ლიკა ცანკაშვილი სტუდენტის სტატუსით საკუთარ უნივერსიტეტში მხოლოდ ერთხელ, რეგისტრაციის დროს მივიდა.

"სხვათა შორის, სტუდენტობამდე უფრო ბევრჯერ ვარ ნამყოფი ილიაუნში, ვიდრე შემდეგ. როცა სტუდენტი გავხდი, რეგისტრაციის გასავლელად მივედი და ეგ იყო ჩემი პირველი და ბოლო მისვლა უნივერსიტეტში სტუდენეტის სტატუსით. მანამდე უფრო ხშირად დავდიოდი ხოლმე, რაღაც პროექტებში ვიღებდი მონაწილეობას, ან ჩემს მეგობრებთან მივდიოდი, რომლებიც იქ სწავლობდნენ", — გვიყვება ლიკა.

ფოტო: ლიკა ცანკაშვილი / Facebook

ცოტნე გოცაძე, რომელი თავისუფალ უნივერსიტეტში, ბიზნესის ადმინისტრირებას სწავლობს, ამბობს, რომ სხვა სტუდენეტებთან შედარებით გაუმართლა, რადგან, შეზღუდვების დაწესებამდე აუდიტორიაში ესწრებოდა ლექცია-სემინარებს.

"ჩვენს უნივერსიტეტს აქვს ორკვირიანი საკოორდინაციო კურსი, სადაც შეგვასწავლეს ის ონლაინ პლატფორმა, რომელსაც ვიყენებდით მერე, სემესტრის განმავლობაში. ეს საკოორდინაციო კურსები იყო სექტემბრის დასაწყისში. მაშინ ეს აკრძალვები არ იყო და ეგ ორი კვირა მომიწია უნივერსიტეტში სიარული. სწავლა რომ დაიწყო, კიდევ ერთი კვირა დავდიოდი, შემდეგ გადავედით ონლაინზე. სხვებთან შედარებით, მაგ მხრივ გამიმართლა", — ამბობს ცოტნე.

სწავლის დაწყების პირველი დღე

ნინი სალუქვაძე საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში, სამართლის ფაკულტეტზე სწავლობს. როგორ ამბობს, ძალიან უყვარს ადამიანების გაცნობა, ახალი ურთიერთობები, ამიტომ, განსაკუთრებით ელოდა უნივერსიტეტის დაწყების პირველ დღეს. თუმცა, გეგმები ჩაეშალა.

"მოუთმენლად ველოდი უნივერსიტეტის პირველ დღეს. ამაზე ფიქრიც კი ძალიან ამაღელვებელი იყო ჩემთვის. ძალიან დიდი მნიშვნელობას ვანიჭებ პირველ შთაბეჭდილებას — როგორც ჩემსას, ისე იმას, მე როგორ შთაბეჭდილებას დავტოვებ პირველი ნახვისას ადამიანზე. აქედან გამომდინარე, ძალიან აქტიურად ვემზადებოდი, ბოლო წუთამდე. იმის მიუხედავად, რომ რაღაც ვარაუდები იყო, რომ სწავლა არ დაიწყებოდა, მართლა ბოლო წამამდე მქონდა იმედი. ვფიქრობდი, იქნებ დაიწყოს-მეთქი", — გვიყვება ნინი.

სწავლის დაწყების პირველ დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ნიკა არობელიძისთვისაც, რომელიც ტექნიკურ უნივერსიტეტში არქიტექტურას სწავლობს.

ფოტო: ნიკა არობელიძე

"უნივერსიტეტის პირველი დღე წარმომედგინა ასე — ვიდექი გეპეის წინ, ვუყურებდი შენობას, სადღაც 5 წუთი და აღვიქვამდი ამ სიტუაციას — სტუდენტობას.

