როგორ უნდა შექმნა კლასიკური სამეცნიერო ფანტასტიკური ფილმისთვის ისეთი კოსტიუმები, რომლებიც დროის გამოცდას გაუძლებს? ანდრეი ტარკოვსკის ფილმების, სოლარისის, სტალკერისა და სარკის კოსტიუმების დიზაინერი, ნელი ფომინა საკულტო სამეცნიერო ფანტასტიკური ფილმის მსახიობების ჩაცმულობაზე გვიამბობს.

სტატია შეიცავს სპოილერებს.

თავდაპირველად, ტარკოვსკის სურდა, რომ სოლარისში "კოსმოსური ეპოქისეული" კოსტიუმები გამოეყენებინათ, რადგან ფილმში მოქმედება მომავალში ვითარდება. თუმცა ანდრეი პირველი კოსტიუმების დიზაინერის ჩანაფიქრით კმაყოფილი არ იყო. ჩემმა წინამორბედმა სამოსის შესაქმნელად ფუტურისტული დიზაინის იმგვარი ნიმუშები გამოიყენა, როგორადაც იმ დროისთვის მომავლის მოდა წარმოედგინათ. კინოსტუდია მოსფილმის ფეხსაცმლის საამქროში ფილმის მთავარი პერსონაჟისთვის, კრის კელვინისთვის კვადრატული ცხვირისა და წარმოუდგენლად მაღალი ძირის მქონე ფეხსაცმელი შეკერეს. მათ დანახვაზე ტარკოვსკის გულზე შემოეყარა.

ანდრეი ტარკოვსკი

ფოტო: Public Domain

რეჟისორის დღიურში 1970 წლის 7 სექტემბრით ასეთი მოკლე ჩანაწერი თარიღდება: "მუშაობა არავისთან შემიძლია. აღმასრულებელი პროდიუსერი და კოსტიუმების დიზაინერი თავიდან მოვიშორე. ვინ უნდა ჩაანაცვლოს ისინი? სტუდია შესაფერის კანდიდატებს ვერ მთავაზობს". მოგვიანებით, 21 სექტემბერს, მან ასეთი ჩანაწერი გააკეთა: "ჩვენ ვიპოვეთ კოსტიუმების დიზაინერი ნელი ფომინა. მიხაილ რომადინის ესკიზებით შეიარაღებული ფომინა, ვფიქრობ, ამ საქმეს გაუმკლავდება".

ასე შევუერთდი სოლარისის გუნდს გადაღებების დაწყებამდე სულ რაღაც ერთი თვით ადრე.

ფილმის მხატვარ-დიზაინერ მიხაილ რომადინთან ხშირი კონტაქტი არ მქონდა, რადგან ის სტუდიას ძალიან იშვიათად სტუმრობდა. ადრე შეძენილი კოსტიუმები მოსფილმის საწყობში გაგზავნეს, რადგან ტარკოვსკიმ მათ გამოყენებაზე უარი თქვა. კოსტიუმებზე უკვე საკმაოდ დიდი თანხა იყო დახარჯული და ამ მიმართულებით არც დამატებითი რესურსების გამოყოფა იგეგმებოდა. ასე რომ, მუშაობის დაწყების მომენტში შეზღუდული დრო და ფინანსები გვქონდა.

ტარკოვსკიმ თავიდანვე მითხრა, რომ კოსმოსური კოსტიუმების შექმნა საჭირო არ იყო, რადგან 30 წლის შემდეგ ხალხს ისინი სასაცილოდ მოეჩვენებოდა. მისი მხრიდან ეს სწორი გადაწყვეტილება აღმოჩნდა. 2011 წელს, როდესაც მოსკოვში მასტერკლასს ვატარებდი, ერთმა ახალგაზრდამ მკითხა, თუ სად ვიპოვეთ ბადე ჟილეტი, რომელიც მთავარ გმირს ეცვა. ეს შეკითხვა იმას ნიშნავდა, რომ ამდენი წლის შემდეგაც კი ფილმის კოსტიუმები მოძველებულად არ გამოიყურებოდა.

სოლარისის პრემიერაზე (მარცხნიდან მარჯვნივ): კინოოპერატორი ვადიმ იუსოვი, კოსტუმების დიზაინერი ნელი ფომინა და რეჟისორი ანდრეი ტარკოვსკი. მოსკოვი, 1972 წელი.

ფოტო: Public Domain

ტარკოვსკი ხშირად ამბობდა, რომ სასურველია, კოსტიუმების ფერები ზედმეტად თვალშისაცემი არ იყოს, რათა მაყურებლის მთელი ყურადღება მათ არ მიიპყრონ. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სოლარისის გადაღებების დროს ანდრეის ფილმის კოსტიუმებისთვის გარემოსთან ისეთი შერწყმული ფერთა პალიტრის შექმნა ჯერ კიდევ არ ჰქონდა განზრახული, როგორსაც უფრო მოგვიანებით, სარკესა და სტალკერში ვხვდებით.

სამოსი, რომელსაც სოლარისში, სარკესა და სტალკერში ხედავთ, ჩემი და ტარკოვსკის რეგულარულ განხილვათა ნაყოფია. ის დიდ ყურადღებას უთმობდა კოსტიუმების დიზაინსა და მათ თითოეულ დეტალს, რადგან ეს ყველაფერი პერსონაჟების ხასიათის გადმოცემაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ტარკოვსკის აზრით, კოსტიუმები პერსონაჟისა და მისი ემოციური მდგომარეობის შესახებ მაყურებელს ბევრს ეუბნება.

ფოტო: Cygnnet

"კოსტიუმების დიზაინის საკითხი მხოლოდ მსახიობის შემოსვას არ გულისხმობს. მთავარია, რაც პერსონაჟს აცვია, მის ხასიათს შეესაბამებოდეს", — ხშირად იმეორებდა ანდრეი. კოსტიუმების საშუალებით დიზაინერი რეჟისორს პერსონაჟის ხასიათის უკეთ გამოხატვაში და იმ დროისა და ადგილების რელევანტურად ასახვაში ეხმარება, რომლებშიც მოქმედება ვითარდება. ფილმში კოსტიუმების ცვლა სცენარის განვითარების გზას უნდა მიჰყვებოდეს.

ესკიზების შექმნისას რეჟისორის სურვილების გათვალისწინება აუცილებელია, რადგან ეს შემდეგ კოსტიუმებზე უნდა აისახოს. ამ სამუშაოსადმი ჩემს მიდგომას თითოეული ფილმის სცენარზე დაყრდნობით ვცვლიდი.

ფოტო: Mosfilm

ფილმის გადაღების პერიოდში ხელმისაწვდომი ტექსტილის მრავალფეროვნებაში შეზღუდულნი ვიყავით, მაგრამ ანდრეი კოსტიუმების ტექსტურას ყოველთვის დიდ ყურადღებას აქცევდა. ზოგჯერ ქსოვილის შექმნა თავადაც მიწევდა. ტარკოვსკის სურდა, რომ კოსტიუმები ავთენტური, ბუნებრივი, ხელოვნური დეტალებისგან დაცლილი ყოფილიყო. მას სჯეროდა, რომ კოსტიუმი ისე უნდა გამოიყურებოდეს, თითქოს პერსონაჟი მის შიგნით თავს "შინაურულად გრძნობს" და არა ისე, თითქოს ის პირდაპირ მაღაზიიდან მოიტანეს და უბრალოდ ჩააცვეს.

ფოტო: Mosfilm

ანდრეი ტარკოვსკის 1972 წლის ფილმი, სოლარისი სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში გადაღებულ ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად ითვლება. კინოსურათი ფსიქოლოგიურ დრამას მიეკუთვნება და მასში მოქმედება შორეულ პლანეტა სოლარისის ორბიტაზე მბრუნავ კოსმოსურ სადგურზე ვითარდება. ბაზაზე მისვლისთანავე კრის კელვინი აღმოაჩენს, რომ სადგური მოუვლელია და მასზე მყოფი ეკიპაჟი იდუმალი "სტუმრების" სახით ჰალუცინაციებს განიცდის. შემდეგ კი კელვინი თავად ხვდება თავის ცოლს, რომელიც 10 წელია, რაც გარდაცვლილია.

