მსოფლიო კონფლიქტი თუ ქმედითი შეთანხმება — რას უნდა ველოდოთ გლაზგოს კლიმატის სამიტისგან
გაეროს მხარეთა კლიმატის ცვლილების კონფერენცია (COP26) გუშინ, 31 ოქტომბერს გლაზგოში გაიხსნა. COP26-ის შედეგმა უნდა განსაზღვროს, მიუახლოვდება თუ არა მსოფლიო ნახშირბადის ნულოვან ემისიებს 2050 წლისთვის.
კლიმატის კონფერენციაში ემისიების შემცირებისა და კლიმატის ცვლილების შეზღუდვის შესახებ სახელმწიფოების ამბიციური გეგმების განსახილველად დელეგატები მთელი მსოფლიოდან შეიკრიბნენ. მთავარ შეკითხვას ის წარმოადგენს, გაზრდიან თუ არა სახელმწიფოები თავიანთ ძალისხმევას პარიზის კლიმატის შეთანხმების გეგმების შესასრულებლად. პარიზის შეთანხმება საერთაშორისო გეგმაა, რომელიც 2015 წელს დამტკიცდა და მიზნად ტემპერატურული ნამატის ინდუსტრიულ რევოლუციამდელ დონესთან შედარებით 2oC-ით, უკეთეს შემთხვევაში კი — 1.5oC- შეზღუდვას ისახავს.
ასევე იხილეთ: ყველაფერი, რაც პარიზის კლიმატის შეთანხმებაზე უნდა იცოდეთ
როგორც ზემოთ აღვნიშნე, სამიტი კვირას, 31 ოქტომბერს გლაზგოში გაიხსნა. COP26-ის პრეზიდენტის როლი ოფიციალურად გაერთიანებული სამეფოს პოლიტიკოსს, ალოკ შარმას ერგო, რომელმაც პრეზიდენტის მოვალეობები ჩილეს გარემოს დაცვის მინისტრისგან — კაროლინა შმიტ ზალდივარისგან გადაიბარა იმ გაფრთხილებით, რომ ეს კონფერენცია უკანასკნელი საუკეთესო შანსია გლობალური დათბობის 1.5oC-მდე შესანარჩუნებლად ინდუსტრიამდელ დონესთან შედარებით.
ალოკ შარმას განცხადებით, კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლაში მსოფლიოს ქვეყნები ერთად გაიმარჯვებენ, ან ერთად დამარცხდებიან. მან ქვეყნებს მოუწოდა, გლაზგოს ეს კონფერენცია გაეხადათ ის გადამწყვეტი ნაბიჯი, რომელზეც 2015 წელს პარიზში კლიმატის ცვლილებასთან გასამკლავებლად მიღებული შეთანხმების ფარგლებში დასახული მიზნები შესრულდებოდა.
კონფერენციის გახსნისას მსოფლიო მეტეოროლოგიურმა ორგანიზაციამ (WMO) განაცხადა, რომ გასული 7 წელი რეკორდულად ცხელი იყო — ზღვის დონემ ახალ სიმაღლეებს მიაღწია, 2021 წელს კი კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული დესტრუქციული ამინდის შემთხვევები ვიხილეთ.
ასევე იხილეთ: 130 დაღუპული — კანადაში რეკორდული, 49.6 გრადუსი სიცხე დაფიქსირდა
კონფერენციაზე მხარეთა 21 238 დელეგატი, 13 834 დამკვირვებელი და მედიის 3 823 წარმომადგენელია დარეგისტრირებული.
ექსტრემალური ამინდის გამო ასობით მგზავრი შეყოვნდა ლონდონში, რაც ირონიული შემთხვევაა და ერთგვარი შეხსენება იმისა, თუ რა გავლენას ახდენს კლიმატის ცვლილება დედამიწასა და ადამიანების ცხოვრებაზე.
აქვე, COP26-ის მასპინძლობისთვის ქალაქ გლაზგოს სახელი დაარქვეს მყინვარს ანტარქტიდაზე, რომელიც კონტინენტის დასავლეთით გეცის აუზში მდებარე 9 სწრაფად დენადი მყინვარიდან ერთ-ერთია.
მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმებაში 197 ქვეყანა მონაწილეობს, მათ მიერ განხორციელებული პროექტები და ცვლილებები პარიზის შეთანხმების გეგმის მისაღწევად საკმარისი არაა. კლიმატის მეცნიერების თქმით, ამისთვის მსოფლიოში წიაღისეული საწვავის მოხმარების სწრაფი შემცირებაა საჭირო.
გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის აღმასრულებელმა მდივანმა, პატრიცია ესპინოზამ Observer-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ, იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფოები სათბურის აირების ემისიების შემცირებას ვერ მოახერხებენ, გლობალური უსაფრთხოება და სტაბილურობა, შესაძლოა, მიგრაციის კრიზისისა და საკვების უკმარისობის შედეგად დაირღვეს, რაც მსოფლიო კონფლიქტსა და ქაოსს გამოიწვევს.
"ჩვენ ქვეყნებში სტაბილურობის და იმ ინსტიტუციების შენარჩუნებაზე ვსაუბრობთ, რომლებსაც ამდენი წლის მანძილზე ვაშენებდით, იმ მიზნების შენარჩუნებაზე, რომლებიც ჩვენმა ქვეყნებმა ერთად დაისახეს. კატასტროფული სცენარის შემთხვევაში კი იძულებით გადაადგილებულ პირთა მასიურ ნაკადებს მივიღებთ", — განუცხადა მან Observer-ს.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მონაწილე ქვეყნების პოლიტიკოსები თავდაპირველ ხელმომწერებთან შედარებით ყოველთვის პარიზის შეთანხმების ერთგულნი არ ყოფილან. მაგალითად, 2017 წელს აშშ-მ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მმართველობის პირობებში შეთანხმების დატოვება მოითხოვა, ჯო ბაიდენის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ კი, 2021 წლის 19 თებერვალს ისევ შეუერთდა მას.
COP26-ის მიზანი
ორგანიზატორების მიხედვით, COP26-ის მიზანია 2030 წლისთვის სათბურის აირების შემცირების ამბიციური გეგმის შემუშავება, უკვე არსებულ კლიმატის ცვლილებებთან ადაპტაციაზე მუშაობა და განვითარებული ქვეყნების დათანხმება, რომ ყოველწლიურად 100 მილიარდი დოლარი გაიღონ კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლის საქმეში, როგორც ინვესტიცია გლობალურად სათბურის აირების ნულოვანი ემისიების მიღწევაში. ნულოვანი ემისიები გარემოში იმ რაოდენობის სათბურის აირების გაფრქვევას გულისხმობს, რა რაოდენობის მოცილებაცაა შესაძლებელი ატმოსფეროდან. კონფერენციის საბოლოო მიზანი კი Paris Rulebook-ის — პარიზის შეთანხმების ნაბიჯ-ნაბიჯ შესრულების გეგმაზე შექმნილი სახელმძღვანელოს დასრულებაა.
აღსანიშნავია, რომ სახელმძღვანელოს დიდი ნაწილი 2018 წელს გაეროს COP24 კონფერენციაზე პოლონეთში დამტკიცდა. თუმცა, შეთანხმების მიზნის მიღწევის გზების გარდა არსებობს კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რაც ასევე იმსახურებს ყურადღებას. ერთ-ერთი მათგანი ისაა, რომ ქვეყნები ჯერ არ შეთანხმებულან იმაზე, თუ როგორ უნდა აიცილონ თავიდან ერთი და იგივე ემისიების შემცირების ორჯერ გათვალისწინება. პარიზის შეთანხმების ფარგლებში სახელმწიფოებს ან კომპანიებს, რომლებსაც ემისიების შემცირება უჭირთ (მაგ. ავიაკომპანიები), შეუძლიათ ამაში სხვა ისეთ კომპანიებს გადაუხადონ თანხა, რომლებსაც უფრო ეფექტიანად შეუძლიათ ამის გაკეთება, რაც ერთგვარი ბალანსის დამყარებას შეუწყობს ხელს.
