8 ფაქტი, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ უნდა იცოდე
ბანკის ხსენებაზე, 21-ე საუკუნეში მცხოვრებ ადამიანებს, როგორც წესი, შემინული ფილიალები, ხელფასის დღეს ბანკომატთან რიგში დგომა, აღებული სასესხო ვალდებულებები და კომერციულ ბანკებთან დაკავშირებული სხვა საქმიანობები ახსენდებათ. თუმცა, ქვეყნების უმეტესობაში არსებობს "ბანკად" წოდებული ინსტიტუტი, რომელიც სახელმწიფო დაწესებულებაა. მიუხედავად იმისა, რომ მისი საქმიანობაც ფინანსებს უკავშირდება, იგი მაინც კარდინალურად განსხვავდება სადეპოზიტო დაწესებულებებისგან.
საქართველოს ეროვნული ბანკი ქვეყნის ცენტრალური ბანკი, ანუ ბანკთა ბანკია და, შესაბამისად, მისი სტატუსი უზენაესი კანონით, საქართველოს კონსტიტუციით განისაზღვრება; საზოგადოებრივ ცხოვრებაში ბანკის ადგილს — სხვაგვარად რომ ვთქვათ, მისიას, ფუნქციებს და პასუხისმგებლობას — არეგულირებს ორგანული კანონი საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ.
მიუხედავად ამ ორი სამართლებრივი აქტით განსაზღვრულობისა, საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ საზოგადოების ნაწილში არათანაბარი ცოდნა არსებობს — ზოგისთვის, შესაძლოა, ბუნდოვანი იყოს იმ ინსტიტუტის რაობა, რომელიც, რეალურად, ფინანსურ ურთიერთობაში ჩართული ნებისმიერი მოქალაქისათვის სანდო პარტნიორი უნდა იყოს.
1. საქართველოს ეროვნული ბანკის უმთავრესი მიზანი ფასების სტაბილურობის მიღწევაა
როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქართველოს ეროვნული ბანკის მისამართზე არც ხელფასის და არც პენსიის დღეს რიგი არ არის. მიუხედავად ამისა, ამ ორივე დღეს აღებული თანხის ხარჯვის ხანგრძლივობის განსაზღვრაში მთავარ როლს სწორედ ცენტრალური ბანკი ასრულებს. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, მისი მთავარი მიზანი ფასების სტაბილურობის მიღწევაა. ამ მიზნით ის სხვადასხვა ინსტრუმენტს იყენებს. საგულისხმოა, რომ ბევრი ცენტრალური ბანკი წარმატებით იყენებს ინფლაციის თარგეთირებას, საქართველოში ეს 2009 წლიდან არის. ინფლაციის თარგეთირება არის მონეტარული პოლიტიკის რეჟიმი, რომლის დროს ქვეყნის ცენტრალური ბანკი აცხადებს ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელს (არსებულ ეტაპზე ქვეყნისათვის სასურველი ინფლაციის დონეს) და შემდეგ ცდილობს, საშუალოვადიან პერიოდში ინფლაცია მიზნობრივ დონეზე შეინარჩუნოს. მაგალითად, 2021-2023 წლებისათვის ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებლად განისაზღვრა 3%.
2. საქართველოს ეროვნული ბანკი დამოუკიდებლად მოქმედებს
მიუხედავად იმისა, რომ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეროვნული ბანკის სტატუსი კონსტიტუციითაა განსაზღვრული და, შესაბამისად, იგი სახელმწიფო ინსტიტუტს წარმოადგენს, ის თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია. ამასთან, იგი ეკონომიკურადაც დამოუკიდებელია, აქვს შემოსავლები და შესაბამისი ხარჯების ანაზღაურებას თავად ითავსებს. მსგავსად განვითარებული ქვეყნების უმეტესობისა, საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობაში ჩარევა ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს არ შეუძლიათ. ამის საპირწონედ, საქართველოს მთავრობას ეროვნული ბანკის ვალდებულებებზე პასუხისმგებლობა არ ეკისრება.