ბავშვობიდან მქონდა სტუდენტობის მუღამი. ბიძაჩემი სწავლობდა თსუ-ში, მაგას დავყვებოდი სულ და ძაან მისწორდებოდა სტუდენტური სიტუაციები. სულ მინდოდა, რომ ეგრე ვყოფილიყავი მეც. მეგონა, რომ ძაან მაგრად ვისწავლიდი, ძაან მაგრად გავერთობოდი, ძაან ბევრ ახალ ვიღაცას გავიცნობდი... ნუ, ვიღაცები გავიცანი მაინც ონლაინ, ორი კვირა ვიარეთ კიდეც უნივერსიტეტში და მერე ჩაგვკეტეს", — გვიყვება ნიკა.

მოლოდინები და რეალობა

ლიკა ცანკაშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექციებს კახეთის ერთ-ერთი სოფლიდან ესწრება. სტუდენტობა მისთვის დედაქალაქში გადასვლასთან, სამსახურის დაწყებასთან, დამოუკიდებელი ცხოვრებისკენ პირველი ნაბიჯების გადადგმასთან ასოცირდებოდა, ახლა კი, ისევ პატარა სოფელშია — საკუთარი ოთახში, პატარა მაგიდასთან ზის და როგორც მე-12 კლასის ბოლო სემესტრში ესწრებოდა სკოლის ონლაინ გაკვეთილებს ედისტანციურად, ისე ესწრება უნივერსიტეტის პირველი სემესტრის ლექციებს. ამბობს, რომ ზოგჯერ თავი ისევ სკოლის მოსწავლე ჰგონია.

"ვერც კი ვგრძნობ, რომ სტუდენტი ვარ. ახლახან დავიწყე სტაჟირება ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციაში და ცოტა პასუხისმგებლობები რომ მომემატა, მანდ მივხვდი, რომ გავიზარდე და სკოლის მოსწავლე აღარ ვარ.

სტუდენტობასთან დაკავშირებული ყველა გეგმა ერთბაშად ჩაგვეშალა, რაც ძალიან სტრესულია და ძალიან ცუდად იმოქმედა თითოეულ ჩვენგანზე. როცა ქალაქში ხარ, იქ კიდევ სხვანაირადაა ალბათ და ამ პატარა სოფელში არ ხდება არაფერი საინტერესო, ჩამკვდარია აქაურობა. იმის გარდა, რომ ისწავლო, გინდა, გახვიდე და სხვა რაღაცებიც აკეთო, გაერთო", — ამბობს ლიკა.

ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა

დისტანციური სწავლების მიუხედავად, რეგიონიდან თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად ნინი სალუქვაძეც, რომელიც ამის ერთ-ერთ მიზეზად ინტერნეტთან ხელმისაწვდომობის პრობლემას ასახელებს.

"რაჭაში არ არის ისეთი ხარისხის ინტერნეტი, რომ თუნდაც გამოცდებზე ხელი არ შემშლოდა. თბილისში გადმოსვლამ სწავლის პროცესი ტექნიკურად გამიმარტივა", — ამბობს ნინი.

ფოტო: ნინი სალუქვაძე / Facebook

ინტერნეტის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული პრობლემები უცხო არ არის ლიკასთვის, რომელიც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, კახეთიდან ესწრება ილიაუნის ლექცია-სემინარებს.

"როცა სემინარს ვაბარებ, ან რაღაც პრაქტიკული სამუშაო გვაქვს, ზოგჯერ ჭედავს და მიწევს ახლიდან შევიდე. გამოცდაზე ჩამიქრა ერთხელ შუქი. მალევე მოვიდა და, პრინციპში, მოვასწარი დაწერა, თუმცა, ერთსაათიანი გამოცდის დაწერა ნახევარ საათში მომიწია. ამიტომ, ისე ვერ დავწერე, როგორც საჭირო იყო და ქულები დამაკლდა", — გვიყვება ლიკა.

დისტანციური სწავლებისთვის საჭირო ტექნიკა

შეიძლება ინტერნეტი გქონდეს, მაგრამ, არ გქონდეს საჭირო ტექნიკა, რომლითაც დისტანციური სწავლების რეჟიმს გაუმკლავდები.

