ნატალია პაპინაშვილი — ქართული ბალეტის ვარსკვლავი
ქართული ბალეტის გენიამ, ვახტანგ ჭაბუკიანმა პატარა ბალერინაში ნიჭი თავიდანვე შენიშნა. არ დააყოვნა და გამოუცდელ ნატალია პაპინაშვილს ანდო წამყვანი პარტიები თავის სპექტაკლებში დემონი და რაფსოდია ბლუზი. დადგმებში ბალერინას პარტნიორობა თავად ვახტანგ ჭაბუკიანისთვის უნდა გაეწია, რაც თავისთავად დიდ წარმატებას ნიშნავდა.
ნატალია პაპინაშვილი უკვე შემდგარი ბალეტის არტისტი იყო, როცა ვაგანოვას სახელობის საბალეტო აკადემიაში სტაჟირებაზე ჩაირიცხა, იმდროინდელ ლენინგრადის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში. მსოფლიოში სახელგანთქმულ აკადემიაში მოხვედრა ნებისმიერი მოცეკვავის ოცნება იყო, ფაქტი, რომლითაც ამაყობდნენ და ტრაბახობდნენ. თუმცა, ბალერინას სატრაბახოდ სად ეცალა, მშრომელი და მიზანდასახული ის მეტად მომთხოვნი იყო საკუთარი თავის მიმართ. ის არასდროს კმაყოფილდებოდა მიღწეული შედეგით, როგორც პერფექციონისტებს სჩვევიათ ხოლმე.
პეტერბურგში სწავლის პერიოდს ბალერინა ნოსტალგიით იხსენებდა. ნატალია პაპინაშვილის ჯგუფს ლეგენდარული ბალეტის არტისტი ნატალია დუდინსკაია ხელმძღვანელობდა, რომელმაც სახელი ასევე პედაგოგიური ოსტატობით გაითქვა. მასწავლებელ-მოსწავლის ურთიერთობა წლების მანძილზე მეგობრობაში გადაიზარდა და ნატალია დუდინსკაის სიცოცხლის ბოლომდე გაგრძელდა. ქართველი პრიმა-ბალერინა თავის პეტერბურგელ პედაგოგზე აღტაცებით და მოფერებით საუბრობდა.
ნევის სანაპიროებზე ცხოვრების და სწავლის პერიოდში ნატალია პაპინაშვილმა გაიცნო გენიალური მიხაილ ბარიშნიკოვი. მიშა, როგორც ნატალია იხსენებდა ბარიშნიკოვს, გამორჩეული პიროვნება და კარგი მეგობარი იყო.
სტაჟირების დასრულების შემდეგ ქართველი ბალერინა მშობლიურ თბილისში დაბრუნდა, სადაც მას დიდი სცენა ელოდა. ნატალია პაპინაშვილი 25 წელი ბრწყინავდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში წამყვან სოლისტად.
"პრიმა-ბლერინა ნატალია პაპინაშვილი საოცრად ცეკვავდა", — იხსენებს პარტნიორი ნიკოლოზ მახათელი, რომელიც 2000 წლიდან აშშ-ში წარმატებულად მოღვაწეობს.
ნიკოლოზ მახათელის მოგონებათა შორის ცოცხალია ნატალია პაპინაშვილის ტანდემი გენიალურ პედაგოგთან: "ნატალია ცეკვავდა ჭაბუკიანთან სპექტაკლ დემონში, მასთან ცეკვა კი პრაქტიკულად ვიზა იყო მსოფლიო ბალეტში.
ყოფილი კოლეგას, ნიალა გოძიაშვილის თქმით, ნატალია პაპინაშვილი გამოირჩეოდა ინდივიდუალურობით და მსახიობური ნიჭით, რამაც განაპირობა მისი პირველი როლი - ჯავარას პარტია გორდაში.
"მას ჰქონდა კარგი ნახტომი და ძლიერი საბალეტო ტექნიკა. ასევე, ნატაშა კარგი სოპრანოთი, ფართო დიაპაზონით გამოირჩეოდა. მისგან ძალიან კარგი მომღერალი დადგებოდა", — აღნიშნავს გოძიაშვილი.
ახალი ამპლუა
როგორც ცნობილია, ბალეტის არტისტების პროფესიული მოღვაწეობა ხანმოკლეა. ნატალია პაპინაშვილის ცხოვრებაშიც დადგა ეტაპი, როცა ის სცენას გამოემშვიდობა. თუმცა, ბალეტთან სამუდამოდ კავშირის გაწყვეტა მას არ სურდა, ამიტომაც 1985 წელს ის კიდევ ერთხელ გაემგზავრა პეტერბურგში რათა ალმა-მატერში შეესწავლა პედაგოგ–ბალეტმეისტერის კურსი და მოერგო ახალი ამპლუა.
90-იან წლებში ბალეტს საქართველოში სტაგნაციის პერიოდი დაუდგა. მაშინ, როცა ხალხი გადარჩენაზე ფიქრში ათენებდა ღამეებს, საბალეტო ხელოვნება და ბალეტის წარჩინებული წარმომადგენლები, გასაგები მიზეზების გამო, უბრალოდ არავის ახსოვდა.
ნატალია პაპინაშვილის მონაყოლიდან ირკვევა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მას ჰქონდა შესაძლებლობა გამგზავრებულიყო შტატებში და ამერიკული კარიერა აეწყო. ასევე ჰქონდა შემოთავაზება გაეგრძელებინა ბალეტის არტისტის კარიერა მარინის თეატრში. მან პეტერბურგის სცენას თბილისის სცენა არჩია. შტატებში არგამგზავრებას კი მარტივი ახსნა ჰქონდა — დედა, რომელსაც ის მარტოს ვერ დატოვებდა. ვერ დატოვა მთავარი გულშემატკივარი, რომელმაც ის მარტომ გაზარდა და მრავალი სირთულის მიუხედავად, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ პატარა ნატალის სცენაზე ებრწყინა. მარია შვილს ყოველთვის გვერდში ედგა და ეხმარებოდა. შესანიშნავად ფლობდა სამკერვალო ტექნიკას და მოცეკვავე შვილის სასცენო კოსტუმებსაც თავად კერავდა.
დედის გარდაცვალების შემდეგ ნატალია პაპინაშვილმა დატოვა სამშობლო და ნორვეგიაში გაეშურა, ქვეყანაში, სადაც საბალეტო ხელოვნება არც ისე განვითარებული იყო. ოსლოში რეპეტიტორობას ქართველი პედაგოგი დიდი ენთუზიაზმით შეუდგა. სასწავლებელში მან თორმეტი წელი იმუშავა, შემდეგ კი მოღვაწეობა ბარდარის აკადემიაში განაგრძო.
ნატალია პაპინაშვილი პირველი პედაგოგი იყო, ვინც ნორვეგიის დედაქალაქში კლასიკურ ბალეტის მოსწავლეებს ვაგანოვის მეთოდით შეასწავლიდა. ეს კი ნამდვილი სიახლე იყო მაშინდელი ოსლოსთვის, სადაც საბალეტო ხელოვნება პრაქტიკულად არ არსებობდა.
როგორც ყოფილი მოსწავლეები იხსენებენ, ქართველი მასწავლებელი არ იშურებდა საკუთარ ძალებს იმისათვის, რომ მათთვის ცოდნა გაეზიარებინა.
"ის განსაკუთრებული პედაგოგი იყო. ცოდნის მადანი. ერთი შეხედვით უმნიშვნელო წვრილმანებიც კი მისთვის დიდი მნიშვნელობას იძენდა. ის ბოლომდე გატაცებული იყო თავისი პროფესიით", — იხსენებს მისი ნამოწაფარი, ტატიანა სპარე, ბარდარ აკადემიის პედაგოგი.
"ნატალია გასაოცარი ბალეტის არტისტი, ფანტასტიკური მასწავლებელი და პიროვნება იყო. მან უდიდესი გავლენა იქონია ჩემს ცხოვრებაზე. მომცა ის საფუძვლიანი ცოდნა, რომელიც შემდგომში გამომადგა როგორც კარიერაში, ასევე ზოგადად ცხოვრებაში. რაც ვისწავლე და რასაც მივაღწიე, ნატალიას დამსახურებაა. ის ჩემთვის მეორე დედა იყო", — იხსენებს ლინ კრისტინ კლეპპე, მიხაილოვსკი თეატრის ყოფილი არტისტი სანქტ-პეტერბურგში.
ლინის თქმით, ქართველი პედაგოგი ყოველთვის გვერდში ედგა თავის მოსწავლეებს და არ ზოგავდა მათთვის ძალებს. "მოწაფეობის დროს მქონდა პერიოდები, როცა არ მქონდა ფული, რომ მევლო გაკვეთილებზე ნატალიასთან, მაგრამ მისთვის ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა. არც კი მაგრძნობინებდა, რომ ეს შეიძლება პრობლემა ყოფილიყო", — აღნიშნავს ლინ კრისტინე კლეპპე.
ნატალია პაპინაშვილის დახასიათება თვალსაჩინოა მისივე პედაგოგის ნატალია დუდინსკაიას წერილში, სადაც მან აღწერა ყოფილი მოსწავლის პროფესიულ თვისებებს მოწაფეობის დროს:
"ის იყო ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო სტუდენტი: ნიჭიერი, შრომისმოყვარე, მუსიკალური და არტისტული".
წერილში დუდინსკაიამ აგრეთვე აღნიშნა პაპინაშვილის წარმატებულ თანამშრომლობა ვირტუოზ ვახტანგ ჭაბუკიანთან, 25-წლიანი კარიერა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, და ხაზგასმით გამოყო მისი პედაგოგიური ნიჭი. ოსლოში ვიზიტის დროს დუდინსკაიამ იხილა ყოფილი მოწაფის შრომის შედეგი პედაგოგიური კუთხით.
"ვაგანოვის სისტემის მიხედვით მუშაობისას ნატალია პაპინაშვილმა საკუთარი ნიჭი წარმოაჩინა", — წერდა ნატალია დუდინსკაია.