კრის კელვინი

ფოტო: Cygnnet

ფოტო: Mosfilm

ფსიქოლოგი და ასტრონავტი კრის კელვინი ფილმის მთავარი პერსონაჟია, რომელიც კოსმოსურ სადგურ სოლარისზე მიემგზავრება. კრისის როლს მსახიობი დონატას ბანიონისი თამაშობს. ფილმი გრძელი სცენით იწყება, რომელშიც კრისი კოსმოსურ სადგურზე გამგზავრებამდე მამის სახლს ტოვებს. "კრის კელვინი ხეებით დაფარული ფერდობიდან დაღლილი დაეშვა. მას სვიტერი და ღია ფერის შარვალი ეცვა, რომელსაც თიხის ლაქები ემჩნეოდა", — გმირის პირველი გამოჩენა სწორედ ასეა აღწერილი. მოგვიანებით მისი კოსტიუმი შეიცვალა: ფილმის პირველ სცენაში კრისს მუქი ლურჯი პიჯაკი, ღია ნაცრისფერი ჯემპრი და ღია ფერის შარვალი აცვია.

სოლარისის გადაღებისას საბჭოთა კავშირი ხელმისაწვდომი ქსოვილების მრავალფეროვნებით არ გამოირჩეოდა. კრისის ღია ჩალისფერი შარვლის შესაქმნელად სპეციფიკური თხელი ზამში გამოვიყენე, რომლითაც ოპერატორები ლინზებს წმენდნენ. ღია ფერის ემულსირებული საღებავის მცირე დოზა გავაზავე, ამ წებოვან ნარევში მუსლინი ჩავაწე, შემდეგ კი ის ზამშის უკანა მხარეს მივამაგრე. როცა დონატასმა შარვალი პირველად ჩაიცვა, ის ფეხებზე მჭიდროდ მიეკრო და ამის წყალობით, მატერიას არასდროს დაუკარგავს ფორმა. ანდრეი გაოცდა, როცა შარვლის ტექსტურის შექმნის ისტორია გაიგო.

სამეცნიერო კომისიის სხდომა

ფოტო: Mosfilm

"კომისიის წევრები ნალის ფორმის მაგიდის გარშემო ისხდნენ, რომელიც სოლარისის პროექტზე მომუშავე მეცნიერთა პორტრეტების გრძელი რიგით დამშვენებული კედლებით იყო გარშემორტყმული", — ვკითხულობთ სცენარში.

ამ ეპიზოდში უცხოელები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას. მათი გადაღების ნებართვის მიღება ძალიან რთული აღმოჩნდა და ხელმეორედ ამის გარანტია არ არსებობდა. ამიტომ ტარკოვსკიმ გადაწყვიტა, რომ რა ტანისამოსითაც უნდა მოსულიყვნენ, მათში გამოწყობილებს გადაუღებდნენ.

სცენაში მფრინავი ბერტონი (ვლადისლავ დვორჟეცკის შესრულებით) წინა პლანზე იყო. ბერტონის ჩაცმულობა მეცნიერების სამოქალაქო ტანსაცმლისგან რომ გაგვერჩია, მისთვის სპეციალური უნიფორმა შევკერეთ. ანდრეიმ გადაწყვიტა, რომ ბერტონის სამკერდე ნიშნები შემთხვევითობის პრინციპით აგვერჩია. მისი საყელოს, ჯიბისა და მხრებისთვის ყალბი სამკერდე ნიშნები მოვძებნე. ისინი სახელოსნოს სამხედრო კოსტიუმების ნაწილში ვიპოვე და იმის მიხედვით შევარჩიე, რომ ერთ სპეციფიკურ ფორმასთან დაკავშირებული არ ყოფილიყვნენ.

