"რაც დღეს პირდაპირ ეთერში ილაპარაკეს, ამაზე მეტი ან რა საშინელება უნდა თქვან" — წერს საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი და ქართული ოცნების თავმჯდომარის მოადგილე, ვასილ მაღლაფერიძე საკუთარ Facebook გვერდზე.

"რაც დღეს პირდაპირ ეთერში ილაპარაკეს, ამაზე მეტი ან რა საშინელება უნდა თქვან და ან რა ჩვენება უნდა მისცენ ამ კომისიის წევრებმა?! მაგათ ხელში კიდევ კარგად ვართ გადარჩენილები", — წერს მაღლაფერიძე.

კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებული ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, რომელიც აღკვეთის ღონისძიების შეცვლას — პატიმრობის ნაცვლად გირაოს შეფარდებას გულისხმობდა. სასამართლომ თითოეულ ბრალდებულს 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ამასთან, დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ივერი მელაშვილის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ, რადგან მიიჩნია, რომ ეს თანამდებობა პირდაპირ არის კავშირში საქმეში არსებულ ინფორმაციებთან.

პროკურატურა თითოეულისთვის 30 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, რასაც დაცვის მხარე არ ეთანხმებოდა. ამასთან, ადვოკატები სასამართლოს ალტერნატივის სახით თავდებობას სთავაზობდნენ, თუმცა სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

პროკურატურის გადაწყვეტილების შესახებ სხდომის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე გახდა ცნობილი.

მელაშვილი/ილიჩოვას გათავისუფალებას მოითხოვდნენ მათი ადვოკატებიც, რომელთა თქმით, პატიმრობაში ყოფნის არანაირი საფუძველი არ არსებობს.

რაც შეეხება მაღლაფერიძეს, მან საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის თანამდებობა 18 აგვისტოს დატოვა და ამტიცებდა, რომ გადადგომის მიზეზი ის არის, რომ არ სურს წინასაარჩევნო პერიოდში გაჩნდეს კითხვები არხის მიკერძოებულობასთან დაკავშირებით.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე 2017 წელს გახდა. მანამდე ის ქართული ოცნების დამფუძნებლისა და ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილი ოჯახის კუთვნილ ტელეკომპანია GDS-ში გადაცემა 2030-ის გენერალურ პროდიუსერად მუშაობდა. სხვადასხვა დროს ის იყო TV9-ის, რომელიც ასევე ბიძინა ივანიშვილის ოჯახს ეკუთვნის, დირექტორის მოადგილე, ჟურნალ კალმასობას მთავარი რედაქტორი, გაზეთ კავკასიონის დამფუძნებელი, რედაქტორი და მთავარი კონსულტანტი. გარდა ამისა, 2 მოწვევის პარლამენტის წევრი, ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს გუბერნატორი და სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციისა და პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი.