როგორ ვყალიბდებით კაცებად და ქალებად და არა ადამიანებად — სექსიზმი და ბავშვების აღზრდა
კაცები და ქალები განსხვავდებიან — ეს მარტივი ჭეშმარიტება ხშირად ძალიან არასწორი ინტერპრეტაციის წყაროა. ჩვენ საზოგადოებას თუ შეხედავთ ან მსოფლიოს, აღმოაჩენთ, რომ მთელი რიგი პროფესიული საქმიანობები, სქესის მიხედვით სეგრეგირებულია.
პოლიტიკაში ბევრად მეტი კაცია, ვიდრე ქალი, მეცნიერება და ტექნოლოგიური მიმართულებებიც, ძირითადად, კაცებითაა დაკომპლექტებული, "აუნაზღაურებელ შრომას", რაც გულისხმობს ბავშვების აღზრდასა და საშინაო სამუშაოებს, ძირითადად, ქალები ასრულებენ და ა.შ.
თუმცა, სეგრეგაცია ორმხრივია. სამედიცინო სფეროში, ექთნები და ფარმაცევტები, ძირითადად, ქალები არიან. მასწავლებლების და მზარეულების პოზიციაზე კაცებს ნაკლებად შეხვდებით. მხოლოდ რამდენიმე პროფესიაა, სადაც გენდერული ბალანსი მეტნაკლებად შენარჩუნებულია.
მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვეობაში, ბევრ სახელმწიფოში კანონის წინაშე ქალები და კაცები მეტნაკლებად თანაბარნი არიან და ქალთა უფლებები საგრძნობლად გაუმჯობესებულია, პროფესიები სქესის მიხედვით მაინც სეგრეგირებულია. ბევრი ასკვნის, რომ ქალების და კაცების კარიერული არჩევანი, დიდწილად, ქვემდებარე ბიოლოგიური განსხვავებებითაა განპირობებული.
კაცები უფრო რისკიან ან მათემატიკურ უნარებზე დამოკიდებულ პროფესიებს ირჩევენ, ქალებისთვის კი "ადამიანებზე ორიენტირებული" სამსახური უფრო მიმზიდველი ჩანს. ამ ფაქტს ბევრი ბიოლოგიურ ახსნას უძებნის და ასკვნის, რომ სქესის მიხედვით სეგრეგაცია ქალების და კაცების ევოლუციური როლებიდან გამომდინარეობს. კაცები მონადირეები იყვნენ, ქალები შემგროვებლები და ეს ჩვენს დნმ-შია აღბეჭდილი.
სქესი და ბიოლოგიური ესენციალიზმი
ნებისმიერი მცდელობა, რომ უთანასწორობა სოციალურ გარემოებებს ან პატრიარქატის ბუნდოვან ცნებას მივაწეროთ, უაზროა. შეხედეთ შვედეთს, როგორი ეგალიტარულია და რამდენი "თანასწორობის" კანონი არსებობს. მიუხედავად ამისა, მეცნიერებაში მაინც ნაკლები ქალი მიდის. აღმასრულებელ პოზიციებზე მაინც კაცები არიან.
ეს არგუმენტი, მეტწილად, ევოლუციაზე არსებული არასწორი წარმოდგენებიდან მომდინარეობს და ის ბიოლოგიური ესენციალიზმის კაშკაშა მაგალითია. მიუხედავად იმისა, რომ ზოგან ქალები და კაცები კანონიერად თანასწორები არიან, ყველა კულტურაში გავრცელებული სტერეოტიპები კაცებს და ქალებს განსხვავებული კარიერული არჩევანისკენ უბიძგებს.
თვითშეფასება დიდ როლს თამაშობს კარიერულ არჩევანში. გავრცელებული სტერეოტიპების გამო, ქალები თავიანთ მათემატიკურ შესაძლებლობებში ხშირად დარწმუნებული არ არიან, მიუხედავათ იმისა, რომ აკადემიური მოსწრებით და უნარებით კაცებს არ ჩამოუვარდებიან. როცა მავანს ჰგონია, რომ მათემატიკა ცუდად იცის, ნაკლებად ალბათურია, რომ ის მათემატიკოსი ან ინჟინერი გახდება, რაც საკმაოდ ბუნებრივია.
