პირველ თებერვალს მიანმარში სამხედრო გადატრიალება მოხდა და ძალაუფლება მთავარსარდალმა, მინ აუნ ჰლაინმა გადაიბარა. დაკავებულია ათობით პოლიტიკური ლიდერი, მათ შორის ქვეყნის ფაქტობრივი მმართველი, აუნ სან სუ ჩი.

სამხედრო მმართველობა მიანმარისთვის უცხო არ არის — 1962 წლიდან 2011 წლამდე ქვეყანას სწორედ სამხედროები ედგნენ სათავეში.

მიანმარი, იგივე ბირმა, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ტაილანდის, ლაოსის, ბანგლადეშის, ჩინეთისა და ინდოეთის მეზობლად მდებარეობს. ქვეყნის მოსახლეობა 54 მილიონია და უმრავლესობა ბირმულ ენაზე საუბრობს.

მოსახლეობის დიდი ნაწილი ბუდისტია, თუმცა არიან უმცირესობებიც, მათ შორის როჰინჯი მუსლიმები. სწორედ მათი დევნის გამო მიანმარი და კერძოდ, ნობელის პრემიის ლაურეატი აუნ სან სუ ჩი არაერთხელ გაუკრიტიკებიათ.

სამხედროების დედაქალაქ ნაიფიიდოს გზაზე

ფოტო: Getty Image

რა ხდება ახლა

2011 წლის შემდეგ, ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმები დაიწყო. თუმცა თითქმის ათი წლის თავზე, ძალაუფლება კვლავ სამხედრო ხუნტამ მიიტაცა.

სამხედროების უკმაყოფილების მიზეზი 8 ნოემბრის არჩევნები გახდა, სადაც აუნ სან სუ ჩის პარტიამ დემოკრატიის ეროვნულმა ლიგამ ხმების უმრავლესობა მოიპოვა და პარლამენტში ადგილების 80 პროცენტი დაიკავა.

სამხედრო ძალებმა ოპოზიციურ სოლიდარობისა და განვითარების პარტიას დაუჭირეს მხარი, რომლებიც ფართომასშტაბიან გაყალბებაზე საუბრობენ და განმეორებით არჩევნებს მოითხოვენ. თუმცა საარჩევნო კომისიამ გაყალბება უარყო.

პირველი თებერვლის დილას კი სამხედრო გადატრიალება მოხდა. უკვე შუადღისთვის სამხედროებს ძალაუფლება ხელში ჰქონდათ ჩაგდებული. ისინი ხელისუფლებაში ყოფნას ერთი წლის ვადით აპირებენ. ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობაა გამოცხადებული.

აუნ სან სუ ჩი და მინ აუნ ჰლაინი, 2915 წელი

ფოტო: Reuters

მინ აუნ ჰლაინი, რომელიც გადატრიალების სათავეში დგას, დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებდა პოლიტიკურ გავლენას და ასაზრდოებდა მიანმარის სამხედრო ძალების (Tatmadaw — ტამადოს) ძალაუფლებას. ეთნიკური უმცირესობების შევიწროების გამო, მან საერთაშორისო კრიტიკა და სანქციები დაიმსახურა.

სამხედრო გადატრიალებას მინისტრთა კაბინეტის ცვლილებაც მოჰყვა, სადაც ფინანსთა, ჯანდაცვის, შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა სამინისტროების ხელმძღვანელი პირები შეცვალეს. დაკავებულებს შორის არიან დემოკრატიის ეროვნული ლიგის პოლიტიკური სახეები და ქვეყნის პრეზიდენტი.

არჩევნებზე დარღვევების გამოძიების პირობა მინ აუნ ჰლაინმა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე დადო. მისივე თქმით, ქვეყანაში ახალი არჩევნები ჩატარდება, რითაც ფაქტობრივად უქმდება დემოკრატიის ეროვნული ლიგის გამარჯვება.

გადატრიალებიდან ორი დღის თავზე, პოლიციამ აუნ სან სუ ჩის ბრალი წაუყენა. როგორც ცნობილია, ის შინაპატიმრობაში 15 თებერვლამდე რჩება. დოკუმენტების თანახმად, მას ქვეყანაში კომუნიკაციისთვის უკანონოდ რაციის შეტანა და გამოყენება ედება ბრალად.

ბრალი აქვს წარდგენილი დაკავებულ პრეზიდენტ ვინ მინსაც. მას პანდემიის დროს შეკრებას ედავებიან. კერძოდ, პოლიცია აცხადებს, რომ ის საარჩევნო კამპანიის დროს მოსახლეობას ხვდებოდა.