ორჯერ გათვალისწინების თავიდან აცილება არც ისე მარტივია. მაგალითად, წარმოიდგინეთ, რომ საქართველოში დაფუძნებულმა კომპანიამ, როგორიცაა OFOODO, თავიანთი ადგილზე მიტანის ტრანსპორტი მხოლოდ ელექტროენერგიაზე გადაიყვანა. შედეგად მიღებული ნახშირბადის ემისიების შემცირება კი, შესაძლოა, ერთდროულად OFOODO-მაც დაიბრალოს და საქართველომაც. ასეთი შემთხვევების პრევენციის გარეშე, კლიმატის პოლიტიკის ექსპერტების მიხედვით, შესაძლოა, ატმოსფეროში პირიქით მეტი ნახშირბადის ემისიები მივიღოთ და არა ნაკლები.
აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ პარიზის შეთანხმება მონაწილეებს საშუალებას აძლევს, თავიანთ მიზნებს სხვა ქვეყნებში ჩატარებული პროექტებითაც მიუახლოვდნენ. ამ გზით განვითარებულ ქვეყნებს შეუძლიათ სხვა ქვეყნებში გატარებული ღონისძიებებით მიღწეული შემცირებული ემისიები საკუთარი ეროვნული გეგმის ნაწილად ჩათვალონ.
ამ უფლებით სარგებლობს შვეიცარია, რომელმაც მსგავსი შეთანხმება 2020 წელს პერუსთან, შემდეგ განასთან და სენეგალთან, გასულ თვეს კი დომინიკასთან და საქართველოსთანაც დაამტკიცა. შეთანხმებების საშუალებით შვეიცარია შეძლებს, ამ ქვეყნებში გატარებული პროექტებით იმაზე დიდი წვლილი შეიტანოს გლობალურად სათბურის აირების ემისიის შემცირებაში, ვიდრე ამას მხოლოდ ადგილობრივი ღონისძიებებით შეძლებდა.
კონფერენციაზე ყველა ქვეყანას მოეთხოვება, წარმოადგინონ "Adaptation Communication" მოხსენება, რომელშიც აღწერილი იქნება, თუ რა გამოწვევების წინაშე დგანან ისინი ცვალებად კლიმატთან შეგუების საქმეში და როგორ გეგმავენ ამ დაბრკოლებების გადალახვას.
პარიზის შეთანხმება განვითარებული ქვეყნებისგან ასევე მოითხოვს, ყოველწლიურად 100 მილიარდი დოლარი მოიზიდონ განვითარებადი ქვეყნების დასახმარებლად შეთანხმების მიზნების მიღწევაში. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მიხედვით, ამ მიზნით განვითარებულმა ქვეყნებმა 2018 წელს ჯამში მხოლოდ 78.9 მილიარდი დოლარი გაიღეს.
არსებობს ნიშნები, რომ COP26-ზე დასახული მიზნების მისაღწევად მხარეებს წინააღმდეგობის გაწევა მოუწევთ. BBC-ის მიერ მოპოვებული გაჟონილი დოკუმენტების მიხედვით, ზოგიერთი განვითარებული ქვეყანა ფინანსური მიზნების წინააღმდეგ ლობირებს და იმედოვნებს, რომ წიაღისეული საწვავისგან თავის დაღწევის აუცილებლობას შეამცირებენ.
COP ყოველწლიურად იმართება — ამჯერად წელს 26-ე კონფერენცია დაიწყო, თუმცა წლევანდელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება. პარიზის შეთანხმების ფარგლებში ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ ყოველ 5 წელში წარმოადგენენ განახლებულ გეგმას თავიანთი ამბიციების შესახებ ემისიების შემცირების საქმეში. კონფერენცია COP21-ის შემდეგ პირველია, რომელზეც ქვეყნებს კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლისთვის შემუშავებული პროგრამების წარდგენა ევალებათ. COP26 12 ნოემბერს დასრულდება, რის შემდეგაც შევძლებთ ვისაუბროთ იმაზე, თუ რა წვლილს შეიტანს ეს კონკრეტული კონფერენცია კლიმატის კრიზისთან ბრძოლის საკითხში.
ასევე იხილეთ: შემდეგი პოდკასტი: გლობალური დათბობა — როგორ იცვლება კლიმატი
კომენტარები