ყველაფერი, რაც გენმოდიფიცირებული საკვების შესახებ უნდა იცოდეთ

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

რა არის გენეტიკურად მოდიფიცირებული საკვები?

გენეტიკურად მოდიფიცირებული საკვები არის საკვები, რომელიც წარმოებულია იმ მცენარეებისგან ან ცხოველებისგან, რომელთა დნმ-იც გენური ინჟინერიის გზით შეიცვალა. ასეთ ორგანიზმებს მოკლედ გმო-ებსაც უწოდებენ.

გენური ინჟინერია ორგანიზმის გენების პირდაპირ მანიპულაციას გულისხმობს; მაგალითად, სხვა ორგანიზმის დნმ-ის გადანერგვის გზით. ეს პროცესი განსხვავდება მცენარეების და ცხოველების ახალი ჯიშების მისაღები შერჩევითი გამოყვანისგან, რადგან პირდაპირ, მოლეკულურ დონეზე ხდება გენში ჩარევა. აშშ-ში გენმოდიფიცირებული საკვები 1994 წლიდან არსებობს, როდესაც ბაზარზე Flavr Savr ბრენდის პომიდვრები გაჩნდა, რომლებიც სპეციალურად შეიმუშავეს, რათა ნელა დამწიფებულიყო.

გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმის ერთი კონკრეტული ტიპი არ არსებობს — გენური ინჟინერია ინსტრუმენტია, რომლის გამოყენება მრავალი მიზნისთვის შეიძლება. მაგალითად, აშშ-ში წარმოებული სიმინდის და სოიოს უმეტესობა გენეტიკურად მოდიფიცირებულია, რომ გაუძლოს ჰერბიციდებს. შესაბამისად, უფრო მარტივია მინდვრების მორწყვა სარეველას მკვლელი სითხეებით. ასევე, არსებობს მარცვლეული, რომელიც მავნებლებს უძლებს. თუმცა, გენური ინჟინერიით შეიძლება ისეთი მარცვლეულის გამოყვანა, რომელიც გვალვას გადაიტანს და ისეთი საკვების შექმნაც, რომელიც ჩვეულებრივზე მეტად სასარგებლო იქნება.

ზოგადად მიღებული სამეცნიერო კონსენსუსით, ამჟამად ბაზარზე არსებული გენმოდიფიცირებული საკვები ადამიანის ორგანიზმისთვის რამე სახის დამატებით საფრთხეს არ შეიცავს. თუმცა მაინც, გმო-საკვები დავის საგანია. ოპონენტები ამტკიცებენ, რომ გენმოდიფიცირებული ორგანიზმები ქიმიური ჰერბიციდების გადამეტებულ გამოყენებას შეუწყობენ ხელს. ასევე, მათ აქვთ პრობლემა იმ ფაქტთან, რომ გმ-ორგანიზმები დიდ კორპორაციებს აქვთ დაპატენტებული.

და მაინც, როგორ აკეთებენ ორგანიზმების გენების მოდიფიცირებას?

წარმოვიდგინოთ, რომ მკვლევარებს სურდათ გენური ინჟინერიით შეექმნათ სიმინდი, რომელიც მავნებლებს გაუძლებდა. აი მათი ქმედებების ძალიან გამარტივებული ჩამონათვალი:

1. პირველ რიგში, მეცნიერებმა უნდა იპოვონ იმ თვისების მქონე ორგანიზმი, რა თვისებაც სურთ, რომ მათ სიმინდს ჰქონდეს. ჩვენს მაგალითში, მათ მიაგნეს პროტეინს ნიადაგის Bt-ბაქტერიაში, რომელიც კლავს სიმინდის ხოჭოს მსგავს მავნებლებს და, თანაც, ძუძუმწოვრებისთვის უსაფრთხოა (ფერმერები ათწლეულებია, რაც Bt-ს იყენებენ შესაწამლად).

2. შემდეგ, ისინი ამოიღებენ დნმ-ს ნიადაგის ბაქტერიისგან. ამის მრავალი მეთოდი არსებობს.