სამეცნიერო კვლევების უზარმაზარი რესურსი მიანიშნებს, რომ კულტურა და სოციუმი კაცების და ქალების ქცევებზე, ჩვევებზე და მათ როლზე საზოგადოებაში, დიდი გავლენის მქონეა. შესაბამისად, განსხვავებების ან უთანასწორობის ბიოლოგიური მიზეზებით ახსნა, დიდწილად, ძალიან ნაადრევია.
შესაბამისად, ყოველ ჯერზე როცა ვიღაც გამოვა, რომელმაც ცოტა ხნის წინ პიჯაკში გამოწყობილი მიზოგინის დამაჯერებელი ლექცია მოისმინა და მტკიცებას იწყებს, რომ უთანასწორობა უსამართლო არაა იმიტომ, რომ "ბიოლოგიას ვერ შეცვლი", აშკარაა ხოლმე, რომ ამ ადამიანს არც ბიოლოგია ესმის წესიერად და არც სქესობრივი განსხვავებების სოციალური ასპექტები.
სექსიზმი ჩვენ საზოგადოებაში ღრმად არის გამჯდარი, მისი აღმოფხვრა კი პირველ რიგში ამის გაცნობიერებას საჭიროებს.
სექსი სქესის მიხედვით
კულტურა ძალიან რეკურსიული რამაა. როცა გარკვეული იდეა საზოგადოებაში თავს წარმატებით იმკვიდრებს, ის შემდეგ თაობებს გადაეცემა, მერე შემდეგი თაობა თავის შთამომავლებს იგივეს გადასცემს და ა.შ. ზოგჯერ ვაცნობიერებთ, რომ ეს "იდეები" მცდარია და მათი გადამოწმება ხდება, მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ყველას მიერ დაჯერებული იდეა არასწორი აღმოჩნდა, ხალხის გადარწმუნება რთულია.
კულტურული წარმოდგენები ჩვენზე ბავშვობიდანვე აღიბეჭდება და ჩვენ მომავალ გადაწყვეტილებებზე გავლენა აქვს, ეს კარგად დოკუმენტირებული ფაქტია. არაერთი ანეკდოტური ისტორიის მოყოლა შეიძლება. ჩემს კლასელს, რომელიც ჩაცმულობას ზედმეტად დიდ ყურადღებას აქცევდა, ხუმრობით "ცისფერს" ეძახდნენ, ან გოგოს რომელიც კაბებს არასდროს იცვამდა, ბიჭურად მოიხსენიებდნენ და ა.შ.
სქესობრივ მომწიფებასთან ერთად, ბავშვებში ახალი მოლოდინები ჩნდება. სკოლაში ვიღაც, ვისაც სექსი ჰქონდა, ან ამტკიცებდა რომ სექსი ჰქონდა, რაღაც "სტატუსს" იპოვებდა. თან სექსით ტრაბახი, ძირითადად, ბიჭებში იყო შესამჩნევი და არა გოგოებში. კონკრეტული ადამიანების "ვაჟიშვილობა" და "ქალიშვილობა" ხშირად განიხილებოდა. ვიღაც თუ ვაჟიშვილი აღარ იყო, ესე იგი დაკაცდა, ვიღაც თუ ქალიშვილი არ იყო, ესე იგი "გაბოზდა". საქართველოში (და არამარტო) ამ საკითხს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა.
კარგად დოკუმენტირებული ფაქტია და პრაქტიკულად უნივერსალური რამაა, რომ მშობლები გოგოების სექსუალურ ცხოვრებას უფრო მკაცრად ეპყრობიან, ვიდრე ბიჭებისას. ეს, ნაწილობრივ, იმის დამსახურებაა, რომ ჰეტეროსექსუალი მონოგამი კაცები, პარტნიორის ძიებისას, პოტენციური მეუღლის სექსუალურ გამოცდილებას ყურადღებას აქცევენ და მათთვის სასურველია, რომ პარტნიორ ქალს საშუალოზე ნაკლები სექსუალური გამოცდილება ჰქონდეს ან საერთოდ არ ჰქონდეს, მაშინ, როცა ქალები კაცების სექსუალურ გამოცდილებას ყურადღებას არ აქცევენ.
