ლიდერობა მშვიდობისთვის — 5 დღიანი საპილოტე კურსი მშვიდობის შენებისთვის
23-27 აგვისტოს, ფონდ ევროპული მომავლისთვის (FEF) და ჟენევის უსაფრთხოების პოლიტიკის ცენტრის (GCSP) ხუთდღიანი კურსი — ლიდერობა მშვიდობისთვის, კონფლიქტების ანალიზის, მოგვარებისა და მართვის გზით — ჩატარდა. ინიციატივას მაღალი დონის სპიკერები და მშვიდობისა და უსაფრთხოების პოლიტიკის პრაქტიკოსები შეუერთდნენ. კურსის ფარგლებში, 20-ზე მეტ მონაწილეს საჯარო სექტორიდან, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან და აკადემიური წრეებიდან, ჰქონდა უნიკალური შესაძლებლობა, დაეგროვებინათ ცოდნა და უნარები პოლიტიკის სფეროში სათანადო რეაგირებისა და გადაწყვეტილების მოძებნის კუთხით.
ჟენევის უსაფრთხოების პოლიტიკის ცენტრი 25-წლიანი გამოცდილების მქონე საერთაშორისო ფონდია, რომელიც განათლების გზით მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განვითარებაზე ზრუნავს, ხოლო ფონდი ევროპული მომავლისთვის — ჟენევაში დაფუძნებული ახალგაზრდა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მიზნად ისახავს დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების პოპულარიზაციას და კონსოლიდაციას საქართველოში.
როგორც ფონდ ევროპული მომავლისთვის დამფუძნებელმა, თეონა თელიამ კურსის მისასალმებელ სიტყვაში თქვა, კურსის მიზანი მშვიდობის შენება და საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერაა. მონაწილეებიც, სწორედ ამ მიზეზით — მშვიდობის მშენებლობის პროცესში აქტიური თანამონაწილეობის გამო შეირჩნენ.
"თქვენ შეგარჩიეთ საინტერესო და დიდი გამოცდილების გამო მშვიდობის მშენებლობის პროცესში და რაც ყველაზე მთავარია, თქვენი ქვეყნის მომავლით დაინტერესების გამო. თქვენი სურვილი, რომ უკეთ გაიაზროთ საქართველოს მშვიდობიანი მომავლის შექმნისთვის აუცილებელი გზები და საშუალებები, ამ კურსის საუკეთესო მონაწილეებად გაქცევთ", — განაცხადა თეონა თელიამ.
კურსი რვა მოდულისგან შედგებოდაა და მოიცავდას ისეთ თემებს, როგორიცაა: ლიდერობა მშვიდობისთვის; კონფლიქტების ანალიზი, მათი მოგვარება და მედიაცია; კონფლიქტების მენეჯმენტი, სამშვიდობო ოპერაციები, მშვიდობის მშენებლობა; კარგი მმართველობა; ხვალინდელი ჰუმანიზაცია — ადამიანის უფლებები, გარდამავალი სამართლიანობა, წარსულის გააზრება და ლიდერობის ოპერატიზაცია მშვიდობისათვის — თეორიის პრაქტიკაში გამოყენება.
თეონა თელიას თქმით, აღნიშნული კურსი მონაწილეებს მშვიდობის შენების მიზნების უკეთ განხორციელებაში ეხმარება.
"ამ კურსის განმავლობაში შეძენილი ცოდნით, რომელიც უძლიერესი იარაღია, კურსის ყველა მონაწილე შეძლებს შეასრულოს მნიშვნელოვანი როლი საქართველოში მშვიდობის მშენებლობისთვის" — აღნიშნა თეონა თელიამ მისასალმებელ სიტყვაში.
შპს უცხოური ინვესტიციების ჯგუფის იურიდიულ და კორპორაციულ საქმეთა მმართველი დირექტორი, ვეკო დოდაშვილი კურსის ერთ-ერთი მონაწილეა. მისი თქმით, ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური გამოწვევების გადაწყვეტისთვის საუკეთესო იარაღი განათლება და ცოდნაა და კურსის ფარგლებში მიღებული ცოდნა წარმატებულ მოლაპარაკებების პროცესს სასიკეთოდ წაადგება.
