იზოლაციაში მყოფმა ბალერინამ რობოტს ცეკვა ასწავლა — ვიდეო
პროფესიონალი ბალერინა — მერიტ მური საკმაოდ პოპულარული მოცეკვავეა, თუმცა, როგორც ყველას, პანდემია მასაც შეეხო. ის საცეკვაო პარტნიორის გარეშე, იზოლაციაში დარჩა, თუმცა, ამ ფაქტმა მისი შეჩერება ვერ მოახერხა.
აღსანიშნავია, რომ მური არამხოლოდ არაჩვეულებრივი მოცეკვავე, არამედ ოქსფორდის მეცნიერი — ატომური და ლაზერული ფიზიკის დოქტორია.
2020 წლის დასაწყისში, "კარანტინის ბალერინამ" 6 კვირა დაუთმო ჰარვარდის ArtLab-ში მუშაობას. ის ცდილობდა რობოტიკისა და ცეკვის გადაკვეთა ეპოვა, ხოლო როცა ლოქდაუნი დაიწყო, ის რობოტების მწარმოებელ Universal Robotics-ს დაუკავშირდა. მან ითხოვა ისეთი მოდელის შექმნა, რომელიც კარანტინის პერიოდში არ მოაწყენდა.
უკვე აგვისტოში, მურმა ლონდონის ბინაში მიიღო Baryshnibot — რობოტი, რომელიც მოგვიანებით, მის საცეკვაო პარტნიორად იქცა.
მოცეკვავე რობოტი
ცხადია, ცეკვა სხვადასხვა კუნთის კოორდინირებულ მოქმედებას მოითხოვს, თუმცა, Baryshnibot ჰუმანოიდი არაა. ის უბრალო რობოკიდურია, რომელსაც რამდენიმე "სახსარი" აქვს. მურისთვის დიდი გამოწვევა იყო მისთვის შესაფერისი ქორეოგრაფიული მიდგომის პოვნა.
"ბავშვობისას თავსატეხები მიყვარდა. მცდელობა, რობოკიდურს შეძლებოდა ადამიანის პარალელურად საცეკვაო მოძრაობების გამეორება, როცა მისგან განსხვავებით ადამიანს თავი, ორი ხელი და ორი ფეხი აქვს, თავსატეხის ამოხსნის მცდელობად შეიძლება ჩაითვალოს", — ამბობს მური და დასძენს, რომ რობოტის ექვსი სახსარი და სხვადასხვა ღერძზე მოძრაობის შესაძლებლობა ახალ ფორმებს სთავაზობს, რაც მისთვის ძალიან შთამაგონებელია.
რობოტის გაწვრთნა მურმა 15 წამიანი, პოპ მუსიკაზე აწყობილი მოძრაობებით დაიწყო. რობოტი ბალერინას მოძრაობებს იმეორებდა და ასე იქმნებოდა შთაბეჭდილება, თითქოს ისინი ერთად ცეკვავენ. ამის შემდეგ, თითოეული ცეკვის პროგრამას 5 საათიანი სწავლება მაინც სჭირდებოდა, იმისათვის, რომ რობოტს ადამიანის მსგავსად ცეკვა შეძლებოდა. რთული იყო ისეთი მოძრაობების შესასრულებლად რობოტის დაპროგრამება, რომელიც პლასტიკას მოითხოვს.
პირველი მოკლე კლიპი, რომელშიც ბალერინა რობოტთან ერთად ცეკვავდა, სექტემბერში გამოჩნდა. ხოლო ნოემბერში მურმა პროგრესის საჩვენებლად კიდევ ერთი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც სამწუთიან ბალეტის პარტიას მოიცავს.
ხოლო რაც შეეხება იმას, თუ კონკრეტულად როგორ მოახერხა ბალერინამ რობოტისთვის ცეკვა ესწავლებინა — ამისთვის მზადება მურმა გაცილებით ადრე დაიწყო. იმ დროისათვის, ის ნორვეგიაში ცხოვრობდა და ნაციონალური ბალეტის მოცეკვავე იყო. ამ დროს, ის მოძრაობის ჩამწერ კოსტუმს ატარებდა, რათა ცეკვის მოძრაობები მონაცემებად ექცია. ის ამ დროიდან ცდილობდა ეპოვა გზა იმისათვის, რომ ეს მონაცემები ხელოვნური ინტელექტის გასაწვრთნელად გამოეყენებინა. Baryshnibot-ისთვის ცეკვის სასწავლებლად მან სწორედ ეს მონაცემები გამოიყენა. ახლა კი მიიჩნევს, რომ ერთ დღესაც, Baryshnibot შეძლებს იქით ასწავლოს მას ახალი მოძრაობები.
კომენტარები