ტაივანში მიკვლეულმა ყბის ძვალმა ადამიანის გადაშენებული სახეობის საიდუმლოს ახადა ფარდა

ფოტო: Yousuke Kaifu
მეცნიერებმა ტაივანში აღმოჩენილი ყბის ძვალი შეისწავლეს, რომელიც ადამიანის გადაშენებული სახეობის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის. ესენი დენისოველები არიან, რომელთა შესახებაც ძალიან ცოტა რამაა ცნობილი, რადგან დღემდე მათი მხოლოდ რამდენიმე ნაშთია მიკვლეული.
სულ 15-ზე ნაკლები ასეთი ნიმუშია აღმოჩენილი, მათ შორის ციმბირში, ჩინეთსა და ლაოსში. იქ კბილს მოაგნეს, თუმცა ის, შესაძლოა, ნეანდერტალელს ეკუთვნოდეს. ამ ნაშთების უმეტესობა კბილის ან ძვლების ფრაგმენტების სახითაა წარმოდგენილი, მთლიანი ჩონჩხი კი ჯერჯერობით არ უპოვიათ. გენეტიკური მონაცემების მიხედვით ვარაუდობენ, რომ დენისოველები ნეანდერტალელებს ასობით ათასი წლის წინ გამოეყვნენ, მაგრამ აზიაში მათი გავრცელებისა და გაქრობის ზუსტად დათარიღება შედარებით ძნელია. მხოლოდ ის ვიცით, რომ ციმბირში ისინი 300 000-50 000 წლის წინ ცხოვრობდნენ.
თანამედროვე ადამიანებში შემორჩენილი მათი დნმ მიუთითებს, რომ დენისოველები იმაზე მეტად იყვნენ გავრცელებულნი, ვიდრე ნამარხი მტკიცებულებები მიანიშნებს. ტაივანში აღმოჩენილი ყბის ძვალი, რომელსაც Penghu 1 უწოდეს, მათ საიდუმლოს ხდის ფარდას. მის შესახებ აქამდე მხოლოდ ის ვიცოდით, რომ ჰომინიდს ეკუთვნოდა, მაგრამ დნმ-ის მოპოვება და დეტალური ანალიზი ვერ მოხერხდა.
დანიისა და იაპონიის უნივერსიტეტებში მომუშავე მეცნიერებმა ნიმუშის გამოსაკვლევად სხვა მეთოდს მიმართეს. მათ ძველი ცილების ანალიზის ტექნიკა გამოიყენეს, რომელსაც პალეოპროტეომიკა ეწოდება. ის ძვლიდან ან კბილის მინანქრიდან ცილების მოპოვებასა და მას-სპექტრომეტრიის მსგავსი ტექნოლოგიებით შესწავლას გულისხმობს.
ამ გზით სპეციალისტებმა 22 ცილა შეაგროვეს, რომლებშიც ამინომჟავების 2 218 კვალი დაფიქსირდა. ამ მონაცემების საშუალებით იმის გაგება შეიძლება, თუ ვის ეკუთვნის ყბის ძვალი — დენისოველს, ნეანდერტალელს, ჰომო საპიენსს თუ სხვას. ორი ამინომჟავის ვარიანტები სპეციალისტებმა სწორედ დენისოველებს მიაკუთვნეს და ისიც დაადგინეს, რომ ეს ინდივიდი მამრობითი სქესის იყო.
ის ციმბირის დენისოველთა გამოქვაბულიდან დაახლოებით 4 000 კილომეტრში ცხოვრობდა. ზუსტად როდის იყო ეს, უცნობია — დროის დიაპაზონი 10 000-190 000 წლის წინანდელი შუა პერიოდია. სამაგიეროდ, ყბის ნაშთის მახასიათებლების მიხედვით დადგინდა, რომ ამ სახეობის წარმომადგენლებს ნეანდერტალელებთან შედარებით დიდი ძირითადი კბილები და ძლიერი ყბები ჰქონდათ.
ავტორები ასკვნიან, რომ ნეანდერტალელები და დენისოველები ევრაზიაში ერთ პერიოდში ცხოვრობდნენ — შუა პლეისტოცენის მიწურულსა და გვიანი პლეისტოცენის დასაწყისში. მათი ნაშრომი გამოცემაში Science გამოქვეყნდა.
კომენტარები