კეთილშობილი ველური: როგორ დაიწყო "ცივილიზებულმა ადამიანმა" თავისი ანტაგონისტის რომანტიზება
საზოგადოების განვითარების დონეზე დაფუძნებული კულტურათა იერარქია ახალი არ არის. ჯერ კიდევ რკინის ხანაში ყოფდნენ ისტორიკოსები ადამიანთა მოდგმას "ცივილიზებულ" და "პრიმიტიულ" ჯგუფებად. გერმანული ტომების აღწერისას რომაელი ისტორიკოსის, ტაციტუსის ტონში აშკარად იკვეთება აღმატებულობის შეგრძნება: იგი ამაყია, რომ არის რომაელი; ამაყია, რომ წარმოადგენს "უპირატეს" კულტურას.
ტაციტუსი დიდი ინტერესით აკვირდება ბარბაროსთა ტომების ცხოვრებას, თუმცა, იმავდროულად, გერმანულ ეთნოსს განიხილავს როგორც ნაკლოვანს — ადამიანთა ჯგუფს, რომელიც ჯერ ვერ დადგომია პროგრესის აბსტრაქტული ცნების გზას და რომელსაც აბსოლუტურად ჩრდილავს რომის იმპერიის სიდიადე. ისტორიკოსი გერმანელებს ადარებს მეზობელ გალებსაც და ხაზს უსვამს, რომ ეს უკანასკნელები უფრო განვითარებულები არიან.
სოციუმების მსგავსი პრინციპით დაყოფა ტაციტუსის შემდეგ კიდევ დიდხანს იარსებებს ისტორიაში. მეტიც, იგი ზოგჯერ გაკაშკაშდება და რასიზმად, კაცთმოძულეობად გამოიტყორცნება დამბაჩებიდან თუ ზარბაზნებიდან, სისხლით მორწყავს მიწებს, რომლებსაც მსგავსი მასშტაბით და სისასტიკით დაღვრილი სისხლი იქამდე არ უნახავთ.
ამ დაყოფამ ყველაზე მკვეთრი სახე მიიღო დიდი აღმოჩენების ეპოქაში. უზარმაზარ საზღვაო ხომალდზე მდგომი, ფირფიტოვანი აბჯრითა და ცეცხლსასროლი იარაღით გულგამაგრებული ამბიციური მკვლევრები სულმოუთქმელად დაეძებდნენ "ადგილს მზის ქვეშ". მითიური ელდორადოს მაძებარი კონკისტადორი საუკეთესო შემთხვევაში ოქროს მართლაც პოულობდა, უარეს შემთხვევაში კი საკუთარი მონარქის მიერ გაღებულ ოქროს სჯერდებოდა. მაგრამ ამ ძებნის პროცესში მატერიალური სიმდიდრის გარდა სხვა რამესაც აწყდებოდა — სრულიად უცხო კულტურას.
დამწერლობის არმქონე, ხის იარაღიანი ნახევრადშიშველი აბორიგენი აბსურდული ხატება იყო კონკისტადორის გონებისთვის. აბრაამის ღმერთს მიჩვეულს, სიურრეალისტურად ეჩვენებოდა გარემო, სადაც მეფობდა არა ნაზარეთელი უფალი, არამედ რამდენიმე წარმართი ღვთაება — დაახლოებით ისეთი, როგორსაც მისი წინაპრები ეთაყვანებოდნენ დიდი ხნის წინ, თუმცა რომელზეც მას ბევრი არაფერი სმენოდა.
"ველური ადამიანის" ხილვის აბსურდულობით შოკირებული კონკისტადორი მივიდა დასკვნამდე, რომ მის წინ მდგარი, ანატომიურად იდენტური ადამიანი ტექნოლოგიური ჩამორჩენილობის გამო სულიერი განვითარებითაც მასზე დაბლა იდგა. შესაბამისად, იერარქიულ კიბეზე მოპოვებული უპირატესობა მას აძლევდა უფლებას, ისე მოპყრობოდა ამ ადამიანს, როგორც მოესურვებოდა. იგი გათავისუფლდა ყოველგვარი მორალურ-ეთიკური ბორკილისგან, რომელიც ხელებს უკრავდა სამშობლოში. მას შეეძლო, გაეუპატიურებინა, მოეკლა, დაესახიჩრებინა, რადგან მის თვალწინ იყო არა მისნაირი ადამიანი, არამედ მხეცი და როგორი ირონიულიც უნდა იყოს, სწორედ აბორიგენის "სიმხეცე" აძლევდა უფლებას დასავლური ცივილიზაციის შვილს, თავად გამხდარიყო მხეცი.
