ბადურაში ახალი ტიპის ნერვული უჯრედი აღმოაჩინეს
მეცნიერებმა, იუტას უნივერსიტეტის ჯონ მორანის თვალის ცენტრიდან, ადამიანის ბადურაში ახალი ტიპის ნერვული უჯრედი აღმოაჩინეს.
ცენტრალურ ნერვულ სისტემაში ნეირონების კომპლექსური სქემები ერთმანეთთან სენსორული და მოტორული ინფორმაციის გასაცვლელად ამყარებენ კომუნიკაციას. ეგრეთ წოდებული ინტერნეირონები კომუნიკაციის ჯაჭვში შუამავლების როლს ასრულებენ. ხოლო მკვლევართა გუნდმა, დოქტორი ნინ ტიანის ხელმძღვანელობით, ძუძმწოვრების ბადურაში აქამდე უცნობი ტიპის ნეირონი გამოავლინა.
ეს აღმოჩენა დარგისთვის წინგადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს, რადგან ამ სფეროს მეცნიერები ცენტრალური ნერვული სისტემის უკეთ შესწავლას ყველა ტიპის ნეირონისა და მათი კავშირების კვლევით ცდილობენ.
"თავის მორფოლოგიაზე, ფიზიოლოგიასა და გენეტიკურ მახასიათებლებზე დაყრდნობით, ეს უჯრედი 100 წლის წინ გამოვლენილი ბადურის ნეირონების ხუთი ტიპიდან არც ერთს არ ეკუთვნის", — ამბობს ტიანი. "ვფიქრობთ, შესაძლოა, იგი ბადურის ნეირონების სრულიად ახალ კლასს წარმოადგენდეს".
მკვლევართა გუნდმა თავიანთ აღმოჩენას Campana cell (კარილიონის უჯრედი) უწოდა, რადგან იგი ფორმით კარილიონის ზარს მოგვაგონებს. ეს უჯრედები ვიზუალურ სიგნალებს ბადურას ორივე ტიპის სინათლეზე მგრძნობიარე ღეროდან და კონუსის ფოტორეცეპტორებიდან ცვლიან, თუმცა მათი ზუსტი დანიშნულება, ჯერჯერობით, კვლევის საგანს წარმოადგენს. ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ ისინი 10 მილიწამიან მასტიმულირებელ სინათლის ციმციმის საპასუხოდ აქტიურობას უჩვეულოდ დიდი ხნით — მთელი 30 წამის მანძილზე ინარჩუნებენ.
"მიიჩნევა, რომ ტვინში მუდმივად აქტიურად მყოფი ნეირონები მეხსიერებისა და სწავლის პროცესში არიან ჩართულნი", — განაცხადა ტიანმა. "იქიდან გამომდინარე, რომ კარილიონის უჯრედებს მსგავსი ქცევა ახასიათებთ, თეორიულად, შესაძლოა, ისინი ბოლო მასტიმულირებელი სიგნალის დროებით 'დამახსოვრებას' იწვევდნენ".
მოხსენება, სახელწოდებით "უჩვეულო ნეირონული კლასი ვიზუალურ სიგნალებს ღეროებიდან და კონუსებიდან ბადურას ნერვული კვანძების უჯრედებს გადასცემს", ჟურნალ PNAS-ში (Proceedings of the National Academy of Sciences) გამოქვეყნდა.
კომენტარები