"პირველი ერთ თვე იყო კოშმარი. ცალკე ის, რომ დათრგუნული ხარ და რაღაცებს ვერ ეჩვევი და ცალკე ის, რომ ჩემი ლეპტოპი ძაან ჭედავდა და მეც ვჭედავდი ლეპტოპთან ერთად. ძაან ბევრი პრობლემა შემექმნა მართლა, ხელს მიშლიდა დავალების დაწერაში. მერე, როგორც იქნა, ახალი ვიყიდე და გამოსწორდა, მაგრამ, მაგის გამო დავკარგე ქულები და ძალიან ხინჯად მაქვს ახლა გულში, რომ ტექნიკურ პრობლემების გამო ქულები დამაკლდა", — ამბობს ლიკა.

შეიძლება გქონდეს ინტერნეტიც და საჭირო ტექნიკაც, მაგრამ, თუ ოჯახში რამდენიმე ადამიანი სწავლობს, ასწავლის ან მუშაობს დისტანციურად, საქმე მაინც რთულდება.

"მე სულ ტელეფონით ვერთვები, იმიტომ, რომ ერთი კომპიუტერი გვაქვს სახლში, რომელიც ჩემს პატარა და-ძმას სჭირდება, სკოლის მოსწავლეები არიან. თუ გვემთხვევა ლექციები და გაკვეთილები, ოთახებში ვნაწილდებით ხოლმე, რომ ერთმანეთს ხელი არ შევუშალოთ", — ამბობს ნიკა არობელიძე.

უნივერსიტეტების ონლაინ სასწავლო პლატფორმები

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ზუსტ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი, ლადო თხილაიშვილი გვიყვება ტექნიკურ პრობლემებზე, რომელიც შეიძლება შეიქმნას მაშინაც, თუ ინტერნეტიც გაქვს და საჭირო ტექნიკაც. ეს შეეხება საუნივერსიტეტო პლატფორმებს, რაც არის ძირითადი საკომუნიკაციო წყარო სტუდენტებსა და ლექტორებს შორის.

"პრობლემა არის უნივერსიტეტის პორტალთან. უნივერსიტეტში სწავლობს 7 000-ზე მეტი სტუდენეტი. ამას ემატებიან ლექტორები, პორტალი კი 1 000 ადამიანზე უკვე საშინლად ჭედავს.

ფოტო: ლადო თხილაიშვილი

შუალედური გამოცდები როცა გვქონდა, 2,5 საათი მოგვცეს დრო, მაგრამ, ძალიან ბევრს გაუჭირდა 2,5 საათში უკანვე ატვირთვა. ამ დროში გამოცდის დაწერა პრობლემა არ არის, მაგრამ ატვირთვას დასჭირდა ძალიან დიდი ხანი. ერთ-ერთი შუალედური განსაზღვრულ დროზე 40 წუთით ადრე დავამთავრე, მაგრამ, ატვირთვა მაინც ვერ მოვახერხე 40 წუთის განმავლობაში. ეგრევე მივწერე კანცელარიას და ნახევარ საათში უკვე ჩემი ნაშრომიც ატვირთეს და ალბათ, ყველას ნაშრომი ატვირთეს", — გვიყვება ლადო.

ლადოსგან განსხვავებით, საკუთარი უნივერსიტეტის ტექნიკური მომზადებით კმაყოფილია ნინი სალუქვაძე.

"ტექნიკური პრობლემები ძალიან იშვიათად მაქვს. თავიდიან, ცოტა გაუმართავი იყო სისტემა, მაგრამ, ეგ ყველგან ეგრე იქნებოდა. გვყავს ზუმ-მენეჯერები, რომლებიც სულ ხაზზე არიან და რაიმე პრობლემის შემთხვევაში, შეგვიძლია მივმართოთ. სეუ-მ ამ მხრივ, კარგად იმუშავა და სრულიად მომზადებული შეხვდა პროცესს", — ამბობს ნინი.