კაცების ყურადღება ქალების სექსუალური პარტნიორების რაოდენობისადმი, ნაწილობრივ, "ღალატის შიშით" არის განპირობებული. ბევრი კაცი მიიჩნევს, რომ თუ ქალს ბევრი სექსუალური პარტნიოერი ყავდა, უფრო ალბათურია, რომ ქორწინების შემდეგ ის მათ უღალატებს. ეს სიმართლეა, თუმცა ორივე სქესისთვის. თუმცა, არაერთი კვლევა და გამოკითხვა მიანიშნებს, რომ კაცები ბევრად ხშირად ღალატობენ ქალ პარტნიორებს.
American Association for Marriage and Family Therapy-ის მეტაანალიზის მიხედვით, დაქორწინებულ კაცთა 25 პროცენტს, თავისი პარტნიორის გარდა, სხვა ადამიანთან ჰქონია სექსი, ქალებისთვის ეს ნიშნული აშშ-ში, ამჟამად, 15%-ია. ქალების ღალატის რიცხვი 90-იანებთან შედარებით მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, რადგან ქალები ფინანსურად უფრო დამოუკიდებელნი არიან და განქორწინება ნაკლებად ტაბუდადებულია.
საქმე ისაა, რომ გარკვეული შიშები და კომპლექსები, რომლებიც ადამიანებს ზრდასრულობაშიც აქვთ, მათ მშობლის როლზე და ბავშვების აღზრდაზეც აისახება. თუ მავანი გაიზარდა იმ რწმენით, რომ ქალებისთვის თავისუფალი სექსუალური ცხოვრება მიუღებელია, ალბათურია, რომ ის ამ რწმენას თავის შვილს გადასცემს და გოგო თუ ეყოლება, მისი სექსუალური ცხოვრების შეზღუდვას ეცდება.
შენიშნავდით, რომ საერთოდ არ ვამტკიცებ იმას, რომ სკოლის მოსწავლეებს, ბიჭებს და გოგოებს სრულიად თავისუფალი სექსუალური ცხოვრება უნდა ჰქონდეთ. საერთოდ არ ვამტკიცებ იმას, რომ მშობლებმა თავიანთ ბავშვებს სექსი არ უნდა აუკრძალონ. როგორ უნდა მოიქცნენ მშობლები ასეთ საკითხებში, წარმოდგენა არ მაქვს და არც მშობელი ვარ, შესაბამისად წამითაც არ იფიქროთ, რომ ვინმეს "ვმოძღვრავ". უბრალოდ, იმაზე მივანიშნებ, რომ ბიჭებისა და გოგოების აღზრდა (არამხოლოდ) სექსუალურ საკითხებში, ძალიან განსხვავებულია. განსხვავებული მიდგომების მიზეზები კი სოციალური გარემოებაა. მეტიც, მშობლები გოგოების სექსუალურ ცხოვრებას დიდ ყურადღებას მაშინაც უთმობენ, როცა მათი შვილი ზრდასრული ხდება. ბევრგან გოგოსთვის ქორწინებამდე სექსი საერთოდ მიუღებელია.
როგორ ვასწავლით ბავშვებს რა უნდა ისწავლონ
საიდუმლო არაა, რომ მშობლები ბიჭების და გოგოების აღზრდას სხვადასხვანაირად უყურებენ. მაგალითად, კვლევა აჩვენებს, რომ მშობლებს სჯერათ, რომ მათ ქალიშვილებს ვაჟებზე მეტი შრომა სჭირდებათ, რათა მათემატიკაში წარმატებას მიაღწიონ, მიუხედავად იმისა, რომ რეალურად მათ თანაბარი მათემატიკური შესაძლებლობები აქვთ. ეს აშკარა ჯერ კიდევ 70-80-იანებში გახდა, როცა გოგოებისთვის და ბიჭებისთვის საკლასო ოთახებში უფრო თანაბარი გარემო შეიქმნა.
ამასთანავე, თანამედროვე კვლევა მიანიშნებს, რომ გოგოებისადმი და ბიჭებისადმი ზემოხსნებულ დამოკიდებულებას, ბავშვების მომავალზე და მათ კარიერულ არჩევანზე სერიოზული გავლენა აქვს.
სქესთან შეჭიდული სტერეოტიპები აშკარა მასწავლებლების დამოკიდებულებაშიცაა. ამ შემთხვევაში, დისკრიმინაცია, ხშირად, ბიჭებზეც ვრცელდება. მაგალითად, ცნობილია, რომ ნაწილობრივ ქვეცნობიერად, მასწავლებლები ბიჭი მოსწავლეების დაბალ აკადემიურ მოსწრებას მათ "ბიჭობას" უკავშირებენ, ხოლო გოგოების მაღალ აკადემიურ მოსწრებას მათ გოგოობას აწერენ.
გოგოები, რომლებიც მაინცდამაინც კარგად არ სწავლობენ, მასწავლებლებისგან და ხშირად მშობლებისგან მეტ წნეხს გრძნობენ.
დისკრიმინაცია ხშირად ორმხრივია, რაც ბევრს არ ესმის. თუ მიჩნეულია, რომ რაღაც სფეროში ადამიანის წარმატებას სქესი განაპირობებს, ეს ორივე სქესის წარმომადგენელისთვის ცუდია. მაგალითად, როცა მიჩნეულია, რომ ბიჭებს უფრო მათემატიკური ტვინი აქვთ, მათთვის უფრო მაღალი მოლოდინებია, რაც ბიჭებს არასაჭირო წნეხის ქვეშ აქცევს და ხელს უშლის მათ სხვა ინტერესებს მისდიონ, რომელიც შეიძლება "გოგოური" იყოს. ეს წნეხი ექსპლიციტური შეიძლება არც იყოს. ზოგი ბიჭი მაგალითად არც კი განიხილავს, რომ ცეკვაზე ან ბალეტზე შევიდეს, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ძალიანაც მოეწონოს და მისი ცხოვრების მოწოდება გახდეს.
გენდერული რეპრეზენტაცია, სხვადასხვა დარგებში, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბავშვების ადრეულ გადაწყვეტილებებში. ბიჭები და გოგოები უფრო ხშირად ისეთ აქტივობებს ირჩევენ, სადაც მათი სქესის წარმომადგენლები უფრო მეტად არიან წარმოდგენილნი.
ასევე ცნობილია, რომ ბიჭებთან და გოგოებთან, მშობლები და მასწავლებლები განსხვავებულ ლექსიკას იყენებენ. ამ საკითხზე ბევრი, ფართომასშტაბიანი კვლევა არ მოიპოვება და საკლასო ოთახებში არსებული გენდერული სტერეოტიპების შესწავლა შედარებით ახალია.
თუმცა, არსებული კვლევა შემდეგზე მიანიშნებს:
1. მასწავლებლები უფრო მეტ დროს ატარებენ ბიჭებთან კომუნიკაციაში;
2. მასწავლებლები ბიჭებს უფრო ხშირად აქებენ და აკრიტიკებენ.
კვლევა იმასაც აჩვენებს, რომ გოგოები, რომლებიც სკოლაში მასწავლებლებისგან ნაკლებ ყურადღებას იღებენ, თავიანთ შესაძლებლობებს სათანადოდ ვერ აფასებენ და მოტივაციას უფრო ხშირად კარგავენ.
ავტორიტეტი და აღზრდის სტილი
"ბავშვების სქესის მიხედვით, მშობლების ბავშვებისადმი დამოკიდებულებაც განსხვავდება", — ამბობს ნეიროფსიქოლოგი სოფო ცაგარეიშვილი, რომელმაც ამ საკითხს თავისი საბაკალავრო ნაშრომი მიუძღვნა. მისი თქმით, "ყველაზე გავრვცელებული აღზრდის სტილი საქართველოში, ავტორიტეტულია".
ავტორიტეტული აღზრდის სტილი ამ შემთხვევაში ძალიან კონკრეტული მნიშვნელობის მქონე ტერმინია, რომელიც დიანა ბაუმრინდმა განსაზღვრა. ის მშობლის და ბავშვის ურთიერთობის აღსაწერად ორ კომპონენტს, სითბოს და კონტროლს გამოყოფს და სამ ზოგად აღზრდის სტილს გამოყოფს, ესენია: ავტორიტარული, ავტორიტეტული და დამთმობი.
სოფოს თქმით, ავტორიტეტული მშობლების ბავშვებს ხშირად მაღალი თვითშეფასება და თავდაჯერებულობა ახასიათებთ, თუმცა არ არსებობს მონაცემები იმის თაობაზე თუ რამდენად შეიძლება ამ მაჩვენებლის საქართველოზე ან სხვა არაერთ ქვეყანაზე გაზოგადება, რადგან კვლევები ძირთიდად, დასავლურ ქვეყნებშია ჩატარებული.