მიუხედავად ამისა, ეროვნული ბანკი საქართველოს პარლამენტისადმია ანგარიშვალდებული. პარლამენტს ყოველწლიურად წარედგინება ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები, რომელიც მოგვიანებით მტკიცდება და ამის მიხედვით განისაზღვრება წლის განმავლობაში შესასრულებელი გეგმა და მისი ცალკეული ნაბიჯები, ანუ განსახორციელებელი აქტივობები. ასევე, საქართველოს ეროვნული ბანკი ყოველწლიურად წარუდგენს პარლამენტს ანგარიშს განვლილი წლის მანძილზე განხორციელებული საქმიანობის შესახებ.
3. საქართველოს ეროვნული ბანკი ზედამხედველობს საფინანსო სექტორს
ზედამხედველობის მიზანია, საფინანსო ინსტიტუტები მუშაობდნენ გამართულად, მოქალაქეების დოვლათი, რომელიც განთავსებულია ბანკებში, იყოს რისკებისგან დაცული და სხვა. ამასთან, საქართველოს ეროვნული ბანკი იღებს პასუხისმგებლობას, დაიცვას მომხმარებლების უფლებები. იმის გათვალისწინებით, რომ თანამედროვე რეალობაში ფინანსური თაღლითობა, ე.წ. ფულის გათეთრება და სხვა არაკეთილსინდისიერი ქმედებები, შესაძლებელია, ნებისმიერ განვითარებულ და განვითარებად საზოგადოებაში მოხდეს, მნიშვნელოვანია, რომ ფინანსურ ურთიერთობებში ჩაბმულ ადამიანს გვერდით ჰყავდეს სანდო ინსტიტუტი, რომელიც მომხმარებლების უფლებების დაცვას მათი ინტერესების გათვალისწინებით უზრუნველყოფს.
ამასთან, საქართველოს ეროვნული ბანკი საგადახდო სისტემების გამართულად და სწორად ფუნქციონირებაზეცაა პასუხისმგებელი.
4. პროგნოზირება ეროვნული ბანკის ერთ-ერთი ძლიერი მხარეა
კორონავირუსის პანდემიით შექმნილი სიტუაცია ფორსმაჟორულია. ამიტომ, ყველა ქვეყნისთვის რთული აღმოჩნდა ეკონომიკურ გამოწვევებთან გამკლავება. მსგავსი შოკისგან განსხვავებით, არსებობს მთელი რიგი საკითხები (მსოფლიოში სხვადასხვა პროდუქტსა თუ სერვისზე ფასების ცვლილება, ინფლაციის იმპორტი ჩვენი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიდან და სხვა), რომელთა პროგნოზირებაც, მეტ-ნაკლებად, შესაძლებელია, შესაბამისად, შიდა სიტუაციის და გარე საფრთხეებისა თუ რისკების მხედველობაში მიღებით, ინფლაციის პროგნოზირება ხდება და შესაბამისი აქტივობები იგეგმება. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია პროგნოზირებისას მაქსიმალურად ბევრი, ყოვლისმომცველი და დაწვრილებითი ფაქტორები სახელდება და ანალიზდება, რათა საზოგადოებაში ადეკვატური მოლოდინები ჩამოყალიბდეს.
5. ქართული ფულის ნიშნების ემისიას ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს
საქართველოს ცენტრალური ბანკის ერთ-ერთი, და, ამასთან, ექსკლუზიური ფუნქციაა ფულის ნიშნების — შესაბამისი კუპიურებისა და მონეტების — მოჭრა/გამოშვება. რადგან ინფლაციის მიზნობრივი დონის დადგენაზეც ეს ინსტიტუტია პასუხისმგებელი, ცხადია, ფულის საჭირო რაოდენობის განსაზღვრას და ემისიას მასზე უკეთ ვერავინ შეძლებს. თანაც, სწორედ ეროვნული ბანკი ადგენს გაცვლითი კურსის პოლიტიკას.
