სკოლა შეჯიბრს გვაჩვევს. მასწავლებლები თუ ოჯახი მუდმივად გვიმეორებენ, რომ საუკეთესოები უნდა ვიყოთ და მოსწავლე იზრდება იდეით, რომ მიღწევა შთამბეჭდავია, მხოლოდ მაშინ, როდესაც სხვების ნაშრომს აღემატება, მაგრამ პირველობაზე დამყარებული სისტემის მიუხედავად, სხვებისთვის დახმარების სურვილი ზოგიერთ ბავშვს მცირე ასაკიდან აქვს.

აშშ-ში, ისტორიის მასწავლებელმა კენტუკიდან, უინსტონ ლიმ მოსწავლის მიერ ტესტზე მიწერილი შეტყობინება აღმოაჩინა. სკოლის მოსწავლემ, რომელიც კარგი აკადემიური მოსწრებით გამოირჩევა, ტესტში 94 ქულა მიიღო, თუმცა ტესტისთვის მოსამზადებელ აქტივობაში საუკეთესო შედეგის გამო დამსახურებული 5 ბონუს ქულით, 99 ქულის აღება შეეძლო. მან გადაწყვიტა, რომ 5 ბონუს ქულა იმ მოსწავლისთვის ეჩუქებინა, რომელიც ყველაზე დაბალ შედეგს აჩვენებდა.

*შესაძლებელია, ჩემი ბონუს ქულა მას მისცეთ, ვისაც ყველაზე დაბალი შედეგი ექნება?

ფოტო: Winston Lee / boredpanda

მასწავლებელმა გადაწყვიტა მოსწავლის გადაწყვეტილებისთვის პატივი ეცა და სიკეთის მცდელობა წაეხალისებინა.

"უჩვეულო სიტუაციაა, თუმცა ქულა მას ეკუთვნის და ბონუსის სხვა მოსწავლისთვის ჩუქება მისი კეთილი ნებაა. ყველაზე დაბალი შედეგის მქონე მოსწავლემ 58% აჩვენა ტესტში, გადასალახად 60% სჭირდება და უცებ 63%-ს გამოჰკრა ხელი. იმედი მაქვს ის მიღებულ სიკეთეს სხვებს გაუზიარებს. შესაძლოა ჩემი ქცევა წესებისგან გადახვევაა, მაგრამ ეს ხომ სიკეთის ხელშეწყობის მიზნით მოხდა", — განაცხადა მასწავლებელმა.

გადაწყვეტილებამ ხალხში ორაზროვნება გამოიწვია — ნაწილი სიკეთის აქტის წახალისებას ემხრობა, ნაწილის აზრით კი თავდაუზოგავი შრომით მოპოვებული ქულის ნაკლებ მონდომებული მოსწავლისთვის გადაცემა მის პიროვნულ განვითარებაზე უარყოფითად აისახება.