ენერგოკრედიტი მზის ელექტროსადგურებისთვის — საქართველოს ბანკის პასუხი ელექტროტარიფების ზრდას
საქართველოს ბანკმა ეკომეგობრული პროდუქტი — ენერგოკრედიტი შექმნა, რომელიც გაზრდილ ელექტროტარიფებს პასუხობს, ბიზნესს საშუალებას აძლევს, გამოათავისუფლოს ფინანსები და ისინი განვითარებისკენ მიმართოს. გარდა ამისა, აღნიშნული პროდუქტი სასარგებლოა ეკოლოგიისთვისაც, ბიზნესს გარემოზე ზრუნვის საშუალებას აძლევს და მზის ელექტროსადგურების გამოყენებას ახალისებს.
"საქართველოს ბანკი, როგორც მომხმარებლის ინტერესებზე ორიენტირებული ბანკი, მუდამ ცდილობს შექმნას ისეთი პროდუქტი თუ მომსახურება, რომელიც ბიზნესის ინტერესებზე იქნება მორგებული. ენერგოკრედიტის იდეა ელექტროენერგიასთან დაკავშირებული ტარიფების ზრდის საპასუხოდ გაჩნდა. როდესაც დავინახეთ საჭიროება იმისა, რომ მხარში დავდგომოდით ბიზნესს ჰქონოდა ელექტროენერგიის უფრო ნაკლები დანახარჯები, რათა გამოთავისუფლებული ფინანსები მიემართა ბიზნესის განვითარებისთვის. სწორედ ამ გამოწვევის საპასუხოდ, პარტნიორების დახმარებით აღნიშნული პროდუქტი, რომელიც უპეცედენტოა ქართულ ბაზარზე, უკვე ხელმისაწვდომია", — ამბობს ზურაბ მასურაშვილი, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი.
ვის შეუძლია ისარგებლოს ენერგოკრედიტით და როგორ
ენერგოკრედიტი გათვლილია ნებისმიერ ბიზნესზე, რომელიც მაღალი დოზით მოიხმარს ელექტროენერგიას. მისი უპირატესობა კი იმაში მდგომარეობს, რომ მზის სხივების ელექტროენერგიად გარდაქმნა პროცესებს მაქსიმალურად ეკომეგობრულს და ეკონომიურს ხდის. ინიციატივის ფარგლებში, მომხმარებელი შეძლებს შეიძინოს და დაამონტაჟოს დანადგარები, შედეგად კი, მიიღოს ელექტროენერგიის ალტერნატიული წყარო.
"ამ პროდუქტის დანერგვის პროცესში, ბანკის პარტნიორები ის წამყვანი კომპანიები არიან, რომლებიც ამ სფეროში უკვე მრავალი წელია მოღვაწეობენ. მათი დახმარებით, 500 კილოვატამდე სიმძლავრის დახვეწილი პანელების დამონტაჟება უმოკლეს დროშია შესაძლებელი. შესაბამისად, მომხმარებელი შეძლებს მაღალი ხარისხის სისტემის გამართვას პროფესიონალების დახმარებით, რომლებიც დარგის წამყვანი სპეციალისტები არიან. შედეგად, ბიზნესი საწყისი ინვესტიციის დაფარვის შემდეგაც, 20 წლის განმავლობაში ფაქტობრივად უფასო ელექტროენერგიით ისარგებლებს", — ამბობს ზურაბ მასურაშვილი.
ენერგოკრედიტი ორი დღის წინ ამოქმედდა, თუმცა, როგორც ზურაბ მასურაშვილი ამბობს, მასზე უკვე 50-ზე მეტი განაცხადია შესული.
"მოლოდინი გვაქვს რომ გარემოზე ზრუნვის მიზნით შექმნილი ეს პროდუქტი ბევრ ბიზნესს მისცემს ხარჯების დაზოგვის შესაძლებლობას და ასევე, გაზრდის ამ პროდუქტის მოთხოვნას ბაზარზე", — ამბობს ზურაბ მასურიშვილი.
როგორც უკვე ვთქვით, აღნიშნული პროდუქტი სასარგებლოა, ერთი მხრივ, ბიზნესისთვის, ხოლო მეორე მხრივ, მიუხედავად იმისა, თუ რა ტიპის საქმიანობას ეწევიან, ბიზნესებს საშუალებას აძლევს გარემოზე ზრუნვაში საკუთარი წვლილი შეიტანონ.
"ჩვენი გამოთვლებით, მომხმარებელი 5-6 წელიწადში შეძლებს აღნიშნული კრედიტის დაფარვას. ეს იმას ნიშნავს, რომ ის თანხები, რომელიც წლების განმავლობაში ელექტროენერგიის გადასახადებს უნდა მოხმარებოდა, სესხის დასაფარად შეგიძლიათ მიმართოთ. საბოლოოდ კი, სესხის დაფარვის შემდეგ გამოთავისუფლებული ფინანსები ისევ თქვენი ბიზნესის განვითარებას მოახმაროთ. აღსანიშნავია, რომ ელექტროენერგიის გადასახადი, რომელიც დაახლოებით 50%-ითაა გაძვირებული, ენერგოკრედიტის დაფარვის შემდგომ თქვენი კომპანიისთვის ფაქტობრივად აღარ იარსებებს", — აღნიშნავს ზურაბ მასურიშვილი.
კომენტარები