3. ცხადია, მეცნიერებს არ სჭირდებათ ბაქტერიის მთლიანი გენომი, მათ მხოლოდ კონკრეტული გენი აინტერესებთ, რომელიც მავნებლების მკვლელი Bt-პროტეინის წარმოებას განაგებს. ამიტომ, ისინი იწყებენ ე.წ. გენის კლონირების პროცესს, რათა მოახდინონ Bt-გენის იზოლირება და მისი მრავალი ასლის შექმნა.

4. შემდეგ, მეცნიერებმა შესაძლოა გადაწყვიტონ, რომ ამ გენის შეცვლა სურთ. ეს სპეციალური დანადგარის დახმარებით ხდება, რომელიც გენს ფერმენტებით ხლეჩს და მხოლოდ კონკრეტულ ადგილებს აღადგენს. მაგალითად, ამ მეთოდით შეიძლება მიიღონ ისეთი გენი, რომელიც მხოლოდ მწვანე ფოთლებს გამოამუშავებინებს მკვლელ პროტეინს.

Bt-გენის ჩასმა სიმინდის დნმ-ში

Bt-გენის ჩასმა სიმინდის დნმ-ში

ფოტო: On.ge

5. ახლად შექმნილი “ტრანსგენი” უკვე მზადაა სიმინდის დნმ-ში მოსახვედრად. ამის რამდენიმე გზა არსებობს. თუმცა, შესაძლოა, პროცესის განმეორება რამდენიმე ასეულჯერ იყოს საჭირო, სანამ ტრანსგენი წარმატებით “ჩაჯდება” სიმინდის დნმ-ში.

6. როდესც Bt-გენი წარმატებით მოხვდება სიმინდის უჯრედში და ამ უჯრედებიდან ახალ მცენარეს გამოზრდიან, გენური ინჟინერია დასრულებულია. ამის შემდეგ, ახალი სიმინდი სხვა სპეციალისტებს გადაეცემათ, რომლებიც უფრო ტრადიციული გზით, სხვა სიმინდებთან შეჯვარებით, დამატებით თვისებებს გამოიყვანენ.

რა განსხვავებაა გმო-სგან მიღებულ საკვებსა და ჩვეულებრივ საკვებს შორის?

კარგი იქნება, განვასხვავოთ გენური ინჟინერია საკვების წარმოების ტრადიციული მეთოდებისგან.

ადამიანები ათეულობით ათასი წელია, შერჩევით და ხელოვნურად აჯვარებენ მცენარეებსა და ცხოველებს სასურველი თვისებების მქონე ჯიშების მისაღებად. მაგალითად, დღევანდელი სიმინდი ფერმერებმა და მეცნიერებმა ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე ჩამოაყალიბეს, რათა ყოფილიყო უფრო დიდი, ყოველ თავთავს ჰქონოდა უფრო მეტი მარცვალი და გაზრდილიყო სხვადასხვა კლიმატურ პირობებში. ცხადია, სიმინდის გენი ამ პროცესმაც მნიშვნელოვნად შეცვალა. მაგრამ როგორც წესი, ამას “გენურ ინჟინერიად” არ თვლიან.

გენური ინჟინერია, ჯიშის გამოყვანისგან განსხვავებით, დნმ-ის მანიპულირებას პირდაპირ ახდენს და მხოლოდ 1970-იანი წლებიდან გახდა შესაძლებელი. როგორც წესი, არსებობს ორი განსხვავებული მეთოდი: 1) ცისგენოზი, რომელიც ისეთი ორგანიზმების გენების “გაცვლას” გულისხმობს, როგორებიც ისედაც შეჯვარდებოდნენ (მაგალითად, ერთი ხორბლის მეორე ხორბალთან); და 2) ტრანსგენოზი, რომლის დროსაც, სასურველი თვისებების მისაღებად, კარგად გამოკვეთილი გენების გადატანა ერთი სახეობიდან მეორეში ხდება (როგორც ჩვენს მაგალითში იყო — ბაქტერიიდან სიმინდზე).

