავტომატურად ვეღარ იქნება თავმჯდომარე".
"ახალი კანონი იქნება, რომელიც განსაზღვრავს ცესკოს ახალი თავმჯდომარის არჩევის წესს. ბუნებრივია, ის ახალი კანონი რომ იქნება და ახალი კანონით ავირჩევთ, ჟვანია ულუ და ჟვანია ნარინი ვერ გვეყოლება, ხომ? ახალი თავმჯდომარე უნდა იყოს", — თქვა მან.
მოქალაქეების ლიდერმა აღნიშნა, რომ "თამარ ჟვანიას განცხადებამდე" არ უნდა დავიყვანოთ ის "ძალიან დიდი და კეთილშობილური" საქმე, რაც მიმდინარეობს. ელისაშვილის თქმით, დღეს იმ პუნქტის "დახვეწაზე" ისაუბრეს, რომელიც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას გულისხმობს.
"ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე ერთი ჩანაწერი არის და მის დახვეწაზე დღეს ვსაუბრობდით. განსაკუთრებით განათლების სფეროს წარმომადგენლებს კატეგორიულად [უნდა] აეკრძალოთ სამუშაო საათებში რაიმე წინასაარჩევნო ღონისძიებაში მონაწილეობა. ჩვენი პარტიის კატეგორიული მოთხოვნა იყო, რომ ეს მუხლი გაჩენილიყო. ასევე, არასამთავრობოების მხრიდან დაისვა მოსყიდვასთან დაკავშირებით [საკითხი] და ჩვენც ვემხრობით, რომ ეს ჩანაწერი გაჩნდეს, მკაფიო იყოს და ჩანაწერი უბრალოდ ჩანაწერისთვის არ იყოს", — განაცხადა მან.
რაც შეეხება ქართული ოცნების წარმომადგენელს, შალვა პაპუაშვილს, მან თქვა, რომ როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო არასამთავრობოებისგან მემორანდუმის ტექსტთან დაკავშირებით დღეს "პოზიტიური" გამოხმაურებები მოისმინეს.
"ეს [ტექსტი], არა მხოლოდ შეთანხმებაა ქართულ ოცნებას, მოქალაქეებსა და ახალ უკვე ევროპელ სოციალისტებს შორის, არამედ როგორც იცით, ეს იყო ფასილიტატორებთან ერთად მოლაპარაკებების დროს შედგენილი ტექსტი. ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამაზე არსებობს მეტ-ნაკლებად ფართო პოლიტიკური და არასამთავრობოების კონსენსუსი", — თქვა მან.
დეპუტატმა ისაუბრა, ასევე, ცესკოს თავმჯდომარეზე. პაპუაშვილის განცხადებით, თამარ ჟვანია "გარკვეული ვადით" არის არჩეული, ამიტომ მისი გადაყენება "მემორანდუმის განხილვის საკითხი" არ არის.
"მთავარი მოთხოვნა არ შეიძლება იყოს პიროვნებები. მთავარი მოთხოვნა შეეხება პროცედურებს და სისტემებს. ამაზე უნდა ვკონცენტრირდეთ. სწორედ ამაზე იყო კონცენტრირებული, მათ შორის, მოლაპარაკებების პროცესი და სწორედ ამიტომ, პიროვნებები და პიროვნული საკითხები არ არის მემორანდუმის ნაწილი", — განაცხადა პაპუაშვილმა.
მან ჟურნალისტებთან საუბრისას კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ "პერსონალია ვერ იქნება შეთანხმების ნაწილი" და დაამატა, რომ "პრეტენზია", რაც ბოლო სამი თვის განმავლობაში ცესკოს მიმართ არსებობდა, "ტყუილი აღმოჩნდა".
"ამიტომ ამ კუთხით მე დიდ პრობლემას ვერ ვხედავ", — თქვა დეპუტატმა.
მისივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციებს შესთავაზეს, რომ მემორანდუმთან დაკავშირებით დამატებით საკუთარი მოსაზრებები წარმოედგინათ.