დისტანციური გამოცდები და შეფასება

სტუდენეტები ყვებიან, რომ ტექნიკური პრობლემების გარდა, გამოცდებზე სირთულე ნაკლებად ხვდებათ. პირიქით, უმრავლესობა აღნიშნავს, რომ დისტანციურ სწავლება საშუალებას იძლევა ჩააბარო გამოცდა მაშინ, როცა რეალურად არ ხარ მზად, ან აიღო მაღალი ქულა მაშინ, როცა არც ისე კარგად იცი მასალა.

ფოტო: რუსუდან წითელაძე / Facebook

"გამოცდებზე ერთმანეთს ვეხმარებით, რა თქმა უნდა. კურსელებს ფეისბუქ ჩატი გვაქვს და ფაქტობრივად ჯგუფურად ვწერთ დავალებას, რომელსაც ინდივიდუალურად უნდა ვაკეთებდეთ. აუდიტორიაში რომ დაგვეწერა გამოცდები, მაგის საშუალება არ გვექნებოდა. თუმცა, ზეპირი გამოკითხვის დროს ვერ მოიტყუები ეგრე", — ამბობს რუსუდან წითელაძე, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის პირველი კურსის სტუდენტი.

ნიკა არობელიძე კი აღნიშნავს, რომ თუ მოინდომებ, ძალიან მარტივად გადაწერ გამოცდას, ან სასემინარო დავალებას.

"რაღაც დავალებას რომ გვაძლევს ლექტორი, მთელი ჯგუფი ერთად განვიხილავთ, ან არ განვიხილავთ და ვინც იცის, ის გვიგზავნის ყველას. შუალედურზე, მაგალითად, საიტზე დაიდო ფაილი და ერთ საათში უნდა დაგვეწერა და აგვეტვირთა. არავინ არაფერს აკონტროლებდა.

მე სულ ტელეფონით ვერთვები, იმიტომ, რომ ერთი კომპიუტერი გვაქვს სახლში, რომელიც ჩემს პატარა და-ძმას სჭირდება, სკოლის მოსწავლეები არიან. თუ გვემთხვევა ლექციები და გაკვეთილები, ოთახებში ვნაწილდებით ხოლმე, რომ ერთმანეთს ხელი არ შევუშალოთ

ნიკა არობელიძე.

სემინარების დროსაც რომ გქონდეს ფაილი გახსნილი კომპიუტერში და კითხულობდე, ვერაფერს გაიგებს ლექტორი. შეიძლება ისეთი კითხვა დაგისვას, ასე პირდაპირ არ ეწეროს მასალაში, მაგრამ, მაინც გეხმარება. საბოლოოდ, ეგ ძალიან ცუდია, მაგრამ, ასეც ხდება", — ამბობს ნიკა.

სასწავლო მასალის გახსნის და ჩართული კამერის წინ სემინარის "კითხვით" ჩაბარების პრაქტიკის პრევენციისთვის, ლექტორები ზოგჯერ სტუდენტებს ეკრანის გაზიარებას სთხოვენ, რათა მთელმა ჯგუფმა უყუროს იმ სტუდენეტის კომპიუტერის/მობილურის ეკრანს, რომელიც სემინარს აბარებს. თუმცა, მოხერხებული სტუდენტი გამოსავალს ამ შემთხვევაშიც იპოვის.

"ერთ-ერთ სემინარზე, ტელეფონით დავუკავშირდი, ნოუთბუქში გავხსენი სასწავლო მასალა, ორივე წინ დავიდე და ვკითხულობდი. ეკრანის გაზიარება რომც ეთხოვა ლექტორს, ვერაფერს მიხვდებოდა", — ყვება ლადო თხილაიშვილი.

ცოტნე გოცაძე ამბობს, რომ მსგავსი შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით, თავისუფალმა უნივერსიტეტმა გამოცდების თარიღები შეცვალა.