საბოლოოდ, გენური ინჟინერია იმავე მიზნის მიღწევას ცდილობს, რასაც ჯიშის ტრადიციული გამოყვანა — შექმნას სასურველი თვისებების მქონე მცენარეები და ცხოველები. მაგრამ გენური ინჟინერია უფრო დეტალური კონტროლის საშუალებას იძლევა. ასევე, იგი უფრო სწრაფია, ვიდრე ტრადიციულად გამოყვანა და ისეთ სახეობებს აცვლევინებს გენებს, რომლებიც სხვანაირად არ იქნებოდნენ თავსებადი.

კიდევ რატომ ქმნიან გენეტიკურად მოდიფიცირებულ საკვებს?

გარდა გამძლეობისა, გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესაქმნელად სხვა მიზეზებიც არსებობს. მაგალითად, ე.წ. ოქროს ბრინჯი ხელოვნურად გაამდიდრეს ბეტა-კაროტინით, რათა ისეთ ქვეყნებში, როგორიც ფილიპინებია, ვიტამინის ნაკლებობა დაეძლიათ. (თუმცა, ამ ეტაპზე, ოქროს ბრინჯი საწყის ეტაპზეა და ოპოზიციისგან წინააღმდეგობაც შეხვდა)

გენური ინჟინერია არ არის ერთი კონკრეტული მიზნის მისაღწევი საშუალება, იგი ბევრი ფუნქციით გამოიყენება. პრაქტიკაში ყველაზე ხშირად, ამ მეთოდს Monsanto-ს მსგავსი დიდი ბიოტექნოლოგიური კომპანიები, კომერციული მიზნებისთვის მიმართავენ. ამავე დროს, აკადემიური წრეები, მაგალითად UC Davis-ის მკვლევარი პამელა როლანდი და სხვები, მუშაობენ გენმოდიფიცირების გზით ისეთი კულტურების შექმნაზე, რომლებიც მსოფლიო შიმშილის დაძლევაში დაგვეხმარება.

გენმოდიფიცირებული საკვების ჭამა უსაფრთხოა?

ჯერჯერობით არ არსებობს მტკიცებულება, რომ გმო-შემცველი საკვები ჩვეულებრივ საკვებზე საზიანოა.

გავრცელებული შეხედულება უსაფრთხოებაზე ასეთია:

უკვე ათწლეულებია, მსოფლის გარშემო მილიარდობით ადამიანი მიირთმევს გენმოდიფიცირებულ საჭმელს ყოველგვარი შემჩნევადი გვერდითი ეფექტების გარეშე. ასევე, მრავალი სამეცნიერო კვლევა ადგენს, რომ ამჟამად ბაზარზე არსებული გმ-მარცვლეული არ შეიცავს ჯანმრთელობისთვის იმაზე მეტ საფრთხეს, ვიდრე — ჩვეულებრივი.

აი რა განაცხადა სამეცნიერო წინსვლის ამერიკულმა ასოციაციამ (AAAS) 2012 წელს: “მეცნიერება ცხადად ადგენს: მარცვლეულის გაუმჯობესება ბიოტექნოლოგიის თანამედროვე მოლეკულური მეთოდებით უსაფრთხოა”.

ასევე, 2010-ში ევროკომისიამ შეისწავლა ათწლეულის მანძილზე ნაგროვები დამოუკიდებელი კვლევების მასალები და დაასკვნა, რომ “გმო-მეთოდი არ არის გამოყვანის ტრადიციულ მეთოდებზე სარისკო”.

რას ნიშნავს ეს: ჯიშების ტრადიციული გამოყვანით ცხოველების და მცენარეების გენები დიდი ხანია იცვლება და ეს საკმაოდ “ჭუჭყიანი” პროცესია. შემთხვევითი მუტაციის და მოულოდნელი შედეგების რისკი ყოველთვის არსებობს. მაგალითად, მარცვლეულის სპეციალისტები დიდი ხანია იყენებენ რადიაციას, რათა გამოიწვიონ მუტაცია და გაზარდონ სასურველი თვისებების მიღების შანსი.

ამიტომ, მეცნიერთა დასკვნების უმეტესობა ამბობს, რომ როდესაც საუბარია უსაფრთხო საკვებზე, გენების შესაცვლელად გენური ინჟინერიის გამოყენება არ არის იმაზე სარისკო, ვიდრე გამოყვანის ტრადიციული მეთოდებია.

