ბაიდენის ინაუგურაცია ტრამპის გარეშე — რას უნდა ველოდოთ 20 იანვარს
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და მომავალი ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი უფლებამოსილებას ოფიციალურად ინაუგურაციის დღეს, 20 იანვარს შეუდგებიან.
პანდემიის გამო, ღონისძიებაში ბევრი ცვლილებაა მოსალოდნელი. თუმცა არაპანდემიური და ტრადიციებისგან გადახვეული სიახლეა ის, რომ მოქმედი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ინაუგურაციას არ დაესწრება. აშშ-ის ისტორიაში ტრამპი მეოთხე პრეზიდენტი გახდა, რომელიც თავისი მემკვიდრის ინაუგურაციაში მონაწილეობას არ მიიღებს.
ტრადიციის მიხედვით, უფლებამოსილების გადაბარების დღეს, პრეზიდენტი და პირველი ლედი მომავალ პირველ ოჯახს თეთრ სახლში დილის ყავაზე ეპატიჟებიან, რის შემდეგაც ლიმუნიზინით კაპიტოლიუმისკენ მიემგზავრებიან. ფიცის დადების შემდეგ კი, უკვე ყოფილი პრეზიდენტი და პირველი ლედი ვერტმფრენით მიფრინავენ და თეთრ სახლში ახალ ოჯახს ტოვებენ. გამოტოვებენ თუ არა ტრამპები ამ ნაწილსაც, ჯერჯერობით უცნობია.
ახალი საპრეზიდენტო ვადის ათვლის წერტილი ყოველთვის იანვარი არ ყოფილა. ადრე ეს 4 მარტს ხდებოდა — იმის გათვალისწინებით, თუ რამხელა დრო სჭირდებოდა ქვეყნის მასშტაბით ყველა საარჩევნო ბიულეტენის მოგროვებას. დროთა განმავლობაში, და ამას ტექნოლოგიურმა განვითარებამაც შეუწყო ხელი, ინაუგურაციის თარიღმა გადმოიწია. 1933 წლის კონსტიტუციის მე-20 შესწორებით, ინაუგურაციის თარიღად სწორედ 20 იანვარი განისაზღვრა.
"მე საზეიმოდ ვფიცავ, რომ ერთგულად ვუხელმძღვანელებ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციას და გავაკეთებ ჩემი შესაძლებლობის მაქსიმუმს, რათა მოვუარო, გავუფრთხილდე და დავიცვა აშშ-ის კონსტიტუცია. ღმერთი იყოს ჩემი მფარველი!" — ეს სიტყვები ჯორჯ ვაშინგოტნმა 1789 წელს პირველად წარმოთქვა და მას შემდეგ კიდევ არაერთხელ გაჟღერდა.
როგორც კი ბაიდენი ამ სიტყვებს წარმოთქვამს, ის აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი გახდება. ბაიდენამდე რამდენიმე წუთით ადრე ფიცს დადებს კამალა ჰარისი, რის შემდეგაც ის აშშ-ს პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტი გახდება. ინაუგურაციის დასრულებას საზეიმო ღონისძიება მოჰყვება.
პრეზიდენტის ინაუგურაცია განსაკუთრებულ უსაფრთხოებასთან არის დაკავშირებული. კაპიტოლიუმში ტრამპის მხარდამჭერების შეჭრის შემდეგ კი, მოსალოდნელია, რომ ზომები კიდევ უფრო გამკაცრდება. თუმცა დამატებითი ნაბიჯების შესახებ ჯერჯერობით უცნობია.
ჩვეულ დროს ვაშინგტონში ინაუგურაციისთვის ათასობით ადამიანი ჩადის, თუმცა კოვიდპანდემიამ ყველაფერი შეცვალა. 2009 წელს ბარაკ ობამას ინაუგურაციას 2 მილიონამდე ადამიანი დაესწრო. ბაიდენის გუნდის თქმით, საზეიმო ღონისძიება "მაქსიმალურად შეზღუდული იქნება" და მოქალაქეებსაც მოუწოდებს, რომ დედაქალაქში მგზავრობისგან თავი შეიკავონ.
ბაიდენი და ჰარისი კვლავ დადებენ ფიცს კაპიტოლიუმიდან (ტრადიცია, რომელსაც 1981 წელს პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა ჩაუყარა საფუძველი), თუმცა სტუმრების რაოდენობა მკვეთრად შემცირდება.
კონგრესის წევრები აქამდე ჯამში 200 ათას მოსაწვევს იღებდენ, რომლებსაც შემდეგ თავიანთ ამომრჩევლებში არიგებდნენ. წელს თითოეული კანონმდებელი მხოლოდ ორ მოსაწვევს მიიღებს — ერთი თავისთვის, ერთი კი სტუმრისთვის. საერთო ჯამში კი, სტუმრების რაოდენობა ათასამდე უნდა იყოს. დამსწრეებისთვის ჯანმრთელობასთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მკაცრი პროტოკოლი იმოქმედებს.
კოვიდპანდემიის გამო, შეიცვლება კიდევ ერთი ტრადიცია. როგორც წესი, ხელისუფლების მშვიდობიანად გადაცემისას, ახალი მხედართმთავარი ჯარს გადაიბარებს ხოლმე. თუმცა წელს პენსილვანიის გამზირიდან თეთრ სახლამდე ჩვეულებრივი აღლუმის ნაცვლად, "ვირტუალური აღლუმი" გაიმართება.
ამის შემდეგ, ჯო ბაიდენსა და კამალა ჰარისს თეთრ სახლში სამხედროები ორკესტრის ფონზე მიაცილებენ.
თეთრი სახლის ბინადრების ცვლილება სხვადასხვა ორგანიზაციულ საკითხთან არის დაკავშირებული, რისი დაგეგმვაც ინაუგურაციამდე იწყება.
ინაუგურაციის დღეს ყოფილი პრეზიდენტის ნივთების ახალი ლიდერის ნივთებით ჩანაცვლება სულ რაღაც ექვს საათში ხდება — ამ დროში იწმინდება ხალიჩები, ცვლიან ავეჯს, აახლებენ ხელოვნების ნიმუშებს. მოკლედ, თეთრ სახლს ახალი ბინადრებისთვის ახალ სულს შთაბერავენ.
"მიზანი ისაა, რომ ახალმა ოჯახმა თეთრი სახლი საკუთარ სახლად უნდა აღიქვას, კარადაში მათი ტანსაცმლით, გამოფენილი ფოტოებით, მათთვის გამზადებული საყვარელი კერძებით", — აცხადებს ანიტა მაკდრაიდი, ყოფილი პირველი ლედის, ლაურა ბუშის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
დაახლოებით, 95 ადამიანისგან შემდგარი გუნდი დილის 4 საათზე იწყებს მუშაობას, იქ შედიან ელეტრიკოსები, მღებავები, სანტექნიკოსები, ინჟინრები და ა.შ. მათ ზუსტად იციან ინაუგურაციის დღის განრიგი და ყველაფერს დროში შეზღუდულად აკეთებენ. გარი უოლტერსი, რომელიც 21 წლის განმავლობაში თეთრ სახლში აღნიშნულ პროცესს ხელმძღვანელობდა, ამბობს, რომ ეს "ორგანიზებული ქაოსია". დღის ბოლოს კი, თეთრი სახლი ახალი პრეზიდენტის და მისი ოჯახის სახლი ხდება.
კომენტარები