ფოტო: ცოტნე გოცაძე

"ფინალურები უნდა გვქონოდა იანვარში. იმის გამო, რომ გადაწერის შანსი არ იყოს და უნივერსიტეტმა იმის მაქსიმუმი მიიღოს ჩვენგან, რასაც ჩვენში დებს, არდადეგები გადმოგვიტანეს იანვარში და ელოდებიან თებერვალს, როცა მისცემენ უნივერსიტეტის გახსნის უფლებას და მაშინ ჩაგვიტარებენ ფინალურ გამოცდებს.

შუალედურებიც აუდიტორიაში ვწერეთ, მიუხედავად იმისა, რომ ონლაინ სწალების რეჟიმზე ვიყავით უკვე გადასულები", — გვიყვება ცოტნე.

ლიკა ცანკაშვილის თქმით, ილიაუნის ონლაინ პლატფორმაზე გაგზავნილი დავალება პლაგიატზე მოწმდება, რაც გადაწერის რისკს ამცირებს.

"დავალებების უმრავლესობა პლაგიატზე მოწმდება და გადაწერის საშუალება არც გაქვს. თუმცა, შესაძლებელია წერის პარალელურად ჩაიხედო სასწავლო მასალაში. ჩემი აზრით, ყველა ლექტორი ხვდება, რამდენად ხარ მომზადებული გამოცდისთვის. განსხვავება ისაა, რომ ზოგი ლმობიერია, ზოგი ნაკლებად ლმობიერი", — ამბობს ლიკა.

სხვა სირთულეები

დისტანციური სწავლების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რასაც სტუდენტები ასახელებენ, კონცენტრაცია და სალექციო საკითხზე ფოკუსირებაა.

"ჩემთვის რთულია კონცენტრირება ლექციაზე. მართლა რთულია იჯდე ორი საათის განმავლობაში კომპიუტერის ეკრანთან ან მობილურთან და თავიდან ბოლომდე ჩართული იყო პროცესში. ხანდახან გავა 10 წუთი და აღმოვაჩენ, რომ უი, არ ვუსმენ საერთოდ", — ამბობს ნინი.

ლიკა ცანკაშვილისთვის მნიშვნელოვანია სამუშაო გარემოს შექმნა, რასაც სახლში ვერ ახერხებს.

"როცა გამოცდა გაქვს, მაინცდამაინც მაშინ მოდიან მეორე მსოფლიო ომში დაკარგული ნათესავები; მაშინ უნდებათ მეზობლებს შემოვიდნენ და იხმაურონ; მაშინ ივსება სტუმრებით შენი სახლი და ა.შ. მე კიდევ ისეთი ვარ, რომ პატარა დეტალზეც კი ყურადღება მეფანტება", — ამბობს ლიკა.

ერთ-ერთ სემინარზე, ტელეფონით დავუკავშირდი, ნოუთბუქში გავხსენი სასწავლო მასალა, ორივე წინ დავიდე და ვკითხულობდი. ეკრანის გაზიარება რომც ეთხოვა ლექტორს, ვერაფერს მიხვდებოდა

ლადო თხილაიშვილი.

იგი ყურადღებას ამახვილებს ეკრანზე მიჯაჭვულობაზეც.

"მხედველობის პრობლემა მაქვს უკვე, იმიტომ, რომ 24/7 ვარ ან ლეპტოპში, ან მობილურში. თავისუფალ დროსაც და არათავისუფალ დროსაც", — ამბობს ლიკა.

ნიკა არობელიძისთვის, რომელიც მომავალი არქიტექტორია, რთულია ისეთი საგნების დისტანციურად სწავლა, რაც აუცილებლად მოითხოვს პრაქტიკულ მუშაობას.