განსხვავებული აზრი

მეცნიერთა უმრავლესობა დაჟინებით ამტკიცებს, რომ გმო-ს შემცველი საკვების უსაფრთხოდ გამოცხადებამდე, უფრო მეტი კვლევაა საჭირო. ისინი თვლიან, რომ გენურ ინჟინერიას შეიძლება მოჰყვებოდეს ისეთი თანმდევი მოვლენები, როგორიც მეცნიერებს ჯერ არ უპოვიათ.

მაგალითად, AAAS-ს განცხადების საპირისპიროდ, 21 მკვლევარი ამტკიცებს, რომ ჰერბიციდების მომატებულად გამოყენებას შეიძლება ისეთი გავლენა ჰქონდეს ჯანმრთელობაზე, რომელზეც ჯერ არც კი გვსმენია. (აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პესტიციდებს “ჩვეულებრივ” მარცვლეულზეც იყენებენ. ასერომ, მხოლოდ “გმო”-იარლიყის არსებობა, სრულად არ გაძლევთ საჭირო ინფორმაციას).

ალერგიები

კიდევ ერთი ხშირი შეკითხვა ალერგიებს ეხება. დნმ-ის ერთი ორგანიზმიდან მეორეში გადატანით, შესაძლოა, საკვებში ახალი ალერგენები გამოჩნდეს. კომპანიები ხშირად ტესტავენ ახალ პროდუქტებს ალერგენებზე, მაგრამ მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ ყველა უცნობ ალერგენზე შემოწმება, შეუძლებელია.

და გარემოზე რა გავლენა აქვს გენმოდიფიცირებულ მარცვლეულს?

სამწუხაროდ, ამ თემაზე მარტივი პასუხი არ არსებობს, რადგან მეტწილად ეს თავად მარცვლეულზე და მათ გამოყენებაზეა დამოკიდებული.

ზოგ შემთხვევაში, გმ-მარცვლეული ფერმერებს საშუალებას აძლევს, ნაკლები ინსექტიციდი გამოიყენონ. სხვა დროს, შეიძლება ამან ჰერბიციდების მეტად გამოყენებას შეუწყოს ხელი. ბევრი სამეცნიერო ორგანიზაცია არ არის დარწმუნებული, რომ გმ-საკვები რამე განსაკუთრებულ საფრთხეს შეიცავენ გარემოსთვის, თუ მათი გამოყენება ფრთხილად მოხდება.

არსებობს სხვა რისკებიც: სამხრეთ ამერიკაში მონარქი პეპლების შემცირებას, ჰერბიციდ-გამძლე მარცვლეულზე ჰერბიციდების გადამეტებულ გამოყენებას უკავშირებენ. ასევე, არსებობს რისკი, რომ გენმოდიფიცირებული და საცდელ ფაზაში მყოფი ორგანიზმები, შემთხვევით, ბუნებაში მოხვდებიან. როგორც, სავარაუდოდ, ეს მოხდა 2013-ში, როდესაც დაუსრულებელი გმ-ხორბლის ჯიში ორეგონის მინდვრებში აღმოაჩინეს.

რამდენად გავრცელებულია გენმოდიფიცირებული საკვები?

აშშ-ში გენმოდიფიცირებული მარცვლეული ძალიან გავრცელებულია. იქ დათესილი სიმინდის და სოიოს 93 პროცენტზე მეტი, გენური ინჟინერიით არის გამოყვანილი. მათი უმეტესობა საბოლოოდ ცხოველთა საკვები, ეთანოლი ან სიმინდის სიროფი ხდება; სიმინდის სიროფი კი ძალიან ბევრი პროდუქტის შემადგენელია. ასევე, ყველაზე ხშირად გმო-ა ბამბა, შაქრის ჭარხალი და კანოლა. მიახლოებით, მაღაზიებში წარმოდგენილი დამუშავებული საკვების 60-დან 70 პროცენტამდე რამე ფორმის გენმოდიფიცირებულ ინგრედიენტს შეიცავს.