კრისი სოლარისზე

ფოტო: Cygnnet

ფოტო: Mosfilm

კოსმოსურ სადგურზე მისვლის შემდეგ კრისი აცნობიერებს, რომ იქ რაღაც უცნაური და იდუმალი ხდება. ჩამოსვლისას მას არავინ ხვდება და იქ მყოფ მეცნიერებს კრისისთვის თავიანთი ოთახების კარის გაღების სურვილიც კი არ აქვთ.

კოსმოსური ხომალდის პირველ სცენებში კრისს ჩვეულებრივი უნიფორმა აცვია. კომბინეზონის სხვადახვა მორთულობა, რომელიც კოსმოსურ ცენტრში გადმოვგცეს, მის ტილოს შარვალზე დავაკერეთ. ნაცრისფერი უხეში ტილოს შარვლისა და კოსმოსური კომბინეზონის მწვანე ფერის ნაკერები ერთმანეთს კარგად ერწყმოდა. კოსმოსურ სადგურზე ჩასვლის დროს კრისს ბადე ჟილეტი აცვია. ჩვენ ის მოსფილმის კაცების გარდერობის განყოფილებაში ვიპოვეთ: ხაკისფრად შეღებილი შიდა მაისური მყვინთავებისთვის იყო განკუთვნილი.

ეს სამოსი ფილმის შემდეგ სცენებში კრისს აღარ აცვია, თუმცა ერთხელ მის ოთახში გაკვრითაც ვაჩვენეთ, რათა მაყურებლისთვის მისი მოგზაურობა შეგვეხსენებინა. ყველა სხვა კოსტიუმი, რომელიც კრისს კოსმოსურ სადგურზე აცვია, იმის მსგავსია, რასაც დედამიწაზეც თავისუფლად გამოიყენებდა.

სნაუტი

ფოტო: Mosfilm

სნაუტი, რომელსაც იური იარვერტი განასახიერებს, კოსმოსურ სადგურზე მცხოვრები ერთ-ერთი მეცნიერია. "ჩვენ არ გვჭირდება სხვა სამყაროები. ჩვენ სარკე გვჭირდება. ჩვენ ვცდილობთ, კონტაქტი სხვა ცივილიზაციებთან დავამყაროთ, მაგრამ ამას ვერასდროს მივაღწევთ. ჩვენ იმ ადამიანის მსგავს სულელურ მდგომარეობაში ვართ, რომელსაც საკუთარი მიზნის ეშინია და ის საერთოდ არ სჭირდება. ადამიანებს მხოლოდ სხვა ადამიანები სჭირდებათ", — ამბობს სნაუტი და ეს ფილმის ერთ-ერთი საკვანძო ფრაზაა.

სნაუტის კოსტიუმისთვის დამახასიათებელი მოუწესრიგებლობა განზრახაა ხაზგასმული. სცენარის ლიტერატურულ ვერსიაში აღნიშნულია, რომ სნაუტის პიჯაკის ერთ-ერთი სახელო მხართან გახეული იყო და მის ქვეშ თეთრი გახამებული მაისური უჩანდა.

მე მომწონდა ეს იდეა და ვფიქრობდი, რომ პიჯაკის სახელო მხართან ისე გადაგვეხია, როგორც სცენარში იყო აღწერილი. ტარკოვსკი კი დაჟინებით მოითხოვდა, რომ უშუალოდ სახელოს ნაწილი ყოფილიყო დახეული. მან პირდაპირ მიუთითა, თუ რა ადგილზე უნდა დაგვეხია პიჯაკი — ზუსტად მხრის ქვემოთ. უნდა ითქვას, რომ ეს ძალიან ეფექტური აღმოჩნდა: პიჯაკი ისე გამოიყურებოდა, თითქოს სნაუტს ვიღაც ჩაეჭიდა და არ უშვებდა — სავარაუდოდ, უცხო ან "სტუმარი", რომელიც მის ოთახში იმალებოდა.