აბორიგენი ხალხების მიმართ დამოკიდებულება განსხვავებული არ იყო მოგზაურთა მშობლიურ ქვეყნებშიც, სადაც ადამიანთა ზოოპარკებსაც კი ხსნიდნენ სხვადასხვა რასის წარმოსადგენად; რომ აღარაფერი ვთქვათ მეფეებზე და დედოფლებზე, რომლებიც მხოლოდ რესურსების წყაროდ აღიქვამდნენ ოკეანის მეორე მხარეს მცხოვრებ ეთნოსებს.
თუმცა მაშინ, როდესაც აფრიკის სავანებში, ჩრდილოეთ ამერიკის ვრცელ მინდვრებსა და სამხრეთ ამერიკის ჯუნგლებში ევროპიდან წამოსული აგრესიული კოლონიალიზმი მძვინვარებდა, თავად "ბებერ კონტინენტზე" იბადებოდა ადამიანის ხატი, დიდი აღმოჩენების ეპოქის უკუეფექტი, რომელიც სრულიად ახალი პერსპექტივიდან დაანახებდა "უპირატეს", "ცივილიზებულ" ადამიანს თავის ადგილს სამყაროში და წყალს შეუყენებდა რასობრივი ნიშნით იერარქიის არსებობის იდეას, რომელსაც "არაბარბაროსები" ანტიკური ხანიდან ქმნიდნენ.
ვინ არის კეთილშობილი ველური?
რა გახსენდებათ სიტყვა ცივილიზაციაზე? ალბათ ტექნოლოგიური პროგრესის სხვადასხვა ნაყოფი, რომლითაც თანამედროვე ადამიანები ვტკბებით და ვსაზრდოობთ; ცათამბჯენები და თავბრუდამხვევი სიჩქარით მქროლი კონსტრუქციები ბორბლებზე; დამწერლობა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე რევოლუციური მოვლენაა ჰომო საპიენსის ისტორიაში; ან, შეიძლება — თავაზიანობა და ურთიერთპატივისცემა სოციალურ ურთიერთობებში. ერთი სიტყვით, ცივილიზაცია ყველაფერ დადებითთან ასოცირდება და მისი სიკეთეების ჩამოთვლა რომ დავიწყოთ, სავარაუდოდ, ვერასოდეს მოვრჩებით.
თუმცა არსებობს მოსაზრება, რომელიც ცივილიზაციის ცნებისადმი გაბატონებული დამოკიდებულების სრულიად საპირისპიროს ამტკიცებს. მის მიხედვით, ცივილიზაცია ადამიანის შერმყვნელ აბსოლუტურ ბოროტებას წარმოადგენს და ის შეხედულება, რომ ადამიანი უძველესი დროიდან შეუჩერებლად პროგრესირებს, სიცრუეა. უფრო პირიქით — ადამიანი დეგრადირებს და ეს რეგრესი დღემდე გრძელდება. ამ მსოფლმხედველობის რადიკალური გამოვლენის თანახმად, ცივილიზაცია ალპობს ადამიანის სულს, ხრწნის მას ფიზიკურად და გონებრივად.
სწორედ ამ იდეაზე დაყრდნობით დაიწყეს მე-18 საუკუნის ევროპელმა მწერლებმა და მხატვრებმა "ველური ადამიანების" რომანტიზება. ისინი მიხვდნენ, რომ ევროპული სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი მიღწევის, ცივილიზებულობის სახელით მრავალი სასტიკი ქმედება გამართლებულა. ამ არაკომფორტული აღმოჩენით გაღვიძებული სინდისის ქენჯნის დასამშვიდებლად კი მათ იდეალად "პრიმიტიული ადამიანი" წარმოიდგინეს — ცივილიზაციის მავნე ცდუნებებისგან ხელშეუხებელი, თავისუფალი და წმინდა არსება; ის, ვინც ყველაზე ახლოს იყო ადამიანის ჭეშმარიტ შემოქმედთან, ბუნებასთან.