ცხოველები კი სხვა თემაა. დღეს არ არსებობს გენეტიკურად მოდიფიცირებული არცერთი ჯიშის ცხოველი, რომლის წარმოება და გაყიდვა ნებადართულია. თუმცა, ერთი ტიპის გმ-ორაგული ამჟამად FDA-სგან (აშშ-ს საკვების და წამლების ადმინისტრაცია) ნებართვას უკვე ელოდება. ასევე, კომპანიებს გამოუყენებიათ გენური ინჟინერია, ყველის და რძის წარმოებაში საჭირო სხვადასხვა ფერმენტების და ჰორმონების შესაქმნელად.

მსოფლიოს გარშემო, გმ-მარცვლეულის უდიდეს ნაწილს მხოლოდ ხუთი ქვეყანა აწარმოებს: ამერიკის შეერთებული შტატები, არგენტინა, ბრაზილია, კანადა და ინდოეთი. 2013 წელს, მსოფლიოს სახნავ-სათესი მიწების 12 პროცენტზე გენმოდიფიცირებული მარცვლეული იზრდებოდა. თუმცა, გავრცელების ტემპი ბოლო პერიოდში მცირდება. აქ არის იმ ქვეყნების სრული სია, სადაც გმ-მარცვლეული იზრდება.

როგორ ხდება გმო-ს შემცველი პროდუქციის რეგულირება?

აშშ-ში, გენმოდიფიცირებულ მარცვლეულს სამი სხვადასხვა სააგენტო არეგულირებს. ყველაზე დიდი ყურადღება FDA-ს საქმიანობას ექცევა ხოლმე. გმო-საკვების მარეგულირებელი კონკრეტული კანონი არ არსებობს, თუმცა, შექმნილია ნებაყოფლობითი “კონსულტაციის” პროცესი კომპანიებისთვის, ვისაც გენმოდიფიცირებული მარცვლეულის გაყიდვა სურს. ეს უკანასკნელნი ატარებენ უსაფრთხოების შეფასების პროცედურებს, სადაც ისაზღვრება, ახალი ორგანიზმი ხომ არ შეიცავს ტოქსიკურ ან ალერგიის გამომწვევ ნივთიერებებს. FDA-ს მეცნიერები კი გამოითხოვენ ხოლმე დამატებით ინფორმაციას ან ნიშნავენ დამატებით ტესტებს. სადღეისოდ, ეს პროცესი 96 ტიპის მარცვლეულმა გაიარა.

კრიტიკოსები ყურადღებას ამახვილებენ იმ ფაქტზე, რომ ეს პროცესი ნებაყოფლობითია და არ არსებობს კანონი, რომელიც კონკრეტული ტიპის ტესტებს ითხოვს. ბიოტექნოლოგიური კომპანიები კი ხშირად ახსენებენ, რომ რეალურად FDA-ს რეგულაცია არც ისე “ნებაყოფლობითია”. ისინი უამრავ ცდას ატარებენ და სააგენტოს ყველა მოთხოვნილი მონაცემით უზრუნველყოფენ.

უნდა აღინიშნოს, რომ გმ-საკვებზე ევროკავშირს გაცილებით მკაცრი პოლიტიკა აქვს ჯერკიდევ 2003 წლიდან. კანონის მიხედვით, ბაზარზე გასვლამდე, ყველა გენმოდიფიცირებულმა პროდუქტმა მკაცრი შემოწმება უნდა გაიაროს. ნებართვის მიღების შემდეგაც, ცალკეულ ქვეყნებს მაინც აქვთ მათი აკრძალვის უფლება. შესაბამისად, ევროპაში, აშშ-სთან შედარებით, ბევრად ნაკლები გმ-მარცვლეული და საკვებია.

საქართველოში გმო-პროდუქციის რეგულირებას სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს. ჩვენი კანონმდებლობით, გმო-ინგრედიენტების შემცველი პროდუქციის შემოტანა დაშვებულია, მაგრამ გენმოდიფიცირებული თესლის შეძენა ფერმერებს აკრძალული აქვთ.

როგორ ხდება გმო-ს შემცველი პროდუქტების აღნიშვნა?