სოფოს თქმით, საქართვრლოში ბიჭებისადმი მშობლები ნაკლებად ავტორიტეტულ სტილს იჩენენ და გოგოების ცხოვრებას უფრო მკაცრად ეკიდებიან. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ავტორიტეტული აღზრდა რაღაც დესპოტობას არ ნიშნავს. ეს უბრალოდ გულისხმობს, რომ ბავშვების ქცევა კონტროლირებადია. ავტორიტეტული მშობლები ბავშვებს განვითარების და საკუთარი ინტერესების მიდევნების უფლებას აძლევენ, თუმცა მათ "მავნე" ჩვევებს ზღუდავენ.
ფსიქოლოგები ამბობენ, რომ დედები და მამები ბიჭებს სხვადასხვანაირად ეპყრობიან. სოფოს თქმით, ხშირად მამები მზად არიან თავიანთ ბიჭებთან უფრო მეტი დრო გაატარონ, ვიდრე გოგოებთან, მაშინ როცა ბევრგან დედებიც მეტ ყურადღებას გოგოებს უთმობენ.
თუმცა, ეს დამოკიდებულება კულტურების მიხედვით განსხვავებული შეიძლება იყოს. მაგალთად, სოფოს თქმით, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დედები გოგოებს უფრო მეტი ყურადღებით ეპყრობიან, ვიდრე ბიჭებს. თუმცა, კულტურების სხვაობების მიუხედავად, გარკვეული ტრენდები უნივერსალურია.
"ქალურ თვისებებად აღიქმება მორჩილება, ხოლო მამაკაცურად — დამოუკიდებლობა, შესაბამისად მშობლები ბიჭებს როგორც "ურჩს და მეამბოხეს", ისე ეპყრობიან, ხოლო გოგოებს კი როგორც "მორჩილ" ადამიანს. შესაბამისად, მშობელმა შეიძლება ნაკლებად უკონტროლოს გოგოს, რამდენად ასრულებს საშიანო დავალებებს, ხოლო ბიჭს კი ხშირად შეუმოწმოს რა გააკეთა, რადგან თვლის, რომ ბიჭს უფრო ჭირდება კონტროლი".
მშობლების განსხვავებული დამოკიდებულება ბავშვებისადმი განსხვავებულად ვლინდება, როგორც ეს ზემოთ აღვნიშნეთ. აღზრდა დიდ როლს თამაშობს ბავშვების განვითარებაზე და მათ გადაწყვეტილებებზე ზრდასრულობისას.
ვცხოვრობთ თუ არა პატრიარქატში
პატრიარქატი ეწოდება სოციალურ სისტემას, სადაც ძალაუფლება, ძირითადად, კაცების ხელში იყრის თავს. ძალაუფლება გამოხატულია მორალური ავტორიტეტით, სოციალური პრივილეგიით და საკუთრების კონტროლით. პატრიარქალურ საზოგადოებაში, საკუთრება შთამომავლობის მამრობით წარმომადგენლებზე გადადის.
მიუხედავად იმისა, რომ ბევრი საზოგადოება კანონმდებლობით ან კონსტიტუციით პატრიარქალური არ არის, პრაქტიკაში კაცები მაინც ძალაუფლებაში არიან და ეს ბევრი კულტურისთვისაა ჭეშმარიტი.
ზოგი ამტკიცებს, რომ პატრიარქატი ბუნებრივი, ბიოლოგიური მოცემულობაა და მიუთითებს, რომ ჩვენი ახლო მონათესავე ცხოველები, მაგალითად სხვა პრიმატები, პატრიარქატულ საზოგადოებებს ქმნიან. თუმცა, პრიმატებში მამრების ძალაუფლება სახეობების და პოპულაციის მიხედვით მნიშვნელოვნად ვარირებს. მეტიც, ბონობოებს ძირითადად მატრიარქატული სოციალური სტრუქტურა აქვთ, სადაც ძალაუფლების პოზიციაში მდედრები იმყოფებიან.
