ქართული ოცნების წარმომადგენლის, გია ვოლსკის თქმით, ნიკა გვარამიას ნომრის გასაჯაროვება არ იყო მისი პირადი სივრცის დარღვევა, რადგან მისი ნომერი ისედაც ყველამ იცის.

"იცით რა, არამგონია, ეს იყოს [პირადი სივრცის დარღვევა]. ეს არ არის დაფარული ნომერი. ეს ნომერი ყველამ იცის ისედაც. [...] ეს სიტყვამ მოიტანა და პარალელი იქნა გავლებული", — ამბობს ვოლსკი.

იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, თეა წულუკიანმა ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომერი დღეს, პარლამენტის სხდომაზე გაასაჯაროვა. სიტყვით გამოსვლისას წულუკიანმა პარტია მოქალაქეების ლიდერ ალეკო ელისაშვილს უთხრა, რომ მან "დემოკრატიის მაღალი სტანდარტი" აჩვენა, როცა ტელეფონის ნომერი გამოაცხადა და სურდა, თავისი ნომერიც ეთქვა. წულუკიანმა ურჩია ელისაშვილს ნომერი ჩაეწერა და მერე განაცხადა, რომ ეს არა მისი, არამედ ნიკა გვარამიას ნომერი იყო და ელისაშვილს ურჩია, მისთვის დაერეკა.

მთავარი არხის დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ქართული ოცნების დეპუტატის, თეა წულუკიანის მიერ მისი ტელეფონის ნომრის გასაჯაროების შემდეგ, უცნობი ადამიანების ზარები არ წყდება. ის, სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას მიმართავს, აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაუროს და დაადგინოს, მისი პირადი ინფორმაციის გასაჯაროება უფლებრივად, რამდენად სწორია.