აშშ-ში კომპანიები თავად წყვეტენ, სურთ თუ არა, რომ მათ პროდუქციაში გმო-ს შემცველობა გაამჟღავნონ. მაგრამ ეს მალე შეიცვლება.

2014 წლის აპრილში, ვერმონტის საკანონმდებლო ორგანომ მიიღო პირველი კანონი, რომელიც ავალდებულებდა კომპანიებს, დაეტანათ ეტიკეტზე გმო-ს შემცველობის მანიშნებელი წარწერა. კანონი ძალაში 2016 წლის 1-ლი ივლისიდან შევა, თუმცა საკვების მწარმოებელი კომპანიები მის გასაჩივრებას აპირებენ.

ჯერჯერობით უცნობია, შეძლებს თუ არა მხოლოდ ვერმონტი, აიძულოს ამერიკულ კომპანიებს, აღნიშნონ საკვებში გმო-ს არსებობა. ეს შტატი იმდენად პატარაა, რომ ზოგი ფირმა უბრალოდ შეწყვეტს იქ ასეთი პროდუქტების გაყიდვას. თუმცა, უკანასკნელ წლებში, სხვა შტატებშიც მიმდინარეობს საუბარი მსგავსი კანონის მიღებაზე.

არგუმენტები სავალდებულო მანიშნებლის მოთხოვნაზე:

სავალდებულო წარწერის კანონის მხარდამჭერები, მათ შორის, ნატურალური საკვების მწარმოებლები და აქტივისტები ამტკიცებენ, რომ ხალხს აქვს უფლება იცოდეს, რას შეიცავს საკვები. გენმოდიფიცირების ზოგიერთი კრიტიკოსი, მაგალითად ტომ ფილპოტი თვლის, რომ ამ კანონების შემოღება, ხელს შეუწყობს იმ ინდუსტრიის მეტ გამჭვირვალობას, სადაც ამჟამად Monsanto-ს და Dupont-ის მსგავსი რამდენიმე დიდი კორპორაციაა დომინანტი მოთამაშე.

არგუმენტები სავალდებულო მანიშნებლის საწინააღმდეგოდ:

კანონის მოწინააღმდეგეები, სხვადასხვა ბიოტექტნოლოგიური გიგანტების ჩათვლით, მიიჩნევენ, რომ სავალდებულო წარწერები ფასების მატებას და საკვები კომპანიების წინააღმდეგ არასერიოზულ სასამართლო დავებს გამოიწვევს.

ზოგი მეცნიერი ამტკიცებს, რომ წარწერების კანონმა შესაძლოა იმაზე მეტად მოახდინოს გენმოდიფიცირებული საკვების დემონიზება, ვიდრე ამის რეალური მიზეზი არსებობს. UC Berkeley-ს პროფესორი დავიდ ზილბერმანი თვლის, რომ წარწერები “სტიგმის ეფექტს გამოიწვევს”, რაც შეაფერხებს გმ-საკვების კვლევებს, მისი სარგებლიანობის გაზრდის ან კლიმატის ცვლილების გავლენის დაძლევის მიმართულებით.

ამჟამად მსოფლიოში 64 ქვეყანა კრძალავს გმო-პროდუქციის გაყიდვას შეფუთვაზე შესაბამისი აღნიშვნის გარეშე. მათ შორის არიან იაპონია, მალაიზია, ახალი ზელანდია და ავსტრალია.

წარწერის კანონის რამდენიმე კვლევამ ნიდერლანდებსა და ჩინეთში აჩვენა, რომ ასეთ მიდგომას დიდად არ შეუცვლია მომხმარებლის ქცევა. თუმცა, 1997 წელს ევროკავშირის მიღებული იმავე კანონის შემდეგ, ევროპის ბევრმა ბიზნესმა საერთოდ ამოიღო გენმოდიფიცირებული ინგრედიენტების შემცველი პროდუქტები საკუთარი თაროებიდან.

საქართველოში 2015 წლის 1-ლი ივლისიდან მოქმედებს კანონი "სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტების ეტიკეტირების შესახებ", რომლის მიზანია, მომხმარებელს ინფორმაცია მიაწოდოს არსებობს თუ არა მის სასურველ პროდუქტში გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმები.