ლიდერობიდან საერთაშორისო კრიტიკამდე — ვინ არის აუნ სან სუ ჩი

აუნ სან სუ ჩი წლების განმავლობაში მიიჩნეოდა ადამიანის უფლებათა დაცვის გამორჩეულ და მოწინავე ლიდერად. ის აქტიურად ებრძოდა სამხედრო ხუნტას, რის გამოც 1989 წლიდან 2010 წლამდე შინაპატიმრობაში იყო. დაუმორჩილებლობამ მას სახელი გაუთქვა როგორც მაჰათმა განდისა და მარტინ ლუთერ კინგის მშვიდობიანი პროტესტის გამორჩეულ მიმდევარს.

თუმცა მისი იმიჯი სერიოზულად დააზარალა როჰინჯი მუსლების მიმართ სასტიკმა ქცევამ. მან უარი თქვა, ეღიარებინა როჰინჯი მუსლიმების დევნა და გაესამართლებინათ დამნაშავე სამხედრო მოსამსახურეები.

სამოქალაქო დაუმორჩილებლობა

75 წლის აუნ სან სუ ჩი მიანმარის განმათავისუფლებელი გმირის — გენერალი აუნ სანის შვილია. ის ორი წლის იყო, როცა მამა ბრიტანული კოლონიალიზმისგან გათავისუფლებამდე (1948) ცოტა ხნით ადრე მოკლეს. განათლება აუნ სან სუ ჩიმ ოქსფორდში მიიღო, სადაც თავისი მომავალი ქმარი, მაიკლ არისი გაიცნო.

აუნგ სან სუ ჩი დემონსტრანტებს მიმართავს

ფოტო: Reuters

წლების განმავლობაში ის იაპონიასა და ბჰუტანში მუშაობდა, ძირითადად კი დიდ ბრიტანეთში ცხოვრობდა. თუმცა 1988 წელს ის მიანმარის ყოფილ დედაქალაქ იანგონში მოხუცი დედის მოსავლელად დაბრუნდა. ამ პერიოდში ქვეყანა პოლიტიკურ კრიზისში იყო ჩაფლული. დემოკრატიული რეფორმების მოთხოვნით, ქუჩაში მრავალათასიანი აქციები იმართებოდა.

"როგორც მამაჩემის შვილს, არ შემეძლო გულგრილი ვყოფილიყავი იმის მიმართ, რაც ხდება", — განაცხადა მან იანგონში 1988 წლის 26 აგვისტოს. ის დიქტატორ ნე ვინის წინააღმდეგ მოძრაობას ჩაუდგა სათავეში.

აუნ სან სუ ჩი მშვიდობიან აქციებს აწყობდა, დამოუკიდებელ არჩევნებსა და დემოკრატიულ რეფორმებს მოითხოვდა, თუმცა დემონსტრაციები სამხედროებმა სასტიკად ჩაახშეს. შემდეგ წელს სამოქალაქო პროტესტის ლიდერი უკვე შინაპატიმრობაში მოხვდა.

1990 წლის არჩევნებზე დემოკრატიის ეროვნულმა ლიგამ გაიმარჯვა, თუმცა ხუნტამ ძალაუფლების გადაცემაზე უარი თქვა. შინაპატიმრობიდან აუნ სან სუ ჩი 1995 წელს გაათავისუფლეს და ხუთ წელში კვლავ დააკავეს, როცა ქალაქ მანდალაიში ჩასვლას ცდილობდა.

შიგადაშიგ მას საშუალება ჰქონდა თავის თანაპარტიელებსა და დიპლომატებს შეხვედროდა, თუმცა ძირითადად ის მარტო იყო. მას არ აძლევდნენ უფლებას შეხვედროდა თავის ორ შვილსა და ქმარს, რომელიც 1999 წელს კიბოთი გარდაიცვალა. აუნ სან სუ ჩის სამხედროებმა მისცეს უფლება, ბრიტანეთში გამგზავრებულიყო, თუმცა იმის შიშით, რომ ქვეყანაში ვეღარ დაბრუნდებოდა, მან წასვლაზე უარი თქვა.

ხელისუფლების სათავეში და როჰინჯების კრიზისი

საბოლოოდ, სამხედროებმა პატიმრობიდან ის მხოლოდ 2010 წელს გაათავისუფლეს. თუმცა მანამდე, დემოკრატიის ეროვნულ ლიგას არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცეს.

როცა ახალმა ხელისუფლებამ რეფორმების პროცესი დაიწყო, აუნ სან სუ ჩი და მისი პარტია კვლავ პოლიტიკურ პროცესებს შეუერთდნენ. 24 წლის განმავლობაში პირველად, მან ქვეყნის დატოვებაც შეძლო.