"ძალიან რთულია ონლაინ ისწავლო, მაგალითად, ხატვა. უნდა დახატო, გაუგზავნო, ლექტორიც ვერ აღიქვამს ფოტოში წესიერად დეტალებს. ხაზვა — მით უმეტეს. ლექტორმა ნახაზი გვაჩვენა ეკრანიდან და აი, ეს გადახაზეთო, გვეუბნება, ისე, რომ არაფერი აუხსნია. ძალიან გაგვიჭირდა. თეორიულ საგნებზე კიდევ არაუშავს და პრაქტიკულები ძაან რთულია", — ამბობს ნიკა.

სახალისო ისტორიები დისტანციური ლექცია/სემინარებიდან

დისტანციურ სწავლებას თან ახლავს სახალისო და ზოგჯერ უხერხული სიტუაციები, რომლებიც, ძირითადად შემთხვევით ჩართულ ვიდეოთვალთან ან მიკროფონთან არის დაკავშირებული.

"ჩემი ერთ-ერთი ლექტორი ძალიან სწრაფად ლაპარაკობს. ლექციაზე, რაღაც მომენტში ჩავერთე განხილვაში, მერე მიკროფონის გამორთვა დამავიწყდა და ისე გავაგრძელე მოსმენა. ამ დროს ჩემი და შემორბოდა ოთახში ჩქარა და ძალიან ხმამაღლა და სერიოზულად დავუყვირე — ნელა! როცა მივხვდი, რომ ლექტორმა გაიგო, ეგრევე გამოვედი ლექციიდან. იფიქრებდა, რომ მას ვუყვირე. როგორც ჩანს, ვერ მიხვდა, ვინ ვიყავი, იმიტომ, რომ შემდეგ ლექციაზეც არ უთქვამს არაფერი", — გვიყვება ლადო თხილაიშვილი.

ლიკა ცანკაშვილის თქმით, პირველ სემესტრს, ფაქტობრივად, ბებიასთან ერთად ხურავს.

"არ ვიცი საიდან ჩნდება ხოლმე ბებიაჩემი ჩემ გარშემო მაინცდამაინც მაშინ, როცა ლექცია მაქვს. უნდა რომ იჯდეს და მისმინოს. სულ მიმოწმებს ხოლმე ლექტორებს. კამერა რომ აქვთ ჩართული, მეჩურჩულება — ეს ლამაზი ქალი შენი ლექტორია? რა ახალგაზრდაა და ა.შ.

ერთხელ, ოთახიდან სულ ორი წუთით გამოვედი, რომ წყალი გამომეტანა სამზარეულოდან. როცა დავბრუნდი, ვხედავ, როგორ დგას კომპიუტერთან და ცდილობს კურსელების სახელები წაიკითხოს, თან კამერაც და ხმაც ჩართული იყო — ყველა ხედავდა და ესმოდათ მისი.

იყოს ასეთი შემთხვევაც: კედელზე ვიყავი მიყრდობილი და სემინარს ვაბარებდი. ვხედავ ბებიაჩემი მოდის შალით და ბალიშით. თვალებით ვანიშნებდი — გადიიიი, გთხოოოვ! არ აინტერესებს არაფერი. კედელი ცივია და გაცივდებიო, დროზე ჩაიცვი და ამ ბალიშს მიეყრდენიო".

ლიკა ამბობს, რომ მსგავს სიტუაციებში ლექტორებიც ვარდებიან, განსაკუთრებით ისინი, ვისაც პატარა შვილები ჰყავთ და ზოგჯერ მოულოდნელად უწევთ რამდენიმე წუთით დატოვონ ლექცია, რათა ატირებული ბავშვი დააწყნარონ.

ლექტორების მსგავსად, შვილის ჭამის, ძილის, თამაშის გრაფიკის შეთავსება უწევს ლექცია/სემინარებთან რუსუდან წითელაძესაც.