კანონის მიხედვით, იმპორტიორი ან მწარმოებელი ვალდებულია, საქართველოს ტერიტორიაზე გასაყიდი პროდუქციის ეტიკეტზე მიუთითოს ცხადი და ადვილად შესამჩნევი აღნიშვნა "გმო", თუ საკვებში გმო-ს შემცველი ინგრედიენტის მოცულობა მთლიანი მასის 0,9 პროცენტზე მეტია.

შეიძლება გმო-ს დაპატენტება?

კი. 1980 წელს, აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ, დაიმონდი ჩაკრაბარტის წინააღმდეგ საქმის განხილვისას განსაზღვრა, რომ გენეტიკურად მოდიფიცირებული ცოცხალი ორგანიზმი დაპატენტებადია.

როგორც წესი, გმ-თესლის შემსყიდველი ვალდებულოა, დაემორჩილოს კონკრეტულ შეზღუდვებს. მაგალითად, ფერმერები, რომლებიც გენმოდიფიცირებულ, ჰერბიციდ-გამძლე სოიოს მარცვლებს ყიდულობენ, ხელს აწერენ კონტრაქტს, რომ ისინი მხოლოდ ერთხელ დასათესად გამოიყენებენ ამ მარცვლებს და, განმეორებით დასათესად, არ ამოიღებენ თესლს მიღებული მოსავლისგან.

კომპანიები აცხადებენ, რომ პატენტები ინოვაციების ხელშესაწყობად აუცილებელია. მოწინააღმდეგეები კი თვლიან, რომ პატენტების სისტემა თესლის მწარმოებელ კომპანიებს ბაზარზე არაპროპორციულ ძალაუფლებას აძლევს — ამჟამად, 10 ყველაზე დიდი კომპანია, ინდუსტრიის 73 პროცენტს აკონტროლებს.

ვინ იგებს გმო-ტექნოლოგიით?

2012 წელს გაკეთებული გათვლით, გენმოდიფიცირებული მარცვლეულის მსოფლიო ბაზარი 14,8 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა.

ინფორმაცია ამ ფულის განაწილების შესახებ, განსხვავებულია. 2010 წელს გამოქვეყნებული კვლევა ძალიან მიახლოებით ასკვნიდა, რომ ჯამური ეკონომიკური მოგების ერთი მესამედი, თესლის და ქიმიკატების მწარმოებელ კომპანიებს მისდიოდათ. მეორე მესამედი — ამერიკელ ფერმერებს რჩებოდათ. დარჩენილი კი — აშშ-ს და მსოფლიოს მომხმარებლებს. აი, რა იგულისხმებოდა ამაში დეტალურად:

თესლის და ქიმიკატების მწარმოებელი კომპანიები: ცხადია, ბიოტექნოლოგიური კომპანიები ამ ინდუსტრიისგან დიდ შემოსავალს ღებულობენ. და ამაში დიდ როლს თესლის და გმო-ს დაპატენტების საშუალება თამაშობს. მაგალითად, Monstanto ფერმერებზე სიმინდის და სოიოს მარცვლებს ყიდის; და მათ ყოველ წელს უხდებათ შენაძენის გაკეთება, ყოველი ახალი მოსავლისთვის.

ამერიკელი ფერმერები: როგორც წესი, ფერმერები გენმოდიფიცირებულ თესლში უფრო მეტს იხდიან, ვიდრე — ჩვეულებრივში. თუმცა, გრძელვადიან პერსპექტივაში, ეს ახალი ჯიშის მარცვლეული მათ ფულს და დროს უზოგავს. მაგალითად, პესტიციდების და ნიადაგის მოხვნის საჭიროების შემცირებით; ან, მოსავლის დაზიანების შანსების კლებით. ასევე ცნობილია, რომ გმ-მარცვლეულის მოყვანით დაკავებული ფერმერები, მოსავლის დაზღვევაზე ფასდაკლებებს ღებულობენ.