2010 წელს გათავისუფლების შემდეგ აუნ სან სუ ჩი თავის სახლთან ასობით მხარდამჭერს ხვდება

ფოტო: EPA

2015 წელს, ბოლო 25 წლის განმავლობაში პირველ დამოუკიდებელ არჩევნებზე, დემოკრატიის ეროვნულმა ლიგამ გამარჯვება მოიპოვა. იმის გამო, რომ აუნ სან სუ ჩის შვილები უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან, კონსტიტუცია უკრძალავს, ქვეყნის პრეზიდენტი გახდეს.

აქედან გამომდინარე, ის საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა. გარდა ამისა, სპეციალურად მისთვის შეიქმნა სახელმწიფო მრჩევლის თანამდებობა, რამაც ქვეყნის ფაქტობრივი მმართველის სტატუსი შესძინა.

აუნ სან სუჩის სამოქალაქო თავდადება არ ყოფილა შეუმჩნეველი საერთაშორისო თანამეგობრობისთვის. 1991 წელს მას მშვიდობის დარგში ნობელის პრემია გადაეცა და სამოქალაქო პროტესტის გამორჩეულ სახედ დასახელდა. გარდა ამისა, ის გახდა კანადისა და ქალაქ პარიზის საპატიო მოქალაქე, თუმცა ორივე წოდება როჰინჯი მუსლიმების დევნის გამო ჩამოართვეს. ამასთან, Amnisty International-მა სინდისის ელჩის ჯილდო უკან გაიწვია.

სამხედროების მხრიდან რეპრესიების, ძალადობის, მკვლელობისა და შევიწროების გამო 2017 წელს ასი ათასობით როჰინჯმა მუსლიმმა ბანგლადეშში ჰპოვა თავშესაფარი. ამჟამად მიანმარს განხილვები ელის გაეროს საერთაშორისო სასამართლოზე, სადაც აუნ სან სუ ჩიმ სამხედროების გამამართლებელი განცხადებები გააკეთა. ამავე დროს, კაცობრიობის წინაშე ჩადენილ სავარაუდო დანაშაულს იძიებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოც.

მოკავშირეები და ყოფილი მხარდამჭერები აუნ სან სუ ჩის აკრიტიკებენ იმის გამო, რომ მან არაფერი გააკეთა ეთნიკური უმცირესობების დასაცავად, არ აღკვეთა სავარაუდო გენოციდი და უარი თქვა, გაესამართლებინა დამნაშავე სამხედროები.

გაეროს საერთაშორისო სასამართლოზე

ფოტო: AFP

მიუხედავად ამისა, "ლედი" (The Lady), როგორც აუნ სან სუ ჩის სამშობლოში ეძახიან, დიდი პოპულარობით სარგებლობს ბუდისტურ უმრავლესობაში, რომელიც არც თუ ისე კარგად არის განწყობილი როჰინჯი მუსლიმების მიმართ.

კრიტიკის საგანი გახდა არასაკმარისად სწრაფი რეფორმებიც. საუბრობდნენ აქტივისტებისა და დამოუკიდებელი ჟურნალისტების დევნაზე.

2017 წელს მიანმარში Reuter-ის ორი ჟურნალისტი დააკავეს, რომლებიც როჰინჯი მუსლიმების მიმართ ძალადობას იძიებდნენ. მათ ბრალად სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ კანონის დარღვევა ედებოდათ. ჟურნალისტებს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, თუმცა 2019 წელს ამნისტიის საფუძველზე გაათავისუფლეს.

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ სფეროში პროგრესი შესამჩნევი იყო, სამხედროებს საკანონმდებლო ორგანოში ადგილების მეოთხედი ეკავათ და მინისტრთა კაბინეტში ძალოვან უწყებებს მართავდნენ.

ვინ დგას ახალი გადატრიალების სათავეში

ახლა ძალაუფლებას მთავარსარდალი მინ აუნ ჰლაინი ფლობს. მისი პოლიტიკური გავლენა წლებთან ერთად იზრდებოდა და ჰლაინი ქვეყნის დემოკრატიულ რელსებზე გადასვლის პერიოდშიც მნიშვნელოვან ფიგურად ნარჩუნდებოდა.

64 წლის გენერალმა მთელი თავისი ცხოვრება შეიარაღებულ ძალებში გაატარა, რომელსაც ჯერ კიდევ კადეტად შეუერთდა. კარიერულ საფეხურებზე ის ნელ-ნელა მიიწევდა, სანამ 2009 წელს სპეციალური ოპერაციების ბიურო-2-ის ხელმძღვანელი არ გახდა.

მინ აუნ ჰლაინი ხელმძღვანელობდა ოპერაციებს მიანმარის ჩრდილო-დასავლეთში, სადაც ეთნიკურ უმცირესობებს დევნიდნენ. სამხედროების მიმართ არსებული არაერთი ბრალდების მიუხედავად, ის 2010 წელს გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელად დაინიშნა.