მართალია, აბორიგენი ადამიანის რომანტიზება უშუალოდ ეხებოდა კოლონიების მკვიდრ მოსახლეობაზე წარმოდგენებს, თუმცა ამგვარი სახეცვლილი დამოკიდებულება რეალურ ცხოვრებაში მათდამი მეტად ჰუმანურ მოპყრობად არ თარგმნილა. კოლონიზებული მიწები და მასზე მცხოვრები ხალხები მაინც ჩაგრულ პოზიციაში რჩებოდნენ. მათ ყოფაზე არანაირი გავლენა არ ჰქონდა იმას, თუ რითი ტკბებოდა დასავლელი დამპყრობელი — მიუხედავად იმისა, რომ ტკბობის ეს ობიექტი სწორედ ის თვისებები იყო, რომლისთვისაც ევროპელებმა კოლონიზებული ადამიანი მხეცად შერაცხეს.
ზუსტი პასუხი იმაზე, თუ რატომ მოიხიბლა "ცივილიზებული ადამიანი" "ველურით", არ გვაქვს; შესაძლოა, ზოგმა პროგრესის ამაოება დაინახა ან დასავლურ საზოგადოებაში ფესვგამჯდარი ირაციონალური რასიზმი და უპირატესობის შეგრძნება გააპროტესტა. თუმცა, ფაქტია, რომ კეთილშობილ ველურზე წერდნენ და ფიქრობდნენ; მასზე ნახატებს ქმნიდნენ და, მოგვიანებით, ფილმებსაც იღებდნენ.
ტერმინი, კეთილშობილი ველური (Noble Savage), რომელიც დღეს რომანტიზებული პირველყოფილი ადამიანის აღსანიშნავად გამოიყენება, პირველად ინგლისელი პოეტის, ჯონ დრაიდენის პიესაში გაჩნდა. გრანადის დაპყრობაში ერთ-ერთი გმირი, რომელსაც ეს-ესაა უფლისწული სიკვდილს მიუსჯის, ამბობს: "ისეთივე თავისუფალი ვარ, როგორც ბუნების პირველქმნილი ადამიანი, სანამ მორჩილების კანონები შეიქმნებოდა, როდესაც თავისუფალი დარბოდა ტყეში კეთილშობილი ველური". ამ სიტყვებით პერსონაჟი დაუმორჩილებლობას უცხადებს უფლისწულს. ის თავს ადარებს "ველურს", რომელზეც არ ვრცელდება მმართველთა კლასის მიერ შემუშავებული კანონმდებლობა.
მართლაც, სჭირდება ამერიკელ ინდიელს ნებართვა, ინადიროს? — რა თქმა უნდა, არა. მის საარსებო გარემოში არ არსებობს არისტოკრატია, რომელიც მიწებს მიითვისებს და ნადირობას სოციალური ელიტის პრივილეგიად აქცევს; არ არიან მეფეები, რომელთა გაჩაღებულ ომშიც იძულებით წავა და სისხლს დაღვრის; არც ფეოდალები არიან, რომელთაც გადასახადები უნდა უხადოს. მას, როგორც ადამიანურ რესურსს, არ უწყვიტავს ბედს პოლიტიკური ელიტა. "მომთაბარე ველური" თავად არის თავისი ბედისწერის გამგე, იგი არისტოკრატია და დიდებული, ისევე, როგორც მისი საზოგადოების ყველა წევრი. სწორედ ამიტომაც არის იგი "კეთილშობილი" და ასეთი მიმზიდველი დასავლელი ხელოვანისთვის.
კეთილშობლი ველურის ცნებასთან ხშირად ფილოსოფოსი ჟან-ჟაკ რუსო ასოცირდება, რომელმაც ამ ფენომენზე თავის ნაშრომში, მსჯელობა ადამიანთა შორის უთანასწორობის დასაბამისა და საფუძვლების შესახებ, ისაუბრა. რუსო ამტკიცებდა, რომ ადამიანი ბუნებრივ მდგომარეობაში სულგრძელი და მშვიდობიანია და ცივილიზაციაა ის, რამაც გადააგვარა იგი და სიავე ჩაუნერგა. რუსო ამით ტომას ჰობსის იდეებს უპირისპირდებოდა, რომელიც ამტკიცებდა, რომ "ომი ყველასი ყველას წინააღმდეგ" არის ბუნებრივი მდგომარეობა და სახელმწიფო (ცივილიზაციის განუყოფელი ელემენტი) არის ის, რაც აჩერებს ადამიანებს ერთმანეთის ხოცვისგან.
