მეცნიერების აზრით, ჭიის ხვრელებით დროსა და სივრცეში მოგზაურობა შესაძლებელია
ჭიის ხვრელები, ან თეორიული ხიდები, რომლებიც დროსა და სივრცეში ერთმანეთისგან დაშორებულ ადგილებს აკავშირებენ, ჯერ ისევ სამეცნიერო ფანტასტიკის სამყაროშია, თუმცა იგი საკმაოდ სწრაფად ინაცვლებს სამეცნიერო რეალობაში.
უკანასკნელი წლების მანძილზე, მეცნიერებას მნიშვნელოვანი პროგრესი ჰქონდა ამ ჰიპოთეტური ხვრელების შესწავლისა და გააზრების თვალსაზრისით. ლივერპულის ჯონ მურის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსი, ანდრეა ფონტი The Conversation-ში გამოქვეყნებულ ახალ ნარკვევში აღნიშნავს, რომ მუდმივად იზრდება იმის ალბათობა, რომ ერთ დღეს, ადამიანები ამ ხვრელების საშუალებით შეძლებენ მოგზაურობას. თუ ეს სიმართლეა, მაშინ იქნებ ერთ დღეს დროში მოგზაურობაც კი რეალობად იქცეს.
რა თქმა უნდა, საქმე ასე მარტივად არ არის. არსებული კვლევები ჭიის ხვრელების შესახებ მხოლოდ თეორიულ დასკვნებს ეფუძნება და პრაქტიკულად, ჯერ მსგავსი არაფერი გამოუცდიათ. ამ ყველაფერს ჯერ ბევრი დაბრკოლება ახლავს თან. მაგალითად, ფონტის განმარტებით, იმისთვის, რომ ჭიის ხვრელი საკმარისად გავზარდოთ სიგანეში, რათა მასში კოსმოსურმა ხომალდმა შეძლოს გასვლა, საჭირო იქნება დიდი რაოდენობით უარყოფითი ენერგია. თუმცა, ამ დრომდე, მეცნიერებმა ამ ნივთიერების მხოლოდ უმნიშვნელო რაოდენობის მიღება შეძლეს ლაბორატორიებში.
შესაბამისად, არის თუ არა ეს თეორიულად შესაძლებელი? — კი, რატომაც არა! მაგრამ, არის თუ არა იგი თავსებადი დღევანდელ ტექნოლოგიებთან? — ნამდვილად არა. მომავლის ტექნოლოგიებთან? — ამას მომავალში გავიგებთ.
ფონტი ფიქრობს, რომ ის, რაც დღეს შეუძლებელი გვეჩვენება, დიდი შანსია მომავალში სრუალიად შესაძლებელი გახდეს. ამასობაში, ამ საკითხის პოპულარობაც იზრდება და სულ უფრო მეტი მეცნიერი აქვეყნებს ნაშრომს ამ ეგზოტიკური კოსმოსური სტრუქტურებისა და მათი საშუალებით მოგზაურობის შესახებ.
"ჭიის ხვრელები ისევ წარმოსახვის სამყაროშია", — წერს ფონტი ნარკვევში, "მაგრამ ზოგიერთი მეცნიერი ფიქრობს, რომ მალე ისინი ჩვენს რეალობაში გადმოინაცვლებენ".
კომენტარები