ამასთან, ეროვნული ბანკის დამსახურება ისიცაა, რომ სხვადასხვაგვარი ხერხებით არის შესაძლებელი ფულის "ნამდვილობის" შემოწმება და პოტენციური თაღლითობის თუ მსგავსი უსიამოვნების თავიდან არიდება. ამაში საქართველოს ეროვნული ბანკი უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს ითვალისწინებს.
სებ ასევე განსაზღვრავს მიმოქცევაში არსებული კუპიურებისა და მონეტების დიზაინსა თუ სხვა მახასიათებლებს. დამზადებული ფულის ნიშნების ტრანსპორტირებას, შესაბამის სივრცეებში განთავსებას, შემდგომში კი — კომერციული ბანკების მეშვეობით მოსახლეობისთვის მიწოდებასაც ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს.
6. გამჭვირვალობა ეროვნული ბანკისთვის მნიშვნელოვანია
შესაძლოა, კომერციული ბანკებისგან განსხვავებით ცენტრალურ ბანკს უშუალოდ მომხმარებელთან შეხება იშვიათად უხდება, თუმცა გამჭვირვალე საქმიანობა მისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. ეროვნული ბანკი რომ ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე ორგანიზაციაა, ამაზე იმ ინფორმაციის ოდენობაც მიუთითებს, რასაც სებ-ი ყოველდღიურად აქვეყნებს ვებ-გვერდზე. შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკი იღებს პასუხისმგებლობას, ქვეყნის ფინანსური სექტორის შესახებ მომზადებული ინფორმაცია და სტატისტიკა შექმნას და გაავრცელოს; აღსანიშნავია, რომ სებ-ის გამჭვირვალობა ბიზნესსექტორისა ფინანსური სექტორის წარმომადგენლების გამართულად მუშაობისთან პირდაპირ კავშირშია, რათა ზუსტი და სწორი ანალიზი/პროგნოზი გააკეთონ, სწორად შეაფასონ რისკები, რაც მათ ბიზნესს გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება. ამდენად, მის ფუნქციებს ანალიტიკური საქმიანობაც ემატება.
7. ეროვნული ბანკი — "მთავრობის ბანკირი და ფისკალური აგენტი"
გარდა იმისა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის უმთავრესი ფუნქცია მოქალაქეებზე ზრუნვას უკავშირდება, იგი ქვეყნის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენელიცაა. შესაბამისად, იგი წარმოადგენს საქართველოს სხვა ქვეყნის ცენტრალურ ბანკებთან და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან ურთიერთობაში. ამასთან, მას აქვს უფლება, შესაბამისი საბანკო სერვისი შესთავაზოს როგორც სხვა ქვეყნების მთავრობებსა თუ ცენტრალურ ბანკებს და ფულად-საკრედიტო ინსტიტუტებს, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებს.
8. საქართველოს ეროვნული ბანკი ქვეყნის გრძელვადიანი და სტაბილური განვითარებისთვის მუშაობს
თუკი ერთი წინადადებით შეიძლება ამ მნიშვნელოვანი ინსტიტუტის საქმიანობა შევაჯამოთ, ალბათ სწორედ ეს ქვესათაურია. მიუხედავად ცალკეული პასუხისმგებლობების და უფლებებისა, ეროვნული ბანკისთვის პრიორიტეტული სწორედ საქართველოს სტაბილურ, გრძელვადიან განვითარებაზე ზრუნვაა. ამისთვის მის მისიად ქვეყნის ეკონომიკის მდგრადი ზრდის ხელშეწყობა განისაზღვრება, თუმცა, რადგან ეროვნული ბანკის უმთავრესი ამოცანა მაინც ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაა, უპირატესობა სწორედ მის ამ მიზანს ენიჭება.
კომენტარები