"პროტოსოციალისტად" მოხსენიებული რუსოს იდეები "ველურ ადამიანთან" დაკავშირებით კიდევ უფრო პოპულარული გახდა მისი პოლიტიკური შეხედულებების ხარჯზე, მას შემდეგ, რაც ევროპა მემარცხენე იდეოლოგიების ტალღამ მოიცვა. რუსოს სიკვდილიდან 10 წლის შემდეგ საფრანგეთის რევოლუცია მოხდა. მის იდეებზე შეყვარებულმა ტრიუმფანტმა რევოლუციონერებმა ვერც კეთილშობილი ველურის კონცეფციაზე თქვეს უარი.
კეთილშობილი ველური და პოლიტიკა
თუ "ველური ადამიანი" მანამდე რაღაც შორეული, ეგზოტიკური და არაევროპული იყო, მისი რომანტიზების წარმატებულმა მცდელობამ საშუალება მისცა დასავლური ცივილიზაციის ნაწილს, სხვა ხალხებზე დაკვირვების შედეგად დაგროვებული ცოდნით შეევსო თავისი იდუმალებით მოცული ანტიკური ისტორია. ევროპის მრავალმა ერმა ახლებურად შეხედა ძველ, "ბარბაროსულ ევროპას". მათ წარმოიდგინეს, რომ ახლადაღმოჩენილ მიწებზე მცხოვრები აბორიგენი მოსახლეობა განვითარების იმავე ეტაპებს გადიოდა, რაც თავად გაიარეს საუკუნეების წინ. ამის გამო ფრანგებმა, გერმანელებმა თუ ინგლისელებმა ინდიელების, აფრიკელებისა და კუნძულოვანი ტომების ყოფაში საკუთარი ისტორიის ანარეკლი დაინახეს.
ამ დამოკიდებულებამ გააჩინა კითხვა: რაღა საჭირო იყო ადამიანის იდეალის ძებნა სრულიად უცხო კულტურებში მაშინ, როდესაც მსგავსი ტიპაჟი ბარბაროსებად მოხსენიებულ ეთნოსთა ისტორიაშიც მრავლად მოიძებნებოდა?
მართლაც, ევროპაში ახალგამოჩენილი ნაციონალიზმის წყალობით, ევროპელმა კეთილშობილმა ველურმა არნახული სისწრაფით დაიწყო პოპულარობის მოკრება. თუ "ველური გალების" თემა ლამის ტაბუირებული იყო ფრანგულ საზოგადოებაში, ახლა ფრანგები ამაყად საუბრობდნენ იმაზე, თუ როგორ გაუძღვა მამაცი ვერცინგეტორიქსი აჯანყებას რომის წინააღმდეგ. ის დღესაც საფრანგეთის ეროვნულ გმირად ითვლება და ძეგლიც უდგას ალესიაში.
გალები, რომლებიც, ზოგიერთი გადმოცემის თანახმად, სრულიად შიშვლები გამოდიოდნენ ბრძოლის ველზე, თავგანწირვის სიმბოლოდ იქცნენ. ვერცინგეტორიქსით მოხიბლული ფრანგული საზოგადოების ფანტაზიები მხატვარმა ლიონელ როიემ გადმოსცა თავის ყველაზე ცნობილ ნამუშევარში, ვერცინგეტორიქსი ყრის იარაღს იულიუს კეისრის ფეხებთან. ეს ნახატი ყველაზე საინტერესო თავისი სიმბოლიზმითაა. მასში წარმოდგენილია ორი მხარე — პრიმიტიულობა, ვერცინგეტორიქსის სახით და ცივილიზაცია, იულიუს კეისრის სახით, რომელიც თვალსაც კი ვერ უსწორებს გალელ მეომარს, რადგან აქ იდეალიზებული სწორედ ბარბაროსი მეომარია.