ერთ წელზე ნაკლებ დროში, ჰლაინმა არმიაში უმაღლესი თანამდებობა დაიკავა, რითაც უფრო მაღალი რანგის გენერლები ჩამოიტოვა და 2011 წელს გენერალისიმუსი თან შვე მთავარსარდლის პოსტზე ჩაანაცვლა.

მინ აუნ ჰლაინი, 2018 წელი

სამხედრო კარიერის პიკს მინ აუნ ჰლაინმა მაშინ მიაღწია, როცა ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების გატარება დაიწყეს. მისი გავლენები კიდევ უფრო გაიზარდა, როცა სამხედროების მიერ მხარდაჭერილმა სოლიდარობისა და განვითარების პარტიამ მთავრობა ჩამოაყალიბა.

2016 წლის შემდეგ, როცა ხელისუფლებაში დემოკრატიის ეროვნული ლიგა მოვიდა, ის საზოგადოებაში აუნ სან სუ ჩისთან ერთად ხშირად ჩნდებოდა. ცვლილებების მიუხედავად, მთავარსარდალმა მოახერხა, სამხედროებს პარლამენტში ადგილების მეოთხედი დაეკავებინათ და მინისტრთა კაბინეტშიც გადამწყვეტი როლი ჰქონოდათ.

სწორედ მას უკავშირდება როჰინჯ მუსლიმების დევნა, მკვლელობა და არაადამიანური მოპყრობა. 2018 წელს გაერომ სამხედროების ქმედებას გენოციდი უწოდა, ხოლო გენერალ მინ აუნ ჰლაინის გასამართლება მოითხოვა.

აღნიშნული განცხადების შემდეგ, Facebook-მა გენერლის ანგარიში წაშალა. აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმა კი, ეთნიკური წმენდისა და ადამიანის უფლებების დარღვევისთვის მას სანქციები დაუწესეს.

როგორია მოსახლეობის რეაქცია

მიანმარელი აქტივისტები გადატრიალებას აპროტესტებენ და სამოქალაქო დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებენ. საავადმყოფოებში ბევრი მედიკოსი ან მუშაობას წყვეტს ან აგრძელებს მუშაობას და საპროტესტო სიმბოლოებს ატარებს. ისინი აუნ სან ს ჩის გათავისუფლებას ითხოვენ. მათ შავი ან წითელი ლენტი უკეთიათ. ამასთან, პროტესტის ნიშნად, მარჯვენა ხელის შუა სამ თითს სწევენ მაღლა. ეს ჟესტი წინა წელს ტაილანდის დემონსტრაციების დროს გამოიყენებოდა.

ექიმების ნაწილი მიანმარში სამოქალაქო დაუმორჩილებლობას აცხადებს

ფოტო: MPA

სოციალურ ქსელებში ბევრმა ფოტო წითელი ფონით შეცვალა. სამოქალაქო დაუმორჩილებლობის ორგანიზებისთვის კი Facebook-ზე სპეციალური ჯგუფებია შექმნილი.

მიუხედავად ამისა, ფართომასშტაბიანი პროტესტი ჯერ არ გამართულა. 2 თებერვალს მძღოლები მხოლოდ მანქანებიდან ასიგნალებდნენ, ხოლო სხვები სამზარეულოს ქვაბებს ახმაურებდნენ.

როგორია საერთაშორისო გამოხმაურება

დასავლურმა ქვეყნებმა სამხედრო გადატრიალება დაგმეს. გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერეშმა განაცხადა, რომ ეს დემოკრატიულ რეფორმებზე სერიოზული დარტყმაა.

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი დაიმუქრა, რომ მიანმარის წინააღმდეგ სანქციებს აღადგენდა. დიდი შვიდეულის ქვეყნებმა გადატრიალების გამო შეშფოთება გამოთქვეს და დემოკრატიის დაბრუნებისკენ მოუწოდეს.

მოქალაქეები ბანგკოკში, მიანმარის საელჩოსთან აუნ სან სუ ჩის გათავისუფლებას მოითხოვენ

ფოტო: Getty Images

მწვავე განცხადებების ფონზე, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ჩინეთმა გადატრიალების დამგმობი განცხადება დაბლოკა. ჩინეთი, რომელიც მიანმარის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია აცხადებს, რომ წინააღმდეგია მიანმარში საერთაშორისო ჩარევის და მხარეებს კონფლიქტის დარეგულირებისკენ მოუწოდებს. ადგილობრივმა სახელისუფლებო მედია Xinhua-მა გადატრიალება "კაბინეტში გადაადგილებად" შეაფასა.

რეგიონის სხვა ქვეყნებმა, მათ შორის კამბოჯამ, ტაილანდმა და ფილიპინებმა განაცხადეს, რომ ეს ქვეყნის შიდა საქმეა.