კურსს ექსპერტიზის მაღალი დონეც გამოარჩევს, ის აერთიანებს თეორიულ და პრაქტიკულ მიდგომებს. ამისათვის ფონდმა ევროპული მომავლისთვის (FEF) და ჟენევის უსაფრთხოების პოლიტიკის ცენტრმა (GCSP) გამოცდილი პროფესიონალების გუნდი შეკრიბეს, მათ შორის — ჟენევის უსაფრთხოების პოლიტიკის ცენტრის (GCSP) იარაღის უკანონო გავრცელების მიმართულების ხელმძღვანელი, მარკ ფინო; ფონდი ევროპული მომავლისთვის (FEF) დამფუძნებელი, თეონა თელია, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ქეთევან ჭუმბაძე, ისევე როგორც გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი თანაშემწე, ჩარლზ პეტრი და სხვები.
"კონფლიქტების გადაჭრის პროცესში კომპლექსური მიდგომა, ანალიზი და მენეჯმენტი, მომავალი ლიდერების მომზადება ის საკითხებია, რომელზეც ყველაზე მეტ ყურადღებას ვამახვილებთ", — ამბობს ანიკა ჰილდინგ ნორბერგი, ჟენევის უსაფრთხოების პოლიტიკის ცენტრის სამშვიდობო ოპერაციებისა და მშვიდობის მშენებლობის მიმართულების ხელმღვანელი.
ჩარლზ პეტრის აზრით კი, კარგ ლიდერს უნდა ესმოდეს კონფლიქტის ისტორიული კონტექსტი და დიალოგისკენ უნდა იყოს მიმართული, კურსიც სწორედ ამას ისახავს მიზნად, მშვიდობიანი გზით კონფლიქტის მოგვარების უკეთესი ბერკეტებით აღჭურვოს მონაწილეები.
"კურსის მთავარი მიზანი მომავალი ლიდერების მომზადებაა, რათა კონფლიქტების მშვიდობიანი გადაჭრის პროცესში აქტიურ მედიატორებად იქცნენ და მოლაპარაკების სხვადასხვა ფორმაზე ცოდნა ჰქონდეთ. კონფლიქტის გადაჭრას კომპლექსური მიდგომა, ისტორიული მაგალითების ცოდნა და გაანალიზება სჭირდება. ფასილიტატორებს კარგად უნდა ჰქონდეთ გააზრებული, რომ მთავარი გმირები მხარეები არიან და მათი მისია დიალოგის მაქსიმალური ხელშეწყობაა", — აღნიშნავს ჩარლზ პეტრი.
კურსის დახურვის ღონისძიებაზე, ჟენევაში გაეროსთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ალექსანდრე მაისურაძემ იმედი გამოთქვა, რომ საპილოტე კურსი გაგრძელდება და სამომავლოდ უფრო მეტ ადამიანს შემოიკრებს. მან განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ჟენევის უსაფრთხოებისა და პოლიტიკის ცენტრს, სადაც 17 წლის წინ თავადაც იყო სტუდენტი და, მისი თქმით, მიღებული ცოდნა დიპლომატიურ კარიერაში ძალიან გამოადგა. მან, ასევე, მადლობა გადაუხადა ფონდს ევროპული მომავლისთვის, რომელთაც მშვიდობის მშენებლობის უმნიშვნელოვანესი საკითხისადმი ყურადღება გამოიჩინეს. ალექსანდრე მაისურაძე მიესალმება მეტ ინიციატივას, რომელიც კონფლიქტის გადაჭრას, შერიგებასა და სამოქალაქო თანასწორობას შეეხება.
ლიდერობა მშვიდობისთვის დახურვისა და სერთიფიკატების გადაცემის ცერემონიას შვეიცარიის ელჩმა პატრიკ ფრენზენმა საელჩოში უმასპინძლა.
კომენტარები