იმავენაირად, ვიკინგები, რომლებიც უხეშ, ველურ მეკობრეებად იყვნენ წარმოჩენილი ისტორიკოსების მიერ, შვედური, ნორვეგიული და დანიური ნაციონალური იდენტობის ნაწილად იქცნენ. სკანდინავიელებმა შეიყვარეს არა მხოლოდ ვიკინგები, არამედ მათი ღმერთებიც.
ამ ტენდენციის შედეგად, მე–19 და მე–20 საუკუნეების ევროპაში ისეთი პოპულარული გახდა "ბარბაროსი წინაპრების" გაიდეალიზება, რომ წარმართული რელიგიებიც კი გამოცოცხლდა. წარმოიშვა მრავალი ნეოპაგანისტური მიმდინარეობა, რომლებმაც ორგანიზებული რელიგიების ფორმაც კი მიიღეს.
იმის გათვალისწინებით, რომ საკუთარი წარსულის იდეალიზება ევროპაში კოლონიებში მცხოვრები ხალხის ობიექტივიზაციის ხარჯზე მოხდა და ევროპაში ეს ფენომენი ნაციონალიზმთან მჭირდროდ გადაიკვეთა, გასაკვირი არაა, რომ კეთილშობილი ველურის იდეა ცუდი მიზნებისთვის გამოყენებას ვერ გადაურჩა. ნაცისტურ გერმანიაში ბარბაროსი გერმანელების რომანტიზება ახლადწარმოქმნილ იდეოლოგიაში ზედმიწევნით ჩაეწერა. ასე მაგალითად, ნაციონალ-სოციალისტური პარტიის მთელი ოკულტისტური იდეები უძველესი გერმანელების მითებზე თუ ისტორიაზე იყო დაფუძნებული. სიმბოლოებად იყენებდნენ ძველ გერმანიკულ რუნიკულ დამწერლობას და პოპულარიზაციას უწევდნენ გერმანიკულ ღმერთებს (ჰიტლერისთვის, პოლითეისტი ბარბაროსი გერმანელების რელიგიისგან განსხვავებით, ქრისტიანობა ებრაულ რელიგიას წარმოადგენდა, რომელიც შეუფერებელი იყო გერმანელი ერისთვის). ვერმახტში ჯავშანტექნიკაზე თუ ფორმაზე დატანილი ყველა სიმბოლო, რაც შუა საუკუნეების ტევტონთა ორდენთან არ იყო კავშირში, ეხებოდა პრიმორდიალურ, "ბარბაროს", "პრიმიტიულ" გერმანელს.
კეთილშობილი ველური და მხატვრული ლიტერატურა
კეთილშობილი ველურის პერსონაჟს მხატვრობის გარდა ვხვდებით მხატვრულ ლიტერატურაშიც. აღსანიშნავია, რომ რუსოს, ყველაფერთან ერთად, რომანტიზმის განვითარებაშიც მიუძღვის წვლილი. სენტიმენტალიზმი კი კეთილშობილი ველურის ფენომენის განუყოფელი ნაწილია. შესაბამისად, მსგავსი გმირების საუკეთესო მაგალითებს (მხატვრობაშიც და ლიტერატურაშიც) ამ მიმდინარეობაში ვხვდებით.
ერთ-ერთი ასეთი მაგალითია ფრანსუა-რენე შატობრიანის 1801 წლის მოთხრობა, ატალა, რომელშიც მთავარი გმირი, ინდიელი შაკტასი (გასათვალისწინებელია, რომ ფრანგი მწერლის საზოგადოებაში ინდიელები და სხვა "პრიმიტიული ხალხები" ჯერ კიდევ არ აღიქმებიან მათ თანასწორებად) უყვარდება ქრისტიანად აღზრდილ ნახევრადინდიელ ქალს, ატალას, რომელიც შემდეგ თავს იკლავს იმის გამო, რომ სიწმინდის ფიცის დამდებს, არ შეუძლია შაკტასზე დაქორწინება. ქრისტიანობით "ცივილიზებული" ატალა იმ შეზღუდვას ეწირება, რომელიც ევროპულმა ორგანიზებულმა რელიგიამ მის სექსუალობას დაუწესა.