პატრიარქატის ევოლუციური გამართლება საკმაოდ მოძველებულია. მიუხედავად იმისა, რომ პატრიარქატი პრაქტიკულად უნივერსალურია, თუ ის ევოლუციურად არის განპირობებული, მაშინ ბოლო ათწლეულების განმავლობაში მისი რადიკალური შემცირება, ისევე როგორც პროტესტი პატრიარქატისადმი, გაუგებარია. ევოლუციურად განპირობებული ქცევა ათწლეულებში არ უნდა იცვლებოდეს. ცხადია, ჩვენი ევოლუცია და ბიოლოგია პატრიარქატის დამკვიდრებაში როლს თამაშობს, თუმცა იმის მტკიცება, რომ უთანასწორობა ბიოლოგიით არის განპირობებული, უბრალოდ სპეკულაციაა. მეტიც, ის ჩვენს ბიოლოგიაზე არასწორ წარმოდგენებს ეყრდნობა.
ევოლუციურად განპირობებული პატრიარქატი მიყვება სტანდარტულ მსჯელობას, რომ ქალების პირველადი პასუხისმგებლობა ბავშვების აღზრდა იყო, ხოლო კაცები კი ნადირობდნენ და ოჯახებს ინახავდნენ. საინტერესო ისაა, რომ მსგავსი სეგრეგაცია და გენდერული როლები, ჩვენს ევოლუციაში საკმაოდ გვიან აღმოცენდა.
ბოლო დროის ანთროპოლოგიური და არქეოლოგიური კვლევები მიანიშნებს, რომ ეგრეთ წოდებული ოკუპაციური უთანასწორობა, აგრარული რევოლუციის შედეგად აღმოცენდა და არა პრეისტორიულ საზოგადოებაში.
ზოგადად სტატუს ქვოს "ევოლუციური" ან "ბიოლოგიური" მიზეზებით გამართლება ხშირი პრაქტიკაა, განსაკუთრებით კი ინტელექტუალურ წრეებში. იგივე არგუმენტებით ამართლებდნენ მონობას, ტირანიას, მონარქიებს და ნებისმიერ ავტორიტატრულ სოციალურ სისტემას. ადამიანები დანარჩენი ცხოველთა სამყაროსგან იმით განსხვავდებიან, რომ ჩვენ გვაქვს უნიკალური უნარი, არნახულად შევცვალოთ ჩვენი გარემო და ამით შევცვალოთ ჩვენი ქცევა.
"სოციალურის" და "ბიოლოგიურის" ერთმანეთისგან განცალკევება, საკმაოდ არქაული სამეცნიერო პრაქტიკაა, რომელიც საზოგადოებაში დღემდე გავრცელებულია, რაც სამწუხაროა. რეალობა ისაა, რომ ადამიანების ურთიერთობა და მითუმეტეს სქესობრივი განსხვავებები საკმაოდ კომპლექსური საკითხია და უთანასწორების პრობლემის მოგვარება არც ისე მარტივია. თუმცა, პირველი ნაბიჯი რომელიც ამ მხრივ უნდა გადაიდგას, ჩვენი მიკერძოებულობის აღიარებაა.
პატრიარქატი ისეთი სოციალური სისტემაა, რომელიც საზიანოა ქალებისთვისაც და კაცებისთვისაც. ბევრი ამტკიცებს, რომ კაცები "პრივილეგირებულ" პოზიციებში არ არიან, რადგან მაგალითდ რთულ ფიზიკურ სამუშაოებს, რომელიც ჯანმრთელობისთვის საზიანოა, ძირითადად კაცები ასრულებენ. ჯარშიც ძირითადად კაცები მიდიან. რიგი გარემო ფაქტორების გამო, კაცების სიცოცხლის ხანგრძლივობა, ქალებისას ჩამოუვარდება და ა.შ. თუმცა, ეს პატრიარქატის არსებობას კი არ გამორიცხავს, არამედ მის, როგორც სოციალური სისტემის ნაკლოვანებაზე მიუთითებს. ის ძალაუფლების პოზიციებში აწესებს ადამიანებს, რომლებსაც ამ პოზიციაში ყოფნა არ სურთ და სტატუს ქვო დისკრიმინაციულია ქალების და კაცების მიმართ.
მეცნიერება კი უნდა ემსახურებოდეს არა სტატუს ქვოს შენარჩუნებას, არამედ პოზიტიურ ცვლილებას.
კომენტარები