ამერიკელი მომხმარებლები: თეორიულად, გენმოდიფიცირებული მარცვლეული საკვების ფასს უნდა ამცირებდეს, თუ იგი ფერმერს წარმოების ხარჯს უმცირებს და საკვების მარაგს მარტივად ზრდის. თუმცა ჯერჯერობით, ეს ეფექტი მინიმალურია: ეროვნულმა კვლევითმა საბჭომ 2010 წელს დაადგინა, რომ გმ-მარცვლეულმა საქონლის ფასი მხოლოდ 2 პროცენტით შეამცირა.

განვითარებადი ქვეყნების მომხმარებლები: კვლევები განვითარებად ქვეყნებში გმ-საკვების საფასო გავლენაზე, ბუნდოვანია. PG Economics-ის ერთი კვლევის მიხედვით, გმ-მარცვლეულმა ასეთი ქვეყნების შემოსავალი 2010 წელს $7 მილიარდით გაზარდა; თუმცა, ამ თემაზე კვლავ ბევრია გასარკვევი.

აუცილებელია გმო-საკვების არსებობა სამყაროს დასაპურებლად?

ამ კითხვაზე მარტივი პასუხი არ არსებობს. გმ-საკვების მომხრეები ამბობენ, რომ დედამიწის მოსახლეობა 2050 წლისთვის 9,6 მილიარდამდე გაიზრდება და ამ მომენტისთვის, ადამიანებს უნდა შეეძლოთ ყველანაირი ტექნოლოგიური მიღწევის გამოყენება, რათა გაზარდონ მარცვლეულის მოსავლიანობა და არავინ დარჩეს საკვების გარეშე.

სხვები კი, მაგალითად, ჯონ ფოლი მინესოტას უნივერსიტეტიდან, ამტკიცებენ, რომ ყველასთვის სამყოფი საკვების მოპოვების სხვა გზებიც არსებობს. მაგალითად ისეთები, როგორიცაა დანაკარგის მინიმუმამდე დაყვანა საკვების წარმოება-მოხმარებისას ან, ღარიბი ქვეყნების ფერმერების სასუქით და თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიებით უზრუნველყოფა.

ასევე, მიდის დავა იმის შესახებ, თუ რეალურად რამდენად გაზარდა გენურმა ინჟინერიამ მარცვლეულის მოსავალი. ბიოტექნოლოგიური კომპანიების მიერ დაკვეთილი 2010 წლის კვლევა ამტკიცებს, რომ გმ-ტექნოლოგია ფერმერებს საშუალებას აძლევს, ერთი ზომის მიწის ნაკვეთზე უფრო მეტი მოსავალი მიიღოს, რადგან გმ-თესლები სარეველებთან გამკლავებას ამარტივებს. თუმცა, ამას ყველა არ ეთანხმება. Union of Concerned Scientists-ის მიერ 2009 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში “ჩავარდნილი მოსავალი” ნათქვამია, რომ მოსავლიანობის ზრდის გამომწვევი, ტრადიციული მეურნეობის გაუმჯობესებული მეთოდებია და არა — გენური ინჟინერია.


დისკუსია: რა დამოკიდებულება გაქვთ გმ-საკვების მოხმარებასთან დაკავშირებით?

კვირის ტოპ-5

  1. საახალწლო საჩუქრები — ქართული სოციალური საწარმოები, რომელთა პროდუქტებითაც ნებისმიერს გაახარებთ
  2. ოქსფორდის წლის სიტყვად "ტვინის ლპობა" დასახელდა — აი, რას ნიშნავს ეს
  3. მითია თუ რეალობა? — ქვიზი 1956 წლის რეპრესიებზე
  4. ქვიზი: მოგვიყევი შენს მეგობარზე და გეტყვით, რა აჩუქო ახალ წელს
  5. საბა 2024-ის გამარჯვებულები

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

"ხორუმით ევროპისკენ" – ამ ლოზუნგით ფილარმონიიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით მოცეკვავეები ხორუმის მწკრივით მსვლელობას მართავენ

"ხორუმით ევროპისკენ" - ამ ლოზუნგით ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიიდან ქართველი მოცეკვავეები…