რამდენიმე ათწლეულის შემდეგ კი, უკვე გერმანიაში დიდი პოპულარობა მოიპოვა კარლ მეის პერსონაჟმა ვინეტუმ, რომელზეც მწერალმა რამდენიმე რომანი შექმნა. "ველური ინდიელი" ნაცისტურ გერმანიაშიც კი დიდი პოპულარობით სარგებლობდა. მასკალეროს ტომის ბელადი, აპაჩი ვინეტუ შესანიშნავი მეომარია და, ამავდროულად, ემპათიური, კეთილმოსურნე ადამიანების მიმართ — მათ შორის, მტრების მიმართაც. იგი ამხედრებულია ცხენზე, სახელად იჩი (ქარი) და ძმადნაფიცი გერმანელის, ბებერი შატერჰენდის მხარდამხარ, შეუპოვრად უმკლავდება სხვადასხვა ხიფათს.
აღსანიშნავია, რომ რომანტიზებული ველურის კონცეფციას ქართულ ლიტერატურაშიც ვხვდებით. გიორგი ლეონიძის ყივჩაღის პაემანი ამის მაგალითს წარმოადგენს. ლექსი ქართული საზოგადოებისთვის "ველურად" მიჩნეული ადამიანის პერსპექტივიდან გვიყვება სიყვარულის ამბავს. ის ქმედებაც კი, რომლის გამოც ყივჩაღი მომაკვდავად გვევლინება ლექსში, როგორი ამორალურიც უნდა იყოს "ცივილიზებული ადამიანისთვის", მომნუსხველი სენტიმენტალიზმით გადმოიცემა მწერლის მიერ.
კეთილშობილი ველური დღეს და მისი კრიტიკა
ვოლტერით დაწყებული, ჩარლზ დიკენსითა და უილიამ გოლდინგით დამთავრებული, უამრავი მოაზროვნე აკრიტიკებდა კეთილშობილი ველურის იდეას, პირველ რიგში, იმიტომ, რომ იგი ადამიანის ცხოველური ბუნების შელამაზების მცდელობა გახლდათ.
ამერიკელმა რეჟისორმა სტენლი კუბრიკმა ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა: "ადამიანი არ არის კეთილშობილი ველური, ის არის უღირსი ველური. ირაციონალური, სასტიკი, სუსტი, საცოდავი და ობიექტურობის უუნარო იმ საკითხებში, რომლებთანაც მისი ინტერესები იკვეთება". მისი ეს შეხედულება კარგად გამოჩნდა ფილმში, 2001: კოსმოსური ოდისეა, რომელშიც ადამიანის წინაპარი პრიმატი მას შემდეგ ხდება ადამიანი, რაც მეორე პრიმატის მოსაკლავად იარაღს აღმოაჩენს.
ამგვარი კრიტიკის მიუხედავად, რომანტიზებული ველური ბოლო ათწლეულებშიც გავრცელებულ პერსონაჟად რჩება: მასზე იღებენ ფილმებს, როგორებიცაა ჯონ მილიუსის კონან-ბარბაროსი და ჯეიმს კამერონის ავატარი; ხატავენ ანიმაციებს, როგორიცაა პოკაჰონტასი; და ქმნიან სერიალებს, როგორიცაა ვიკინგები, რომლის პროტაგონისტებიც აგრესიული სამხედრო კულტურის მქონე მძარცველები არიან, უდანაშაულო ქრისტიან ბერებს ხოცავენ და ინგლისელ გლეხებს ატერორებენ.
კეთილშობილი ველურის გარშემო პოლიტიკური იდეოლოგიებიც კი იქმნება, რომლის მაგალითიც ანარქო–პრიმიტივიზმია. მისი თანამედროვე მიმდევრები გულანთებულად ელტვიან კაცობრიობის თავდაპირველ, "პრიმიტიულ მდგომარეობას", როდესაც ადამიანი სახელმწიფოებისგან, ორგანიზებული რელიგიებისა და ტექნოლოგიური პროგრესისგან თავისუფალი იყო; როდესაც იგი, სიცოცხლით სავსე, მშვილდ-ისარ მომარჯვებული დააბიჯებდა ცივილიზაციის უნახავ ტყეში — "ქედმაღალი, გაბედული და კეთილშობილი".
კომენტარები