...ვხედავ, როგორ დგას კომპიუტერთან და ცდილობს კურსელების სახელები წაიკითხოს, თან კამერაც და ხმაც ჩართული იყო

ლიკა ცანკაშვილი

"ლექციებს ძირითადად დილით ვიწყებ, 9 საათზე და მაგ დროს ჯაბუკას სძინავს, მაგრამ, როცა ღვიძავს, მიწევს ბავშვის ჭამის გრაფიკი შევუთავსო ლექციებს შორის შესვენებებს. თუ მიმდევრობით ჩანიშნულ ლექციებს და სემინარებს ერთი ლექტორი ატარებს, ზოგჯერ შესვენების საშუალებას არ გვაძლევს. ხშირად, სხვა სტუდენტებსაც ურჩევნიათ რამდენიმე ლექცია/სემინარი გადავაბათ და მერე ადრე გავთავისუფლდე., თუმცა, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ლექციებს შორის შესვენება გამოვიყენო. ბავშვს ვერ ვეტყვი, 40 წუთიც მოიცადე და მერე გაჭმევ-მეთქი. სულ მიწევს ხოლმე თხოვნა, რომ შესვენება აუცილებლად მჭირდება და სულ უხერხულ სიტუაციაში ვვარდები, მაგრამ, სხვა გზა არ მაქვს", — გვიყვება რუსუდანი, რომელიც სტუდენტობას 4 წლის შვილის აღზრდას უთავსებს.

მისი თქმით, როცა ლექციებს შორის შესვენების გამოყენების უფლებას ითხოვს, რათა ბავშვს აჭამოს, ან გამოუცვალოს, ჩნდება კითხვები - ამას ხომ ვერ გააკეთებდა, ლექციები აუდიტორიაში რომ ტარდებოდეს?!

"თუ ერთი მხარე აქვს, მეორე მხარეც აქვს მაგას — მართალია, შეზღუდვები რომ არ ყოფილიყო და უნივერსიტეტში გვევლო, შესვენებაზე ბავშვთან ვერ წამოვიდოდი, მაგრამ, მაგ შემთხვევაში საბავშვო ბაღებიც ღია იქნებოდა და ჯაბაც ბაღში ივლიდა", — ამბობს რუსუდანი.

სურვილები

განსხვავებული შეფასებების მიუხედავად, ჩვენი რესპონდენტების სურვილები ერთმანეთს ემთხვევა — ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში დაბრუნება და ისეთი სტუდენტური ცხოვრება, რისთვისაც ძალიან ბევრი იშრომეს.

"ჩემი დიდი სურვილია, რომ მივიდე იმ უნივერსიტეტში, იმ ფაკულტეტზე, რაზეც დიდი ხანია ვფიქრობდი და ვოცნებობდი, სადაც ბოლოს და ბოლოს ჩავაბარე, მაგრამ, მაინც სახლში ვზივარ", — ამბობს ნინი სალუქვაძე.

ამ იმედგაცრუების შემდეგ, ლიკა ცანკაშვილი აღარ აპირებს კონკრეტული გეგმების დასახვას, თუმცა პოზიტიურ განწყობას ინარჩუნებს.

"ზოგადად მივხვდი, რომ წინასწარ დაგეგმვა არ ღირს, იმიტომ, რომ შეიძლება ერთიანად ჩაგეშალოს ყველაფერი, მაგრამ, პოზიტიური განწყობა მაქვს. ვფიქრობ, გაზაფხულის სემესტრში თუ არა, შემოდგომის სემესტრში მაინც დავუბრუნდებით ნორმალურ ცხოვრებას", — ამბობს ლიკა.

შეიძლება, სტატიაში ჩამოთვლილი პრობლემები სულაც არ გეგონოთ ყველაზე მთავარი, როცა ქვეყანაში ძალიან ბევრ ბავშვს განათლებაზე ხელი საერთოდ არ მიუწვდება, ან როცა ამ სფეროში პრობლემები ისედაც ბევრია, მაგრამ განათლება არ არის მხოლოდ თეორიული ცოდნის მიღება და სტუდენტებს სჭირდებათ ის ყველაფერი, რაც უნივერსიტეტს უკავშირდება.