დღეს ქართველი პედაგოგის ყოფილი მოსწავლეები წარმატებული ბალეტის არტისტები და პედაგოგები არიან. ზოგიერთი კი ხელოვნების სასწავლებლებს ხელმძღვანელობს.
კლასიკური ბალეტი ვაგანოვის მეთოდით ოსლოში ცნობილ ნორვეგიული ბალეტის სკოლაში ისწავლება. მისი ხელმძღვანელი ირენ იანსონი ამბობს, რომ ნატალია არის ძირითადი მიზეზი იმისა, რომ მას დღეს ბალეტის სკოლა აქვს.
ნატალია პაპინაშვილის ნორვეგიაში გამგზავრება სწორედ ირენის ოჯახს უკავშირდება. ირენის და ჰეიდი სწავლობდა ვაგანოვის აკადემიაში ნატალია დუდინსკაიას კლასში. მათ ერთმანეთი 1989 წელს გაიცნეს, როცა ნატალია ბალეტმეისტერ-პედაგოგის ცოდნას ეუფლებოდა. ნორვეგიაში დაბრუნებისას ჰეიდი გაესაუბრა თავის მშობლებს, რომლის შედეგად გადაწყდა, რომ ოსლოში აუცილებლად უნდა მიეწვიათ პროფესიონალი პედაგოგი, რომელიც მსურველებს ასწავლიდა ვაგანოვას სისტემით.
ოსლოში ქართველი პედაგოგი ყველანაირად ცდილობდა კლასიკური ბალეტის პოპულარიზაციას. ამაში მას ხელს უწყობდნენ სირის და ირენის მშობლები. ოივინდ იოჰანსენი ბალეტის ხელოვნების დიდი მოტრფიალე გახლავთ. 90-იანებში ოთხი წლის განმავლობაში ოსლოში ჩატარდა გალა-კონცერტების ციკლი სახელგანთქმული ბალეტის არტისტების მონაწილეობით. ამ კონცერტების ორგანიზატორები ირენის მშობლები იყვნენ.
1990-იანებში ნატალია პაპინაშვილი მასტერ-კლასებით ეწვია აშშ-ს და კანადას. 1993 წელს ფრენსის ცინცერეტის მიწვევით ჩაატარა გაკვეთილები ამსტერდამის ხელოვნების სკოლაში. ქართველი პედაგოგის პროფესიონალიზმი ცინცერეტიმ ოფიციალურ წერილში აღნიშნა.
როგორც ირკვევა, ქართველ პედაგოგს ჰქონდა სამსახურის შემოთავაზებები სხვა ქვეყნებში, თუმცა, ის მხოლოდ მასტერ-კლასებზე იყო თანახმა.
ირენი იხსენებს 1994 წელს, როცა მიხაილ ბარიშნიკოვი კონცერტით ეწვია ოსლოს:
"ჩვენ გადავწყვიტეთ სიურპრიზი მოგვეწყო ბარიშნიკოვისთვის და კონცერტის მერე საგრიმიოროში მივიყვანეთ ნატალია. უნდა გენახათ ეს სცენა. ბარიშნიკოვს მოულოდნელობისაგან ლამის გულის შეტევა დაემართა. ის ძალიან ბედნიერი იყო ნატალიას ნახვით".
ნატალია პაპინაშვილის თქმით, ბარიშნიკოვმა მას აშშ-ში ერთად დაბრუნება შესთავაზა, რაზე ის არ დათანხმდა.
მან გული ბალეტს მიუძღვნა და ბოლომდე მისი ერთგული დარჩა.
2020 წლის 6 მარტს გახდა ცნობილი ოსლოში ნატალია პაპინაშვილის გარდაცვალების შესახებ. ოფიციალური მონაცემებით, ნატალია პაპინაშვილს ერთ თვეში 75 წელი უნდა შესრულებოდა. მოსწავლეები გახსენებით, მათ ქართველ პედაგოგს დაბადების მოწმობაში არასწორი წელი ეწერა. შესწორებული თარიღის იდეა კი თვით ვახტანგ ჭაბუკიანს ეკუთვნოდა. იმისათვის რომ ნატალია პაპინაშვილი დაეშვათ გასტროლებზე, დიდმა პედაგოგმა მას დაბადების თარიღი გადააკეთებინა და ორი წელი მოუმატა.
გასაგები მიზეზების გამო ქართული ბალეტის ვარსკვლავის და ოსლოში ცნობილი პედაგოგის ნატალია პაპინაშვილის გამოსამშვიდობებელი ცერემონია 31 მარტს გაიმართა, სადაც ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციის გამო მკაცრად შეზღუდული ადამიანების რაოდენობა (მხოლოდ 25 ადამიანი) დაუშვეს. ჩაკეტილი საზღვრების და ქვეყანაში დადგენილი შეზღუდვების გამო ცერემონიალს ბევრი ვერ დაესწრო, რომელთა ნაწილი საქართველოში და ნორვეგიაში, ნაწილი კი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობს.
ნათესავები, მეგობრები, კოლეგები და მოსწავლეები დღემდე ელოდებიან ნატალია პაპინაშვილის ფერფლის გადმოსვენებას და დაკრძალვას თბილისში.
კომენტარები