სარტორიუსი

ფოტო: Mosfilm

მყარი პრინციპების მქონე მეცნიერი სარტორიუსის როლს ანატოლი სოლონიცინი ასრულებს. პროფესორი ფიქრობს, რომ ასტრონავტების ქვეცნობიერიდან ოკეანის მიერ მატერიალიზებული "სტუმრები" საცდელ კურდღლებზე მეტი არაფრით არიან. შედეგად, მეცნიერული ცოდნის სახელით, სარტორიუსი მზად იყო, რომ მათზე ნებისმიერი ტიპის ექსპერიმენტი ჩაეტარებინა.

ამ პერსონაჟის საშუალებით ტარკოვსკის ისეთი პიროვნების ჩვენება სურდა, რომელიც საკუთარი საქმიანობითა და მისიით ბოლომდეა გატაცებული. ჩვენ პროფესორს დალაქავებული თეთრი ხალათი ჩავაცვით. სარტორიუსის სვიტერის საყელო განზრახ იყო გაწელილი. მე ის ძლიერად დავჭიმე და შემდეგ ნესტიანი ქსოვილის მეშვეობით დავპრესე.

სარტორიუსისა და კრისის შეხვედრის სცენა შემდეგნაირადაა აღწერილი სცენარში: "კარი ოდნავ გაიღო და სარტორიუსი ოთახიდან დერეფანში ფრთხილად გამოძვრა. მას შეწუხებული სახე ჰქონდა და შეჭმუხნული შუბლი დაძაბულ გამომეტყველებას სძენდა. მისი გონიერი თვალები ოდნავ სევდიან ამპარტავნებას გამოხატავდნენ. როდესაც ის და კრისი საუბრობდნენ, კარი ოდნავ უფრო ფართოდ გაიღო და კრისს მოეჩვენა, რომ იქედან პატარა არსებამ გამოიხედა. სარტორიუსმა პატარა არსება ხელის ბიძგებით ოთახში შეაბრუნა".

ჰარი

ფოტო: Cygnnet

ფოტო: Mosfilm

ოკეანე სოლარისზე მცხოვრები ადამიანების ყველაზე მტკივნეულ მოგონებებს აცოცხლებს და მათ კოსმოსურ სადგურზე "სტუმრების" სახით გზავნის. კელვინს ცოლი, ჰარი სტუმრობს. ჰარიმ თავი მრავალი წლის წინ მოიკლა, თუმცა კრისი მის მიმართ თავს დამნაშავედ კვლავ გრძნობს. ჰარის როლს ნატალია ბონდარჩუკი ასრულებს.

ამონარიდი სცენარიდან: "სად არის შენი ტანსაცმელი?" — თქვა კრისმა ისეთი ხმით, რომელიც მისას სულაც არ ჰგავდა და სიტყვებიც მხოლოდ იმ მიზანს ემსახურებოდა, რომ რაღაც ეთქვა, — "ტანსაცემლი-მეთქი. მხოლოდ ეს კაბა გაქვს?"

ტარკოვსკის მოთხოვნით, ჰარის კაბის ესკიზი მხატვარ-დიზაინერმა მიხაილ რომადინმა შექმნა, მაგრამ ღია ფერის ტყავის შოვნა შეუძლებელი იყო. მე მხოლოდ ინდუსტრიული ზამშით უნდა გავსულიყავი ფონს. კრისის შარვლისა და ჰარის კაბის ფერი და ტექსტურა იდენტურია, რაც მათ შორის კავშირს გამოხატავს.

ანდრეიმ ის კაბა, რომლითაც ჰარი ფილმში უნდა გამოჩენილიყო, მსახიობის არჩევის პარალელურად დაამტკიცა. "ნატალია ბონდარჩუკი ჰარის როლზე დამტკიცდა. კაბის ბოლო ჩაცმისას ის ბრწყინვალედ გამოიყურებოდა", — აღნიშნა ტარკოვსკიმ თავის დღიურში.