აშშ-მ $232 მილიონი ჩადო COVID-19-ის საშინაო ტესტების წარმოებაში
აშშ-ის მთავრობამ 231.8 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩადო COVID-19-ის საშინაო ტესტების წარმოებაში. ინვესტიციის ფარგლებში, ავსტრალიური კომპანია Ellume 8.5 მილიონ ტესტს მიაწვდის აშშ-ის მთავრობას. კომპანია გახსნის საწარმოს აშშ-ში და გეგმავს, წლისი ბოლომდე, დღეში 500 000 ტესტი აწარმოოს, Bloomberg-ის თანახმად. აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე Ellume ყოველდღიურად 100 000 ტესტს აწარმოებს.
აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ Ellume-ის ტესტების გამოყენება 2020 წლის დეკემბერში დაუშვა. ტესტი, რომელიც 30 დოლარი ღირს, ახერხებს გააანალიზოს ცხვირიდან აღებული ნაცხი და გააგზავნოს შედეგი თქვენს სმარტფონში არსებულ სპეციალურ აპლიკაციაში. ტესტირებისთვის და პასუხის მისაღებად, სულ რაღაც 15 წუთი დაგჭირდებათ. კომპანიის თქმით, ტესტი 95%-იანი სიზუსტით გამოირჩევა.
ჯანდაცვის ექსპერტები არაერთხელ მოუწოდებდნენ მთავრობებს საშინაო ტესტირების დანერგვისკენ, რაც დროის დამზოგველიცაა და ადამიანს სწრაფი რეაგირების საშუალებას აძლევს. მაგალითად, რაც უფრო სწრაფად გაიგებთ, გაქვთ თუ არა კორონავირუსი, მით უფრო სწრაფად აირიდებთ თავიდან ადამიანებთან კონტაქტს. თუმცა, ვირუსის გავრცელების პირველ თვეებში მსგავსი ტექნოლოგიისგან შორს ვიყავით. ისეთი პროდუქტების შექმნა, როგორზეც ამ სტატიაში ვსაუბრობთ, საკმაო დროს, ექსპერიმენტებს, გამოცდასა და სიზუსტის მტკიცებას საჭიროებს, რაც დროში გაწელილი პროცედურაა, თუმცა, საბოლოო ჯამში, ეს კონკრეტული პროდუქტი, აშშ-ის მოსახლეობას მალე მისცემს საშუალებას, სახლიდან გაუსვლელად, საკუთარი სმარტფონისა და Ellume-ის ტესტის გამოყენებით, 15 წუთში გაიგოს, აქვს თუ არა კორონავირუსი.
კომენტარები