რას ამბობენ არასამთავრობოები
შეხვედრას საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოდან ლევან ნატროშვილი ესწრებოდა. მისი განცხადებით, მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები იყო, საარჩევნო სისტემა და საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესი.
"ეს ორი საკითხი არის ყველაზე მნიშვნელოვანი. დანარჩენი საკითხებიც, რა თქმა უნდა, არის გარკვეულწილად საჭირო, მაგრამ ეს ორი არის პრინციპული მნიშვნელობის. გარკვეული კითხვები გვაქვს იმაზე, რაც ამასთან დაკავშირებით მემორანდუმში წერია", — თქვა მან.
ნატროშვილის თქმით, მემორანდუმით შემოთავაზებული საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესი, რომლის თანახმადაც იგი მხოლოდ პროფესიული ნიშნით უნდა დაკომპლექტდეს, "შეიცავს რისკებს", რომ კომისიები კვლავ "მმართველი პარტიის გავლენის ქვეშ" იქნება.
"ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ ეტაპზე შესაძლოა მიზანშეწონილი იყოს შერეული მოდელის დატოვება — ანუ პარტიებიც ნიშნავდნენ და პროფესიული ნიშნითაც ირჩეოდნენ წევრები. ოღონდ პარტიები ისე უნდა ნიშნავდნენ, რომ ერთ პარტიას არ ჰქონდეს სამი წევრის დანიშვნის უფლება, როგორც დღეს აქვს და მხოლოდ ერთი წევრის დანიშვნის უფლება ჰქონდეთ", — აღნიშნა მან.
ნატროშვილის განცხადებით, სამუშაო ჯგუფი იმისთვის მუშაობს, რომ კომისიის დაკომპლექტების წესი შეიცვალოს და ახლიდან დაკომპლექტდეს. შესაბამისად, იგი ამბობს, რომ თუ შეთანხმება აღსრულდება, "ყველას შეუწყდება უფლებამოსილება" და კომისიები თავიდან დაკომპლექტდება.
"ეს არის იდეა. რა აზრი იქნება თუ ამ არჩევნებს სხვა სისტემით არჩეული კომისიით არ ჩავატარებთ და ისევ ძველი კომისიით ჩავატარებთ, რომლის მიმართაც გარკვეული პრობლემები არსებობდა წინა არჩევნებზე ნდობის კუთხით. ამისთვის ვცვლით ამ სისტემას, რომ შემდეგი არჩევნები ჩატარდეს ახალი სისტემით", — თქვა მან.
რაც შეეხება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელს ვახუშტი მენაბდეს, იგი ამბობს, რომ ორგანიზაციას რამდენიმე საკითხზე "პრინციპული დამოკიდებულება" ჰქონდა.
"პირველ რიგში, ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია პროფესიონალიზაცია საარჩევნო ადმინისტრაციის, სრულად პროფესიული დაკომპლექტება და მათი შემცირება. აქ ვფიქრობ, რომ ბევრი თანხვედრი მოსაზრება არსებობს, თუმცა არის განსხვავებული ხედვებიც. მეორე საკითხი უკავშირდება საარჩევნო სისტემას ადგილობირვ დონეზე. ჩვენ მომხრე ვართ, მეტი პროპორციული სისტემის შემოტანის იმისთის, რომ მოქალაქეებს საბოლოოდ სამართლიანი წარმომადგენლობა ჰყავდეთ წარმომადგენლობით ორგანოებში. მესამე, ასევე პრინციპული საკითხია ნების კონტროლთან დაკავშირებით: პერიმეტრი, სიჩუმე. აქაც ვფიქრობთ მიუხედავად გარკვეული სკეპტიციზმისა, ამ გადმოსახედიდან რთული არ იქნება შეთანხმება.", — თქვა მან.
ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ მომდევნო სამუშაო შეხვედრა, სავარაუდოდ მომავალ კვირას იქნება. მოქალაქეების ლიდერების მტკიცებით, იმ შემთხვევაში თუ ხელმოწერილი საკითხები პირველ მარტამდე არ დაინიცირდება, პარლამენტს დატოვებენ.
კომენტარები